საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-869(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - მ. რ-ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 25 სექტემბერს მ. , ჯ., ს., ბ. რ-იებმა და ი. შ-იმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელეები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები აფხაზეთიდან. ი. შ-ი და ჯ. რ-ი ცხოვრობდნენ მესტიის რაიონში, სადაც იქორწინეს 1987 წელს. შეუღლების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ...ში. ი. შ-ის და ჯ. რ-ის ჰყავთ სამი შვილი: ს. რ-ი, ბ. რ-ი და მ. რ-ი. ი. შ-ი და ჯ. რ-ი ჩაეწერნენ ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ...ში. ჯ. რ-იმა მუშაობა დაიწყო მეფრინველეობის ფაბრიკაში და დადგა ბინის აღრიცხვაზე, მაგრამ ომის გამო ბინების მშენებლობა შეჩერდა. ომის დაწყების დღიდან ისინი იმყოფებოდნენ აფხაზეთში და ი. შ-ის მეუღლე - ჯ. რ-ი სოფლის მამაკაცებთან ერთად მონაწილეობდა სოფლის დაცვაში, ბავშვები იმ დროისთვის იყვნენ მცირეწლოვნები. რუსეთ-საქართველოს ომის გამო 1992 წლის დეკემბერში დატოვეს საცხოვრებელი სახლი ოჩამჩირის რაიონში, სოფელ ...ში. გადავიდნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში ი. შ-ის დასთან, სადაც ცხოვრობენ დღემდე.
მოსარჩელეების განმარტებით, 1994 წლიდან მათ ჰქონდათ დევნილის სტატუსი, 2014 წლიდან კი, ვინაიდან 2013 წელს ვერ გაიარეს დევნილთა საერთო რეგისტრაცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუჩერეს დევნილის სტატუსი. სტატუსის შეჩერების შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გასაუბრების დროს სამინისტროს მოხელის მიერ მათზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რამაც განაპირობა ამნისტიის გამოყენებაზე თანხმობა. სინამდვილეში ეს იყო მათი შეცდომაში შეყვანა იმ განზრახვით, რომ შეწყვეტოდათ დევნილის სტატუსი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 27 აგვისტოს №1672, 2014 წლის 25 სექტემბრის №2353, 2015 წლის 20 აპრილის №669, 2015 წლის 20 აპრილის №668, 2015 წლის 20 აპრილის №635 ბრძანებების დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მოსარჩელეებისათვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო შეიცვალა უფლებამონაცვლით - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეზე, (მოსარჩელეები-მ. რ-ი, ჯ. რ-ი, ი. შ-ი, ს. რ-ი, ბ. რ-ი, მოპასუხე-სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება) შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო. მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ. , ჯ., ს. და ბ. რ-იებმა და ი. შ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 31 დეკემბრის განჩინებით მ. რ-ის, ჯ. რ-ის, ი. შ-ის, ს. რ-ის, ბ. რ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 08 სექტემბრის განჩინება მოსარჩელე მ. რ-ის სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად; დანარჩენს ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 სექტემბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. რ-იმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 25 სექტემბრის №2353 ბრძანება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი 1993 წლის სექტემბრამდე მოსარჩელისა და მისი ოჯახის აფხაზეთში, სოფ. ...ში არცხოვრებასთან დაკავშირებით. მეტიც, აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის 3 თებერვლის №15/01-28 წერილით, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მესტიის არქივის 2019 წლის 17 სექტემბრის №AA2019018742-03 საარქივო ცნობით და სსრკ თავდაცვის სამინისტროს ნზ №... სამხედრო ბილეთით (ჯ. ბ.-ს ძე რ-ი) ირკვევა, რომ მ. რ-ის ოჯახმა (ჯ. რ-ი (მამა), ი. შ-ი (დედა)) მესტიის რაიონი დატოვა 1988 წელს და საცხოვრებლად გადავიდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ...ში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე (მისი ოჯახი) შინასამეურნეო საქმიანობითა და სხვა გარემოებებით ძირითადად დაკავშირებული იყო აფხაზეთთან, სოფ. ...თან. რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას მ. რ-ის (აპელანტი) პირად განცხადებაზე დევნილის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე (2014 წლის 27 ივნისის №29273 განცხადება), სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, მითითებული განცხადება არის მისი ნების გამოვლენა, თუმცა ნება გამოვლენილი უნდა იყოს თავისუფლად, შეუზღუდავად, არაკეთილსინდისიერი ზემოქმედებისა და ზეწოლისგან დაცულად. ამდენად, ნების თავისუფალი გამოვლენის საკითხი გამოკვლევას და შეფასებას ექვემდებარება, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სზაკ-ის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს მითითება მ. რ-ის 2014 წლის 27 ივნისის №29273 განცხადებაზე და მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმის დამადასტურებელ გარემოებად, რომ მოსარჩელის (მისი ოჯახის) მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო მესტიის რაიონში და არა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ...ში. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა თავად მოსარჩელის განცხადებისა, რომელიც გააქარწყლებდა 1993 წლის სექტემბრამდე მოსარჩელის და მისი ოჯახის აფხაზეთში, სოფ. ...ში ცხოვრების ფაქტს, არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, მ. რ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ომამდე ოჩამჩირე არ წარმოადგენდა, იგი დაიბადა ... წელს და ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მესტიაში, ხოლო მისი მამა სამსახურებრივად დროებით იმყოფებოდა მესტიაში. იგი ოჯახით, შიდასამეურნეო საქმიანობით და სხვა გარემოებებით ძირითადად დაკავშირებული იყო მესტიასთან. შესაბამისად, მოსარჩელე აფხაზეთის ომისა და აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის გამო არ გამხდარა იძულებული დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ მოსარჩელის დედას და მის ოჯახის წევრებს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი, მოსარჩელეს სწორედ მშობლების სტატუსიდან გამომდინარე, ჰქონდა დევნილის სტატუსი მინიჭებული.
კასატორის განმარტებით, 2013 წლის სექტემბერში სავალდებულო რეგისტრაცია გაიარა ჯ. რ-იმა, რომელიც დევნილად რეგისტრირებული იყო 1996 წლიდან. სარეგისტრაციო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ჯ. რ-ის მუდმივი საცხოვრებლის დადგენა და ამ მიზნით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას, რომლის წერილშიც აღნიშნულია, რომ ჯ. რ-ი ოჯახთან ერთად 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ...ში. ამასთან, ჯ. რ-ის ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ჩაუტარდა გასაუბრება, გასაუბრების დროს ჯ. რ-იმა აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს მესტიაში. მესტიაში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1986 წელს დაქორწინდა მესტიაში. მისი განცხადებით 1988 წელს ჩაეწერა ოჩამჩირის რაიონში, ქვისლის საკუთრებაში არსებულ სახლში და ცხოვრობდა მეუღლესა და შვილებთან ერთად. 1988-1992წწ. მუშაობდა ოჩამჩირის სათბურში მძღოლად. არ ახსოვს რომელ ქუჩაზე იყო სათბური, ასევე ვერ იხსენებს თანამშრომლებს. შვილები: ..., ... და ... წლებში დაიბადნენ მესტიაში. კითხვაზე: სად იყო თქვენი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი?-ჯ. რ-იმა უპასუხა, რომ ოჯახთან ერთად მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო მესტია. ჯ. რ-ის მეუღლესა და შვილებს ასევე ჩამოერთვათ დევნილის სტატუსი და ისარგებლეს ამნისტიით.
კასატორის მოსაზრებით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლის წერილის შინაარსის მიუხედავად მოსარჩელეთა ოჯახი ცხოვრობდა მესტიაში და არა დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, კასატორის განმარტებით, მ. რ-ის მიმართ არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობა. ვინაიდან, აღნიშნული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირს კანონით განსაზღვრული საფუძვლით უნდა ჰქონდეს დატოვებული მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. რაც შეეხება დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დეფინიციას კასატორმა მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება. დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი. შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მხოლოდ მ. რ-ისათვის იძულებით გადაადგილებულ პირისათვის - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 25 სექტემბრის №2353 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს, ხოლო მეორე პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2013 წლის 13 დეკემბერს მ. რ-ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია აფხაზეთი, ოჩამჩირე, სოფელი ახალი ..., ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად - ქვემო ქართლის რაიონი, სოფელი ....
2014 წლის 27 ივნისს მოსარჩელე მ. რ-იმა და მისმა დედამ - ი. შ-იმა განცხადებით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და განუმარტეს, რომ დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ არაკანონიერი გზით, ისინი არ იყვნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირები და ითხოვეს დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 27 აგვისტოს №05/01-11-11233 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის თანახმად, №29273/01 განცხადებაში მოქალაქე მ. რ-ი აღნიშნავს, რომ დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა არაკანონიერი გზით, არ იყო ოჩამჩირის მუდმივი მაცხოვრებელი და ჩაწერილი იყო დეიდასთან. ითხოვს დევნილის სტატუსის ჩამორთმევას, ეთანხმება 2013 წლის 25 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პირობებს და თანახმაა შეეხოს ამნისტია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მ. რ-ისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დევნილის სტატუსის ჩამორთმევა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 25 სექტემბრის №2353 ბრძანებით, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 27 აგვისტოს №05/01-11-11233 მოხსენებითი ბარათით წარდგენილი დასკვნის საფუძველზე, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტზე მითითებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ჩამოერთვა მ. რ-ის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს, მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2015 წლის 3 თებერვლის №15/01-28 წერილის თანახმად, რ-ი ჯ. ბ.-ს ძე (დაბ. ...წ. პ/ნ ...), შვილებთან: რ-ი ბ. ჯ.-ის ძე (დაბ. ...წ. პ/ნ ...), რ-ი ს. ჯ.-ის ძე (დაბ. ...წ. პ/ნ ...) 1993 წლამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოჩამჩირის რაიონის სოფ. ...ში.
სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მესტიის არქივის 2019 წლის 17 სექტემბრის №AA2019018742-03 საარქივო ცნობის თანახმად, დაბა მესტიის საკრებულოს 1986-1996წ.წ. საკომლო წიგნის ჩანაწერში ოჯახის უფროსად ფიქსირდება ჯ. ბ.-ს ძე რ-ი, კომლის წევრები არიან: 1. ჯ. ბ.-ს ძე რ-ი - ოჯახის უფროსი; 2. ი. ი.-ს ასული შ-ი - ცოლი; 3. სუ. ჯ.-ის ძე რ-ი - ვაჟიშვილი; 4. ბ. ჯ.-ის ძე რ-ი - ვაჟიშვილი; 5. მ. ჯ.-ის ასული რ-ი - ქალიშვილი. (კომლი ამოეწერა 1988წ. გადასვლის გამო/დოკუმენტში ასეა). დაბა მესტიის საკრებულოს 1996-2000, 2001-2005 წ.წ. საკომლო წიგნების ჩანაწერებში ჯ. ბ.-ს ძე რ-ის კომლი არ აღმოჩნდა.
სსრკ თავდაცვის სამინისტროს ნზ №... სამხედრო ბილეთით (ჯ. ბ.-ს ძე რ-ი) დგინდება, რომ ჯ. რ-ი (დაბ. ...წ.) 31.07.1984 წელს მიღებულია აღრიცხვაზე საქართველოს სსრ, მესტიის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ, ხოლო საქართველოს სსრ, მესტიის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ აღრიცხვიდან მოხსნილია 1988 წლის 12 თებერვალს. ამასთან, 1988 წლის 18 მარტს მიღებულია აღრიცხვაზე ოჩამჩირის რაიონის სამხედრო კომისარიატის მიერ.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ მოსარჩელე მ. რ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ომამდე, ოჩამჩირე არ წარმოადგენდა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელე მ. რ-ის აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ იქნება მხოლოდ მის მიერ 2014 წლის 27 ივნისის განცხადებაში მითითებული გარემოება, რომ დევნილის სტატუსი მინიჭებული ჰქონდათ არაკანონიერი გზით, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ. რ-ის ოჯახი ცხოვრობდა ოჩამჩირის რაიონის სოფ. ...ში. მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს კი, რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება გარდა მ. რ-ის განცხადებისა არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე