საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № ბს-897(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ც-ე
მოპასუხეები - ს. ჟ-ი, ნ. ს-ი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 7 სექტემბერს გ. ც-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, ს. ჟ-ის, ნ. ს-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ...ში. 2017 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 21:00-22:00 საათზე, ნასვამი მართავდა ავტომობილ ,,...ს“, სახელმწიფო ნომრით - .... ავტომანქანაში ასევე იმყოფებოდა მეუღლის ძმა - ს. თ-ე.
მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანა გააჩერეს შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის (ასკ-ის 173-ე მუხლი) ორივე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით და გადაიყვანეს გორის რაიონის სოფელ ...ის პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის შენობაში, გ. ც-ემ უარი განაცხადა მისაღებიდან სხვა ოთახში გადასვლაზე, ვინაიდან, მისაღებში დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რაზედაც პოლიციელები გაბრაზდნენ და ერთ-ერთმა - ს. ჟ-იმა ძალის გამოყენებით შეიყვანა პირველ სართულზე მდებარე სხვა ოთახში, ს. თ-ე კი დატოვა მისაღებში. ოთახში შესვლისთანავე, პოლიციელმა ს. ჟ-იმა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაახრევინა თავი და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის არეში. ამ დროს ოთახში შემოვიდა პოლიციელი - ს-ი, რომელმაც მოსარჩელის განმარტებით, დაუწყო ცემა. მისივე განმარტებით, გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას, ჰკითხეს, თუ სად მიიღო დაზიანებები, თუმცა მან ამ კითხვას პასუხი არ გასცა. იმ დროისათვის მას აღენიშნებოდა მარჯვენა თვალზე სისხლჩაქცევა, ტუჩის შიდა ნაწილი ჰქონდა გახეთქილი და მარჯვენა ფეხის ცერა თითი ჰქონდა შესივებული. მეორე დღეს, დილის საათებში, იგი გადაიყვანეს გორის რაიონულ სასამართლოში. 2017 წლის 23 თებერვალს მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტს და ჩაიტარა სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მას მიღებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად და აღნიშნული დაზიანებები დროში არ ეწინააღმდეგება მისი, პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდს. ყოველივე ზემოაღნიშნულზე, მოსარჩელემ მიმართა პროკურატურას და მოითხოვა დაწყებულიყო გამოძიება გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიმართ, ჩადენილი უკანონო ქმედების ფაქტზე. განცხადების საფუძველზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №083060317802 საქმეზე, შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელთა მიერ გ. ც-ეის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლით. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის მატერიალური ზიანის - 100 ლარის ოდენობით და მორალური ზიანის - 1 ლარის ოდენობით, ანაზღაურება.
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ც-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაევალათ სოლიდარულად გ. ც-ეისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 100 ლარის და მორალური ზიანის 1 ლარის ოდენობით ანაზღაურება. გ. ც-ეის სარჩელი მოპასუხეების - ს. ჟ-ისთვის და ნ. ს-ისთვის მატერიალური ზიანის სახით 100 ლარის და მორალური ზიანის სახით 1 ლარის გ. ც-ეის სასარგებლოდ ანაზღაურების დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ/შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა და შიდა ქართლის პოლიციის მთავარმა სამმართველომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე და 1005-ე მუხლზე და გაიზიარა რაიონული სასამართლოს განმარტება იმის თაობაზე, რომ უხეში გაუფრთხილებლობის ნორმატიული შინაარსი სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არ არის; უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს შეფასებით კატეგორიას, რომელიც უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, პიროვნების, მისი სუბიექტური დამოკიდებულების და ობიექტური გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, უხეში გაუფრთხილებლობა გამოიხატება იმ ნორმათა და მითითებათა გაუთვალისწინებლობასა და დარღვევაში, რომლებიც უნდა იცოდეს შესაბამისი ქმედების განმახორციელებელმა პირმა/ადმინისტრაციულმა ორგანომ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 245-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №423-ე ბრძანების მე-6 მუხლზე და განმარტა, რომ დაკავებულის დაზიანების არსებობის შემთხვევაში უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი, სადაც უნდა აღინიშნოს თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები სახელმწიფო ორგანოების ზედამხედველობის ქვეშ მყოფმა პირმა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ც-ე ქ. გორის შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებული იქნა 2017 წლის 20 თებერვალს, 02:03 საათზე, მისი გარეგნული დათვალიერება მოხდა 02:12 საათზე. აღნიშნულ ოქმში აღინიშნა, რომ გ. ც-ეს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ამავე იზოლატორის პაციენტის გასინჯვის ფურცლიდან დგინდება, რომ გ. ც-ე იზოლატორიდან სასამართლოში გადაყვანილ იქნა 2019 წლის 20 თებერვალს, 11:23 საათზე, აღნიშნულ ფურცელზე არ არის გაკეთებული მითითება, პაციენტის (გ. ც-ეის) ჩივილების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 20 თებერვალს, მაშინ, როდესაც გორის რაიონული სასამართლო იხილავდა გ. ც-ეის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საკითხს, მას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე, სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 მარტის №5001423117 დასკვნაზე, რომლის თანახმად, გ. ც-ეს შემოწმების მომენტისთვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ამ შემთხვევაში გ. ც-ეის პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არამართებულია შენიშვნა, იმის თაობაზე, რომ თითქოს მოსარჩელეს სასამართლოში გამოესახა სახეზე დაზიანებები. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში და მითითებულ პერიოდში გ. ც-ეს პოლიციელები უწევდნენ ბადრაგირებას და ზედამხედველობას და მას მათი მეთვალყურეობის გარეშე გადაადგილების უფლება არ ჰქონდა. შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობის და მათ მიერ მიცემული განმარტების შეფასებით. როდესაც პოლიციის მიერ დაკავებისას პირი ჯანმრთელია, ხოლო განთავისუფლებისას მას აღმოაჩნდება დაზიანებები, სახელმწიფოს ვალდებულებაა, გააკეთოს დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ იქნა ეს დაზიანებები მიყენებული; უფრო მეტიც, როდესაც სადავო შემთხვევები მთლიანად ან ნაწილობრივ, წარმოადგენს შესაბამის ორგანოთა ექსკლუზიური ინფორმირებულობის სფეროს, ჩნდება ძლიერი ეჭვები ამ პერიოდში წარმოქმნილ დაზიანებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებში ჩამოყალიბებული პოზიციები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება შესაბამისი ოქმის სახით, რომელიც უნდა შეედგინა იმ პირებს ან ორგანოს, ვინც პასუხს აგებდა დაკავებულის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სადაც ახსნილი იქნებოდა დაზიანებების მიზეზები. გ. ც-ეის დაკავების მომენტიდან სასამართლოში წარდგენამდე მასზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთ შემთხვევაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო მეორე შემთხვევაში შსს დროებითი მოთავსების იზოლატორს, ვინაიდან მათ კანონით დადგენილი წესით ეკისრებათ დაკავებული პირის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულება; სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმების ვალდებულებაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიჩნეულ იქნა, რომ გ. ც-ეს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას ჯანმრთელობის დაზიანება არ აღენიშნებოდა. სააპელაციო სასამართლო თავად ეწინააღმდეგება მის მსჯელობას, როდესაც ამბობს, რომ "...სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მოსარჩელეს სახეზე არსებული დაზიანებები ვიზუალურად შეუმჩნეველი ყოფილიყო მისი დაკავების ან იზოლატორში შემოწმების დროს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მან იზოლატორში შესახლებისას გაიარა სამედიცინო შემოწმება“. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ "მხედველობაში ვერ მიიღებს მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ გ. ც-ეის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს უშუალოდ უბნის ინსპექტორ გამომძიებლებმა - ს. ჟამერაშვილმა და ნ. საათაშვილმა, აღნიშნულის თაობაზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც არ არის დასრულებული. მოცემული ადმინისტრაციული საქმის განხილვისას კი აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იქნა წარმოდგენილი." ამდენად, საქმის განხილვისას არ დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურემ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაარღვია სამსახურებრივი მოვალეობა და მიაყენა მოსარჩელეს ზიანი. მოსარჩელე გ. ც-ეის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანა განხორციელდა 2017 წლის 20 თებერვალს 11:23 საათზე. ოქმში აღნიშნულია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაყვანისას მოსარჩელეს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და პრეტენზიას არ გამოთქვამდა. კასატორის მოსაზრებით სასამართლოს აღნიშნულ გარემოებაზე საერთოდ არ უმსჯელია. მეტიც, მტკიცებულების უგულებელყოფის საფუძველზე, სასამართლო ამბობს, რომ ,,ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ გ. ც-ეს შსს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსახლების შემდგომ გორის რაიონულ სასამართლომდე მიყვანისას გამოესახა სახეზე ის დაზიანებები, რომლებიც შესაძლოა მან მიიღო დაკავებამდე ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ან დაკავებისას, მის მიმართ პროპორციული ძალის გამოყენებისას. ამგვარი განმარტება არ არის სარწმუნო და არ წარმოდგენილა მტკიცებულება შესაბამისი ოქმის სახით, რომელიც უნდა შეედგინა იმ პირებს ან ორგანოს, ვინც პასუხს აგებდა დაკავებულის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე".
კასატორის მითითებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 2 აგვისტოს №423 ბრძანების მე-6 მუხლის პირველის ნაწილი თანახმად, მოსათავსებელი პირი იზოლატორის საკანში მოთავსების წინ გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მოსარჩელე გ. ც-ეს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას, ასევე მისი დატოვების შემდგომ რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნება. ამავე ბრძანების მე-16 მუხლით გარანტირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირის უფლება, მოთავსების მთელი პერიოდის განმავლობაში მოითხოვოს სამედიცინო შემოწმება ან მოიწვიოს ექსპერტი. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე გ. ც-ეს არ უსარგებლია კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებით, მეტიც დროებითი მოთავსების იზოლატორში ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით მას არ აღენიშნება დაზიანებები და პრეტენზია არ გააჩნია. კასატორმა მიუთითა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლზე და 413-ე მუხლზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (საქმე ბს-198-187(კ-07) 22.11.2007 წელი) სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შეფარდებისათვის გადამწყვეტია თანამდებობის პირის მიერ მასზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრიობის პირდაპირი, უშუალო ჯაჭვის არსებობა: დამდგარი ზიანი გამოწვეული უნდა იყოს სწორედ იმის შედეგად, რომ თანამდებობის პირმა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა არ შეასრულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის განმარტებით, სასამართლო წესით ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი ზიანი, არამედ ის რომელიც უშუალოდ გამომდინარეობდა სახელმწიფო ორგანოს ქმედებით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს განსაზღვრავს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა (მუხლი 1.1 და 1.2). პოლიცია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულება, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხლი 3). პოლიცია თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს (მუხლი 8.1). პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, გაუმართლებელ ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს (მუხლი 9.1), საპოლიციო ღონისძიების განხორციელებისას დაუშვებელია წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა (მუხლი 9.2). ამავე კანონის მე-11 მუხლით (2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.
განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს, სახელმწიფოსათვის დაკავებისას სხეულის დაზიანებისათვის, სამოქალაქო კოდექსის 407-ე და 1005.1 მუხლებით გათვალისწინებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ. ც-ე 2017 წლის 19 თებერვალს შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისათვის და გადაიყვანეს გორის რაიონული სამმართველოს ...ის განყოფილებაში.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიეკუთვნება კონსტიტუციური რანგის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. „..სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას..“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015წ. №2/3/630 გადაწყვეტილება). საქართველოს კონსტიტუციის 18.4 მუხლის ზოგადი დანაწესი ემსახურება საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი ორგანოებისა თუ პირებისაგან მიყენებული ზიანის ეფექტიანი და ქმედითი ანაზღაურების ინტერესის დაცვას. აღნიშნულის დეტალური საკანონმდებლო მოწესრიგება კი, მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ზაკ-ის 208.3 მუხლის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, ზაკ-ის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). სამოქალაქო კოდექსის 1005.1 მუხლის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად, 1005.1 მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის კი აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან; ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისკენ; მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება დაკავებისას გ. ც-ეს სხეულზე ფიზიკური დაზიანებების ნიშნები არ აღენიშნებოდა. 2017 წლის 20 თებერვალს, მაშინ, როდესაც გორის რაიონული სასამართლო იხილავდა გ. ც-ეის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საკითხს, მას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანება.
სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 21 მარტის №5001423117 დასკვნის თანახმად, გ. ც-ეს შემოწმების მომენტისთვის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს, ამ შემთხვევაში გ. ც-ეის პოლიციის შენობაში ყოფნის პერიოდს.
შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების 2017 წლის 20 თებერვლის ოქმით ირკვევა, რომ გ. ც-ე 2017 წლის 20 თებერვალს 02:03 წუთზე შესახლებულ იქნა შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. 2019 წლის 20 თებერვალს, 02:12 წუთზე შემოწმებისას, მას სახეზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმების ფორმის მიხედვით, რომელიც განხორციელდა 2017 წლის 20 თებერვალს, 02:04 საათზე, პაციენტმა უარი განაცხადა სამედიცინო შემოწმებაზე.
პაციენტის გასინჯვის ფურცლის (დღიური) მიხედვით 2017 წლის 20 თებერვალს, 11:23 საათზე პაციენტი გადაყვანილი იქნა სასამართლო პროცესზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო შემთხვევაში დადასტურებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გ. ც-ეის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი და მიზეზობრივი კავშირის არსებობა დამდგარ შედეგსა და ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის. ვინაიდან, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს გ. ც-ე 2017 წლის 19 თებერვალს, 21 საათსა და 10 წუთზე, ამ დროიდან იგი იმყოფებოდა ჯერ შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის ...ის, ხოლო შემდგომ - 2019 წლის 20 თებერვლის 02:03 საათიდან, მას შემდეგ რაც იგი შეასახლეს შსს დროებითი მოთავსების ქ. გორის იზოლატორში, უკვე იზოლატორის თანამშრომლების სრული ზედამხედველობის ქვეშ. მოცემულ შემთხვევაში მითითებულ პერიოდში პოლიციელები უწევდნენ ბადრაგირებას და ზედამხედველობას გ. ც-ეს და მათი მეთვალყურეობის გარეშე გადაადგილების უფლება მას არ ჰქონდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეფასდეს ადმინისტრაციული ორგანოების პასუხისმგებლობის და მათ მიერ მიცემული განმარტების საფუძველზე. როდესაც პოლიციის მიერ დაკავებისას პირი ჯანმრთელია, ხოლო განთავისუფლებისას მას აღმოაჩნდება დაზიანებები, სახელმწიფოს ვალდებულებაა, გააკეთოს დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ იქნა ეს დაზიანებები მიყენებული. მოცემულ შემთხვევაში კი, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება შესაბამისი ოქმის სახით, რომელიც უნდა შეედგინა იმ პირებს ან ორგანოს, ვინც პასუხს აგებდა დაკავებულის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სადაც ახსნილი იქნებოდა დაზიანებების წარმოშობის მიზეზი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009წ. №ბს-972-936(3კ-08) განჩინებაზე, სადაც განმარტებულია, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტისათვის გ. ც-ეის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რადგან ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს შინაგან საქმეთა ორგანოების ზედამხედველობის პერიოდში გ. ც-ეისთვის მიყენებული დაზიანებები, რომელთა წარმოშობის თაობაზე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადო მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს/საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე