№453აგ-13 4 ნოემბერი, 2013 წელი
ი-ი ნ, 453აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ნ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63-64–ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 5 წელი. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენით ნ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» და იმავე მუხლის მესამე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისათვის, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. იმავე განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ნ. ი-ს მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი _ 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე მთლიანად დაემატა ბოლო განაჩენით დანიშნულ სასაჯელს, რის შედეგადაც მსჯავრდებულ ნ. ი-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით. მსჯავრდებულ ნ. ი-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 30 სექტემბრიდან. მასვე პატიმრობის ვადაში ჩაეთვალა წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2008 წლის 22 ივნისიდან 2008 წლის 21 ივლისის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულ ნ. ი-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლითა და იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ი-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი და ¼–ით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ¼–ით შეუმცირდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენით (რომელშიც ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მაისის განაჩენით) სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ნ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2013 წლის 17 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ი-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განაჩენსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 8 სექტემბრის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 3 წლითა და 9 თვის ვადით - ნაწილობრივ დაემატა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განაჩენითა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან (თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვის ვადით) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ი-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 30 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო (წინა განაჩენით) - 2008 წლის 22 ივნისიდან 2008 წლის 21 ივლისის ჩათვლით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მაისის განაჩენი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ნ. ი-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, ნ. ი-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ი-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ი-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი