№ბს-1356(კ-22) 3 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ც-ეე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო; მესამე პირები - შპს „ა...“; ნ. მ-ი, გ. ქ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ. ჯ-იმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 27 აპრილის №8 სხდომის ოქმი (საკითხი 15), რომლითაც არდადგა შპს „ა...ს“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი; ბ) მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „ა...ს“ ექიმების პასუხისმგებლობის თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მესამე პირებად ჩაბმული იქნენ შპს „ა...“, ნ. მ-ი და გ. ქ-ი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 27 აპრილის №8 სხდომის ოქმი (საკითხი 15), რომლითაც არ დადგა შპს „ა...ს“ ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი. მოპასუხეს -საქართველოს ოკუპირებული ტერიტროიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „ა...ს“ ექიმების პასუხისმგებლობის თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ჯ-იმა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე 2014 წლის 15 სექტემბერს სასწრაფო დახმარების მიერ სამკურნალოდ მოთავსებულ იქნა შპს „ა...ში“, სადაც არ ჩაუტარდა ჯეროვანი და ხარისხის მკურნალობა. დაუსვეს არასწორი დიაგნოზი. არასწორად ჩათვალეს, რომ იყო ნარკოლოგიურ კომაში და შესაბამისად, ჩაუტარდა არასწორი გამოკვლევები. ჰქონდა გულის ძლიერი ტკივილები და მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ გულის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და გამოკვლევას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელემ 2018 წელს მიმართა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, რათა დადგენილიყო სამედიცინო გადაცდომები. სააგენტომ 2020 წლის პირველ სექტემბერს აცნობა, რომ შეისწავლა მისი შემთხვევა და გამოავლინა დარღვევები/ნაკლოვანებები ექიმების მხრიდან. სააგენტოს მიერ დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე ექიმების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და იმ ეტაპზე საკითხი განხილული არ იყო. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2021 წლის 1 ივნისის №02/7750 წერილით ბ. ჯ-ის გაეგზავნა პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 27 აპრილის №8 სხდომის ოქმი (საკითხი 15), რომლის თანახმად არ დადგა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და წარდგენილი მასალების შეჯამების შედეგად მიიჩნია, რომ შპს „ა...ს“ ექიმებს - ნ. მ-ის და გ. ქ-ის, პროფესიული პასუხისმგებლობის სახით უნდა დაკისრებოდათ „წერილობითი გაფრთხილება“, თუმცა ვინაიდან გასული იყო 5 წელზე მეტი, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, მათ არ დაეკისრათ პროფესიული პასუხისმგებლობა. აღნიშნული მსჯელობა არის დაუსაბუთებელი, კერძოდ, ბ. ჯ-ი კლინიკაში მოთავსდა 2014 წლის 15 სექტემბერს, ხოლო მან გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა მოითხოვა 2018 წლის 21 ნოემბრის და 2018 წლის 29 ნოემბრის განცხადებებით. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ისიც, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2 წლისა და 5 თვის შემდეგ - 2021 წლის 27 აპრილს, მაშინ როდესაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ - „ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შემოტანიდან არა უგვიანეს 2 თვისა. მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ საბჭომ მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო ვადის დარღვევით და რომ არა აღნიშნული ვადის დარღვევა, სახეზე არ იქნებოდა ის საფუძველი (შედეგი), რის გამოც შპს „ა...ს“ ექიმებს არ დაეკისრათ პროფესიული პასუხისმგებლობა. მოსარჩელემ მხარემ დადგენილ ვადაში მიმართა განცხადებით საბჭოს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მისთვის კანონით მინიჭებულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კი აღნიშნული შედეგი არ დადგებოდა.
კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება წახალისება მოპასუხისათვის, რომ შესულ განცხადებებსა თუ საჩივრებზე 5 წლის შემდეგ მოახდინოს რეაგირება და მიუთითოს ვადის გასვლის გამო ექიმებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შეუძლებლობაზე. სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთება ხელს უწყობს ექიმების პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების შესაძლებლობას. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ დარღვევის გამოვლენა დააგვიანა თავად მოპასუხე მხარემ. დაუსაბუთებელია, სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმებისთვის სახდელის დაკისრება არ იქნება მიზანშეწონილი, ვინაიდან ისინი დღემდე მუშაობენ და არ აქვთ არანაირი გადაცდომა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) შპს „ა...ს“ 2014 წლის 5 ნოემბრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) დგინდება, რომ პაციენტი ბ. ჯ-ი (დაბადებული ... წლის ...ს სტაციონარში მოთავსდა 2014 წლის 15 სექტემბერს 03:10 საათზე (მიყვანილი იქნა ს/დ ბრიგადის მიერ) და გაეწერა 2014 წლის 5 ნოემბერს 19:00 საათზე (ს.ფ 28-32); ბ) ბ. ჯ-იმა 2018 წლის 21 ნოემბერს №... და 2018 წლის 29 ნოემბერს №... განცხადებებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, შეისწავლოს მის მიმართ შპს „ა...ში“ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხი და შესაბამისობა თანამედროვე სტანდარტებთან. მან განმარტა, რომ აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2014 წლის 15 სექტემბერს და მიაჩნია, რომ დაუსვეს არასწორი დიაგნოზი, არასწორად ჩათვალეს, რომ თითქოსდა იყო ნარკოლოგიურ თრობაში და შესაბამისად, ჩაუტარდა არასწორი გამოკვლევები. მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ გულის კომპიუტერულ ტომოგრაფიას და გამოკვლევას. მიუხედავად იმისა, რომ ...მა თ. კ-ემ ... გამორიცხა, მხოლოდ 2014 წლის 18 სექტემბერს მოხდა, ...ის ფონზე, ქირურგის ზ. კ-ეის გამოძახება. მოითხოვა დადგინდეს მოხდა თუ არა სამედიცინო დარღვევები, სამედიცინო შეცდომები, დაუდევრობა, გულგრილობა და ამ დარღვევების გამო მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნა თუ არა საფრთხე. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შესწავლილ იქნეს და შეფასდეს შპს „ა...ს“ მხრიდან არსებული ფინანსური დარღვევები და თანამდებობრივი შეცდომები (ს.ფ 91-92, 84); გ) სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2018 წლის 18 დეკემბრის №02-731/მ ბრძანებით, ბ. ჯ-ის (მცხ: თბილისი, ...ს ქუჩა №...) განცხადებების საფუძველზე, შპს „ა...ში“ (მის: ქ.თბილისი, ...ს ქ. ...) პაციენტ ბ. ჯ-ისათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული სამედიცინო დახმარების საკითხის შესწავლის მიზნით შეიქმნა და მივლინებულ იქნა კომისია (ს.ფ 84); დ) საქმეში წარმოდგენილია ... ვ. შ-ის 2019 წლის 14 ივლისის რეცენზია მოქ. ბ. ჯ-ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტს გაეწია სრული ადეკვატური სამედიცინო დახმარება, რაც მოიცავდა დიაგნოსტიკას, კონსულტაციებს, სიმპტომურ და პათოგენეზურ მკურნალობას. მას შემდეგ, რაც დადგინდა ... (17.09.14 23:00) ყველა მოქმედება მიმდინარეობდა დროულად და სწორად. მანამდე (15.09.14. 03:10-დან) მიმდინარეობდა სიმპტომური დახმარება და დიაგნოსტიკური კვლევები. კვლევების დაგეგმვა ემყარება პაციენტის ანამნეზურ და ობიექტურ მონაცემებს. ანამნეზური მონაცემები (..., ცნობიერების დაბინდვის ეპიზოდები წარსულში) და ცნობიერების გამოხატული ცვლილებები იძლეოდა იმის საფუძველს, რომ მედპერსონალს ეფიქრა ...ასა და ...ზე, რაც თავდაპირველ დიაგნოზებში კითხვის ნიშნითაა გამოტანილი. შესაბამისად, წარიმართა კვლევები, კონსულტაციები. პარალელურად მიმდინარეობდა სიმპტომური დახმარება, რაც გამოიხატა პაციენტის ფხვ-ზე გადაყვანითა და სამკურნალო-დაცვითი ნარკოზით. გამოკვლევებისა და კონსულტაციების დროულობა და თანმიმდევრობა ნაკარნახევია სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით და წარმოებულია სათანადო პროფესიულ დონეზე. მეიოს კლინიკის მონაცემებით 236 შემთხვევიდან მხოლოდ ნახევარში მოხერხდა დროული და სწორი დიაგნოზის დასმა, არასწორ დიაგნოზს განაპირობებდა კლინიკური სიმპტომატიკა და ეს ხშირად ლეტალურადაც მთავრდებოდა. ამ შემთხვევაში პაციენტი გადარჩა, რაც კლინიკის გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს (ს.ფ ...-86); ე) საქმეში წარმოდგენილია ჯ...ის ...ის ხელმძღვანელის ..., მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ა. ც-ეის რეცენზია, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტს დროულად და სრულად ჩაუტარდა კვლევები და კონსულტაციები. უმჯობესი იყო ...ის დიაგნოზი ადრე დასმულიყო, მაგრამ გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ დაავადება მიმდინარეობდა ძალზე ატიპიურად, წინა პლანზე იყო წამოწეული არა ...ი პრობლემები და ტკივილი, არამედ ... სისტემის დაზიანება. ამან გაახანგრძლივა დიაგნოზის დასმა. მძიმე პოსტოპერაციულ პერიოდში ჩატარებული მკურნალობა ადასტურებს კლინიკის კოლექტივის კვალიფიკაციას (ს.ფ 87); ვ) საქმეში წარმოდგენილია თსსუ ...ის ასისტენტ პროფესორის ი. მ-ეის 2019 წლის 18 ივლისის რეცენზია, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაციენტს სტაციონარში შესვლისთანავე დროულად ჩაუტარდა ადეკვატური კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ჩატარებული მკურნალობა გართულების განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის, ანტიბაქტერიული თერაპია იყო დროული და სწორი, მოქმედი საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისი (ს.ფ 88-89); ზ) საქმეში წარმოდგენილია თსსუ ...ის ასოცირებული პროფესორი ი. მ-ის 2019 წლის 1 ივლისის რეცენზია, რომელშიც აღნიშნულია, რომ შესაძლო იყო ეჭვის მიტანა ...ზე, მითუმეტეს, რომ პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ...ით მიმდინარე .... ისტორიის სრულად განხილვის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ თერაპიული თვალსაზრისით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკველვა და კონსულტაცია, სრული და ადეკვატური მკურნალობა. პაციენტის განცხადებაზე საპასუხოდ უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე არ ვლინდება სამედიცინო დარღვევების, შეცდომების, დაუდევრობის ან გულგრილობის ფაქტები (ს.ფ 133-135); თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის №02/11168 წერილით, ბ. ჯ-ის განემარტა, რომ შესწავლის შედეგების თაობაზე ეცნობა წერილობით (№02/3957). სამედიცინო დოკუმენტაცია, რეცენზირებულ იქნა სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმ-სპეციალისტთა მიერ, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგიის, ...იის, ინფექციური სნეულებების და შინაგანი მედიცინის პროფილით. განმცხადებელს განმეორებით ეცნობა, რომ შესწავლის შედეგად გამოვლინდა დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ: რეცენზენტი (თერაპევტი) დასკვნაში აღნიშნავს, რომ არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული ...ის ჩანაწერში მოცემულ ინფორმაციაზე, რომლის საფუძველზე და ნევროლოგიური პათოლოგიებისა და ინტოქსიკაციის ვერ დადასტურების პირობებში, შესაძლო იყო ეჭვის მიტანა ...ზე, მითუმეტეს პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა ...ით მიმდინარე ...; ასევე, გამოვლინდა, რომ 19.09.2019წ. და 02.10.2014წ. უმცროსი ექიმის, ბ. ჩ-ის მიერ, დამოუკიდებლად ჩატარდა ჭრილობების დამუშავება, მიუხედავად იმისა, რომ ექიმ ბ. ჩ-ის არ გააჩნდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ა...ს“ ექიმების, ნ. მ-ის (სერტ.: „... მედიცინა“) და გ. ქ-ის (სერტ.: „... მედიცინა“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. ამ ეტაპზე პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ საკითხი განხილული არ არის. რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს, ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, აღნიშნულის შესწავლა სცილდება სააგენტოს კომპეტენციას. ამასთან ეცნობა, რომ „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „თუ მეწარმე შეამოწმა უფლებამოსილმა მაკონტროლებელმა ორგანომ, დაუშვებელია საქმიანობის იმავე საკითხთან დაკავშირებით იგი შეამოწმოს სხვა მაკონტროლებელმა ორგანომ (გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ან იმავე მაკონტროლებელი ორგანოს სხვა დანაყოფმა“. ვინაიდან განცხადებაში (№72296, 10.07.2020წ) არ არის მითითებული ახლადგამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 102-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმეორებით შეისწავლოს შპს „ა...ში“ გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი (ს.ფ 24); ი) საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 27 აპრილის №8 სხდომის ოქმი, ინფორმაცია პაციენტ ბ. ჯ-ის თაობაზე, რომლითაც ირკვევა, რომ სააგენტოს მიერ, მოქალაქე ბ. ჯ-ის განცხადების საფუძველზე, შესწავლილ იქნა შპს „ა...ში“ მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი. ოქმში აღნიშნულია, რომ შესწავლის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: რეცენზენტი (თერაპევტი) დასკვნაში აღნიშნავს, რომ არ იქნა ჯეროვანი ყურადღება მიქცეული ...ის ჩანაწერში მოცემულ ინფორმაციაზე, რომლის საფუძველზე და ნევროლოგიური პათოლოგიებისა და ინტოქსიკაციის ვერ დადასტურების პირობებში, შესაძლო იყო ეჭვის მიტანა ...ზე, მითუმეტეს პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა კრიზებით მიმდინარე .... დაისვა საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, შპს „ა...ს“ ექიმების, ნ. მ-ის (სერტ.: „... მედიცინა“) და გ. ქ-ის (სერტ.: „... მედიცინა“) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე (ს.ფ 20-23); კ) საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 27 აპრილის №8 სხდომის ოქმიდან ამონაწერი (საკითხი 15), რომლითაც დადგენილია, რომ სააგენტომ შეისწავლა საკითხი, შპს „ა...ში“ პაციენტ ბ. ჯ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე. პაციენტ ბ. ჯ-ის შპს „ა...ში“ სამედიცინო დახმარება გაეწია 2014 წელს, სააგენტოში განცხადება/საჩივარი შეტანილი აქვს 29.11.2018 წელს (№...). „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად: ,,დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს არ მიეცემა ამ კანონით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება დარღვევიდან 5 წლის შემდეგ ანდა გაფიცვაში ან სხვა მსგავს ქმედებაში მონაწილეობისათვის’’. შესწავლის შედეგად დაისვა საკითხი შპს „ა...ის“ ექიმების ნ. მ-ის (სერტ: ,,... მედიცინა’’) და გ. ქ-ის (სერტ: ,,... მედიცინა’’) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე. საბჭოს წევრებმა ერთხმად დაადგინეს: „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, შპს „ა...ს“ ექიმებს: ნ. მ-ის (სერტ: ,,... მედიცინა’’) და გ. ქ-ის (სერტ: ,,... მეიდცინა’’) არ დაეკისროთ „წერილობითი გაფრთხილება“ (ს.ფ 19); ლ) საქმეში წარმოდგენილია ბ. კ.-ს ძე ჯ-ის სახელზე შპს „მ...“ საბურთალოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც აღნიშნულია რომ შემოწმება ჩატარდა 2021 წლის 7 ივნისს, დასკვნა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ: მნიშვნელოვანი; შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი: საერთო დაავადება; შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგინდა: 2022 წლის 1 ივლისამდე, მორიგი გადამოწმების თარიღი - 2022 წლის ივნისი; ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორია და ხარისხი: თვითმომსახურების, გადაადგილების და შრ. საქმიანობის უნარის მეორე ხ. შეზღუდვა; დასკვნა შრომის დასაშვები ან წინააღმდეგ ნაჩვენები პირობებისა და ხასიათის შესახებ: შრომისუნარდაკარგული (ს.ფ 25-26).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 27 აპრილის №8 სხდომის ოქმი (საკითხი 15), რომლითაც შპს „ა...ს“ ექიმებს არ დაეკისრათ პასუხისმგებლობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია უზრუნველყოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის შესაბამისი პროფესიული განათლება და პრაქტიკული მომზადება, მის პროფესიულ საქმიანობაზე სათანადო სახელმწიფო ზედამხედველობის დაწესება, მისი უფლებების დაცვა, აგრეთვე ქვეყანაში აღიარებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების საექიმო საქმიანობაში დამკვიდრებით საქართველოს მოსახლეობის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება (1-ლი მუხლი).
ზემოაღნიშნული კანონის 66-ე მუხლის თანახმად, (1) საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით; (2) სამინისტრო უზრუნველყოფს საექიმო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობაში საუნივერსიტეტო კლინიკების, ექიმთა პროფესიული ასოციაციებისა და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას.
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის მიხედვით, (1) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები; (2) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო.
მითითებული კანონის 75-ე მუხლის თანახმად, (1) წერილობითი გაფრთხილება მიეცემა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს; (2) წერილობითი გაფრთხილების საფუძველია: ა) პაციენტის განცხადება ან საჩივარი; ბ) პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი; გ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი; დ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგა; ე) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი; ვ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი მუშაობს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ა...ს“ ექიმებს: ნ. მ-ის და გ. ქ-ის არ დაეკისრათ „წერილობითი გაფრთხილება“ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, უპირველესად, პროფესიული პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი, კერძოდ, ამ კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტი მიუთითებს წერილობითი გაფრთხილების გამოყენების ხანდაზმულობის ვადაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს არ მიეცემა ამ კანონით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილება დარღვევიდან 5 წლის შემდეგ ანდა გაფიცვაში ან სხვა მსგავს ქმედებაში მონაწილეობისათვის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, რაც, მათ შორის, გულისხმობს ხანდაზმულობის ვადების მკაცრ დაცვას. ზოგადად, „ვადის უფლებაწარმომშობი და უფლებააღმკვეთი თვისება გამოკვეთილია არა მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო სამართალში, არამედ იგი დამახასიათებელია მთელი სამართლისათვის. დრო იწვევს სამართლებრივი სინამდვილის ტრანსფორმაციას, უფლების წარმოშობას, შეწყვეტას, უფლების სუბიექტის შეცვლას’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის №1/3/161 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ ზემოხსენებული კანონი ექიმის წერილობითი გაფრთხილებისათვის დადგენილ 5-წლიან ხანდაზმულობის ვადას უკავშირებს უშუალოდ დარღვევის ჩადენისა და არა აღნიშნული დარღვევის გამოვლენის ფაქტს. შესაბამისად, დარღვევის ჩადენიდან 5 წლის გასვლის შემდეგ დაუშვებელია დამოუკიდებელი საქმიანობის სუბიექტს შეეფარდოს წერილობითი გაფრთხილება. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ეს ვადა გაშვებულია პასუხისმგებლობის საკითხის განმხილველი ორგანოს ბრალეულობით თუ, პაციენტის (პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის) მიერ განცხადების (საჩივრის) დაგვიანების წარდგენით. პროფესიული პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადა იცავს დამოუკიდებელი საქმიანობის სუბიექტს არ მოხდეს მასზედ წერილობითი გაფრთხილების დაკისრება 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პროფესიული განვითარების საბჭომ 2018 წლის ნოემბერში ბ. ჯ-ის მიერ შეტანილ საჩივრებზე გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის 27 აპრილის სხდომაზე, ვერ გახდება ნ. მ-ის და გ. ქ-ის უფლების დარღვევის საფუძველი. მათი ეს უფლება დაცულია კანონით - არ დაედოთ სახდელი დარღვევის ჩადენიდან 5-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის ექიმის მიმართ გამოსაყენებელი პასუხისმგებლობის სახისა და ზომის განსაზღვრა პროფესიული განვითარების საბჭოს, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს, დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. პროფესიული სახდელის დაკისრების მიზანს ჩადენილი გადაცდომისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის დასჯა, მისი გამოსწორება და, ამავდროულად, მისი თუ სხვა ექიმების მხრიდან გადაცდომათა სამომავლო ჩადენის პრევენცია წარმოადგენს. ამგვარი მიზნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ასეთი სახდელის ადრესატი, განსახილველ შემთხვევაში - დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, ხანგრძლივი თუ გამუდმებული დასჯისა და პასუხისმგებლობის დაკისრების შიშსა და მოლოდინში იმყოფებოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ ჩადენილი ნებისმიერი გადაცდომისათვის შესაბამისი სახდელის და, მათ შორის, პროფესიული სახდელის დაკისრებაც, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება, უნდა მოხდეს მაქსიმალურად მყისიერად, ვინაიდან ექიმის მიერ გადაცდომის ჩადენაზე არაგონივრულ ვადაში რეაქციის გამოვლენა (იქნება ეს განმცხადებლის თუ პროფესიული განვითარების საბჭოს მხრიდან) პროფესიული სახდელის მოცემული სახის გამოყენების ეფექტურობას მნიშვნელოვნად ამცირებს. პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ჩადენილი გადაცდომისათვის დასჯა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს არ უნდა იძენდეს, არამედ, იგი გამართლებული უნდა იყოს ასეთი დასჯის შინაარსით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ. ჯ-ი 2014 წლის 15 სექტემბერს მოთავსდა სტაციონარში, ხოლო გაეწერა 2014 წლის 5 ნოემბერს. მოსარჩელემ 2018 წლის 21 ნოემბერს №... და 2018 წლის 29 ნოემბერს №... განცხადებებით მიმართა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს და მოითხოვა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის შესწავლა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ 2021 წლის 27 აპრილის სხდომაზე განიხილა ექიმების ნ. მ-ისა და გ. ქ-ის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი და მიიჩნია, რომ ექიმებს არ უნდა დაკისრებოდათ წერილობითი გაფრთხილება „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული აქტის საფუძვლად მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ 2021 წლის 27 აპრილისათვის გასული იყო დარღვევიდან (2014 წელი) 5 წელზე მეტი პერიოდი, რაც „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-6 პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე გამორიცხავდა ნ. მ-ისა და გ. ქ-ისთვის წერილობითი გაფრთხილების დაკისრების შესაძლებლობას. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ბ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ც-ეე
თ. ოქროპირიძე