Facebook Twitter

№ბს-314(კ-24) 1 აგვისტო, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ლ. უ-ე, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. უ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა) - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულება, ლ. უ-ეის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით ლ. უ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულება, ლ. უ-ეის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 მაისის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება ლ. უ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, რაც სასამართლომ ნორმის არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე განსხვავებულად შეაფასა. საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულებას გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №1000708922 დასკვნა „ლ. უ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლისა და „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ” მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, განიხილა 2020 წლის 6 მაისის №1000708922 განცხადება/წარდგინება რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ლ. უ-ეის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. სააგენტომ ჩათვალა, რომ ლ. უ-ეის მიმართ არსებობდა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად მიზანშეწონილად მიიჩნია ლ. უ-ეისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გზით. სააგენტოს ზემოაღნიშნული დასკვნა დაეყრდნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 4 მაისის №MIA 8 20 00978098 წერილს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე - ლ. უ-ე სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდებოდა მის სარგებლობაში არსებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით, კერძოდ, იგი ფლობდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტს. საქმეში წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლის თანახმად, ლ. უ-ეის სახელზე 2016 წლის 17 თებერვალს გაცემულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი №.... სასამართლო, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიუხედავად, დაეყრდნო საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ არასათანადო მტკიცებულებასა და დოკუმენტებს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითი მსჯელობა დააფუძნა და სადავო გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ: „მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი დადასტურებული არ არის. სასამართლო კვლავ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ ლ. უ-ე საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქის დაცვის სამინისტროს, ...ს ბ ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების 2022 წლის 27 თებერვლის ცნობის თანახმად, უწყვეტად იმყოფება პატიმრობაში 2015 წლიდან, დაწესებულებიდან გასვლის ნებართვის ან დროებითი გათავისუფლების გარეშე. შესაბამისად, აღნიშნულით გაქარწყლებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 4 მაისის №MIA 8 200097898 წერილში მითითებული ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქე ლ. უ-ე სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდება მის სარგებლობაში არსებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით. ამასთან, საგულისხმოა, რომ შეკრებილი მტკიცებულებებით ეჭვქვეშ დგება საქმეში წარმოდგენილი ლ. უ-ეის სახელზე გაცემული მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ვინაიდან სარწმუნო არ არის მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნისადმი კუთვნილება.“ კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა უსაფუძვლოა, ვინიდან სასამართლო დაეყრდნო არასათანადო მტკიცებულებებს, კერძოდ, სასამართლო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საკითხის გადაწყვეტისას უნდა დაყრდნობოდა საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან მოპოვებულ ინფორმაციას, ხოლო აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლომ იხელმძღვანელა საბერძნეთის ერთ-ერთი პენიტენციური სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაციით და ამგვარი დოკუმენტის გამო საეჭვოდ მიიჩნია საქართველოს სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების მიერ მოპოვებული და გამოკვლეული ინფორმაცია (სათანადო მტკიცებულებები). აღნიშნულ შემთხვევაში კონკრეტული გარემოების დასამტკიცებლად სათანადო მტკიცებულებას წარმოადგენდა სწორედ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ხოლო საბერძნეთის პენიტენციური სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია არასათანადო მტკიცებულებაა.

კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში საკითხის არსებითად გადასაწყვეტად სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ლ. უ-ე დაიბადა ... წლის ...ს, საქართველოში, ქუთაისში (ს.ფ 83-84); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 2020 წლის 4 მაისის №MIA 8 20 00978098 წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ლ. უ-ე სხვადასხვა ქვეყნებში გადაადგილდება მის სარგებლობაში არსებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტით (ს.ფ 54-55); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 4 ივნისის №1000708922 დასკვნის თანახმად, ლ. უ-ეის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია, 2020 წლის 6 მაისის №1000708922 განცხადების/წარდგინების დაკმაყოფილება და ლ. უ-ეისათვის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით (ს.ფ 60); დ) საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულებით, ლ. უ-ეს (დაბადებული - ... წლის ...ს, საქართველოში), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა (ს.ფ 62); ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 26 იანვრის №MIA 7 22 00207982 წერილის თანახმად, ლ. უ-ეის (დაბადებული - ... წელს, პ/ნ ...) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2015 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 26 იანვრამდე არ დაფიქსირებულა (ს.ფ 129); ვ) საბერძნეთის რესპუბლიკის, სამოქალაქო დაცვის სამინისტროს, ...ს მეორე ტიპის დაკავების ძირითადი დაწესებულების 2022 წლის 27 იანვრის ცნობის თანახმად, დაკავებული პირი ლ. უ-ე შეიყვანეს დაკავების დაწესებულებაში 4.1.2016 წელს და დაკავებულია 11.12.2015 წლიდან (ს.ფ 132-139); ზ) საბერძნეთის რესპუბლიკის, მოქალაქის დაცვის სამინისტროს, ...ს ბ ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების 2022 წლის 27 თებერვლის ცნობის თანახმად, პატიმარი ლ. გ.-ს ძე უ-ე უწყვეტად იმყოფება პატიმრობაში 11.12.2015 წლიდან (წინასწარი დაკავების თარიღიდან თანახმად ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს მე-20 გამომძიებლის მიერ 17.12.2015 წელს გაცემული №10 ბრძანებისა დროებითი დაკავების შესახებ) დღემდე დაწესებულებიდან გასვლის ნებართვის ან დროებითი გათავისუფლების გარეშე (ს.ფ 151-155).

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის კანონიერება.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 21​1 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე კანონის სადავო პერიოდში მოქმედი 211 მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოსგან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პირველი პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (მე-2 პუნქტი). არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით (მე-3 პუნქტი). სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (მე-4 პუნქტი).

ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო აქტში ლ. უ-ეისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ მან მოიპოვა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აღნიშნულის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ლ. უ-ეის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლი, რომელიც გაცემულია 2016 წლის 17 თებერვალს (ს.ფ. 56).

საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ვინაიადნ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით საპირისპირო დასტურდება. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის 26 იანვრის №MIA 7 22 00207982 წერილზე, რომლის თანახმადაც, ლ. უ-ეის (დაბადებული - ... წელს, პ/ნ ...) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტი სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2015 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 26 იანვრამდე არ დაფიქსირებულა. საგულისხმოა, რომ რუსეთის ფედერაციის პასპორტის ასლის მიხედვით, ლ. უ-ეის სახელზე რუსეთის ფედერაციის პასპორტი გაცემულია 2016 წლის 17 თებერვალს, ხოლო საბერძნეთის რესპუბლიკის, მოქალაქის დაცვის სამინისტროს, ...ს ბ ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების 2022 წლის 27 თებერვლის ცნობის თანახმად, პატიმარი ლ. გ.-ს ძე უ-ე უწყვეტად იმყოფება პატიმრობაში 11.12.2015 წლიდან დაწესებულებიდან გასვლის ნებართვის ან დროებითი გათავისუფლების გარეშე, რაც თავის მხრივ, გამორიცხავს მისი გადაადგილების შესაძლებლობას. ასეთ პირობებში მხოლოდ პასპორტის ქსეროასლზე დაყრდნობით, სადავოდ გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 5 ივნისის №146 ბრძანებულებით საქართველოს მოქალაქე ლ. უ-ეისათვის მოქალაქეობის შეწყვეტა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველით, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ექვემდებარება ბათილად ცნობას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე