Facebook Twitter

საქმე №ბს-629(კს-23) 2 აგვისტო, 2024წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - ს. შ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2023წ. განჩინება

დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. შ-იმა 08.12.2022წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე მოპასუხის 19.11.2022წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.03.2023წ. გადაწყვეტილებით, ს. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ს. შ-ის წარმომადგენელმა გ. დ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2023წ. განჩინებით, ს. შ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.2023წ. გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა ს. შ-ის წარმომადგენელს გ. დ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე (ს.ფ. 120) და 21.03.2023წ. ჩაბარდა თანამშრომელს ა. ბ-ას (ს.ფ. 124). მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ საპროცესო უფლება არ იქნა რეალიზებული კანონისმიერ ვადაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია 11.04.2023წ., ხოლო ფოსტაში ჩაბარებულია 08.04.2023წ., გასაჩივრებისთვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით. სსკ-ის 369-ე მუხლი იმპერატიულად აწესებს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ შეიძლება. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ს. შ-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2023წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ს. შ-ის წარმომადგენელმა გ. დ-ემ კერძო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ ს. შ-ის ან მის წარმომადგენელს გ. დ-ეს არ ჩაბარებია. გზავნილი ჩაბარდა სხვა პირს, რომელსაც განსახილველ ადმინისტრაციულ საქმესთან კავშირი არ გააჩნია. გზავნილის ჩამბარებელი პირი ასევე არ არის ანგარიშვალდებული ს. შ-ის წარმომადგენლის წინაშე და არ არის მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი. ს. შ-ის წარმომადგენელმა გ. დ-ემ 21.03.2023წ. მონაწილეობა მიიღო ხელვაჩაურის რაიონულ და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გამართულ სხდომებში, შესაბამისად, ამ დღეს არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე. მას ტელეფონით კურიერი არ დაკავშირებია და არც სატელეფონო შეტყობინება მიუღია მისგან. 22.03.2023წ. სამუშაო ადგილზე გამოცხადების გარეშე გ. დ-ე გაემგზავრა ქ. თბილისში თბილისის საქალაქო სასამართლოში 23.03.2023წ. დანიშნულ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, ქ. ბათუმში დაბრუნდა კვირას - 26 მარტს, ხოლო გადაწყვეტილება მიაწოდეს 27.03.2023წ., სადაც არ იყო აღნიშნული გზავნილის ჩაბარების თარიღი, ამდენად, ს. შ-ის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა მისთვის ჩაბარებიდან დადგენილ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარება არ განხორციელებულა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების დაცვით. გზავნილის ჩამბარებელი პირი არ წარმოადგენდა გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს. მითითებული მისამართი (ქ. ბათუმი, ...ის ქ. №...(ზ), მე-... სართ.) არის კომერციული შენობა, სადაც უამრავი ადამიანი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. განსახილველ საქმეში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი არის დამოუკიდებელი ადვოკატი და არა რომელიმე ორგანიზაციის წარმომადგენელი. სასამართლოს გზავნილი უშუალოდ ადვოკატს უნდა ჩაჰბარებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.03.2023წ. გადაწყვეტილება ს. შ-ის წარმომადგენელს გ. დ-ეს გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისთვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისთვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. საქმეში დაცული მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარდა ა. ბ-ას 21.03.2023წ., უკუგზავნილში აგრეთვე მითითებულია გზავნილის ჩამბარებელი პირის პირადი ნომერი და გზავნილის ადრესატთან დამოკიდებულება - თანამშრომელი (ს.ფ. 123-124). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მითითებულ უკუგზავნილზე არის აღნიშნული სსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო რეკვიზიტი და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. ს. შ-ისთვის სსკ-ის 369.1 მუხლით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ამოიწურა 04.04.2023წ. 24 საათზე, ხოლო სააპელაციო საჩივრის შედგენისა და ფოსტისთვის გადაცემის თარიღად მითითებულია 08.04.2023წ. (ს.ფ. 125-140), რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა მიჩნეული გასაჩივრების ვადის დარღვევად და საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს გზავნილი უშუალოდ მას ან მის წარმომადგენელს არ ჩაბარებია და ჩაიბარა ისეთმა პირმა, რომელსაც საქმესთან კავშირი არ გააჩნია. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 73.8 მუხლის დანაწესზე, რომელიც სამუშაო ადგილზე გზავნილის გაგზავნისას არ ადგენს უშუალოდ ადრესატისთვის მისი ჩაბარების ვალდებულებას. მითითებული ნორმის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისთვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას გზავნილის უშუალოდ ადვოკატისთვის ჩაბარების სავალდებულობისა და ა. ბ-ას მიერ სასამართლოს გზავნილის ჩაბარების არაუფლებამოსილების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში მოსარჩელის (აპელანტის) წარმომადგენლის სამუშაო ადგილად მითითებულია შპს „...“, ხოლო სამუშაო ადგილის მისამართად - ქ. ბათუმი, ...ის ქ. №... (ზ), მე-... სართ., ოფისი №1. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა უშვებს ადრესატისთვის გზავნილის სამუშაო ადგილზე გაგზავნას (სსკ-ის 71.1 მუხ.), შესაბამისად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი მოსარჩელის წარმომადგენელს გ. დ-ეს გაეგზავნა სწორედ საქმის მასალებში მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე, რომელიც უკუგზავნილზე ასახული ინფორმაციის თანახმად ჩაიბარა თანამშრომელმა ა. ბ-ამ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის, აპელანტის) წარმომადგენელი გ. დ-ე არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი (სიითი №...). „ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-18 მუხლიდან გამომდინარე საადვოკატო საქმიანობის განსახორციელებლად ადვოკატს სხვა ადვოკატებთან ერთად აქვს საადვოკატო ბიუროს შექმნის უფლება ამხანაგობის ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონით განსაზღვრული სამეწარმეო იურიდიული პირის სახით, საადვოკატო ბიუროს შექმნის შესახებ ინფორმაცია წარედგინება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სადაც მითითებული უნდა იყოს საადვოკატო ბიუროს მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, საადვოკატო ბიუროში გაერთიანებული ადვოკატების ვინაობა და სამართლის ის დარგი, რომელშიც ადვოკატები ახორციელებენ საადვოკატო საქმიანობას. კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, საადვოკატო ბიურო შპს „...“ ასოციაციის ბიუროთა რეესტრში დარეგისტრირდა 21.06.2021წ. და რეგისტრაციის მომენტისთვის აღნიშნულ ბიუროში სხვა ადვოკატებთან ერთად გაერთიანდნენ ადვოკატები გ. დ-ე (სიითი №...) და ა. ბ-ა (სიითი №...). ადვოკატთა ასოციაციის 01.08.2024წ. წერილიდან არ დგინდება მითითებული პერიოდის შემდგომ საადვოკატო ბიუროს - შპს „...ს“ მონაცემებში, მათ შორის ამ ბიუროში გაერთიანებული ადვოკატების შესახებ ცვლილების რეგისტრაციის ფაქტი. ამდენად, საქმეში დაცული მასალები, სასამართლოს გზავნილის ჩაბარების უკუგზავნილზე ასახული და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან გამოთხოვილი ინფორმაცია იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ისეთ პირს, რომელიც გზავნილს ადრესატს გადასცემდა. უსაფუძვლოა აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ა. ბ-ა არ არის მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 73.8 მუხლი არ ადგენს დაქვემდებარებაში მყოფი პირისთვის გზავნილის გადაცემის ვალდებულებას, აღნიშნული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს ისეთი პირისთვის გზავნილის ჩაბარებას, რომელიც მას ადრესატს გადასცემს. სწორედ ასეთ პირს შეიძლება წარმოადგენდეს თანამშრომელი, მათ შორის იმ საადვოკატო ბიუროს წევრი - ადვოკატი, რომელშიც გზავნილის ადრესატი არის გაერთიანებული. სსკ-ის 73.8 და 74.1 მუხლებით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარება ითვლება გზავნილის ადრესატისთვის ჩაბარებად და გზავნილის მიმღები ვალდებული იყო გზავნილი დაუყონებლივ ჩაებარებინა ადრესატისთვის (სსკ-ის 74.1 მუხ.). დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება სასამართლოს გზავნილზე ჩაბარების თარიღის მიუთითებლობაზე. სასამართლოს გზავნილზე ეთითება გაგზავნის თარიღი, ხოლო გზავნილის ჩაბარების თარიღი აღინიშნება მის უკუგზავნილზე (სსკ-ის 73.5 მუხ.), ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება კერძო საჩივრის ავტორის მიერ უფლებამოსილი პირისთვის გზავნილის გადაცემის თარიღის გარკვევის მცდელობა (მაგ., განცხადებით, სატელეფონო ან სხვა კომუნიკაციის საშუალებებით გზავნილის გამგზავნი სასამართლოსათვის მიმართვა, შესაბამისი ფოსტისთვის მიმართვა ან აღნიშნული საკითხის გზავნილის ჩამბარებელ თანამშრომელთან გარკვევა). კერძო საჩივრის ავტორი არ მიუთითებს ამ საკითხის გარკვევის მიზნით სასამართლოსთან ან ფოსტასთან რაიმე ფორმით კომუნიკაციის შეუძლებლობაზე ან ასეთი კომუნიკაციის მცდელობაზე, ამგვარი გარემოების არსებობა საქმის მასალებითაც არ დასტურდება. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საკმარის საფუძველს არ ქმნის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მისი სამუშაო ადგილზე გამოცხადებიდან და არა ფოსტის თანამშრომლის მიერ გზავნილის მისი თანამშრომლისთვის ჩაბარებიდან, არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან (სსკ-ის 73.8, 74.1 მუხ.). საადვოკატო საქმიანობა მოიცავს საკონსტიტუციო, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართლის საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში კლიენტის წარმომადგენლობას („ადვოკატთა შესახებ“ კანონის მე-2 მუხ.), ადვოკატის საქმიანობა შესაძლოა მუდმივად უკავშირდებოდეს მისი სამუშაო ადგილის გარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობას, შესაბამისად საადვოკატო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირი შესაძლოა მთელი დღის განმავლობაში არ იმყოფებოდეს სამუშაო ადგილზე, რაც ადვოკატის პროფესიისთვის დამახასიათელებელი ჩვეული მოვლენაა. სსკ-ის 73.8 მუხლი არ გამორიცხავს ადრესატის, მათ შორის ადვოკატის სამუშაო ადგილზე არყოფნის შემთხვევაში გზავნილის სხვა პირისთვის ჩაბარების შესაძლებლობას. ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმაზე, რომ სამუშაო ადგილზე არყოფნის გამო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვალოს უნდა მისი სამუშაო ადგილზე გამოცხადების დღიდან.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, სსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი სარჩელში მითითებულ მისამართზე მოსარჩელის წარმომადგენელს გაეგზავნა სსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და ჩაბარდა უფლებამოსილ პირს - თანამშრომელს ა. ბ-ას, ასევე საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს 20.04.2023წ. განჩინება ჩაბარდა ამავე პირს - ა. ბ-ას (ს.ფ. 149). სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე მხარე ვალდებულია მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება შეასრულოს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, ანუ განსაზღვრული ვადა აღმკვეთი ხასიათისაა. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისთვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. სუს 22.04.2016წ. განჩინება, საქმე №ას-299-284-2016; სუს 15.07.2016წ. განჩინება, საქმე №ას-558-533-2016; სუს 26.10.2022წ. საქმე №ას-1067-2022; სუს 14.06.2024წ. განჩინება, საქმე №ას-455-2024). საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ს. შ-ის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა (სსკ-ის 63-ე მუხ.). ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სადავო საკითხთან მიმართებით, რის გამო კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. შ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.04.2023წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

გ. გოგიაშვილი