საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-522(კს-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - შპს „თ...“
პროცესუალური მოწინააღმდეგე - ბმა „ზ...“ (მოსარჩელე), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური (მოპასუხეები)
მესამე პირები - შპს „ს...“, შპს „მ...“; ბმა „ვ...“, ბმა „ვა...“, დ. მ-ი, ნ. ბ-ა, ნ. ჩ-ე, ე. ა-ა, ხ. მ-ე, მ. ც-ე, რ. ე-ე, ხ. ბ-ი, ლ. წ-ი, ი. ვ-ე
დავის საგანი - მესამე პირად ჩაბმა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბმა „ზ...-მა“ 2019 წლის 13 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის N2538331 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის N4325483 ბრძანებისა და ბმა „ზ...-ის“ თავმჯდომარის - თ. ფ-ის წარმომადგენლის - ზ. ვ-ისა და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის N270 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
2019 წლის 13 მარტს მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის N2538331 და 2018 წლის 31 დეკემბრის N4325483 ბრძანებების მოქმედების შეჩერება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „ზ...“-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე შეჩერდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის N2538331 და 2018 წლის 31 დეკემბრის N4325483 ბრძანებების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 1 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „ს...“ (ს/კ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ბმა „ზ...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „მ...“ (ს/კ ...).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განჩინებით ბმა „ზ...-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ბმა „ზ...-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ზ...-მა“, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-მა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...-მა“, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...-ის“ მოთხოვნის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-მა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...-მა“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვ...-ისა“ და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ვა...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება.
2023 წლის 23 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ნ. ბ-ას, ხ. მ-ეის, მ. ც-ეის, ნ. ჩ-ეის, ე. ა-ას, რ. ე-ეისა, ხ. ბ-ისა და დ. მ-ის განცხადებები, რომლებმაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმა მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 მარტს წარდგენილ იქნა ხ. ბ-ის, რ. ე-ეის, მ. ც-ეის, ხ. მ-ეის, ლ. წ-ის, ნ. ჩ-ეისა და ე. ა-ას განცხადებები, რომლებმაც მოითხოვეს განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხოლო 2023 წლის 29 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ი. ვ-ეის განცხადება, რომლითაც მოითხოვა განსახილველ საქმეში მესამე პირად ჩაბმა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 მარტის განჩინებით, დ. მ-ის, ნ. ბ-ას, ნ. ჩ-ეის, ე. ა-ას მ. ა-ეის შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა; დ. მ-ი, ნ. ბ-ა, ნ. ჩ-ე, ე. ა-ა საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ნ. ჩ-ეისა და ე. ა-ას შუამდგომლობა საქართველოს ადმინისტრაციული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე- 16 მუხლის მე-2 ნაწილით ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ხ. მ-ეის, მ. ც-ეის, რ. ე-ეის, ხ. ბ-ის, ლ. წ-ისა და ი. ვ-ეის შუამდგომლობა მესამე პირად ჩაბმის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ხ. მ-ე, მ. ც-ე, რ. ე-ე, ხ. ბ-ი, ლ. წ-ი და ი. ვ-ე ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმული იქნენ მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნული განჩინებები კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბმა „ზ...-ის“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება და მესამე პირების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ჩართვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ბმა „ზ...-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მარტის განჩინებები.
თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით, ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „თ...“.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „თ...“ (ს/ნ ...) წარმოადგენდა იმ სამართალურთიერთობის მონაწილეს, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. შესაბამისად დაასკვნა, რომ შპს „თ...“, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2. მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმული უნდა ყოფილიყო მესამე პირად.
თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „თ...ს“ წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება მიღებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ უნდა ყოფილიყო მიწვეული საპროცესო სტატუსით, ვინაიდან არ დგინდება სამართლებრივი კავშირი საქმესთან, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით განსაზღვრული დავის საგანია ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ, გასაჩივრებულია სამშენებლო ნებართვა. შპს „თ...“ აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული მშენებლობის ნებართვა დაკავშირებული არ არის კომპანიასთან. სამართლებრივი აქტის ძალაში დატოვება ან ბათილად ცნობა კერძო საჩივრის კანონიერ ინტერესებზე გავლენას ვერ იქონიებს. შპს „თ...“ წარმოადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტს და ბუნებრივი გაზით აბონენტების მომარაგებას განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების დაცვით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განჩინებით შპს „თ...“ საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე- 2 ნაწილით, რომელიც ადგენს პირის სავალდებულო წესით საქმეში ჩართვას, მიუხედავად ამისა განჩინებაში არ არის დასაბუთება, თუ რა გავლენას მოახდენს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, ამასთან შპს „თ...ს“ პოზიციით, განსახილველი საქმე გავლენას არ იქონიებს ლიცენზიანტის კანონიერ ინტერესებზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით შპს „თ...ს“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ...ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირების ჩაბმა ემსახურება მესამე პირთა სამართლებრივი დაცვის, საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის, პროცესის ეკონომიურობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის მიზნების განხორციელებას. მესამე პირის სტატუსის განსაზღვრა შესაძლებლობას აძლევს პირს, დაიცვას კერძო, სუბიექტური ინტერესები და მათი რეალიზება განახორციელოს ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ერთმანეთისგან განასხვავებს არასავალდებულო და სავალდებულო მოწვევის მესამე პირებს.
მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მთავარი სხდომის დამთავრებამდე სასამართლო უფლებამოსილია აცნობოს პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული პროცესის დაწყების შესახებ და ჩააბას იგი საქმეში მესამე პირად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზედაც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში მესამე პირების ჩვეულებრივი წესით (სასკ-ის 16.1 მუხლი) მოწვევის მიზანია, დაიცვას უშუალოდ იმ პირთა ინტერესები, რომელთაც შეიძლება შეეხოთ სასამართლოს გადაწყვეტილება და რომელთა მონაწილეობასაც შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონდეს მხარეთა უფლებების ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისათვის. რაც შეეხება აუცილებელი მოწვევის მესამე პირს, პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქმის განხილვაში ერთვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მონაწილეობს სამართალურთიერთობაში და გააჩნია დამოუკიდებელი კანონიერი ინტერესი დავის საგნის მიმართ. ასეთი ინტერესი უნდა იყოს რეალური და კანონით დაცული.
განსახილველ საქმეზე დავის საგანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის N2538331 ბრძანების, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის N4325483 ბრძანებისა და ბმა „ზ...-ის“ თავმჯდომარის - თ. ფ-ის წარმომადგენლის - ზ. ვ-ისა და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 27 მარტის N270 ბრძანების კანონიერება.
გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, კერძოდ, ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 12 აპრილის N2538331 ბრძანებით, ქალაქ თბილისში, ...ს გამზირზე (კვარტალი ...) მდებარე N... კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული უძრავი ქონება 2019 წლის 24 იანვრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია შპს „ს...ს“ სახელზე.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული 2024 წლის 5 თებერვლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5000609524 დასკვნის თანახმად, დადასტურებულია სადავო ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ქვეშ დაბალი წნევის მიწისქვეშა D=125მმ გაზსადენის არსებობა, ხოლო 2024 წლის 28 თებერვალს მომზადებული N5001168224 დასკვნით კი ირკვევა, რომ აღნიშნული გაზსადენის გადაადგილება შეუძლებელია, გაზსადენის კონფიგურაციის ცვლილების გარეშე, სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული დაბალი წნევის მიწისქვეშა D=125მმ გაზსადენი წარმოადგენს შპს „თ...ს“ საკუთრებას.
საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში სავალდებულო მოწვევის მესამე პირთა საქმეში ჩართვის უმთავრესი მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით შესაძლოა გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მესამე პირის სავალდებულო მოწვევის (16.2 მუხ.) წინაპირობის გარკვევა ხდება პირის დავაში არა აბსტრაქტული, არამედ რეალური, კანონით დაცული, პატივსადები ინტერესის დადგენით (სუსგ 22.02.2018 წ. ბს-1133-1127(კს-17)). ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დამკვიდრებულია როგორც მხარეთა და პოტენციურ მესამე პირთა საპროცესო უფლება - მიმართონ სასამართლოს საქმეში მესამე პირის ან მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით, აგრეთვე, ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლოს გააჩნია როგორც უფლებამოსილება, ასევე, აკისრია პროცესუალური ვალდებულება მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, რაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი დავების მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური თავისებურებებიდან გამომდინარეობს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე2 ნაწილში აღნიშნული ტერმინი „სამართალურთიერთობა“ არ უნდა იქნეს ფორმალურად განმარტებული. სამართალურთიერთობაში მონაწილეობასთან ერთად მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს კანონით დაცული უფლებებისა თუ კანონიერი ინტერესებისადმი რეალური შემხებლობის არსებობა და ამასთან, სასამართლოს მიერ შეფასდეს პირის მიერ დავის გაგრძელების და ამ დავის ფარგლებში საკუთარი კანონით დაცული, რეალურ ინტერესთა დაცვის სამართლებრივი პერსპექტივები (სუსგ 20.09.2018წ. ბს-585-585(კს-18)).
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს მართალია წარმოადგენს სამშენებლო ნებართვის კანონიერება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ კონკრეტული ხაზობრივი ნაგებობა არ არის ამ დროისთვის გადაადგილებული და სამშენებლო პროცესმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს მის ქვეშ არსებულ დაბალი წნევის გაზსადენზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა შეეხოს შპს „თ...ს“ უფლება-მოვალეობებს.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „თ...ს“ საპროცესო სტატუსი დავის არსიდან გამომდინარე სწორად იქნა დადგენილი და უზრუნველყოფილი კერძო საჩივრის ავტორის საქმის განხილვაში მონაწილეობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, შპს „თ...ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 აპრილის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-16 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ...ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა