Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

№ბს-683(კ-24) 2 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შპს ,,ზ...ის“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე.

2020 წლის 4 ნოემბერს შპს ,,ზ...მა“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის, საქართველოს გარმოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს 2020 წლის 6 ოქტომბრის N2-893 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 ივნისის განჩინებით მოპასუხის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. საქმეში ზემოაღნიშნული სამინისტროს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით განსახილველ საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ელი ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ზ...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ზ...მა’’ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ზ...ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ზ...მა’’ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით კასატორს – შპს ,,ზ...ს’’ დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დოკუმენტი, რომელშიც იქნებოდა მითითება საკასაციო საჩივრის ფოსტის სამსახურისთვის ჩაბარების თარიღის თაობაზე. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს - შპს ,,ზ...ის’’ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა შპს ,,ზ...ის’’ დირექტორს დ. კ-ის 2024 წლის 18 ივლისს. საქართველოს უზენაესი სასამართოს 2024 წლის 5 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილის დ. კ-იის მიერ ჩაბარების ფაქტი დასტურდება შპს ,,ს...’’-ის ბილზე მისი პირადი ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ზ...ის’’ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ, გზავნილის ჩაბარების ამსახველ დოკუმენტზე, რომელიც ადასტურებს კასატორის - შპს ,,ზ...ის’’ დირექტორის, დ. კ-იის, მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. ფოთი, ...ს ქ., 2024 წლის 18 ივლისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილის, კურიერის მიერ გადაცემის ფაქტს. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტზე მიმღების, კომპანიის დირექტორის - დ. კ-იის მიერ გზავნილის ჩაბარება დადასტურებულია მისივე ხელმოწერით.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი შპს ,,ზ...ის’’ დირექტორს, დ. კ-ის, ჩაბარდა 2024 წლის 18 ივლისს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი კასატორის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2024 წლის 18 ივლისს, შესაბამისად, ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის 19 ივლისს დაიწყო და ამავე წლის 29 ივლისს, 24 საათზე ამოიწურა (ვინაიდან ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ბოლო დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს). მიუხედავად ამისა, კასატორს აღნიშნული ვადის განმავლობაში და არც ამ ვადის ამოწურვის შემდგომ, საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა - შპს ,,ზ...მა’’ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში არ შეავსო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შპს ,,ზ...ის’’ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ზ...ის’’ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. შპს ,,ზ...ს’’ (ს/კ ...) დაუბრუნდეს შპს ,,ზ...ის’’ საკასაციო საჩივარზე 08.05.2024წ. №1715173576 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა