საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-534(კ-23) 11 სექტემბერი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) - თ. გ-ე, რ. კ-ე, დ. კ-ე, მ. კ-ი, ნ. კ-ე, თ. ო-ი, მ. ბ-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექცია
მე-3 პირი - სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით თ. გ-ეის, ე. ა-ეის, რ. კ-ეის, დ. კ-ეის, მ. კ-ის, ნ. კ-ეის, თ. ო-ისა და მ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. გ-ეის, დ. კ-ეის, ნ. კ-ეისა და ე. ა-ეის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ. გ-ეის, დ. კ-ეის, ნ. კ-ეისა და ე. ა-ეის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. კ-ემ, თ. გ-ემ, დ. კ-ემ, რ. კ-ემ, მ. კ-იმა და თ. ო-იმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ რ. კ-ეის, მ. კ-ის და თ. ო-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო ფორმალური დასაშვებობის საკითხს წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება კასატორებს, რ. კ-ეს, მ. კ-ისა და თ. ო-ის სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ეტაპზე, საქმის განხილვის შედეგს სადავოდ არ ხდიდნენ. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცნობილი იყო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.
განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ ნ. კ-ე, თ. გ-ე, დ. კ-ე და ე. ა-ე, რაც მათ მიერ გამოხატული იქნა სააპელაციო საჩივრების წარდგენით. რ. კ-ეს, მ. კ-ისა და თ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ, რითაც ისინი დაეთანხმნენ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც რ. კ-ეის, მ. კ-ისა და თ. ო-ის მიერ არ გასაჩივრებულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად არის დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აღსასრულებლად მიექცევა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დაუშვებელია რ. კ-ეის, მ. კ-ისა და თ. ო-ის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1, 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე, 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. კ-ეის, მ. კ-ისა და თ. ო-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა