საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-534(კ-23) 27 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ნ. კ-ე
მოსარჩელეები - რ. კ-ე, მ. კ-ი, თ. ო-ი, მ. ბ-ე, დ. კ-ე, თ. გ-ე, ე. ა-ე
პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
მესამე პირი (16.2) - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თ. ო-იმა 2019 წლის 04 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, მოითხოვა მოპასუხის 2019 წლის 11 ივნისის №718 ბრძანების ბათილად ცნობა.
თ. გ-ემ, ე. ა-ემ, რ. კ-ემ, დ. კ-ემ, მ. კ-იმა და ნ. კ-ემ 2020 წლის 25 თებერვალს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, მოპასუხის 2019 წლის 11 ივნისის №718 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თ. გ-ემ, ე. ა-ემ, რ. კ-ემ, დ. კ-ემ, მ. კ-იმა, ნ. კ-ემ, თ. ო-იმა და მ. ბ-ემ 2020 წლის 27 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე (მშენებლობის შეჩერების შესახებ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 ოქტომბრის №შ-343/19 დადგენილებისა და ,,რ. კ-ეის, ნ. კ-ეისა და სხვათა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის №555 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრისა და 2021 წლის 21 თებერვლის განჩინებებით, ზემოთ აღწერილი სამი სარჩელი გაერთიანდა ერთ წარმოებად.
მოსარჩელეების განმარტებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 01 სექტემბრის №1456355 და 2017 წლის 2 ოქტომბრის №3582474 ნებართვებით შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №...-ში მოქალაქეების - თ. ო-ის, დ. კ-ეის, მ. ბ-ეის, რ. კ-ეის, ე. ა-ეის, თ. გ-ეის, ნ. კ-ეის და მ. კ-ის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის შესახებ. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2019 წლის 2 აპრილამდე. 2017 წლის 24 ოქტომბერს ლ. ს-ამ, ნ. ბ-ემ და სხვებმა (თბილისში, ...ის ქ. №...-ის რამდენიმე მაცხოვრებელმა) ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვეს ზემოხსენებული ნებართვების ბათილად ცნობა და ამავე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მოქმედების შეჩერება. საჩივრის ავტორები უთითებდნენ, რომ სადავო ნებართვები გამოცემული იყო საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, არ ყოფილა გამოკვლეული იმ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მდგრადობა, რომელზეც შეთანხმდა განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები. მოსარჩელეთა მითითებით, რეკონსტრუქციაზე ნებართვის გაცემას საფუძვლად დაედო ჯ. ვ-ეის და გ. ჭ-ეის მიერ შედგენილი დადებითი დასკვნები, რომლითაც დასტურდებოდა მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა. მიუხედავად ამ გარემოებისა, საჩივრის ავტორებმა წარადგინეს არაკომპეტენტური დასკვნები და შეცდომაში შეიყვანეს ქ. თბილისის მერია.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 ივნისის №718 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 01 სექტემბრის №1456355 და 2017 წლის 2 ოქტომბრის №3582474 ნებართვები, რის გამოც, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალურმა სამსახურმა 2019 წლის 16 ოქტომბერს მიიღო №შ-343/19 დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ. მოსარჩელეებმა აღნიშნული აქტი ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრეს. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის№555 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ „მშენებლობის შეჩერების შესახებ“ №შ-343/19 დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-12 ნაწილი, რომლის თანახმად თუ მშენებარე ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას შეჩერების შესახებ. დადგენილების მიღების შემდეგ ეს ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება დარღვევების გამოსწორების შესახებ. გამომდინარე აქედან, საქმის განმხილველმა ორგანომ განმარტა, რომ ვინაიდან მშენებლობის ნებართვა გაუქმებული იყო, არსებობდა მშენებლობის შეჩერების აუცილებლობა. მოსარჩელეთა მოსაზრებით, ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება ზემოხსენებული კანონის მიზანს, რადგან ხსენებული ნორმიდან გამომდინარე აუცილებელია სახეზე იყოს ორი გარემოება: პირველი - სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევები და მე-2 - ასეთი დარღვევების გამოსწორება შეუძლებელი უნდა იყოს მშენებლობის შეჩერების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო არცერთი გარემოება. მშენებლობის ნებართვის გაუქმების შემდეგ, მოსარჩელეებს არ გაუგრძელებიათ მშენებლობა. მათ მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სასამართლოში და სარჩელი განიხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამომდინარე აქედან, გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში და, შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრა იმისა, რომ სამშენებლო ობიექტზე არსებობდა დარღვევები, დასაბუთებული იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით თ. გ-ეის, ე. ა-ეის, რ. კ-ეის, დ. კ-ეის, მ. კ-ის, ნ. კ-ეის, თ. ო-ისა და მ. ბ-ეის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
კოლეგიამ განმარტა, რომ არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვების გაცემის დროს, გამოკვლეული უნდა ყოფილიყო მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა. სასამართლომ მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებზე“, რომლის 20.1 მუხლის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე აკრძალულია დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. მე-3 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა დადასტურებული უნდა იყოს დოკუმენტურად და მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოში წარდგენილ იქნეს შესაბამისი საექსპერტო შეფასება.
სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლების მიერ ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი დასკვნებით არ იყო გამოკვლეული არსებული კორპუსის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა; კერძოდ, ჯ. ვ-ეის დასკვნა ეხებოდა დაშენების პროექტს და მითითებული იყო, რომ პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებული იყო კვალიფიციურად. გ. ჭ-ეის დასკვნის თანახმად კი, შემოწმების მიზანს წარმოადგენდა დადგენილიყო ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში განთავსებულ კორპუსზე სართულის დაშენებასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების და მის საფუძველზე შედგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობა საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან და სახელმწიფო სტანდარტებთან. რაც შეეხება, შპს ,,ლ...ს“ საექსპერტო დასკვნას, მასში საუბარი იყო მშენებლობის შესაძლებლობაზე და არ შეიცავდა მითითებას კორპუსის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობასთან დაკავშირებით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ხსენებული დასკვნების საპირწონედ, საქმეში წარმოდგენილი იყო შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 06 აგვისტოს კონსტრუქციული დასკვნა, საიდანაც ირკვეოდა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში არსებული ცხრა სართულიანი საცხოვრებელი სახლი ავარიული იყო და მასზე რაიმე სახის (არაგამაგრებითი ხასიათის) სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის დაშენება, ყოვლად დაუშვებელი იყო. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე ა(ა)იპ ,,თ...ის“ 2015 წლის 11 აგვისტოს დასკვნაზე, რომლის თანახმად, კომისიამ მიიჩნია, რომ კონსტრუქციათა ავარიულობის მდგრადობით კორპუსი მიეკუთვნებოდა შენობათა დაზიანების II ხარისხს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ვინაიდან, შპს ,,ა...სა“ და ა(ა)იპ „თ...ის“ 2015 წლის დასკვნებით ცალსახად დასტურდებოდა საპროექტო ობიექტზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე, დაშენების სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შეუძლებლობა, ეჭვქვეშ დგებოდა სადავო აქტების კანონიერების საკითხი. შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ საკითხი საჭიროებდა ხელახლა განხილვას, რის შესაბამისად არქიტექტურის სამსახურს პირველ რიგში უნდა ემსჯელა განსახილველ ობიექტზე მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემის კანონშესაბამისობაზე, ხოლო აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში, უნდა შეესწავლა საექსპერტო დასკვნები და შეეფასებინა, წარმოადგენდა თუ არა ისინი სათანადო მტკიცებულებებს მსგავსი ტიპის მშენებლობის განხორციელებისათვის. ამასთან, კოლეგიამ აღნიშნა, რომ არსებობდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 ოქტომბრის №შ-343/19 დადგენილებით სარეკონსტრუქციო სამუშაოების (დაშენების) მიზნით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების შეჩერების კანონიერი საფუძველი, რაც ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ არ მომხდარიყო ობიექტზე არსებული დარღვევების გაუარესება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებზე 2021 წლის 24 მაისს სააპელაციო საჩივარი წარადგინეს თ. გ-ემ, რ. კ-ემ, დ. კ-ემ, მ. კ-იმა, ნ. კ-ემ, თ. ო-იმა და მ. ბ-ემ, 2021 წლის 20 ივლისს - ნ. კ-ემ, თ. გ-ემ და დ. კ-ემ, ხოლო 2021 წლის 22 ივლისს - ე. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის2021 წლის 13 სექტემბრის განჩინებით თ. გ-ეის, რ. კ-ეის, დ. კ-ეის მ. კ-ის, ნ. კ-ეის, თ. ო-ისა და მ. ბ-ეის 2021 წლის 24 მაისის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება და 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ეის, თ. გ-ეის, დ. კ-ეის, ე. ა-ეის სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება თ. გ-ემ, რ. კ-ემ, დ. კ-ემ, მ. კ-იმა, ნ. კ-ემ და თ. ო-იმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
კასატორების მითითებით, გადაწყვეტილებაში თავად სასამართლო უთითებს, რომ ნებართვის გამცემი ორგანო დაეყრდნო ჭ-ეისა და ვ-ეის დასკვნებს. ჯ. ვ-ეის დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესაძლებელია დემონტაჟის შემდეგ ერთი სართულის ლითონის კონსტრუქციების მოწყობა, რაც ზიანს არ მიაყენებს მთლიანად ნაგებობის მზიდუნარიანობასა და მდგრადობას. პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებულია კვალიფიციურად, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით და ეძლევა დადებითი რეკომენდაცია, რა გარემოებაც სხვაგვარად განმარტა სასამართლომ.
კასატორის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო შპს „ა...სა“ და ა(ა)იპ „თ...ის“ 2015 წლის დასკვნებს, თუმცა სათანადოდ არ შეაფასა აღნიშნული დასკვნები, რომლებიც ვერ გააქარწყლებდა მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი ხუთ კომპეტენტურ დასკვნას. სასამართლოს მიერ დასახელებულ ორივე დასკვნაში, მართალია, დასკვნის ავტორი განმარტავს, რომ მშენებლობა შეუძლებელია, თუმცა ამავდროულად უთითებს, რომ კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა შესასწავლია. ამდენად, უტყუარად არ დასტურდებოდა მშენებლობის დაუშვებლობა. ექსპერტიზის დასკვნებში, რომელსაც დაეყრდნო სასამართლო, მოცემულია მხოლოდ მოსაზრებები, რომელიც გამომდინარეობს ზოგადი მსჯელობიდან და არა კონკრეტული გამოკვლევიდან. კასატორის მითითებით, მოსარჩელეთა მიერ წარდგენილ იქნა ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად, კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული დასკვნის გაცემამდე ჩატარდა არაერთი გამოკვლევა ადგილზე, რის შემდგომაც შეფასდა კორპუსის მთლიანი ტექნიკური მდგომარეობა, რაც აგრეთვე მოიცავდა მზიდი კედლების მდგომარეობის შეფასებას. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო აუცილებელი ნებართვების შეჩერება, როდესაც არ მიმდინარეობდა მშენებლობა, ასევე თუ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, რატომ არ გაიცა დარღვევის გამოსწორების მითითება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 01 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-ეის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო დანარჩენ კასატორთა ნაწილში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 11 სექტემბრისა და 15 დეკემბრის განჩინებებით, საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ეის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონება ( ს/კ ...) თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია თ. გ-ეის, ე. ა-ეის, რ. კ-ეის, დ. კ-ეის, მ. კ-ის, ნ. კ-ეის, თ. ო-ის, მ. ბ-ეის და სხვათა სახელზე. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 01 სექტემბრის №1456355 ბრძანებით, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 01 სექტემბრიდან 2016 წლის 01 მარტის ჩათვლით. ბრძანების განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტი ითვალისწინებდა არსებულ ცხრა სართულიან სახლზე, ტექნიკურ სართულში საცხოვრებელი ფართის მოწყობას. უნდა განხორციელებულიყო არსებული ტექნიკურ სართულის ბეტონის სახურავის დემონტაჟი და მის მაგივრად ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის №3582474 ბრძანებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტის მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 02 ოქტომბრიდან 2019 წლის 02 აპრილის ჩათვლით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ნოემბრის №1 ბრძანებით შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 02 ოქტომბრის №3582474 ბრძანების მოქმედება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ოქტომბერს ლ. ს-ას, ნ. ბ-ეისა და სხვათა წარმომადგენელმა მ. რ-იმა ადმინისტრაციული საჩივრებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 01 სექტემბრის №1456355 და 2017 წლის 02 ოქტომბრის №3582474 ბრძანებების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 11 ივნისის №718 ბრძანებით დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივრები, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის 01 სექტემბრის №1456355 და 2017 წლის 02 ოქტომბრის №3582474 ბრძანებები და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ასევე, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 22 ნოემბრის №1 ბრძანება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 ოქტომბრის №3582474 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე“.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 ოქტომბრის №შ-343/19 დადგენილებით შეჩერებულ იქნა მოქალაქეების: თ. ო-ის, დ. კ-ეის, მ. ბ-ეის, რ. კ-ეის, ე. ა-ეის, თ. გ-ეის, ნ. კ-ეის, მ. კ-ის, ი. ც-ეის, ლ. ს-ასა და ს. კ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები (დაშენება). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2019 წლის 16 ოქტომბრის №შ-343/19 დადგენილების საფუძველზე 2019 წლის 06 ნოემბერს გამოსცა სააღსრულებო ფურცელი.
2019 წლის 04 ნოემბერს რ. კ-ემ, ნ. კ-ემ და სხვებმა №22/01193082615-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 ოქტომბრის №შ-343/19 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 11 ივნისის №555 ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა რ. კ-ეის, ნ. კ-ეისა და სხვების 2019 წლის 04 ნოემბრის №22/01193082615-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 16 ოქტომბრის №შ-343/19 დადგენილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერების კანონიერება წარმოადგენს.
სადავო პერიოდში მოქმედი ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუნქტის თანახმად, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია არის შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე ნებართვების გამოცემის დროს, ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო ჯ. ვ-ეისა და გ. ჭ-ეის 2015 წლის საექსპერტო დასკვნებს, რომელთა თანახმად, შესაძლებელი იყო დემონტაჟის შემდეგ ერთი სართულის ლითონის კონსტრუქციების მოწყობა, რაც ზიანს არ მიაყენებდა მთლიანად ნაგებობის მზიდუნარიანობასა და მდგრადობას. პროექტის კონსტრუქციული ნაწილი დამუშავებული იყო კვალიფიციურად, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების დაცვით და ეძლეოდა დადებითი რეკომენდაცია დასამტკიცებლად. ამასთან, ჩატარებული სამუშაოები თავისი მოცულობით აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს და წარდგენილი ანგარიში შესაძლებელი იყო საფუძვლად დასდებოდა დაშენების პროექტს საინჟინრო გეოლოგიურ ნაწილში.
საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია სხვა საექსპერტო დასკვნები, რომლებიც საპირისპირო დებულებებს შეიცავს. კერძოდ, შპს ,,ა...ს“ 2015 წლის 06 აგვისტოს კონსტრუქციულ დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში არსებული 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ავარიულია და დღევანდელ მდგომარეობაში მასზე რაიმე სახის (არაგამაგრებითი ხასიათის) სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, მათ შორის დაშენება, ყოვლად დაუშვებელია. „პირველ რიგში აუცილებელია შენობის ძირეული შესწავლა, დაწყებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევით, რათა დადგინდეს შენობის საძირკვლისა და მის გრუნტზე დაფუძნების დღევანდელი მდგომარეობა, გაგრძელებული შენობის მზიდი ელემენტების მდგრადობის შესწავლით. ჩასატარებელია შენობის სრული კონსტრუქციული ანგარიში და ამის შემდგომ შესადგენია შენობის გამაგრების კონსტრუქციული პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს აღნიშნულ საცხოვრებელ სახლზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება.“
ა(ა)იპ ,,თ...ის“ 2015 წლის 11 აგვისტოს დასკვნის თანახმად კი, კომისიამ მიიჩნია: „1. კორპუსი კონსტრუქციათა ავარიულობის მდგრადობით კორპუსი მიეკუთვნება შენობათა დაზიანების II ხარისხს; 2. I სადარბაზოში აღდგენილ იქნას შენობის გადახურვის დაზიანებული საიზოლაციო საფარი, რათა წვიმის დროს არ მოხდეს ბინებში წყლის ჩადინება; 3. მზიდ კედლებზე არსებულ ბზარებზე დაყენდეს სტანდარტული თაბაშირის მანიშნებლები და მოხდეს მათზე დაკვირვება, ბზარების პროგრესირების შემთხვევაში, საინჟინრო გეოლოგიური პირობებისა და კონსტრუქციათა ამგები მასალების სიმტკიცის მაჩვენებლების შესწავლის საფუძველზე, დამუშავდეს შენობის აღდგენა-გაძლიერების პროექტი; 4. სათანადოდ დამუშავებული პროექტის შესაბამისად, ზედამხედველობის უზრუნველყოფით, შესრულდეს შენობის კონსტრუქციების აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები; 5. შემოწმდეს მიწისქვეშა წყალშემცველი კომუნიკაციები და დაზიანების შემთხვევაში მიღებულ იქნას შესაბამისი ზომები, რათა გამოირიცხოს ფუძის გრუნტის შესველება და შენობის მზიდ კონსტრუქციებში დეფორმაციების შემდგომი განვითარება. ამასთან, კომისია საჭიროდ მიიჩნევს „ობიექტზე ჩატარდეს: 1. საინჟინრო გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევა, შენობის დაზიანებათა (დეფორმაციათა) სურათის დეტალური კვლევა-შესწავლა, გამაგრება-გაძლიერების ღონისძიებათა დასახვით; 2. საინჟინრო წყალშემცველი კომუნიკაციების შესწავლა დაზიანებათა სურათის ფიქსაციით; 3. წინმსწრებ-დამზღვევ ღონისძიებებზე ესკიზური მონახაზის გაცემა, თუ ამის საჭიროება წარმოიშვა; 4. მხოლოდ ყველა ამ მასალათა მოძიების შემდგომ, შეიძლება შედგეს გამაგრება-გაძლიერების ღონისძიებებზე პროექტი.“
ამდენად, დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი საექსპერტო კვლევები ურთიერთსაპირისპირო დასკვნებს იძლეოდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქციის განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობდა სამშენებლო ნებართვების ბათილად ცნობისა და საკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერების ფაქტობრივი წინაპირობები. აღსანიშნავია, რომ საქმეში დაცული მასალებით ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდა ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე არსებული დარღვევების თაობაზე. ამდენად, მათი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მართებულად იქნა მიღებული სამუშაოების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილება. პალატის მოსაზრებით, საქმეში დაცული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებითი შესწავლის გარეშე, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე საკონსტრუქციო სამუშაოების შესრულება გაუმართლებელია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. კ-ეის საკასაციო საჩივარზე 26.07.2023წ. №17978819173 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჯამში 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. კ-ეის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
3. ნ. კ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.07.2023წ. №17978819173 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა