Facebook Twitter

საქმე №ბს-193(2კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტო“

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. მ-ი

მესამე პირი- ა. მ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2021 წლის 12 მარტს ნ. მ-მა საჩივრით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს. 2021 წლის 5 აპრილს ნ. მ-მა ახალციხის რაიონულ სასამართლოში წარადგინა სარჩელი მოპასუხის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 13 ოქტომბერს გაასხვისა უძრავი ქონება, მდებარე დაბა ბაკურიანი, “...” (ს/კ ...). ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 29 დეკემბრის Nბ16.162036421 ბრძანებით ნ. მ-ი დაჯარიმდა უნებართვოდ წარმოებული მშენებლობის გამო. ამ დროს ნ. მ-ი აღარ იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ვის საკუთრებაში იყო მიწის ნაკვეთი და ვინ აწარმოა მშენებლობა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილ არცერთ დოკუმენტში არაა მითითებული მშენებლობის დაწყების თარიღი და მშენებლობის მწარმოებელი პირი.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის Nბ16.162036421 ბრძანების, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 9 ნოემბრის მითითებისა და 2020 წლის 11 დეკემბრის N18 შემოწმების აქტის ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა და ნ. მ-ისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 29 დეკემბრის Nბ16.162036451 ბრძანება ნ. მ-ის დაჯარიმების შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 9 ნოემბრის N18 მითითება და 2020 წლის 11 დეკემბრის N18 შემოწმების აქტი; მოპასუხე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა ნ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაერთო სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტო“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა. მ-ა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ნ. მ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების მე-4, 25-ე, 26-ე მუხლებზე, ასევე ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 122-ე, 123-ე, 124-ე, 125-ე, 131-ე მუხლებზე. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 ივნისის N 02 945 ბრძანებით, გაცემული იქნა დაბა ბაკურიანში, ...ს ტერიტორიაზე ნ. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს ნ. მ-ს მიეცა მითითება მიმდინარე უნებართვო მშენებლობის გამო და მოეთხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში კანონმდებლობის დაცვით შედგენილი, მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა. 2020 წლის 29 დეკემბერს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მიღებული იქნა ბრძანება ნ. მ-ის მიერ სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული უნებართვო მშენებლობისთვის დაჯარიმების შესახებ, კერძოდ, ნებართვის მფლობელი დაჯარიმდა 8000 ლარით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) კოტეჯის ტიპის მრავალბინიანი სახლების მშენებლობისათვის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს გააჩნდა მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად, ის იყო პასუხისმგებელი სუბიექტი მიმდინარე სამუშაოების განხორციელებაზე. აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, ნ. მ-ი აღნიშნავდა, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი მიიღო მემკვიდრეობით (აღნიშნული დასტურდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერითაც) და ამ დროისთვის გარკვეული სამშენებლო სამუშაოები მიწის ნაკვეთზე უკვე განხორციელებული იყო. ამდენად, გასაჩივრებული აქტიდან არ დგინდება, თუ როგორ შეძლო ადმინისტრაციულმა ორგანომ დაედგინა ის გარემოება, რომ ნ. მ-ის მხრიდან მხოლოდ ახალ მშენებლობას ჰქონდა ადგილი სრული მოცულობით. მოპასუხის მხრიდან არ არის გამოკვლეული და შეფასებული რამდენად არსებობდა მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შენობა-ნაგებობა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე პერიოდისთვის. ზემოაღნიშნული გარემოების შეფასება ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დაედგინა მშენებლობის მწარმოებელი პირი.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში დაცულ შპს “...ის” დასკვნასა და გ. ს-ის განცხადებაზე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას დამატებითი მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სამშენებლო პირობებისა და მიმდინარე მშენებლობის ურთიერთშედარების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც საშუალებას მისცემდა გაერკვია თუ რა ნაწილში არ ასრულებდა ნ. მ-ი სამშენებლო პირობებს და კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მისი მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტომ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს” პოზიციით, ნ. მ-ის მიერ უნებართვო მშენებლობის წარმოება დასტურდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერით, რომლის თანახმად ს/კ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სწორედ მოსარჩელემ დაარეგისტრირა ოთხი შენობა-ნაგებობა. ზემოაღნიშნული გარემოება ასევე დგინდება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - გ. ს-ის განცხადებიდანაც. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ გაიზიარეს მხოლოდ ნ. მ-ის განმარტებები, მაშინ როდესაც ინკვიზიციურობის პრინციპის საფუძველზე საჯარო რეესტრის ამონაწერებისა და ორთოფოტოებზე დაყრდნობით სასამართლოებს თავადაც შეეძლოთ დაედგინათ, რომ მშენებლობა ნაწარმოები არ იყო ნ. მ-ის მამკვიდრებლის მიერ. სადავო მშენებლობა ნაწარმოებია სწორედ იმ პერიოდში, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ნ. მ-ი წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ნ. მ-მა მიწის ნაკვეთი მემკვიდრეობის საფუძველზე დაირეგისტრირა 2011 წელს, აღნიშნული პერიოდის საჯარო რეესტრის რუკაზე კი არ ფიქსირდება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ნ. მ-ს გააჩნდა მშენებლობის ნებართვა, შესაბამისად მან ზუსტად იცოდა რა სახის დარღვევები ჩაიდინა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესწავლილ იქნა არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა, შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, მეზობლების განცხადებები, საჯარო რეესტრის ეროვნული რეესტრის ჩანაწერები და რუკა.

კასატორის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მიწის ნაკვეთზე ს/კ ... ნ. მ-ის მიერ მემკვიდრეობით მიღების პერიოდისთვის გარკვეული სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო. კასატორი ყურადღებას ამახვილებს საჯარო რეესტრის ამონაწერზე, რომლითაც დგინდება, რომ 7.10.2020წ. ამონაწერში შენობა-ნაგებობა პირველად დაფიქსირდა. კასატორი საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლის ჰ18 ქვეპუნქტზე მითითებით მიიჩნევს, რომ ნ. მ-მა უნებართვოს მშენებლობა განახორციელა ს/კ ... მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში და იმ სახით, რომელზეც ნებართვა არ გააჩნდა. შპს “...ის” 2.04.2021წ. N37/21 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს.კ ... მიწის ნაკვეთზე რამდენიმე საცხოვრებელი სააგარაკე კოტეჯი ააგო 2020 წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2020 წლის 13 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ნ. მ-მა ა. მ-ას მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, ს/კ ... (ნაკვეთის წინა ნომერი ...).

2020 წლის 9 ნოემბერს ნ. მ-ს მიეცა მითითება ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში კანონმდებლობის დაცვით შედგენილი, მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენაზე. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის 11 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი, რომლის თანახმად მითითება არ შესრულდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანებით ნ. მ-ი დაჯარიმდა 8000 ლარით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს/კ .... უნებართვოდ წარმოებული მშენებლობისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო აქტების გამოცემის დროს სამშენებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისა ან/და შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობას განსაზღვრავდა ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რომლის 123-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს სამართალდამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, რომელიც წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე დამრღვევის მიმართ გაცემულ შენიშვნას შეუსაბამობაზე და მოთხოვნას, რომლითაც განისაზღვრება გონივრული ვადა, რომლის ფარგლებშიც მან უნდა შეასრულოს მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო 124-ე მუხლიდან გამომდინარე, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს მითითება: ა) სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ ან/და დარღვევის გამოსწორების შესახებ; ბ) სამშენებლო ობიექტზე არსებული სამშენებლო მასალის, ნაკეთობისა და კონსტრუქციის გამოყენების აკრძალვის შესახებ, თუ ისინი ვერ პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს; გ) მშენებლობის ორგანიზების პროექტით დადგენილი წესების დარღვევის გამოსწორების შესახებ. ამასთან, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში ამოწმებს მითითების შესრულებას, ადგენს შემოწმების აქტს და მასში ასახავს ინფორმაციას მითითების შესრულების ან შეუსრულებლობის შესახებ. ხსენებული კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ, კერძოდ, მითითებული კოდექსის 131-ე მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 8 000 ლარის ოდენობით. მითითებული კოდექსის კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის მფლობელი პირი, ასევე უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე იმ შემთხვევაში, თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი.

,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) შეკეთება (რემონტი, მოპირკეთება/აღჭურვა); დ) დემონტაჟი (არსებული შენობა-ნაგებობის დაშლა/დანგრევა); ე) ლანდშაფტური მშენებლობა. ამასთან, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. ახალი მშენებლობაა ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 25-ე და 26-ე მუხლების საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს სამშენებლო/სანებართვო პირობები. თავის მხრივ, აღნიშნული მოთხოვნების დარღვევისას მშენებლობის ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 15 ივნისის N 02 945 ბრძანებით, გაიცა დაბა ბაკურიანში, ...ს ტერიტორიაზე ნ. მ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ნებართვა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ნ. მ-ის განმარტებაზე, რომ მას არ უწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, მიწის ნაკვეთი მიიღო მემკვიდრეობით და ამ დროისთვის გარკვეული სამშენებლო სამუშაოები უკვე განხორციელებული იყო.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გადაუმოწმებიათ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, არ გამოუკვლევიათ და სამართლებრივად არ შეუფასებიათ ის გარემოება, რეალურად როდის და ვის მიერ არის განხორციელებული უნებართვო სამშენებლო სამუშაოები.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნ. მ-ის დაჯარიმების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის 29.12.2020წ. ბრძანება არ არის დასაბუთებული, კერძოდ მასში ასახული არ არის სამშენებლო ნებართვის არსებობის მიუხედავად რა ტიპის სამშენებლო/სანებართვო პირობები დაარღვია ნ. მ-მა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის გ. ს-ის განცხადება, რომლის მიხედვით, ნ. მ-ის მხრიდან მშენებლობის განხორციელებისას დარღვეულია საკუთრების საგნის საზღვრები, შეცვლილია ლანდშაფტის იერსახე და რელიეფი, რის შედეგადაც სამეზობლო მიჯნაზე ნაცვლად მაქსიმუმ 2,5 მეტრი ღობისა, წარმოქმნილია 8-9 მეტრიანი კედელი. საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,...ის“ 2021 წლის 2 აპრილის N37/21 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ნ. მ-ის მიერ სამი სააგარაკე საცხოვრებელი კოტეჯი ძირითადად აგებულია პროექტის მიხედვით და პროექტი დარღვეულია მხოლოდ სასაზღვრო ხაზთან მიმართებაში, კერძოდ, შენობები სასაზღვრო კედელთან დაკავშირებულია მონოლითური რკინაბეტონის დამატებითი სვეტების გადახურვის ფილებისა და კოჭების საშუალებით, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული. ამავე დასკვნის მიხედვით, არსებული მონოლითური რკინაბეტონის სასაზღვრო კედლის დემონტაჟი დაუშვებელია, რადგანაც აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს მძიმე შედეგები. შესაბამისად, პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას დამატებითი მტკიცებულებათა მოპოვების, ასევე სამშენებლო პირობების და მიმდინარე მშენებლობის ურთიერთშედარების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც საშუალებას მისცემდა გაერკვია თუ რა ნაწილში დაარღვია ნ. მ-მა სამშენებლო პირობები და კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მისი მხრიდან სამშენებლო სამართალდარღვევა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. მოცემულ შემთხვევაში სადავო შენობა-ნაგებობის ან/და მიმდინარე მშენებლობის ნ. მ-ის სახელზე გაცემულ ნებართვასთან შეუსაბამობის დადასტურება, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რაც მას არ განუხორციელებია. ამდენად, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოურიცხია მოსარჩელის არგუმენტი მასზედ, რომ საკუთრების უფლების მოპოვების დროს მიწის ნაკვეთზე უკვე სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის 2011წ. მდგომარეობით ამონაწერით ნ. მ-ის სახელზე ფიქსირდება მხოლოდ მიწის ნაკვეთი (ს/კ ...) 1016 კვ.მ შენობა-ნაგებობების გარეშე, აღნიშნული უპირობოდ ნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი მას თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გასაჩივრებული აქტიდან არ დგინდება სადავო მიწის ნაკვეთზე ნ. მ-მა განახორციელა ახალი მშენებლობა, რასაც არ მოიცავდა მის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა თუ მოსარჩელემ დაარღვია მშენებლობის ნებართვით დადგენილი პირობები და მათი გვერდის ავლით განახორციელა სამუშაოები. ამასთან, უსაფუძვლოა კასატორის პოზიცია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ნ. მ-ს უკეთ მოეხსენება სამშენებლო სამართალდარღვევათა ხასიათი, სადავო მითითებისა და შემოწმების აქტის შედგენით მისთვის ცნობილი იყო ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რის საფუძველზეც სადავო ბრძანება გამოიცა. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები, რომელთა შეფასება არსებითია სადავო საკითხის გადაწყვეტისთვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო განაცხადი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა