საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-572(2კ-23) 27 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - ნ. ბ-ი, გ. ქ-ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ლ. ბ-მა და გ. ქ-ემ 2020 წლის 20 ივლისს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: მოსარჩელეებისათვის ხარვეზის დადგენისა და საპატიო მიზეზით ვადის გაშვების აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის დავალების ნაწილში სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 02 მაისის №482773 გადაწყვეტილების, ლ. მ-ისა და მ. თ-ის წარმომადგენლის, გ. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 მარტის №359 ბრძანებისა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის მშენებლობის ნებართვის ვადის აღდგენასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2019 წლის 23 აპრილს გ. ქ-ემ განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და განმარტა, რომ ლ. მ-სა და მ. თ-ეს, მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ...ს ქუჩის №72-ში, 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით დავის დასრულებამდე აკრძალული ჰქონდათ სხვენის რეკონსტრუქცია, კერძოდ, მასზე სართულის დაშენება. დავის დასრულების შემდეგ, 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით გაუქმდა ზემოთ აღნიშნული აკრძალვა. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლო დავების გამო მშენებლობის ნებართვას გაუვიდა ვადა, მოსარჩელემ არქიტექტურის სამსახურს სთხოვა გაეგრძელებინა მშენებლობის ნებართვის ვადა, რათა განეხორციელებინათ მოპოვებული ნებართვით დაშენების უფლება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2019 წლის 02 მაისს მიიღო გადაწყვეტილება №4482773, რომლითაც განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი; ერთ-ერთ მიზეზად ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩათვალა ის გარემოება, რომ 2017 წლის ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების თაობაზე კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 18 ივნისს და განმცხადებელს არქიტექტურის სამსახურში აღნიშნული განჩინება უნდა წარედგინა 15 დღის ვადაში ან წარედგინა განჩინების წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ ინფორმაცია. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება №4482773 გასაჩივრდა ადმინისტრაციული საჩივრით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 მარტის №359 ბრძანებით ადმინისტრაციულ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, ლ. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელზე, ლ. ბ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა საქმის წარმოება 2021 წლის 14 დეკემბრამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება და მოსარჩელე ლ. ბ-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ნ. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 02 მაისის №482773 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ საპატიო მიზეზით ვადის გაშვების აღდგენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 17 მარტის №359 ბრძანება ლ. მ-ისა და მ. თ-ის წარმომადგენლის, გ. ქ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 21-ე მუხლზე, ასევე სადავო პერიოდში მოქმედ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე უთხრა უარი განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ ყოფილა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები; კერძოდ, არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის №1224490 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №72-ში, თანასაკუთრებაში არსებულ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა 18 თვის ვადით, კერძოდ, 2014 წლის 17 აპრილიდან 2015 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. ნებართვის გაცემიდან 2 თვეში, ანუ 2014 წლის 18 ივნისს, სასამართლოს განჩინებით, ყადაღა დაედო ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებას და მხარეებს დავის დასრულებამდე აეკრძალათ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია. ამდენად, სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად დარჩენილი 16 თვე მოსარჩელეებმა ვერ გამოიყენეს სწორედ იმ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო, რომელიც საბოლოოდ არ იქნა დაკმაყოფილებული.
სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარემ ისე გამოსცა სადავო აქტი და ისე დაუდგინა ხარვეზი მოსარჩელეებს, რომ არ უმსჯელია არსებობდა თუ არა მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა, რაც საშუალებას მისცემდა მოპასუხეს მოეხდინა მშენებლობის განხორციელების ვადების კორექტირება. მოპასუხეს სადავო აქტის გამოცემისას არც ის გარემოება შეუფასებია, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა ახსნა-განმარტებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით (ფოტოსურათებით - იხ.ს.ფ.117-121) დგინდებოდა, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, 9 ბინიდან 5-ზე უკვე განხორციელებული იყო დაშენება, 2-ზე გაცემული იყო შესაბამისი ნებართვა და სასამართლოს მოსაზრებით, საცხოვრებელ კორპუსს დაკარგული ჰქონდა ერთიანი იერსახე (უკვე განხორციელებული დაშენებების გამო), მოსარჩელეთა მიმართ გაცემულ ნებართვებში ცვლილების შეტანა და მათ მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, ხომ არ გამოიწვევდა კორპუსის იერსახის მოწესრიგებას, რაც მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიშენების, დაშენების, მანსარდის მოწყობაზე ნებართვის გაცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, ნ. ბ-ის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ნ. ბ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა.
კასატორები მიუთითებენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავენ, რომ არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის დროისათვის მოქმედი „ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესების 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე დაშენების მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 18 თვით. მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლის შემთხვევაში ახალი ნებართვის გაცემის შესაძლებლობას აღნიშნული წესები არ ითვალისწინებს. რაც შეეხება, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-20 მუხლის მე-8 პუნქტს, აღნიშნულის თანახმად, ამ წესის ამოქმედებამდე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაწყებულ და დაუმთავრებელ დაშენებაზე, მიშენებაზე ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება ან განახლება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 6 თვის ვადით.
კასატორთა მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, 2019 წლის 23 აპრილის №AR1670034 განცხადებაზე თანდართული, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტოსურათებიდან დგინდება, რომ მშენებლობა საერთოდ არ იყო დაწყებული. შესაბამისად, ზემოხსენებული დადგენილების მოთხოვნები ვერ გავრცელდებოდა მოცემულ სამართალურთიერთობაზე. სასამართლო მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო სამშენებლო სამუშაოების დაწყების ნაწილში და დადგენილად მიიჩნია სამუშაოების დაწყება, მაშინ როდესაც აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა პირადაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობდა, კერძოდ, საექსპერტო შეფასება, რომელიც დაადასტურებდა სამუშაოების დაწყების ფაქტს. ამასთან, ასეთი ფაქტის არსებობის პირობებშიც კი, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, არ ანიჭებს ობიექტს მშენებარეს სტატუსს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე (საქმე №2/10114-14) კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 18 ივნისს, ანუ მშენებლობის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოება აღმოიფხვრა 2018 წლის 18 ივნისს, ხოლო გ. ქ-ემ განცხადებით მომართა არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე 2019 წლის 23 აპრილს. შესაბამისად, სადავო აქტით დადგენილი ხარვეზი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული გაშვებული ვადის აღდგენის და 15-დღიანი ვადის დაცვის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ, კანონიერია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №72-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., სხვენი - 113.32 კვ.მ, 2008 წლის 15 აპრილიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ლ. მ-ის (გვარის შეცვლის შემდგომ - ლ. ბ-ი) სახელზე.
ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №72-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., სხვენი - 133.62 კვ.მ, 2009 წლის 18 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მ. თ-ის სახელზე. ამასთან, აღნიშნული უძრავი ქონება, 2019 წლის 18 ივლისის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 24 ივლისიდან საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ქ-ის სახელზე.
2014 წლის 06 თებერვალს, მ. თ-ემ №AR1195219 განცხადებით მიმართა სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, ...ის ქუჩის №72-ში, თანასაკუთრებაში არსებულ (წილობრივი ს/კ: №... - მ. თ-ე, №... - ლ. მ-ი) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 16 აპრილის №1224490 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, ...ის ქუჩის №72-ში, თანასაკუთრებაში არსებულ (წილობრივი ს/კ: №... - მ. თ-ე, №... - ლ. მ-ი) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 17 აპრილიდან 2015 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის განჩინებით, ყადაღა დაედო ლ. მ-ისა და მ. თ-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებას და ლ. მ-ს, მ. თ-ეს, ნ. დ-ეს და ხ. ა-ს დავის დასრულებამდე აეკრძალათ ქ. თბილისში, ...ის ქ. №72-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ს/კ: №...) რეკონსტრუქცია, კერძოდ, მასზე სართულის დაშენება და ამ მიზნით სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით (საქმე №2/10114-14) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ხსენებული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 18 ივნისს.
2019 წლის 23 აპრილს გ. ქ-ემ №AR1670034 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქუჩის №72-ში, თანასაკუთრებაში არსებულ (წილობრივი ს/კ: №... - მ. თ-ე, №... - ლ. მ-ი) №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურულ პროექტზე გაცემული მშენებლობის ვადის გაგრძელება.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 02 მაისის №4482773 სადავო გადაწყვეტილებით (შუალედური აქტით), განმცხადებელს დაუდგინდა ცალკეული ხარვეზები, მათ შორის, მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით განმცხადებელს ეცნობა, რომ საცხოვრებელ სახლზე რეკონსტრუქციის (დაშენებით) არქიტექტურული პროექტზე გაცემული მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება იყო დაუშვებელი, რადგან ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული წესების ფარგლებში, მშენებლობის ნებართვა გაიცა 18 (თვრამეტი) თვით, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14–39 დადგენილებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული 6 (ექვსი) თვის ვადით მშენებლობის ნებართვის ვადის გაცემა იყო შესაძლებელი, თუკი, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე იყო დაწყებული და დაუმთავრებელი მშენებლობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით (ძალადაკარგულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 05/24/2016 №14-39 დადგენილებით) დამტკიცებული ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ 21-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ობიექტებისთვის მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს ერთხელ, არა უმეტეს 18 თვით. მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს 18 თვის ვადით. ამასთან, სადავო პერიოდში მოქმედi ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ამ წესის ამოქმედებამდე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე დაწყებულ და დაუმთავრებელ დაშენებაზე, მიშენებაზე ან/და მანსარდის მოწყობაზე მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება ან განახლება დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 6 თვის ვადით.
განსახილველ შემთხვევაში, ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მოსარჩელეების სასარგებლოდ გაიცა მშენებლობის ნებართვა 18 თვის ვადით, თუმცა ორ თვეში მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას დაედო ყადაღა და მესაკუთრეებს აეკრძალათ მშენებლობის განხორციელება. ამდენად, მათ ფაქტობრივად შეეზღუდათ უფლება, ესარგებლათ დარჩენილი 16-თვიანი ვადით. ამასთან, დადგენილია, რომ უძრავ ქონებაზე ყადაღის მოხსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 თვეში (ანუ დარჩენილი 16-თვიანი ვადის დასრულებამდე) მოსარჩელეებმა განცხადებით მოითხოვეს მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა მშენებლობის ნებართვაში ცვლილების შეტანისა და მშენებლობის განხორციელების ვადების კორექტირება შესაძლებლობაზე, მოპოვებული უფლების განხორციელების დროებითი შეზღუდვიდან გამომდინარე, რა ვადაც არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მშენებლობის ნებართვის საერთო ვადაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარჩელეთა განმარტებით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების პერიოდში დაიწყეს გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რასაც არ იზიარებენ კასატორები. ამდენად, საკითხის ხელმეორედ განხილვისას მნიშვნელოვანია უტყუარად დადგინდეს ხსენებული გარემოებაც და არსებულ ურთიერთობაზე ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების 20.2 მუხლის გავრცელების შესაძლებლობა, რომლის თანახმად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ დაშენების, მიშენების ან/და მანსარდის მოწყობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, დაშენება, მიშენება ან/და მანსარდის მოწყობა ნებადართულია ერთიანი პროექტის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს (ს/კ 205270053) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 19.05.2023წ. №00729 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა