Facebook Twitter

№ბს-1469(კ-22) 6 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ა(ა)იპ „საქართველოს ... ფედერაცია“, სს „...ა“).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი შპს „...ის“ 2002 წლის 22 იანვრის №... განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია, რომლითაც შპს „...ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით: ...; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დ) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ნოემბრის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ; ე) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; ვ) დაევალოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს №... (01.04.2019 წელი) და №... (08.11.2019 წელი) განცხადებების განხილვა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, №3/4180-19 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს „...ა“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, №3/4180-19 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, №3/4180-19 ადმინისტრაციულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა(ა)იპ „საქართველოს ... ფედერაცია“.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ლ. ბ-ის მიერ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ.

კასატორი აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე, ...ის ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე 11990 კვ.მ ფართობის უძრავ ნივთზე 1999 წლის 16 თებერვალს დარეგისტრირდა ლ. ბ-ის საკუთრების უფლება (რეგისტრაციის საფუძველია 1999 წლის 4 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, საკადასტრო კოდი: ...). №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 11990 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთი 2002 წლის 9 და 22 იანვარს დაიყო 5888 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...), 329 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...) და 5773 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...) ფართობების მქონე უძრავ ნივთებად. 2002 წლის 9 იანვარს ლ. ბ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 11990 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთის ნაწილზე - 329 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო საკადასტრო რუკა, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის ფართობია - 329 კვ.მ, ასევე, საკადასტრო აზომვების ჩატარებისა და საკადასტრო რუკის დამზადების შესახებ №... ხელშეკრულება (11.12.2001წ.), რომელზე თანდართული საკადასტრო აზომვებისა და საკადასტრო რუკის დამზადების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობია 329 კვ.მ.

2002 წლის 22 იანვარს შპს „...ის“ წარმომადგენელმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 11990 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი ...) ნაწილზე - 5773 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო საკადასტრო რუკა (მომზადების თარიღი: 12.12.01წ.), რომლის მიხედვითაც, სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ფართობია - 5773 კვ.მ, ასევე, საკადასტრო აზომვების ჩატარებისა და საკადასტრო რუკის დამზადების შესახებ №... ხელშეკრულება (12.12.2001წ.), რომელზე თანდართული საკადასტრო აზომვებისა და საკადასტრო რუკის დამზადების ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობია 5773 კვ.მ (საკადასტრო კოდი ...).

ლ. ბ-ესა და შპს „...ას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გასხვისებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 5760 კვ.მ-ს, ხაზოვანი ზომები - 134X43. ასევე საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა ლ. ბ-ის და შპს „...ის“ დირექტორის, ა. ჩ-ის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 11990 ფართობის უძრავი ნივთიდან უნდა გამოყოფილიყო მართკუთხედის ფორმის მიწის ნაკვეთი ხაზოვანი ზომებით 134X43 და უნდა დარეგისტრირებულიყო შპს „...ის“ საკუთრებად. რეალურად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ის“ საკუთრებად დარეგისტრირდა 5773 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რითაც დაირღვა ლ. ბ-ის საკუთრების უფლება და მას დააკლდა 11 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ლ. ბ-ემ ზემოაღნიშნული ხარვეზის გასწორების მიზნით 2019 წლის 1 აპრილს №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რაზეც მიიღო უარი. მოსარჩელემ ასევე უარი მიიღო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან №... (02.04.2019 წელი) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

კასატორის მოსაზრებით, მართალია, რეგისტრაცია განხორციელებულია სარჩელის აღძვრამდე დაახლოებით 17 წლით ადრე, თუმცა ამ რეგისტრაციის მხარე არ ყოფილა ლ. ბ-ე. მოსარჩელე კონტრაქტის მხარე იყო, თუმცა არ ყოფილა რეგისტრაციისას განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების მხარე. განმცხადებელი იყო სს „...ა“. მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა კონტრაქტით გათვალისწინებულზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და დარეგისტრირდა ლ. ბ-ის ნებისგან დამოუკიდებლად. ნება მოსარჩელემ მხოლოდ კონტრაქტში გამოავლინა, რისი შესაბამისიც უნდა ყოფილიყო აზომვითი ნახაზი. რაც შეეხება შპს „...ის“ 2002 წლის 22 იანვრის №... განცხადების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის მატერიალურ კანონიერებას, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტით გასხვისდა 5762 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ხოლო დარეგისტრირდა (განცხადებაც ამ ფორმით იქნა წარდგენილი) 5773 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც უსაფუძვლოა. აღნიშნული დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნით. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს განმარტება, რომ სახეზე არ არის ტექნიკური ხარვეზი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 1999 წლის 16 თებერვლის მიწის (უძრავი ქონების) შესახებ ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ 1999 წლის 4 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ...ის ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: №..., 1999 წლის 16 თებერვალს საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ბ-ის სახელზე (განაცხადის რეგ. №...). ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სპორტულ-გამაჯანსაღებელი, ფართობი: 11990 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 96-99, 90-91). №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 11990 ფართობის უძრავი ნივთი 2002 წლის 9 და 22 იანვარს დაიყო 5888 კვ.მ (ს/კ: ...), 329 კვ.მ (ს/კ: ...) და 5773 კვ.მ (ს/კ: ...) ფართობების მქონე უძრავ ნივთებად (ტ.1, ს.ფ 44, 39, 22-29); ბ) 2002 წლის 9 იანვარს ლ. ბ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 11990 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთის (ს/კ: №...) ნაწილზე - 329 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო 2001 წლის 12 დეკემბრის საკადასტრო რუკა, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის ფართობია - 329 კვ.მ. ასევე, 2001 წლის 11 დეკემბრის საკადასტრო აზომვების ჩატარებისა და საკადასტრო რუკის დამზადების შესახებ №... ხელშეკრულება. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ...ის ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., 2002 წლის 9 იანვარს საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ბ-ის სახელზე (განაცხადის რეგ. №...). ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი 329 კვ.მ (ტ.1, ს.ფ 44-48); გ) 2002 წლის 9 იანვარს ლ. ბ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 11990 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთის (ს/კ: №...) ნაწილზე - 5888 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო 2001 წლის 12 დეკემბრის საკადასტრო რუკა, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის ფართობია - 5888 კვ.მ. ასევე, 2001 წლის 21 ნოემბრის საკადასტრო აზომვების ჩატარებისა და საკადასტრო რუკის დამზადების შესახებ №... ხელშეკრულება. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ...ის ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., 2002 წლის 9 იანვარს საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ბ-ის სახელზე (განაცხადის რეგ. №...). ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი 5888 კვ.მ (ტ.1, ს.ფ 39-43); დ) 2001 წლის 24 სექტემბერს, ლ. ბ-ესა (,,გამყიდველი“) და შპს ,,...ას“ (,,მყიდველი“) შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. ბ-ემ შპს ,,...ას“ მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული 11990 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 5760 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ტ.1. ს.ფ. 32-33). 2002 წლის 22 იანვარს შპს „...ის“ წარმომადგენელმა №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 11990 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთის (ს/კ №...) ნაწილზე - 5773 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო 24.09.2001წ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, 2001 წლის 12 დეკემბრის საკადასტრო რუკა, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთის ფართობია - 5773 კვ.მ. ასევე, საკადასტრო აზომვების ჩატარებისა და საკადასტრო რუკის დამზადების შესახებ №... ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ 28-29, 36, 30-31). საქმეში წარმოდგენილია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საკადასტრო რუკა, რომელზეც ფართობის ველში გადახაზულია 11990 კვ.მ და მითითებულია „რაც გამოვა“. ამავე საკადასტრო რუკაზე მიწერილია, რომ მიწის ნაკვეთის აღნიშნულ გამიჯვნას ეთანხმება, ნაკვეთი №1 შპს „...ის“ საკუთრება, ნაკვეთი №2 ლ. ბ-ის საკუთრება. ამასთან, აღნიშნული მინაწერი დადასტურებულია ლ. ბ-ის და შპს „...ის“ დირექტორის ა. ჩ-ის ხელმოწერებით (ტ. ს.ფ. 163-164). წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა, ...ის ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №..., 2002 წლის 22 იანვარს საკუთრების უფლებით აღირიცხა შპს „...ის“ სახელზე (განაცხადის რეგ. №...), ნაკვეთის საკუთრების ტიპი - საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, ფართობი 5773 კვ.მ (ტ.1. ს.ფ. 37-38). აღნიშნულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით №...) 2007 წლის 2 თებერვალს განხორციელდა შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (ტ.1. ს.ფ. 271). 2010 წლის 10 სექტემბრიდან მითითებულ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ტ.1. ს.ფ. 285). აღნიშნული უძრავი ქონება გაერთიანდა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან და რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე №... საკადასტრო კოდით, ფართობი 75091 კვ. მეტრი (ტ.2, ს.ფ 234-235); ე) 2019 წლის 1 აპრილს ლ. ბ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი №... . (ტ.1, ს.ფ 17); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა. (ტ.1, ს.ფ 20); 2019 წლის 4 აპრილს ლ. ბ-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული 2019 წლის 2 აპრილის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება. (ტ.1, ს.ფ 16); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 6 მაისის №... გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ლ. ბ-ეს 2019 წლის 4 აპრილის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.1, ს.ფ 22-25); ვ) 2019 წლის 8 ნოემბერს ლ. ბ-ემ №... განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ის ...ის ჩრდილო-აღმოსავლეთით. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 8 ნოემბრის №... გადაწყვეტილებით ლ. ბ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამებოდა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და ტექნიკური ხარვეზის არსებობა არ დგინდებოდა.(ტ.3, ს.ფ 17); 2019 წლის 19 ნოემბერს ლ. ბ-ემ №... ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული 2019 წლის 8 ნოემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება. (ტ.3, ს.ფ 18-19); სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 19 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა ლ. ბ-ეს 2019 წლის 19 ნოემბრის №... ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე (ტ.3, ს.ფ 20-23); ზ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 ოქტომბრის №007351019 დასკვნის თანახმად, 1999 წლის 4 მარტს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართის დადგენა დიდი სიზუსტით, მისი კონფიგურაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია. 2001 წლის 12 დეკემბერს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართის დადგენა დიდი სიზუსტით, მისი კონფიგურაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია. 2001 წლის 12 დეკემბერს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართის დადგენა დიდი სიზუსტით, მისი კონფიგურაციის გათვალისწინებით, შეუძლებელია. 2001 წლის 12 დეკემბერს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე არსებული №... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართის დადგენა დიდი სიზუსტით შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზა ზუსტად ვერ ადგენს საკადასტრო რუკაზე არსებული ფიგურა წარმოადგენს მართკუთხედს თუ პარალელოგრამს. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ საკადასტრო რუკაზე ასახული ფიგურა წარმოადგენს მართკუთხედს, მაშინ ხსენებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართი (რუკაზე დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის გაბარიტული ზომების 43,00 x 134,00 გათვალისწინებით დაანგარიშებული მაქსიმალური ფართი) იქნება 5762 კვ.მ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხსენებული ფიგურა წარმოადგენს პარალელოგრამს, მაშინ ხსენებული მიწის ნაკვეთის ფართი ყველა განსხვავებულ შემთხვევაში შემცირდება. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ 2001 წლის 12 დეკემბერს მომზადებულ საკადასტრო რუკაზე №... საკადასტრო კოდით აღრიცხული მიწის ნაკვეთის ფართი დაფიქსირებულია 5773 კვ.მ, რაც 11 კვ.მ-ით მეტია ზემოაღნიშნული მონაცემებით დაანგარიშებული მაქსიმალური 5762 კვ.მ ფართისაგან. შესაბამისად, რატომ მოხდა ხსენებული ფართის დაფიქსირება საკადასტრო რუკაზე არსებული სახით საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზისათვის უცნობია. 2001 წლის 24 სექტემბერს შპს ,,...ასა“ და ლ. ბ-ეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და მასზე თანდართულ საკადასტრო რუკაზე არსებული მიწის ნაკვეთის ფართის დადგენა დიდი სიზუსტით შეუძლებელია, ვინაიდან ექსპერტიზა ზუსტად ვერ ადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებაში და მასზე თანდართულ საკადასტრო რუკაზე ასახული ფიგურა წარმოადგენს მართკუთხედს თუ პარალელოგრამს. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და მასზე თანდართულ საკადასტრო რუკაზე ასახული ფიგურა წარმოადგენს მართკუთხედს, მაშინ ხსენებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართი იქნება 5762 კვ.მ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხსენებული ფიგურა წარმოადგენს პარალელოგრამს, მაშინ ხსენებული მიწის ნაკვეთის ფართი ყველა განსხვავებულ შემთხვევაში შემცირდება. რაც შეეხება იმის დადგენას, თუ რომელ ზემოხსენებულ საკადასტრო კოდებით აღრიცხულ მიწის ნაკვეთს რამდენი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის ფართი დააკლდათ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან ზემოხსენებული მიწის ნაკვეთების ზუსტი ფართი ვერ დგინდება (ტ.2, ს.ფ 308-315).

მოცემულ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე შპს „...ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, ასევე ლ. ბ-ის მიერ მოთხოვნილი ტექნიკური ხარვეზის შესწორების საფუძვლების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „მიწის რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია საქართველოს 12/28/2005 №2635 კანონით) მე-3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის რეგისტრაციას ახდენს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.

ზემოაღნიშნული კანონის მე-11 მუხლის თანახმად, (1) რეგისტრატურაში აუცილებლად უნდა ინახებოდეს რუკა ან რუკების ერთობლიობა, რომლებიც აღრიცხულია, მიწის და სხვა უძრავი ქონების რეგისტრაციის ზონის კადასტრული (ინდექსირებული) რუკები. ამ რუკების არსებობაზე პასუხისმგებელია რეგისტრატორი; (2) კადასტრულ რუკაზე მოცემული უნდა იყოს მიწის და სხვა უძრავი ქონების სარეგისტრაციო ნომერი, საზღვრები, გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, სიტუაციური (გზები, მდინარეები, არხები, ელექტროგადამცემი ხაზები, ხევები, ხრამები და სხვა) და ყველა ის გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული მაჩვენებელი, რაც აუცილებელია საზღვრების დადგენისათვის, ნაჩვენები უნდა იყოს აგრეთვე სერვიტუტის საზღვრები.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2002 წლის 22 იანვარს შპს „...ის“ წარმომადგენელმა №... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა 11990 კვ.მ ფართობის უძრავი ნივთის (ს/კ: №...) ნაწილზე - 5773 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. დაინტერესებულმა პირმა განცხადებას დაურთო 24.09.2001წ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება, 2001 წლის 12 დეკემბრის საკადასტრო რუკა, რომლის მიხედვითაც, მიწის ნაკვეთის ფართობია - 5773 კვ.მ. ასევე, საკადასტრო აზომვების ჩატარებისა და საკადასტრო რუკის დამზადების შესახებ №... ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილია მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საკადასტრო რუკა, რომელზეც ფართობის ველში გადახაზულია 11990 კვ.მ. ამავე საკადასტრო რუკაზე მიწერილია, რომ მიწის ნაკვეთის აღნიშნულ გამიჯვნას ეთანხმება, ნაკვეთი №1 შპს „...ის“ საკუთრება, ნაკვეთი №2 ლ. ბ-ის საკუთრება. ამასთან, აღნიშნული მინაწერი დადასტურებულია ლ. ბ-ის და შპს „...ის“ დირექტორის ა. ჩ-ის ხელმოწერებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეცილებითი სარჩელის შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი (სასკ-ის მე-17 მუხ.), რაც არ ათავისუფლებს მოსარჩელეს სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს (სსკ-ის 102.1 მუხ.). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ 2002 წლის 22 იანვრის რეგისტრაცია, რომლითაც შპს „...ის“ საკუთრების უფლებით აღირიცხა 5773 კვ.მ მიწის ნაკვეთი, განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით. საყურადღებოა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 18 ოქტომბრის №007351019 დასკვნის თანახმად, 1999 წლის 4 მარტს და 2001 წლის 12 დეკემბერს მომზადებული საკადასტრო რუკებზე არსებული №... (ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული 11990 კვ. მეტრი), №... (ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებული 329 კვ. მეტრი) და №... (შპს ,,...ის’’ სახელზე რეგისტრირებული 5773 კვ. მეტრი) საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების ფართების დიდი სიზუსტით დადგენა ვერ ხერხდება. ასევე შეუძლებელი აღმოჩნდა 2001 წლის 24 სექტემბერს შპს ,,...ასა“ და ლ. ბ-ეს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში და მასზე თანდართულ საკადასტრო რუკაზე არსებული მიწის ნაკვეთის ფართის დიდი სიზუსტით დადგენა. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2017 წლის მდგომარეობით №... საკადასტრო კოდის მქონე 329 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ლ. ბ-ის სახელზე რეგისტრირებულია დაზუსტებული სახით (ტ.1. ს,ფ, 183-184).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ შპს „...ის“ 2002 წლის 22 იანვრის №... განცხადების საფუძველზე რეგისტრაცია განახორციელა კანონის მოთხოვნათა დაცვით, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე და არ არსებობს აღნიშნული რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.

რაც შეეხება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებს №... და №... რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის 28-ე მუხლი შეეხება რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებას, კერძოდ, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია აღმოჩენისთანავე შეასწოროს თავის მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ სარეგისტრაციო სამსახურმა შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, ერთი მხრივ, უნდა გაასწოროს ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული, ასევე დოკუმენტაციიდან მონაცემების უზუსტო გადატანით გამოწვეული შეცდომა, მეორე მხრივ, პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ჩანაწერში არ განახორციელოს იმ ტიპის ცვლილებები, რომელიც არ შეესაბამება უფლებადამდგენი დოკუმენტის შინაარსს.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დაშვებული ტექნიკური ხარვეზი, ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები შეესაბამება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, რის გამოც მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი ტექნიკური ხარვეზის შესწორების რეგისტრაციების განხორციელებაზე.

იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების უკანონობა, არ არსებობს ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის №... და №... განცხადებების განხილვისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინება;

3. ლ. ბ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.11.2022წ. №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე