საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-883(კ-23) 27 ივნისი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოპასუხე) - შპს „...ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ისსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 14 სექტემბერს სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ, მოპასუხისათვის 6999300 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, 2009 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური სამინისტროსა და შპს „...ს“ შორის პირობადადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო 6999300 ლარის ოდენობით, რაც დათვლილია ხელშეკრულების კონკრეტული პირობების დარღვევის დღიდან, ხელშეკრულების შეწყვეტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული პატიების გათვალისწინებით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ლარში.
რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მითითებით, მხარეებს შორის 2009 წლის 20 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერთ შემთხვევაში ითვალისწინებდა ყოველდღიურად 100 ლარს, ორ სხვა შემთხვევაში - 2000-2000 ლარს, საერთო ჯამში ყოველდღიურად - 4100 ლარს, ხოლო, არასაპატიო მიზეზით ხელშეკრულების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ერთჯერად თანხად გათვალისწინებული იყო 5000 აშშ დოლარი, რაც სასამართლოს მოსაზრებით, ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა გონივრულობის სტანდარტებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში საერთოდ არ იყო განსაზღვრული საინვესტიციო ღირებულება. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის 13 ივლისს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად უძრავი ქონებები დაუბრუნდა თავდაპირველ მესაკუთრეს - სახელმწიფოს გაუმჯობესებული სახით, შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იყოს ერთჯერადად გადასახდელი გონივრული თანხა და ის უნდა გაუტოლდეს ხელშეკრულების 4.5 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი პირგასამტეხლოს ოდენობას 5000 აშშ დოლარს ეროვნულ ვალუტაში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილებულ ნაწილში მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა, ამდენად, გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმული სამართლებრივი შეფასებები და აღნიშნა, რომ შპს „...ის“ 2018 წლის 20 აპრილის N74 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ... „...ის“ პირობადებულ საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების (ს/კ-ით ... და ს/კ-ით ...) ნასყიდობის ხელშეკრულებით (ქ.თბილისი 20.10.2009წ.) ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება არსებული საბაზრო ფასებში შეადგენდა 1 560 958.2 ლარს. შპს „...ის“ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ფაქტობრივად ჩატარებული სამუშაოების საინვესტიციო ღირებულება, არსებულ საბაზრო ფასებში შეადგენდა 592 498.8 ლარს, ამდენად, სახელმწიფომ უძრავი ქონების მთლიანი დაბრუნების გარდა მიიღო შპს „...ის“ მიერ მთლიანად შესასრულებელი სამუშაოების 40%. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმული მოსაზრებები და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც გამორიცხავდა მისი გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებები და გარემოებები სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული. კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული 2009 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რომელზეც ხელშეკრულების მხარეებმა გამოხატეს თანხმობა. ვალდებულების დარღვევის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, რადგან აღნიშნული პირგასამტეხლო შეთანხმებული იყო მხარეებს შორის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს; კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო მოცემული დავის საგნის (პირგასამტეხლოს დაკისრება) გათვალისწინებით, მართალია, არ იზიარებს სააპელაციო პალატის ზოგად შეფასებას, რომ ვალდებული პირისათვის ქონებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა, რაც პალატის მოსაზრებით მოიცავს სამართალდარღვევის შედეგად მიყენებულ ზიანს; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას; მიზეზობრივ კავშირს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და სამართალდარღვევის ბრალს, თუმცა და საქმის შედეგიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. 2009 წლის 20 ოქტომბერს შპს „...სა“ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის პირობადადებული ნასყიდობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება, ზემოაღნიშნული მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2009 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „...ს“ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება განსაზღვრული საპრივატიზებო პირობებით საინვესტიციო თანხის მითითების გარეშე, კერძოდ, ხელშეკრულება ითვალისწინებდა მყიდველის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ... ერთი საცურაო აუზის, სამი ჩოგბურთის კორტის, ორი საფეხბურთო სტადიონის მოწყობის ვალდებულებას, ასევე მხარეები შეთანხმდნენ საოფისე შენობის აშენების პირობაზე, მიმდებარე ავტოსადგომით. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მყიდველმა იკისრა შეთანხმებული პირობების შესრულებაზე ინფორმაციის 6 თვეში ერთხელ ან/და გამყიდველის მოთხოვნისთანავე წარდგენის ვალდებულება, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის თანხლებით. დადასტურებულია, რომ ყოველი კონკრეტული პირობის დარღვევისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მოპასუხეს არ გადაუხდია ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო. ამასთან, საქმის მასალებით ისიც დადგენილია, რომ არც 2009 წლის 20 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას და არც შემდგომში მომზადებულა და მხარეთა შორის არ შეთანხმებულა კონკრეტული სამშენებლო პროექტები, თუმცა საქმის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს „...მა“ თვითონ შეიმუშავა ხელშეკრულებით გადაცემულ ნაკვეთებზე ასაშენებელი ობიექტების პროექტები და თვითონვე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რაზეც წინააღმდეგობა ხელშეკრულების მეორე მხარეს არ დაუფიქსირებია. ამასთან, შპს „...ის“ მიერ შედგენილი სამშენებლო პროექტების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 1 560 958 ლარი.
დადგენილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (დადებიდან 3 წლის განმავლობაში) შპს „...ის“ მიერ შესრულდა 592 498 ლარის სამუშაოები (დაუმონტაჟებელი მოწყობილობებისა და მასალების ჩათვლით), კერძოდ აშენდა სამი ჩოგბურთის კორტი და საოფისე შენობა. სამშენებლო მოედნების რელიეფიდან გამომდინარე, შპს „...ის“ მიერ დამატებით შესრულდა ისეთი სამუშაოები, რომლებიც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული. კერძოდ, სამშენებლო მოედნის ამაღლება მშენებლობის ნიშნულამდე, საყრდენი კედლის მოწყობა, რკინა-ბეტონის კიბისა და ცენტრალური ბილიკის მოწყობა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 13 ივლისის N1/1-1644 ბრძანებით შეწყდა 2009 წლის 20 ოქტომბრის ხელშეკრულება და გაუქმდა მოპასუხის საკუთრების უფლება გადაცემულ ქონებებზე.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადასტურებულია შპს „...ის“ მიერ 2009 წლის 20 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, რაც წარმოშობს მხარეთა შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს, რამდენადაც პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან/შეუსრულებლობასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას; მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. №ას-1158-1104-2014; სუსგ 10.02.2016წ. №ას-1265-1187-2015).
როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სახელშეკრულებო პირგასამტეხლო, რომლის ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.
პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების არსებობა, ბუნებრივია, ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინტერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ ნიშნავს უპირობოდ, მხარისათვის პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობით დაკისრების ვალდებულებას. პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესზე და აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერება. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არამარტო პირის ქონებრივი, არამედ - ყველა სხვა პატივსადები ინტერესი, შეაფასოს, როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, შეემცირებინა პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა