Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე Nბს-1210(კ-23) 27 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ვ. ფ-ა

პროცესუალური მოწინააღმდეგეები (მოპასუხეები) - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქუთაისის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვის და სამშენებლო ნებართვის სამსახური

მესამე პირი - პ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ვ. ფ-ამ 2021 წლის 07 ივლისს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა: ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის N10-ში (ს/კ. ...) მდებარე მიწის ნაკვეთზე მოქალაქე პ. კ-ის სახელზე ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ 2021 წლის 3 თებერვალს გაცემული N10-44210347 მშენებლობის ნებართვისა და ვ. ფ-ას 17.05.2021 წლის ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების (ე.წ. ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა.

სარჩელის მიხედვით, ქუთაისში, ...ის ქუჩაზე არსებული მიწის გრუნტი წარმოადგენს მეწყრულ ზონას. მიუხედავადა ამისა, პ. კ-ის სახელზე გაიცა ერთბინიანი სახლის მშენებლობის ნებართვა. პ. კ-ის მიერ განხორციელებული მიწის ნაკვეთზე საამშენებლო სამუშაოების შემდგომ, მომიჯნავედ მდებარე ვ. ფ-ას მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია კაპიტალური საცხოვრებელი სახლი, აღინიშნება ბზარები. სამშენებლო სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას ბზარების ზომაც იზრდება, რის გამოც, მოსარჩელემ არაერთგზის მიმართა პ. კ-ეს მიწის გრუნტის კვლევის ჩატარების თხოვნით, გარდა ამისა მიმართა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ზემოხსენებული ნაკვეთის საკვლევად, მაგრამ მესაკუთრის თანხმობის გარეშე დასკვნის მომზადება ვერ მოხერხდა. ვ. ფ-ას არაერთი მიმართვის მიუხედავად, სადაც გამოთქვამდა მშენებლობის პროცესის შეუჩერებლობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ჩამოშლისა და როგორც სახლის ნგრევის, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების ვარაუდს, მოპასუხეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებები არ განხორციელებულა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება პ. კ-ე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ უფლებამონაცვლედ დადგინდა ქუთაისის სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვის და სამშენებლო ნებართვის სამსახური.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 09 ივლისის განჩინება (საქმე N080315621004724622 (3/ბ-247-2021 წ.), რომლითაც შეჩერებული იყო ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ 03.02.2021 წლის N10-44210347 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - მშენებლობის ნებართვის მოქმედება.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას არ დარღვეულა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის“ მოთხოვნები, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პ. კ-ემ ქ. ქუთაისში ...ის ქუჩის N10-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით ჩაატარა საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა, რომლის თანახმად „გამოკვლეულ უბანზე და მის ახლოს მიმდებარედ სხვა საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა - განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, რთული რელიეფის მიუხედავად უბანი მდგრადია და მშენებლობისთვის შედარებით ხელსაყრელ საინჟინრო - გეოლოგიურ პირობებში იმყოფება.“ ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ წინა საპროექტო კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები არ გამოიწვევდა მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების დეფორმაციას და გამორიცხავდა პოტენციურ საშიშროებას, გარდა ამისა, სასამართლომ მიუთითა ექსპერტიზის დასკვნებსა და სხდომაზე გამოკითხულ ექსპერტთა განმარტებებზე, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მშენებლობის შედეგად ვ. ფ-ას საცხოვრებელ სახლზე შესაძლო მავნე ზემოქმედების შესაძლებლობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-ამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ვ. ფ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული - ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ 03.02.2021 წლის N10-44210347 წერილი (მშენებლობის ნებართვა) წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, თუმცა, პალატის შეფასებით მოცემულ საქმეზე მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის საფუძველზე, უდავოდ არ დასტურდებოდა, რომ სადავო აქტით არსებითად დაირღვა და რეალური ზიანი მიადგა მოსარჩელე მხარის კანონიერ ინტერესს, რაც, თავის მხრივ, ზღუდავდა აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ფ-ამ.

საკასაციო საჩივარში ვ. ფ-ა მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, არ იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მათი მომზადებისა და გამოცემისას დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის“ მოთხოვნები. კასატორის მოსაზრებით საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად მისთვის მიყენებული ზიანი, თუმცა ამის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა, რაც აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 ლის 22 იანვრის განჩინებით ვ. ფ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ფ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლოს გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, ვ. ფ-ას მიერ გასაჩივრებულია პ. კ-ის სახელზე გაცემული მშენებლობის ნებართვა, ამდენად, უნდა შემოწმდეს აღნიშნული აქტის შესაბამისობა საკითხის მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 94-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებას ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში როგორც I, ასევე II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება (I კლასის შემთხვევაში). ამავე კოდექსის 95-ე მუხლის თანახმად, მშენებლობის მარტივი შეტყობინებისა და მშენებლობის დეტალური შეტყობინებისთვის თანდართული დოკუმენტაციის ნუსხა, მისი შინაარსი და მშენებლობის შეთანხმების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების დანართი N1-ის 23-ე მუხლის თანახმად, განსაზღვრულია იმ დოკუმენტთა ჩამონათვალი, თუ რა დოკუმენტები უნდა დაერთოს მშენებლობის დეტალურ შეტყობინებას, კერძოდ: ა) ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ; ბ) არქიტექტურული პროექტი; გ) საჭიროების შემთხვევაში წინასაპროექტო კვლევის შედეგები; დ) წინასწარი გადაწყვეტილება (არსებობის შემთხვევაში); ე) საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები. ამრიგად, სამშენებლო სამუშაოების კანონიერად განხორციელების საფუძვლად კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს შესაბამის სანებართვო დოკუმენტაციას, კერძოდ, I კლასის შენობა ნაგებობის შემთხვევაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განზრახული მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე გაცემულ დასტურს/თანხმობას, სხვა კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში კი - შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულ ნებართვას/მშენებლობის დეტალურ შეტყობინებას. აქედან გამომდინარე, პირი, რომელიც გეგმავს მშენებლობის განხორციელებას, ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები წარმართოს ზემოხსენებული დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში უნებართვო მშენებლობის სახით ადგილი ექნება სამშენებლო სამართალდარღვევას, რაც თავის მხრივ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ 2021 წლის 3 თებერვლის N10-44210347 წერილით, პ. კ-ეს უფლება მიეცა განეხორციელებინა მე-2 კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის N10-ში (ს/კ. ...) მდებარე მიწის ნაკვეთზე, რისთვისაც ჩატარდა წინასაპროექტო კვლევა, საიდანაც ირკვევა, რომ სამშენებლო მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთ მხარეს მოსაზღვრე მეზობელთან ყოფს რკინა-ბეტონის კედელი, რომლითაც შექმნილია დონეებს შორის სხვაობა. აღნიშნული კედელი, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მცირე ზომის ხე-ნარგავები და საინჟინრო კომუნიკაციები არ წარმოადგენენ ხელისშემშლელ გარემოებებს პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის. მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევის ანგარიშში მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის მშენებლობით, მომიჯნავედ, აღმოსავლეთით მდებარე შენობა-ნაგებობისა და ჩრდილოეთით არსებული ღობის კედლის ფიზიკური პირობები და მახასიათებლები არ შეიცვლება, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სამუშაოები შესრულდება შესაბამისი თანმიმდევრობით. შესასრულებელი სამშენებლო სამუშაოები არ გამოიწვევს მოსაზღვრე შენობა-ნაგებობების დეფორმაციას და გამორიცხავს პოტენციურ საშიშროებას.

საქმეში არსებული ინდ. მეწარმე „თ. ც-ის“ მიერ ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევის თანახმად, „გამოკვლეულ უბანზე და მის ახლოს მიმდებარედ სხვა საშიში გეოდინამიკური პროცესების ჩასახვა-განვითარების კვალი არ შეიმჩნევა, რთული რელიეფის მიუხედავად უბანი მდგრადია და მშენებლობისთვის შედარებით ხელსაყრელ საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებში იმყოფება. საინჟინრო-გეოლოგიური პირობების სირთულის მიხედვით, თანახმად ს.ნ. და წ. 1.02.07.87 სავალდებულო მე-10 დანართისა ,უბანი მიეკუთვნება I (მარტივი) კატეგორიას.“

შპს „ე...ის“ (დირექტორი ნ. მ-ე) 2001 წლის საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთის საფუძველზე ჩატარდა ქ. ქუთაისში, ...ის ქუჩის N8-დან N12-14 ნომრების ჩათვლით არსებული ფერდის გეოლოგიური კვლევა. კვლევის მიზანი, იყო ფერდზე არსებული გეოლოგიური პროცესების კვლევა და ფერდის გასამაგრებლად საჭირო მომდევნო ეტაპის ღონისძიებების დაგეგმვა (ტექნიკური სპეციფიკაციების გაწერა და ლოკაციების განსაზღვრა დამცავი კედლების მოსაწყობად). ზემოაღნიშნული დასკვნით, უბანი იმყოფება რთულ მდგომარეობაში და დაუშვებელია დამცავი კედლის მოწყობა კონსტრუქციული გათვლების გარეშე. კონსტრუქტორმა უნდა იხელმძღვანელოს როგორც ჭაბურღილის, ასევე გეოფიზიკის მონაცემებით. ფერდის დიდი სიმაღლიდან გამომდინარე მშენებლობა უნდა წარიმართოს ეტაპობრივად, რადგან ერთიანად წამოსულმა მასამ არ დააზიანოს სახლების საძირკველი, რომლებიც დაფუძნებულია რბილპლასტიკურ თიხნარზე (ტ.2, ს.ფ. 280). საყურადღებოა, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა ნ. მ-ემ განმარტა, რომ მშენებლობა დასაშვებია ყველა სახის გრუნტზე შესაბამისი საძირკვლის მოწყობის შემთხვევაში. ფერდის შესწავლის დროს ...ის ქუჩის N10-ში, პრობლემური გეოლოგიური პროცესები არ დაუფიქსირებია. ...ის ქუჩის N12-ში მეწყრული პროცესები არ ფიქსირდება, თუმცა არსებობს განვითარების რისკი. ...ის N12-სა და N10-ს შორის მოწყობილ დამცავ კედელს აქვს ჯდენა და აღენიშნებოდა ბზარები, თუმცა მათი მიზეზების კვლევას მისი დავალება არ მოიცავდა, შესაბამისად მისთვის უცნობია მათი წარმოშობის დრო და მიზეზები. ასევე განმარტა, რომ მისთვის უცნობია ...ის N10-ში წარმოებულმა მშენებლობამ რაიმე უარყოფითი გავლენა მოახდინა თუ არა დამცავ კედელზე, ვინაიდან ამ კუთხით მას კვლევა არ უწარმოებია (ტ.4, ს.ფ.71-79, 80).

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს ა(ა)იპ „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ 2021 წლის 3 თებერვლის N10-44210347 - მშენებლობის ნებართვის (აღმჭურველი აქტის) კანონიერად მიჩნევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში შედგენილი დოკუმენტაციით, კერძოდ, წინასაპროექტო კვლევით, ასევე საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევითა და შპს „ე...ის“ დირექტორის ნ. მ-ის განმარტებით დადასტურებულია, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესის“ მოთხოვნების დაცვით, ვინაიდან მის გაცემამდე ჩატარებულია შესაბამისი კვლევა, რა დროსაც არ გამოვლენილა მშენებლობის განხორციელებისას მეზობელ მიწის ნაკვეთზე უარყოფითი ზეგავლენის არსებობა და საფრთხისშემცველი შედეგები, რაზედაც აპელირებდა მოსარჩელე. საქმის მასალებით, მათ შორის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ცალსახად ვერ დადგინდა ბეტონის კედლის ჯდენისა და მასზე წარმოშობილი ბზარების განვითარების დრო - მშენებლობამდე თუ მას შემდეგ, ასევე გამოიწვია თუ არა ...ის ქუჩის N10-ში განხორციელებულმა სამუშაოებმა ბეტონის კედლის დაზიანება და შემდგომში მშენებლობის გაგრძელება შეუქმნის თუ არა რაიმე საფრთხეს ბეტონის დამცავ კედელს. ამრიგად, მართებულია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მიზეზშედეგობრივი კავშირი ...ის ქუჩის N10-ში მიმდინარე მშენებლობასა და ბეტონის დამცავ კედელზე არსებულ დაზიანებებს შორის, რაც, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, გამორიცხავს სადავო აქტების ბათილად ცნობის შესაძლებლობას.

რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 31 მარტის N001741722 ექსპერტიზის დასკვნას, სადაც გამოთქმულია ვარაუდი ...ის N10-ში განხორციელებული მშენებლობის მიერ ბეტონის კედელზე და ...ის N12-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე შესაძლო მავნე ზემოქმედების შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა დასკვნის ავტორმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ მათი დასკვნა ძირითადად დაეფუძნა შპს „ე...“-ის მიერ შესრულებულ კვლევას, ამასთან, ვერ მიუთითეს თუ რა სახის მეთოდური კვლევის საფუძველზე მივიდნენ საექსპერტო კვლევის დასკვნით ნაწილში ჩამოყალიბებულ მსჯელობებამდე და დაადასტურეს, რომ მათ დამოუკიდებელი კვლევა სადავო ტერიტორიაზე გარდა „ბეტონის კედლის“ აზომვისა, არ უწარმოებიათ (სხდ. ოქმი 18.07.22 15:07:30), საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მითითებული დასკვნის გაზიარების წინაპირობები, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმეზე წარმოდგენილია საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო საკითხთან დაკავშირებით, კასატორი დამატებით ვერ უთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობაზე, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის არც ერთ საფუძველს, ამდენად, ვ. ფ-ას საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ვ. ფ-ას საკასაციო საჩივარზე 28.12.2023წ. N19972532118 საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხის 70 პროცენტი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ფ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება;

3. კასატორს - ვ. ფ-ას (პ/ნ...) დაუბრუნდეს 28.12.2023წ. N19972532118 საგადახდო დავალებით დ. ბ-ის (პ/ნ...) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა