Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-439(3კ-23) 10 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ჯ-ის (მოსარჩელე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა (მოპასუხე) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (მოპასუხე) საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჯ-მა 2021 წლის 30 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 13 სექტემბრის №QN... გადაწყვეტილების (უძრავი ქონების აუქციონის ფორმით გასხვისებაზე უარის თქმის თაობაზე), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2021 წლის 22 ნოემბრის №1672 ბრძანების (თ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით, კერძოდ, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალოს გამოსცეს აქტი უძრავ ქონებაზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებული 408 კვ.მ) აუქციონის გამოცხადების შესახებ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, საიდანაც 336 კვ.მ წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას (ს/კ ...), ხოლო დარჩენილი 72 კვ.მ არ არის რეგისტრირებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 თებერვლის განჩინებით, სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში. ამავე განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს აეკრძალა უძრავი ქონებიდან (მდებარე: ქ. თბილისის, ...ის ქ.N19-ის მიმდებარედ ს/კ ...-დან) თ. ჯ-ის მფლობელობაში არსებული 336 კვ.მ ფართის განკარგვა, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი უძრავი ქონების აუქციონის ფორმით გასხვისებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 13 სექტემბრის №QN... გადაწყვეტილება და თ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2021 წლის 22 ნოემბრის №1672 ბრძანება და მოპასუხეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელე თ. ჯ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება გასაჩივრდა თ. ჯ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინებით თ. ჯ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონი - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1181 მუხლი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ 1.1 მუხლი, ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 109-ე, 110-ე მუხლები და განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების შესაძლებლობაა, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ ადგილობრივი მნიშვნელობის, მათ შორის ადგილობრივი ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, მოქალაქეთა აღნიშნული უფლების და შესაძლებლობის რეალიზების ინსტიტუციურ მექანიზმს წარმოადგენს. შესაბამისად, თვითმმართველობის მიერ ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებთა უპირატესი ინტერესებით უნდა იყოს განპირობებული. სასამართლოს მსჯელობით, ქონებაზე მუნიციპალიტეტის საკუთრების იმანენტური შინაარსი, არსებითად განსხვავდება კერძო საკუთრებისაგან, რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკუთრება განსაზღვრული და შებოჭილია მხოლოდ საჯარო - ადგილობრივ მცხოვრებთა საუკეთესო ინტერესით და მისი მართვა და განკარგვაც სწორედ, მხოლოდ აღნიშნული ინტერესით უნდა განხორციელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის გამოცხადებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს მხოლოდ აღნიშნული ქონების სამომავლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების საჯარო ფუნქციებისა და უფლება - მოვალეობების განხორციელების მიზნით გამოყენების შესაძლებლობაზე, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, გამოუკვლეველი და მოცემულ ეტაპზე არარსებული საჯარო ინტერესების სავარაუდო მოლოდინებით დასაბუთება არ შეიძლება გახდეს ისეთი მნიშვნელოვანი უფლების ხელყოფის სამართლებრივი საფუძველი, როგორიც არის უძრავი ნივთზე საკუთრების კანონიერად, სასყიდლით მოპოვების უფლება იმ პირის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობს და ადაპტირებულია კონკრეტულ სოციალურ გარემოში, რაც თავის მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროს უკავშირდება. განსაკუთრებით ყურადსაღებად იქნა მიჩნეული ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონების კანონით დადგენილი წესით განკარგვის მოთხოვნით, თ. ჯ-მა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს არაერთხელ, კერძოდ, 2018, 2019 და 2020 წლებშიც მიმართა, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ვერ გაიზიარა თ. ჯ-ის პოზიცია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება და გასაჩივრებული აქტებით დასაბუთებული არ არის, თუ რატომ აღემატება ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გაუსხვისებლობის ინტერესი პირისათვის საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობის მიცემის ინტერესს, მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა თ. ჯ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.

კასატორი თ. ჯ-ი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და სახეზეა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოყენებულ კანონს მისცა არასწორი სამართლებრივი ინტერპრეტაცია. ამასთან, გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული.

წარმომადგენლის მსჯელობით, იმ მოცემულობაში, როდესაც საქმეში წარდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება, რომლითაც ცალსახად დადასტურდა, რომ თ. ჯ-ი ოჯახთან ერთად 2002 წლიდან ფაქტობრივად ფლობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას მდებარე - ქ. თბილისი, ...ის ქ. №19-ის მიმდებარედ, ფართი 336 კვ.მ (ს/კ ...) და არარეგისტრირებულ 72 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ასევე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აშენებული აქვს სახლი და აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში თ. ჯ-ს 2011 წლიდან გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სასმელი წყლის, ელექტროენერგიის და ა.შ. მომსახურების გაწევის თაობაზე, და რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აუქციონის გამოცხადების უარის თქმის ეტაპზე და არც სარჩელის სასამართლოს განხილვის ეტაპზე უარის თქმის არანაირი საფუძველი (მიწის განვითარების გეგმა) არ არსებობდა, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდგომ ახალი აქტის გამოცემა. განმარტავს, რომ თ. ჯ-ს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართული აქვს არაერთხელ, თუმცა ყოველ ჯერზე მათ მიერ ადგილი აქვს ერთი და იგივე პასუხის გაცემას, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების (გასაჩივრებულ ნაწილში) უკანონობაზე მიუთითებს. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო დავალების მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს იდენტურ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არ არსებობს სადავო ნაკვეთზე განაშენიანების რაიმე გეგმა და კვლავ საჭირო გახდება ახალი დავის წარმოება.

ამდენად, კასატორი თ. ჯ-ი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება და სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და განმარტავს შემდეგს: სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, 2020 წლის 6 მარტს მიმართა (ბრძანება №ბ61.01200663) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №19-ის მიმდებარედ არსებული 336 კვ.მ მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაცია. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განიხილა წარდგენილი დოკუმენტაცია და 2020 წლის 20 მარტს მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული მიწის ნაკვეთის ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ (ს/კ ...). თ. ჯ-მა 2021 წლის 12 აგვისტოს №... ელექტრონული განცხადებით მიმართა სააგენტოს და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით შეძენა.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ხდება არაერთი ფაქტორის, მათ შორის, მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ინტერესების, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, ფართობის, შემდგომი სამშენებლო განვითარების და ა.შ. გათვალისწინებით. სააგენტო, როგორც მუნიციპალური ორგანო ვალდებულია ქონებრივი უფლებების განხორციელებისას დაიცვას მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ინტერესები. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 109-ე მუხლით ცალსახად დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია. მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებული არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის, კანონიერი ინტერესები.

კასატორის მსჯელობით, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ განიხილა თ. ჯ-ის განცხადება და 2021 წლის 13 სექტემბრის №QN... გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ...ის ქ. №19-ის მიმდებარედ არსებული 336 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N...) კანონით დადგენილი ფორმით განკარგვა ან/და უფლებრივად დატვირთვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, ვინაიდან აღნიშნული უძრავი ქონება შესაძლოა სამომავლოდ გამოყენებული იქნეს თბილისის ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების საჯარო ფუნქციებისა და უფლება - მოვალეობების განხორციელების მიზნით (მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების შემდგომი განვითარებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით (ს/კ №... და №...).

ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 75-ე მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტზე, 118-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1181 მუხლის მე-6 ნაწილზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვის სააგენტოს დებულების“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვასა და განკარგვაზე უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ხოლო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების და შედეგების გაფორმების უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობით, მინიჭებული აქვს ქონების მართვის სააგენტოს, რომელიც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში ქონების საკუთრებაში გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მოთხოვნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას ქონების მართვის სააგენტო, საქმის გარემოებების შესწავლისა და მოქმედ კანონმდებლობასთან კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით იღებს სათანადო გადაწყვეტილებებს.

კასატორის მსჯელობით, განსახილველ შემთხვევაში, ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 13 სექტემბრის №QN... აქტით ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №19-ის მიმდებარედ, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით გასხვისებაზე მხარეს იმ საფუძვლით ეთქვა უარი, რომ აღნიშნული უძრავი ქონება შესაძლებელია სამომავლოდ გამოყენებული იქნას თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების საჯარო ფუნქციებისა და უფლებამოვალეობების განხორციელების მიზნით. წარმომადგენლის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ დასტურდება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომა, ე.ი. კანონის ფარგლების დარღვევა, მისი მიზნების გაუთვალისწინებლობა და საჩივრის ავტორის კანონიერი ინტერესის რაიმე სახის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, რაც სადავო ბრძანებას უკანონო ხასიათს მიანიჭებდა. კასატორი ასევე მიუთითებს საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 105-ე და 109-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის თანახმად მესაკუთრეს არ გააჩნია საკუთრებაში არსებული ურავი ქონების განკარგვის ვალდებულება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოები სარგებლობენ მესაკუთრის ყველა უფლებით, მათ შორის უფლებით არ გაასხვისონ უძრავი ქონება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს გარანტია იმისა რომ აუქციონზე გამარჯვებული აუცილებლად მოსარჩელე გახდება.

ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ითხოვს გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება და მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 3 მაისის და პალატის 2023 წლის 7 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ჯ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჯ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს არსებობს თუ არა უძრავი ქონების აუქციონის ფორმით გასხვისებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 13 სექტემბრის №QN... გადაწყვეტილების და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2021 წლის 22 ნოემბრის №1672 ბრძანების ბათილად ცნობის და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებულ 408 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ქონებაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ წარდგენილი აზომვითი ნახაზის მიხედვით, საიდანაც 336 კვ.მ. წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას (ს/კ ...), ხოლო დარჩენილი 72 კვ.მ. არ არის რეგისტრირებული) გამოცემის დავალების საფუძველი.

კასატორების, ადმინისტრაციული ორგანოების საკასაციო საჩივრის ძირითადი მოტივაცია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე ემყარება იმ არგუმენტს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიმართ არსებობს უპირატესი საჯარო ინტერესი, კერძოდ, აღნიშნული უძრავი ქონება შესაძლოა სამომავლოდ გამოყენებული იქნეს თბილისის ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების საჯარო ფუნქციებისა და უფლება - მოვალეობების განხორციელების მიზნით. ასევე ყურადღება გამახვილებულია სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ არსებული მიწის ნაკვეთების შემდგომი განვითარებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზანზე (ს/კ ... და ს/კ ...).

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თ. ჯ-მა NQN... განცხადებით მიმართა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით გასხვისება მოითხოვა.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 13 სექტემბრის NQN... გადაწყვეტილებით, მოსარჩელე თ. ჯ-ს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ...ის ქ. №19-ის მიმდებარედ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით გასხვისებაზე, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება შესაძლებელია სამომავლოდ გამოყენებული იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების საჯარო ფუნქციებისა და უფლება - მოვალეობების განხორციელების მიზნით.

დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ჯ-მა N19-01212852145-01 ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 13 სექტემბრის №QN... გადაწყვეტილება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2021 წლის 22 ნოემბრის N1672 ბრძანებით თ. ჯ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში საკასაციო პალატა მიუთითებს საკითხისადმი რელევანტურ საქართველოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს, მათ ფინანსებსა და ქონებას, ურთიერთობებს მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან და საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის განხორციელების წესებს. მითითებული საკანონმდებლო რეგულაციის 1181 მუხლით განსაზღვრულია თბილისის ქონების პრივატიზების წესი, რომლის მე-6 პუნქტის თანახმად, თბილისის ქონების აუქციონის ფორმით საკუთრების უფლებით გადაცემა ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სახელით საკუთრებაში გადასცემს თბილისის ქონებას.

მართებულად გამახვილდა ყურადღება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-42 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს დებულებაზე“, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტო არის სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას ქონების საკუთრებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით კანონმდებელმა ცალსახად მიუთითა, რომ სააგენტოს ერთ - ერთ ფუნქციას წარმოადგენს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, აუქციონის ორგანიზება, ჩატარება და შედეგების გაფორმება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესი განისაზღვრება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილების შესაბამისად, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავი ქონების სააუქციონოდ მომზადება ხდება დაინტერესებული პირების განცხადების, მათ შორის ელექტრონული განცხადების საფუძველზე ან/და აუქციონატორის შეხედულებისამებრ.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზაციის პროცედურების დაწყების ერთ - ერთ სამართლებრივ საფუძველს დაინტერესებული პირის განცხადება წარმოადგენს, რომლის ინტერესია საკუთრების უფლება შეიძინოს უძრავ ნივთზე, რაც გულისხმობს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს - მოპასუხე სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ვალდებულებას, კანონით დადგენილი წესით დაიწყოს წარმოება და დასაბუთებული, ცხადი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანად გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, რომლითაც დაინტერესებულ პირს დასაბუთებული, დამაჯერებელი პასუხი გაეცემა მის მოთხოვნაზე. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა შესაბამის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების შესაძლებლობაა, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ ადგილობრივი მნიშვნელობის, მათ შორის ადგილობრივი ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, მოქალაქეთა აღნიშნული უფლების და შესაძლებლობის რეალიზების ინსტიტუციურ მექანიზმს წარმოადგენს. შესაბამისად, თვითმმართველობის მიერ ნებისმიერი უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებთა უპირატესი ინტერესებით უნდა იყოს განპირობებული.

გასათვალისწინებელია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 109-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მუნიციპალიტეტი ქონებაზე საკუთრების უფლების განხორციელებისას დამოუკიდებელია, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები ქონებრივი უფლებების განხორციელებისას ვალდებულნი არიან, დაიცვან მუნიციპალიტეტის, როგორც მესაკუთრის კანონიერი ინტერესები. ამავე კოდექსის 110-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მუნიციპალიტეტის ორგანოები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ქონებრივ უფლებებს ახორციელებენ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მართებულია სააპელაციო სასამართლოს ის მსჯელობა, რომ ქონებაზე მუნიციპალიტეტის საკუთრების იმანენტური შინაარსი, არსებითად განსხვავდება კერძო საკუთრებისაგან, რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკუთრება განსაზღვრული და შებოჭილია მხოლოდ საჯარო - ადგილობრივ მცხოვრებთა საუკეთესო ინტერესით და მისი მართვა და განკარგვაც სწორედ, მხოლოდ აღნიშნული ინტერესით უნდა განხორციელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო აუქციონის გამოცხადებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს მხოლოდ აღნიშნული ქონების სამომავლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანოების საჯარო ფუნქციებისა და უფლება - მოვალეობების განხორციელების მიზნით გამოყენების შესაძლებლობაზე, საკასაციო პალატა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის გაზიარებით მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე არარსებული საჯარო ინტერესების სავარაუდო მოლოდინებით დასაბუთება არ შეიძლება გახდეს ისეთი მნიშვნელოვანი უფლების ხელყოფის სამართლებრივი საფუძველი, როგორიც არის უძრავი ნივთზე საკუთრების კანონიერად, სასყიდლით მოპოვების უფლება იმ პირის მიერ, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობს და ადაპტირებულია კონკრეტულ სოციალურ გარემოში, რაც თავის მხრივ, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროს უკავშირდება. ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორც ქონების განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ ექსკლუზიური უფლებამოსილების მქონე სუბიექტს ევალება დასაბუთების მაღალი სტანდარტით შეაფასოს მხარის მიერ მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე აუქციონის გამოცხადების შეუძლებლობა, რადგან აღნიშნული ქმედებით, განმცხადებლის კანონიერ ინტერესს ადგება მნიშვნელოვანი ზიანი, მით უფრო იმ პირობებში როდესაც, მხარემ ამოწურა ყველა სამართლებრივი გზა მის მიერ ფაქტობრივად დაკავებული უძრავი ქონების კანონიერი გზით დარეგისტრირებისათვის. აქვე, გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ სადავო უძრავი ქონების კანონით დადგენილი წესით განკარგვის მოთხოვნით თ. ჯ-მა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა არაერთხელ - 2018, 2019 და 2020 წლებშიც თუმცა უშედეგოდ. საკასაციო პალატა საქმის მასალების საფუძველზე მიუთითებს, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები ათვისებული და განაშენიანებულია, შესაბამისად, ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაასაბუთა ... და ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შემდგომი განვითარებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის რა კონკრეტული ხელშემშლელი გარემოება არსებობდა.

იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება და გასაჩივრებული აქტებით დასაბუთებული არ არის, თუ რატომ აღემატება ამ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების გაუსხვისებლობის ინტერესი პირისათვის საკუთრების უფლების შეძენის შესაძლებლობის მიცემის ინტერესს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შესაბამისად არსებობდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსთვის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოების საკასაციო საჩივრების დაუსაბუთებლობასთან ერთად, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორ თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარსაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების უსაფუძვლობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლზე, რომლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების იმ მსჯელობას, რომ განსახილველ შემთხვევაში იკვეთება ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების ხელახალი ჩატარების დავალების წინაპირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მოახდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა - გადაწყვეტა, რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია. ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ძირითად პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა - გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინებაში გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ, არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა. ამდენად, თ. ჯ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, თ. ჯ-ს (...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით დ. ჯ-ის მიერ 2023 წლის 30 მაისს N17275149833 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ჯ-ის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 01 დეკემბრის განჩინება;

3. თ. ჯ-ს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივართან დაკავშირებით დ. ჯ-ის მიერ 2023 წლის 30 მაისს N17275149833 საგადახდო მოთხოვნის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე