Facebook Twitter

№ბს-406(კს-24) 25 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი (სასკ 16.2)) – მ. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

მოსარჩელე - ო. ჩ-ე

მესამე პირი (სასკ 16.2) - შპს „...“; სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2022 წლის 30 ივნისს ო. ჩ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიმართ. მოსარჩელემ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №…-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ მ. ა-ი და შპს „...“.

მოსარჩელემ იშუამდგომლა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით, ო. ჩ-ის შუამდგომლობა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის N... განკარგულების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, მოპასუხის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით ო. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №…-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმების შესახებ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №…-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ და სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ. აპელანტებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ო. ჩ-ემ, 2024 წლის 8 იანვარს სააპელაციო შესაგებელში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით (საქმე №3/4429), იშუამდგომლა ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №…-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმების შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულების მოქმედების შეჩერების თაობაზე, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სარჩელის წარდგენისთანავე არ დაკმაყოფილდა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც მოთხოვნილი იყო სადავო აქტის მოქმედების შეჩერება. საქმის განხილვა კი, დასრულდა ერთი წლის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მითითებულ მიწის ნაკვეთზე სასაფლაოს მოწყობა, რაც კვლავ გრძელდებოდა, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებდა ო. ჩ-ის კანონიერ ინტერესებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინებით ო. ჩ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ნათელი უნდა იყოს ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე უფლების გამოყენებისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს როგორც მხარის ინტერესი, ისე ის თანმდევი შედეგი, რაც შესაძლოა მოჰყვეს აქტის შეჩერებას, ვინაიდან აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგის გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ მოსარჩელის აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს, ასეთი ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნას როგორც უკიდურესი საპროცესო სამართლებრივი საშუალება, რადგან კანონმდებელი ერთდროულად ავალდებულებს სასამართლოს გაითვალისწინოს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები, რათა არ მოხდეს ასეთი ღონისძიების გამოყენების შედეგად მხარეების ინტერესთა თანასწორი დაცვის ბალანსის დარღვევა. სწორედ ამიტომაა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაში (შუამდგომლობაში) მოსარჩელეს ევალება მიუთითოს იმ დასაბუთებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში მისთვის ზიანის მიყენებას ან პირის კანონიერი უფლებისა და ინტერესის მომავალში დაცვის შეუძლებლობას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ო. ჩ-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სრულყოფილად დასაბუთებული არ იყო, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ა-მა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ცხოვრობს მოსარჩელე ო. ჩ-ის მეზობლად და სადაო ბრძანებით შეთანხმებული სასაფლაოს მოწყობა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მასაც და ო. ჩ-ესაც, ისევე როგორც მეზობლად მცხოვრებ სხვა პირებს.

სააპელაციო პალატის განჩინებაში მითითებულია, რომ თითქოს შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და არ იკვეთება თუ რატომ არის აუცილებელი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუმცა დადგენილია, რომ ბრძანების მოქმედების შეუჩერებლობის პირობებში, დღემდე გრძელდება საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ, პრაქტიკულად ნულოვანი დაშორების პირობებში, სასაფლაოს მოწყობა, რაც პირდაპირ და უშუალოდ აყენებს ზიანს იქ მცხოვრებ პირებს. ადვილი წარმოსადგენია რამდენად გაუსაძლისია და შეუძლებელია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ოთხივე კუთხით, რამდენიმე მეტრიანი (პრაქტიკულად ნულოვანი) დაშორების პირობებში, სასაფლაოს მომიჯნავედ ცხოვრება. ამდენად, აუცილებელია და გარდაუვალია გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის გამოუყენებლობაც გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სასაფლაოს მოწყობის გაგრძელების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება გადაწყვეტილების აღსრულება. წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნება დასაფლავების შემდგომ, გაიხსნას სამარხები და მოხდეს უკვე დასაფლავებული ადამიანების სხვა ადგილზე გადასვენება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით მ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ა-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „...ს“ შორის 2020 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შედეგად, შპს „...ს“ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ...ის ქ. №…-ში მდებარე 7793 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს.კ. ...).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 27 თებერვალს წარედგინა შპს „...ს“ განაცხადი, ქ. თბილისში, ...ის ქ. №…-ში სასაფლაოს მოწყობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით. წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქ. №…-ში მდებარე, შპს „...ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. ...) გავრცელებულია სპეციალური ზონა-2, სამრეწველო ზონა-1 და სარეკრეაციო ზონა-2. საპროექტოდ წარდგენილი გენგეგმის მიხედვით, სასაფლაოთა მოსაწყობად განკუთვნილია I-IV სექტორი, რომელიც ემთხვევა სპეციალური ზონა-2-ის ფარგლებს, ხოლო სამრეწველო ზონა-1-სა და სარეკრეაციო ზონა-2-ზე მოსაწყობია სასაფლაოთა ფუნქციონირებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობები, პარკინგი, გამწვანება და სხვა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №…-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ...) სასაფლაოს მოწყობის პროექტი.

საჯარო რეესტრიდან 02.09.2021 წ. ამონაწერის თანახმად ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) მესაკუთრეები არიან ო. ჩ-ე (მოსარჩელე) და მ. ა-ი (კერძო საჩივრის ავტორი).

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული საკადასტრო რუკის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) ორი გვერდი ესაზღვრება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №…-ში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: ...). ამასთან, ს.კ. ... მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ მხარეს არსებული მიჯნა ესაზღვრება ს.კ. ... მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელზეც ვრცელდება სპეციალური ზონა-2 და საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია II და IV სექტორში სასაფლაოთა ნაგებობების განთავსება.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2023 წლის 21 თებერვალს შედგენილი ფაქტების კონსტატაციის მიხედვით, დადგენილია ქ. თბილისში, ...ის ქ. ...-ში არსებული უძრავი ქონებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობა; განხორციელებულია ტერიტორიის ფოტო და ვიდეო გადაღება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან მიმართებით გაკეთებულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების პრევენცია. იგი ქმნის მხარის მოლოდინს, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ეფექტი, არ დაბრკოლდება მისი აღსრულება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, მოიცავს არამხოლოდ სასამართლოსადმი ფორმალურად მიმართვას, არამედ სასამართლოს შესაძლებლობას უფლების დარღვევის ფაქტზე მოახდინოს ეფექტური რეაგირება. სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის №2/6/746 გადაწყვეტილება საქმეზე - შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6).

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“, II-9).

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტური რეალიზების უზრუნველყოფისათვის არ არის საკმარისი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფორმალური დეკლარირება. გადამწყვეტია, რომ ისეთ ინსტრუმენტულ კონსტიტუციურ უფლებას, როგორიცაა სამართლიანი სასამართლოს უფლება, გააჩნდეს უფლების რეალიზაციის ეფექტური, ქმედითი მექანიზმი. თუმცა სამართლიანი სასამართლოს უფლების მხოლოდ კონსტიტუციური მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევას. არსებითია, რომ სახელმწიფომ შექმნას ისეთი ლეგიტიმური მექანიზმი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების პრაქტიკული გამოყენების გზით შესაძლებელს გახდის პირის მხრიდან დარღვეული უფლების როგორც რეპრესიულ, აგრეთვე, პრევენციულ დაცვას. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება არ წარმოადგენს თეორიულ უფლებას და არ უზრუნველყოფს უფლების აღიარებას მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების არსებობით. საქმეში „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება, ასევე, შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილი რეალიზაციის პირობების უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების როგორც რეპრესიული, აგრეთვე, პრევენციული დაცვის საშუალებებს. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სარჩელის სხვადასხვა ფორმას იცნობს. თუმცა რეპრესიული ღონისძიებების ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში იმპლემენტაციის მიუხედავად, პირთა უფლებების ეფექტური დაცვა მთელ რიგ შემთხვევებში, აგრეთვე, უფლების დაცვის დროებითი, პრევენციული საშუალებების ქმედით გამოყენებას უკავშირდება. ამდენად, ადმინისტრაციულმა საპროცესო კანონმდებლობამ თითოეულ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით ადმინისტრაციული სამართალწარმოების მიზნებისათვის გაითვალისწინა უფლების დაცვის პრევენციული საშუალებებიც, რომელთა მიზანი დაინტერესებული მხარის ინტერესების ადმინისტრაციული სამართალწარმოების დამთავრებამდე დაცვის უზრუნველყოფაა. მაშასადამე, უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს აქვთ დარღვეული უფლების აღდგენის დაცვის წინასწარი უზრუნველყოფის, გარანტიის ფუნქცია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია პრევენციული დაცვის ისეთი ღონისძიებები, როგორებიცაა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს მხარის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვან ინსტიტუტს, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევს, დროებითი ღონისძიების გამოყენებით, დავის საბოლოოდ დასრულებამდე, დააზღვიოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტურ სარგებლობასთან დაკავშირებული რისკები. ამდენად, პრევენციული ღონისძიებების დანიშნულება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა. მათი მიზანია ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, შესაბამისად, მისი გამოყენება მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან მისი შეუძლებლობის თავიდან აცილებისკენ მხოლოდ დავის საგანთან დაკავშირებით და არსებული მდგომარეობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით სარჩელის სუსპენზიური ეფექტის სახით გათვალისწინებულია უფლების დაცვის ერთ-ერთი პრევენციული საშუალება, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, მისი ნამდვილობა ავტომატურად, დროებით ჩერდება სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. სუსპენზიური ეფექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პირის დაცვა არასასურველი მმართველობითი ღონისძიებების განხორციელებისაგან, რაც გულისხმობს იმ მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არსებობდა.

თუმცა ზემოხსენებული მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, როდესაც სასამართლოში სარჩელის წარდგენა ავტომატურად არ აჩერებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ: ა) ეს დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლების ან სხვა გადასახდელების გადახდასთან; ბ) აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას; გ) იგი გამოცემულია შესაბამისი კანონის საფუძველზე გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს; დ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულია წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება დაუყოვნებელი აღსრულების შესახებ, თუ არსებობს გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აღსრულებულია ან იგი წარმოადგენს აღმჭურველ აქტს და მისი შეჩერება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს სხვა პირის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ვ) ეს გათვალისწინებულია კანონით. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. სასამართლო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების ვადა. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში და მითითებული მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლოს მხარის ინიციატივით შეუძლია შეაჩეროს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით არის უზრუნველყოფილი, აღარ დგას სასამართლოს მხრიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მითითებული სახის დამატებით გამოყენების საჭიროება, რამდენადაც მისი მოქმედება შეჩერებულია კანონისმიერად, სასამართლოს მხრიდან საპროცესო მოქმედების შესრულებისაგან დამოუკიდებლად. ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობაში სუსპენზიური ეფექტის გათვალისწინების უმთავრესი ფუნქციაც სწორედ იმაში ვლინდება, რომ მხარის მოთხოვნის გარეშე, კანონის საფუძველზე იქნეს უზრუნველყოფილი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების სათანადო აღსრულების ხელშეწყობა. თავის მხრივ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების ავტომატური შეჩერება გამოირიცხება მაშინ, როდესაც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები. სწორედ ასეთ პირობებში წარმოიშვება სასამართლოს ჩართულობის და უშუალოდ მის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების საჭიროება, კერძოდ, ზემოხსენებული ნორმით დადგენილი პირობების არსებობის მიუხედავად, სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით შეაჩეროს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება, თუკი არსებობს დასაბუთებული ეჭვი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ ან თუ მისი გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს ხდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ გასაჩივრებული განჩინება დაეფუძნა შეფასებას, რომ ო. ჩ-ის მოთხოვნა გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სრულყოფილად დასაბუთებული არ იყო, რის გამოც არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავოდ ქცეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულებით ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) შეთანხმდა სასაფლაოს მოწყობის პროექტი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს ქალაქის გარეუბანში, სულ ცოტა 300 მეტრის დაშორებით საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი ადგილებიდან, ხოლო არსებული სასაფლაოს მიმდებარედ სასაფლაოს მოწყობისას, თუ ეს მანძილი უკვე არსებულ სასაფლაოსთან მიმართებაში დარღვეულია, დაშორება განისაზღვრება უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმებისას.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული საკადასტრო რუკის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ... კვ.მ მიწის ნაკვეთის (ს.კ. ...) ორი გვერდი ესაზღვრება ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში არსებულ მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: ...). ამასთან, ს.კ. ... მიწის ნაკვეთის ჩრდილოეთ მხარეს არსებული მიჯნა ესაზღვრება ს.კ. ... მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელზეც ვრცელდება სპეციალური ზონა-2 და საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია სასაფლაოთა ნაგებობების განთავსება.

მოცემულ საქმეზე დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის უძრავ ქონებასა და სასაფლაოს არსებულ ტერიტორიამდე უკვე დარღვეულია 300 მეტრიანი დაშორების არეალი, სადავო გადაწყვეტილებით კი ფაქტობრივად სასაფლაოს იმ სივრცის განლაგება, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ საფლავების განთავსებისთვის, გათვალისწინებულია კიდევ უფრო ახლოს, ფაქტობრივად მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ. საქმეზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლითაც დადასტურებულია სასაფლაოს მოწყობისათვის განკუთვნილი საპროექტო მიწის ნაკვეთისა და კერძო საჩივრის ავტორის მიწის ნაკვეთის სიახლოვე, მომიჯნავეობა.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, ეფუძნება სასამართლოს პოზიციას, რომ სადავო განკარგულება გამოცემულია იმ გარემოების გამოკვლევისა და დასაბუთების გარეშე, თუ რა მანძილით განისაზღვრა დაშორება უკვე არსებული სასაფლაოს მიმდებარედ სასაფლაოს მოწყობისას, ქალაქ თბილისში, ...ის ქ. №...-ში (ს/კ ...) მდებარე საცხოვრებელი სახლთან მიმართებით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, ამგვარი დაშორების მანძილის განსაზღვრისას თუ რას დაეფუძნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება, გათვალისწინებულ იქნა თუ არა მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი შენობისათვის, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მოსაწყობი სასაფლაოდან მომდინარე ზემოქმედებისაგან დაცვის არეალი.

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროექტო მიწის ნაკვეთზე, კერძო საჩივრის ავტორის უძრავი ქონების მომიჯნავედ, სასაფლაოს ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საფლავების განთავსება დაკავშირებულია სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების არსებითად გართულებასთან. აღნიშნული კი განსაკუთრებით საყურადღებოა სარჩელის პერსპექტიულობის გათვალისწინებით, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებისათვის განსაზღვრული საპროცესო წინაპირობები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის დასაბუთებული და საქმეზე დადგენილი გარემოებებით უდავოა, რომ მოსარჩელისა და მესამე პირის ინტერესებს ადგება არსებითი ზიანი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ა-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 9 იანვრის განჩინება;

3. მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდეს ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) სასაფლაოს მოწყობის პროექტის შეთანხმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 16 მარტის №... განკარგულების მოქმედება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა