საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე
განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-976-6(ა-24) 2 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გენადი მაკარიძე
განმცხადებელი - გ. ბ-ე
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინება საქმეზე ბს-425(კს-24)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 13 დეკემბერს გ. ბ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს პარლამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ჭიათურის მერიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს შემოწმების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჭიათურის სამმართველოს, შპს „...ის“, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის რეგიონული სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის, საჩხერის რაიონული პროკურატურის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რწმუნებულის სოფელი ...ას ტერიტორიული მართვის ორგანოში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სახით 4900 ლარის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 2 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისთვის 1 ლარის, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საჩხერის პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის 2 ლარის, სახელმწიფო რწმუნებულისთვის მორალური ზიანის სახით 2 ლარის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სამმართველოსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს პარლამენტისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მორალური ზიანის 1 ლარის, ჭიათურის მერიისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს მთავრობისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასავლეთ საქართველოს შემოწმების სამსახურისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, სოფელ ...ას ტერიტორიაზე მართვის ორგანოში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის რწმუნებულისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის, საქართველოს სახალხო დამცველისთვის მორალური ზიანის სახით 1 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გ. ბ-ის სარჩელი, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნის ნაწილში, არ იქნა მიღებული სასამართლო წარმოებაში. ამავე სასამართლოს 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებით კი, გ. ბ-ეს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი და სარჩელი, თანდართულ მასალებთან ერთად, დაუბრუნდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრისა და 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდა. გ. ბ-ის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
2023 წლის 26 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ. ბ-ემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებით გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი. ამავე განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინებაში დაშვებული უსწორობა და განჩინებაში, ყველგან, ნაცვლად გ. ბ-ისა, მიეთითა გ. ბ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ბ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით გ. ბ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებაზე გ. ბ-ემ წარმოადგინა 2024 წლის 2 ივლისის ბ-976-24 და ბ-978-24 განცხადებები, რომლითაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ბ-ის მიერ წარმოდგენილი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 424-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმებას, რომლითაც გ. ბ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 7 აგვისტოს განჩინებაზე (რომლითაც თავის მხრივ გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი), დარჩა განუხილველად. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და იგი მოკლებულია წარმოდგენილ განცხადებებზე მსჯელობის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ბ-ის განცხადებაში მითითებულია მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებზე, თუმცა კონკრეტულად არ არის მითითებული, თუ რომელი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამო ითხოვს განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას. განცხადებაში არ არის მითითებული რაიმე ისეთი ახალი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის №ბს-425(კს-24) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე გ. ბ-ის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე, 424-ე და 429-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის №ბს-425(კს-24) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. მაკარიძე