Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-889(3კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ხ. ფ-ა, გ. ფ-ა, ლ. ფ-ა, მ. ფ-ა, არასრულწლოვანი ე. კ-ა (კანონიერი წარმომადგენელი მ. ფ-ა)

მესამე პირი - ვ. ფ-ა

მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2021 წლის 18 ოქტომბერს ხ. ფ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მისი უფროსის ბ. ს-ის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 29 სექტემბრის №03/14435 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ხ. ფ-ას და მისი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

2021 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელეებმა - ხ. ფ-ამ, გ. ფ-ამ, ლ. ფ-ამ, მ. ფ-ამ და ე. კ-ამ (კანონიერი წარმომადგენელი - მ. ფ-ა) დაზუსტებული სარჩელი წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლითაც დაზუსტდა მოსარჩელეთა წრე და მოპასუხედ მიეთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. სასარჩელო მოთხოვნად კი განისაზღვრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 14 სექტემბრის №03/15882 ბრძანების ბათილად ცნობა და სააგენტოსთვის ხ. ფ-ას და მისი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

2021 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას წარუდგინეს კიდევ ერთი დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნები, კერძოდ სასარჩელო მოთხოვნებად განისაზღვრა ხ. ფ-ას, გ. ფ-ას, ლ. ფ-ას და მ. ფ-ას ვ. ფ-ას ოჯახის წევრებად ცნობასა და ვ. ფ-ას მათი ოჯახის უფროსად მითითების ნაწილში საქართველოს პრეზიდენტის №11/06/01 2021 წლის 11 ივნისის განკარგულებისა და განკარგულების დანართის ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის დეპარტამენტის, პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ი. მ-სა და ვ. ფ-ას შორის 2019 წლის 19 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ ნაწილში სადაც ვ. ფ-ას ოჯახის წევრებად არასწორად არიან მითითებულნი ხ. ფ-ა, გ. ფ-ა, ლ. ფ-ა და მ. ფ-ა და ავალდებულებენ მას უზრუნველყოს იმავე საცხოვრებელი ფართით, რომელიც ამ ხელშეკრულებით გადაეცა ვ. ფ-ას; ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მ. კ-ის 2021 წლის 14 სექტემბრის №03/15882 ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ხ. ფ-ას და მისი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 აპრილის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ჩაბმულ იქნა ვ. ფ-ა.

2022 წლის 12 ივლისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და სასარჩელო მოთხოვნად განისაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის №11/06/01 განკარგულების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები - ხ. ფ-ა, გ. ფ-ა, ლ. ფ-ა და მ. ფ-ა მითითებულნი არიან ვ. ფ-ას ოჯახის წევრებად და საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირებად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. ფ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. და 2.4. პუნქტების ბათილად ცნობა, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ვ. ფ-ას მიერ და მოსარჩელეებს შეეზღუდათ უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ხ. ფ-ას, გ. ფ-ას, ლ. ფ-ას, მ. ფ-ას და არასრულწლოვან ე. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის №11/06/01 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები - ხ. ფ-ა, გ. ფ-ა, ლ. ფ-ა და მ. ფ-ა მითითებულნი არიან ვ. ფ-ას ოჯახის წევრებად და საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ პირებად. ასევე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ვ. ფ-ას შორის 2012 წლის 19 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2 და 2.4 პუნქტები, რომლითაც განისაზღვრა მოსარჩელეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება ვ. ფ-ას მიერ და მოსარჩელეებს შეეზღუდათ უფლება დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მოეთხოვათ გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

კასატორთა განმარტებით, სადავო ხელშეკრულების დადებისას, მოსარჩელეები და მესამე პირი - ვ. ფ-ა წარმოადგენდნენ ერთი ოჯახის წევრებს და ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე. მოსარჩელეებს აღნიშნულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არ გამოუხატავთ პრეტენზია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად მესამე პირის წერილობითი თანხმობა საჭიროა ორ შემთხვევაში: 1. ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებას და 2. ხელშეკრულება, რომელიც აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ხელშეკრულებით მოსარჩელეებს არ დაჰკისრებიათ რაიმე ვალდებულების შესრულება, შესაბამისად, მათი თანხმობა აღნიშნული ხელშეკრულების შესრულების ძალაში შესვლისათვის არ მოითხოვებოდა. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის საფუძველი.

კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ სადავო პერიოდში მოქმედი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ვინაიდან სადავო ხელშეკრულების დადებიდან სასამართლოში სარჩელის შეტანამდე გასულია 3 წელი, მოცემულ შემთხვევაში, გასულია ხანდაზმულობის ვადა, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის №47 განკარგულებაზე, რომლითაც დამტკიცდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი აყალიბებს საქართველოს მთავრობის მიდგომას იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, აანალიზებს არსებულ პრობლემებს და სახავს სახელმწიფოს ორ უმთავრეს მიზანს: 1. პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის; 2. დევნილი მოსახლეობისათვის ღირსეულად ცხოვრების პირობების მხარდაჭერა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩაბმა. დასახელებული განკარგულების მე-5 თავის თანახმად, დევნილი მოსახლეობის ინტეგრაციის ამოცანის გადასაჭრელად სახელმწიფო სტრატეგია მიზნად ისახავს დევნილთათვის საბინაო და სოციალური პირობების, მათი ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების, აგრეთვე აუცილებელი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას. აღნიშნული პროგრამები უნდა ეფუძნებოდეს დევნილთა კატეგორიების განსაზღვრას მათი სიღატაკის ხარისხის (თუ რა ტიპის ზრუნვას საჭიროებს) და უნარშესაძლებლობების (შეუძლია თუ არა თვითკმარობის მიღწევა) მიხედვით, რაც მოითხოვს შესაბამისი ინდიკატორების შემუშავებას. დასახული ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად მნიშვნელოვანია პროგრამების ისე დაგეგმვა, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს დევნილთა შორის ჩამოყალიბებულ სოციალურ და ეკონომიკურ კავშირებს. ამავე განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაევალა ამ განკარგულების პირველი და 11 პუნქტით განსაზღვრული პრიორიტეტების საფუძველზე ერთ თვეში შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009 - 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით. აღნიშნული განკარგულების 2.1.1 პუნქტით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ღონისძიებები განხორციელდება სამ ეტაპად – სამ ფაზად. პირველი ფაზა მოიცავს კომპაქტურად განსახლებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს მათი ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს. მეორე ფაზა მოიცავს დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში, თუმცა არსებულ შენობას სახელმწიფო არ სთავაზობს დევნილებს გრძელვადიანი განსახლების მიზნით (შენობები ავარიულია, რეაბილიტაცია მიზანშეუწონელია, სტრატეგიული მნიშვნელობისაა, კერძო საკუთრებაა), ასევე კერძო სექტორში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. მესამე ფაზაზე განიხილება იმ დევნილთა დახმარების ალტერნატიული შესაძლებლობები, რომლებიც უარს აცხადებენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივებზე. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამავე განკარგულების 2.2.1 პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი ფართობი – ბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა; მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად; შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების შესაბამისად აფორმებდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულებას.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის №11/06/01 განკარგულებით დადგინდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად საკუთრებაში გადაცემა ამავე განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირებისათვის. განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ იქნა საპრივატიზებო პირობები, კერძოდ: ა) მყიდველი ვალდებული იყო საპრივატიზებო თანხა გადაეხადა შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადაში; ბ) მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებული პირები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართობით; გ) მყიდველი და ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული პირები ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არ უნდა სარგებლობდნენ და არ უნდა ფლობდნენ რაიმე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობს, მოპოვებულს მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა; დ) მყიდველი და ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული პირები (ოჯახის წევრები) არ მოითხოვენ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან, ან სხვა პირებისაგან რაიმე სახის კომპენსაციას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე.

დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის №11/06/01 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 19 ივლისს, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდეგში „გამყიდველი“) და მეორე მხრივ, ვ. ფ-ას (შემდგომში „მყიდველი“) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ვ. ფ-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ვაკე, ...ი, მე-... მ/რ, კორპ. №55, სართული - 5, ბინა 129. ქონების საპრივატიზებო ღირებულება განისაზღვრა სიმბოლური თანხით 1 ლარით.

დასახელებული ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, ვ. ფ-ამ აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო მოსარჩელეები საცხოვრებელი ფართით, მისთვის გადაცემულ ქონებაში. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად კი, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, მყიდველი და ხელშეკრულების 2.2 პუნქტში ჩამოთვლილი პირები, მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე არ სარგებლობენ ან არ ფლობენ სხვა რაიმე სახის საცხოვრებელ ან არასაცხოვრებელ ფართს, გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონებისა. ხოლო ხელშეკრულების 2.5 პუნქტით დადგინდა ვ. ფ-ას ვალდებულება - საკუთრების უფლების გადასვლის შემდეგ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება გამოიყენოს ისე, რომ ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირები უზრუნველყოფილი იქნენ სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების 3.1 მუხლის შესაბამისად, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტული ურთიერთობის რეგულირების წესები მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, რომელიც ცალსახად ადგენს მესამე პირის ინფორმირებისა და მისი წერილობითი თანხმობის გაცემის ვალდებულებას იმ ხელშეკრულების დადების დროს, რომლითაც იზღუდება ამ პირის უფლება ან, მას ეკისრება რაიმე ვალდებულების შესრულება, კერძოდ, ხსენებული კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება (რომელსაც, თავის მხრივ, უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება). მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ხელშეკრულების ძალაში შესასვლელად პირის თანხმობა იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ ეს ხელშეკრულება პირს აკისრებს რაიმე ვალდებულების შესრულებას ან მის უფლებას ზღუდავს.

საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ხელშეკრულების მოსარჩელეების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, რამეთუ არ არსებობს მის დადებაზე მოსარჩელეთა წერილობითი თანხმობა. ხელშეკრულების 2.4 პუნქტით მოსარჩელეებს, როგორც დევნილებს, ისე აეკრძალათ უფლება, მოითხოვონ სახელმწიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე, უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს მათთვის არ უცნობებია, არ მიუწვევია ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, მოსარჩელეებს არ გაუციათ შესაბამისი თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე, რაც ცალსახად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო ხელშეკრულებისა და აქტის (საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის №11/06/01 განკარგულება მოსარჩელეების - ხ. ფ-ას, გ. ფ-ას, ლ. ფ-ასა და მ. ფ-ას საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილების ნაწილში) ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.

რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე კასატორების პრეტენზიას, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალებით არ დგინდება ხელშეკრულების დადების შესახებ ცნობილი იყო თუ არა მოსარჩელეებისათვის. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს კი არ წარმოუდგენია. ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ და არ გადასცემიათ მხარეებს. ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებში, კერძოდ ამონაწერში, მითითებულია მხოლოდ მესაკუთრე ვ. ფ-ა. დამატებით რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბინას სხვა მოსარგებლეები ჰყავს ან რომ ბინაზე რაიმე უფლება აქვთ მოსარჩელეებს, რეგისტრირებული მონაცემებით არ დასტურდება. ამდენად, ვარაუდი, რომ მოსარჩელეებს უნდა სცოდნოდათ სადავო ხელშეკრულების თაობაზე, არ დასტურდება. ამგვარად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 ივნისის №11/06/01 განკარგულება, რომლის შესაბამისადაც, ვ. ფ-ასთან გაფორმდა ხელშეკრულება, მოსარჩელეებს არ ჩაბარებიათ. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორებმა ვერ მიუთითეს მოსარჩელეთა მხრიდან სარჩელის წარდგენისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გაშვების საფუძვლებზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე