საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე Nბს-1181(გ-23) 24 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა რ. მ-ას სარჩელის განსჯადობის თაობაზე რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას შორის წარმოშობილი დავა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
რ. მ-ამ 2013 წლის 23 ოქტომბერს სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ამავე ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა: აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ქმედების უკანონოდ ცნობა NA5067481 სააღსრულებო საქმეზე აღსრულების ბიუროს შეფასების დეპარტამენტის 05.10.2023 წლის დასკვნის გამოყენების თაობაზე; აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს დავალდებულება მოახდინოს უძრავი ქონების შეფასება შპს „შ...ის“ დასკვნის საფუძველზე; ასევე მოითხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების დეპარტამენტის ქმედების უკანონოდ ცნობა, უძრავი ნივთის მდებარე: ქ. რუსთავი, მ/რ ..., N14, ს/კ... - ღირებულების 236000 ლარად განსაზღვრის შესახებ.
სარჩელის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს გაცემული N150893566 აქტი, სადაც მოსარჩელეს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ...ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 11 557.32 აშშ დოლარი და 125.56 ლარი. აღნიშნული წარმოების ფარგლებში, აუქციონის წესით რეალიზებას ექვემდებარება აღსრულების საგანი - უძრავი ქონება მდებარე რუსთავში, მე-… მ/რ, N14, ბინა 90/91, ს/კ .... აღმასრულებლის ლ. კ-ის მიმართვის საფუძველზე შეფასების დეპარტამენტმა მითითებული უძრავი ნივთის ღირებულებად განსაზღვრა 236 000 ლარი, მაშინ როდესაც შპს „შ...ის“ მიერ ქონება შეფასდა 285000 ლარად. გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეფასების დეპარტამენტს სხვა ქონების საკადასტრო კოდი აქვს მითითებული დასკვნაში, რომელიც არ ეკუთვნის რ. მ-ას და რომლის ფართიც 69,50 კვ.მ -ს შეადგენს. დასკვნა მომზადებულია შეცდომით და შემფასებელს 132 კვ.მ-ის ნაცვლად რეალურად 69 კვ.მ აქვს შეფასებული ამონაწერის მიხედვით (რადგან აღსრულების ეროვნული ბიუროს შემფასებლები მისამართზე არ ყოფილან), რაც ბუნებრივია, მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევდა საბაზრო ღირებულების დადგენისას.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნულ საკითხზე მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას ადგილი არ ჰქონია და აუქციონის ჩატარება იგეგმება შეცდომით მომზადებული დასკვნის საფუძველზე, რაც არღვევს მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა რა ზემოაღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები და მათი სამართლებრივი საფუძველი, 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით რ. მ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლოს მსჯელობით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს, შესაბამისად, ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული ქმედებებიდან გამომდინარე, შესაძლო ვალდებულებების წარმოშობასთან დაკავშირებით ადრესატს წარმოადგენს არა აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო, არამედ თავად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ნოემბრის განჩინებით რ. მ-ას სარჩელი, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, საქმის მასალებთან ერთად, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია დავის ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად ისეთი კრიტერიუმების შეფასება, როგორიცაა მოპასუხე სუბიექტი, ვის მიმართაც წარდგენილია სასარჩელო მოთხოვნა და მისი ადგილმდებარეობა.თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით. ანალოგიურ დათქმას შეიცავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების სისტემას, დებულებებს და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს დებულების მე-9 მუხლის თანახმად, ბიუროს ძირითადი მიზანია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული აღსასრულებელი აქტების აღსრულების უზრუნველყოფა და მოქმედი კანონმდებლობით ან ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ისეთი დამატებითი საქმიანობის განხორციელება, რომელიც თავსებადია მის ძირითად ფუნქციასთან, მიმართულია პირთა უფლებების დადასტურებისა და დაცვის უზრუნველყოფისაკენ და მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განტვირთვას, ხოლო ამავე დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ადგილსამყოფელია ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. N29.
სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდიდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს ქმედებას და აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების დეპარტამენტის ქმედებას, ხოლო მოპასუხედ დასახელებულია ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო და აღსრულების ეროვნული ბიურო. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს კანონი აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვროს უფლებამოსილი განსჯადი სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად. შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ გამოიყენა კანონმდებლობით დადგენილი მისთვის მინიჭებული უფლება და სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ საქმეზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა რუსთავის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე, განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ [სამართლიანი სასამართლოს] უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის N1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-106).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერი სასამართლოს უფლება სახელმწიფოსაგან მოითხოვს სასამართლოს განსჯადობის ზუსტ განსაზღვრას. აღნიშნულის შესაბამისად, საერთო სასამართლოების სისტემა, სასამართლოთა გვარეობითი (საგნობრივი), ტერიტორიული და ინსტანციური იურისდიქცია განსაზღვრულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საპროცესო სამართლის ნორმებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ განსახილველ ცალკეულ დავებზე საპროცესო კანონმდებლობა ერთმანეთისაგან განასხვავებს უწყებრივ ქვემდებარეობას (Substantive Jurisdiction) და განსჯადობას (Court Jurisdiction). სასამართლოს უწყებრივი ქვემდებარეობა მოიაზრებს არსებითი იურისდიქციის დადგენას, ანუ იმის განსაზღვრას, განეკუთვნება თუ არა საქმე საერთო სასამართლოებს, შედის თუ არა ამ საქმის განხილვა საერთო სასამართლოების უფლებამოსილებაში (იურისდიქციაში), ხოლო განსჯადობა (მისი ვიწრო გაგებით) ნიშნავს იმის გარკვევას, თუ რომელი სასამართლოა უფლებამოსილი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსჯადობის წესების დაცვა პირდაპირ დაკავშირებულია მხარეთა უფლებების სრულყოფილ რეალიზებასთან. „განსჯადობის წესების დარღვევით საქმის განხილვა თავისთავად, უკვე თვით განსჯადობის წესის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტის გამო, ადასტურებს საქმის უხეში საპროცესო დარღვევით განხილვას და შედეგად იწვევს სამართალწარმოების წესების დარღვევით დავის გადაწყვეტას“ (სუსგ 06.06.2012 წ. საქმეზე Nბს-1394-1377(კ-11)). თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია და რაიმე სახის შეზღუდვა იმპერატიულად დადგენილი არ არის, მოსარჩელეს უფლება აქვს, აირჩიოს სასამართლო, რომელიც განიხილავს მის სარჩელსა თუ საჩივარს (სსკ-ის მე-20 მუხლი). „სასამართლოს არჩევის უფლება მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს სასამართლოების ალტერნატიულ განსჯადობასთან - როცა საქმე სხვადასხვა საფუძვლებით თანაბრად რამდენიმე სასამართლოს განსჯადია. ეს უფლება არ მოქმედებს, თუ რომელიმე სასამართლოს კონკრეტულ საქმეზე აქვს ექსკლუზიური სპეციალური განსჯადობა“ (ავტორთა კოლექტივი, „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2020).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, მხარეების შეთანხმება სასამართლო განსჯადობაზე (პროროგაცია) ან რომელიმე სასამართლოს იურისდიქციის გამორიცხვა (დეროგაცია) ადმინისტრაციულ სამართალში არ დაიშვება. მსგავსი შეთანხმებები არ ცვლის კანონმდებლობით დადგენილ განსჯადობის იმპერატიულ წესს. ამასთანავე, სარჩელის წარმოებაში მიღება არ აბრკოლებს შემდგომში, სათანადო საფუძვლების გამოვლენისას, სასამართლოს მიერ ტერიტორიულ ან საგნობრივ განსჯადობაზე მსჯელობის, სარჩელის განსჯადი სასამართლოსათვის გადაგზავნის შესაძლებლობას (სუსგ 28.05.2020წ. Nბს-430 (გ-19)).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე უძრავ ქონებასთან ან სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარეობს ეს უძრავი ქონება ან არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. რაც შეეხება ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა სასამართლოს ტერიტორიულ განსჯადობას, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების, რეალაქტის განხორციელების თაობაზე შედის იმ ადმინისტრაციული სასამართლოს კომპეტენციაში, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება უზრუნველყოფს როგორც პროცესის ეკონომიურობისა და ოპერატიულობის პრინციპთა რეალიზაციას, ასევე სასამართლოების თანაბარ დატვირთვას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს განსახილველი დავის თავისებურებები. მათ შორის, ტერიტორიული განსჯადობის საკითხის გადაწყვეტის ზოგადი წესი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, რომლის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო სასამართლომ Nბს-2(გ-20) საქმეზე 2020 წლის 27 იანვარს გამოტანილ განჩინებაში განმარტა, რომ სააღსრულებო წარმოების სპეციფიკა და აღსრულების მრავალეტაპიანი პროცედურა, გამორიცხავს სააღსრულებო წარმოებიდან გამომდინარე დავებთან მიმართებით ცალსახა მიდგომის განვითარების შესაძლებლობას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა უნდა მოხდეს დავის საგნიდან გამომდინარე, იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რას ხდის მოსარჩელე სადავოდ.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იმავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ერთიანი, ცენტრალიზებული მოწყობის მიუხედავად, სააღსრულებო წარმოება, კანონის საფუძველზე და კანონისავე შესაბამისად, ხორციელდება ცალკეულ ეტაპებად, რაც განაპირობებს ინდივიდუალურად აღმასრულებლის და აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილებათა დისტანცირებას და შესაძლებელს ხდის, აღსრულების მრავალსაფეხურიანი ციკლიდან, ერთ-ერთი მათგანი გამოიყოს ცალკე და დაექვემდებაროს დამოუკიდებელ სამართლებრივ კონტროლს. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ადგენს კრედიტორისა და მოვალის უფლებას გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ან პირდაპირ სასამართლოში − ასეთი ქმედების განხორციელებიდან 1 თვის ვადაში. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლი განსაზღვრავს ქვემდებარეობის საკითხს და ადგენს, რომ აღსრულებას ახორციელებს ის სააღსრულებო ბიურო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც იმყოფება უძრავი ქონება.
დასკვნის სახით, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოებმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავების განსჯადობის განსაზღვრისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინონ თუ რას ხდის სადავოდ მოსარჩელე - აღმასრულებლის ქმედებას, თუ უშუალოდ იძულებით აუქციონს ან/და განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, რაც არსებითად ცვლის სასამართლოს განსჯადობას, რამეთუ პირველ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს აღმასრულებელი, რომლის ადგილსამყოფელი ემთხვევა ტერიტორიული ორგანოს ადგილსამყოფელს და მასზე ვრცელდება იმ სასამართლოს იურისდიქცია, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანო. მეორე შემთხვევაში მოპასუხეა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, რომლის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, რაც განაპირობებს აღნიშნული კატეგორიის დავების თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის დაქვემდებარების აუცილებლობას.
მოცემულ შემთხვევაში, რ. მ-ას სარჩელზე მოპასუხედ დასახელებულია როგორც სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე ამავე ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურო, რომელიც წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოს. დავის საგანია აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე დასკვნის კანონიერება და აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს დავალდებულება მოახდინოს უძრავი ქონების შეფასება შპს „შ...ის“ დასკვნის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო საქმეზე ამ ეტაპზე აუქციონი ჩატარებული არ არის.
ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოს მიერ შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე, ადრესატს კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შემადგენლობაში არსებული ტერიტორიული ორგანოები სრულად არიან აღჭურვილნი სააღსრულებო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებით. ტერიტორიული ორგანოების ამგვარი ფუნქციური დატვირთვა, ერთი მხრივ, განპირობებულია სწორედ პირთა უფლებების დადასტურებისა და დაცვის აუცილებლობით, რათა შესაძლებელი იყოს აღსასრულებელი აქტების დროული და ეფექტური აღსრულება. მეორე მხრივ კი, ემსახურება იმ მიზანს, რომ მხოლოდ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ მოხდეს დავების თავმოყრა, არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება როგორც უშუალოდ სააღსრულებო საქმიანობის განხორციელების პროცესში, ასევე - სასამართლოში, იმ სარჩელებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია ტერიტორიული ორგანოს მიმართ და დავის საგანია აღმასრულებლის მიერ აღსრულების პროცესში განხორციელებული ცალკეული სააღსრულებო მოქმედების კანონიერება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას დავის რუსთავის საქალაქო სასამართლოსადმი კუთვნილების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რ. მ-ას სარჩელი, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. მ-ას სარჩელი, მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და ამავე ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს რუსთავის საქალაქო სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა