Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-876(3კ-23) 23 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტი

მოწინააღმდეგე მხარეები - გ. ე-ა, ე. ე-ა, ლ. ე-ა

მოპასუხე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 7 აგვისტოს გ. ე-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ. ხოლო 2017 წლის 11 აგვისტოს ხარვეზის შევსების მიზნით, განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) გ. ე-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

2017 წლის 18 ოქტომბერს გ. ე-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეებად დაასახელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და საქართველოს მთავრობა. ამასთან მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების, ასევე საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების ბათილად ცნობა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, უძრავ ნივთზე (მდებარე: ქალაქი თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) გ. ე-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 16 მაისს საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 აქტით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული, თუმცა 2017 წლის 19 ივნისს მოსარჩელეს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზეც უარი ეთქვა. ამასთან, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასამართლოსგან გახდა ცნობილი, რომ მისთვის ცხოვრების უფლებით ნ. ს-ასთან ერთად იყო გადაცემული ფართი, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელს მოპასუხე მხარემ გადასცა თითქოსდა პირობადადებული საკუთრება, თუმცა აღნიშნული გარემოება არ იყო ასახული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ამასთან, ფართის გადაცემის მიზეზად მითითებულია ნ. ს-ას და გ. ე-ას ერთ ოჯახად რეგისტრირების ფაქტი, თუმცა, როგორც დოკუმენტებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია, რომ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში მიმდინარე სამართალწარმოების ფარგლებში გაიზარდა მოსარჩელეთა წრე და მოსარჩელე პირებად განისაზღვრნენ გ. ე-ა, ე. ე-ა და ლ. ე-ა. ასევე, კიდევ ერთხელ დაზუსტდა მოთხოვნა და სასარჩელო მოთხოვნად განისაზღვრა შემდეგი: საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების ბათილად ცნობა, 2012 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების (გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას მიმართ) ბათილად ცნობა სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად ქონების გადაცემაზე, გ. ე-ას ნ. ს-ასთან ცხოვრების ვალდებულების ნაწილში; გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და ამავე სამინისტროს 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას საცხოვრებელი ფართით (მდებარე ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) უზრუნველყოფის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულება გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას ნაწილში, ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1 (ს/კ ...), გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას ნაწილში. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საპროცესო უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ე-ა, მისი მეუღლე - ე. ე-ა და შვილი - ლ. ე-ა წარმოადგენდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებს და მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენდა ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, ...ი (...ი). ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №138-ში, პირველ სართულზე მდებარე ოთახი №1, ფართით 14,31 კვ.მ. (ს/კ ...) წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №138-ში, პირველ სართულზე მდებარე №1 ოთახი სს „...ში“ და შპს „...ში“ გამრიცხველიანებული იყო ე-ას სახელზე, ხოლო ამავე მისამართზე, მესამე სართულზე არსებული №4 ოთახი - ს-ას სახელზე.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 17 სექტემბერს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ნ. ს-ას შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ს-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ის გამზ. №138-ში, მე-3 სართულზე მდებარე 20,90 კვ.მ. ფართი. ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ნ. ს-ამ აიღო ვალდებულება გ. ე-ა, ე. ე-ა და ლ. ე-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებოდნენ უფლებამოსილნი მოეთხოვათ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დათქმა ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილ პირებს უზღუდავდა უფლებას და მათ მომავალში უკარგავდა შესაძლებლობას, სახელმწიფოსაგან, როგორც დევნილებს მოეთხოვათ საცხოვრებელი ფართი. აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს ავალდებულებდა, ხელშეკრულების დადების შესახებ ეცნობებინა მესამე პირებისთვის და მოეთხოვა წერილობითი თანხმობის წარდგენა. თუმცა სადავო ხელშეკრულების დადებისას არ არსებობდა გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას წერილობითი თანხმობა, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 67-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნებთან.

ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან იკვეთებოდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების და მოსარჩელეების ნაწილში 2012 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები, ასევე იკვეთებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წინაპირობები. აღნიშნული კი თავის მხრივ განაპირობებდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის გ. ე-ას, ე. ე-ასა და ლ. ე-ას საცხოვრებელი ფართით (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საჭიროებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2012-2014 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებაზე მითითებით აღნიშნავს, რომ ინფორმაცია დევნილთა ოჯახის შემადგენლობის დადგენასთან, დაკავებული საცხოვრებელი ფართის შესახებ, დაკავებული ფართების აზომვითი სამუშაოების წარმოება და სხვა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში არ შედიოდა.

გარდა ამისა, კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულების თანახმად, დევნილის ოჯახის წარმომადგენლის „შესყიდვის ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერა უზრუნველყოფდა პრივატიზაციის პროცესის იურიდიულ მხარეს. ამდენად, ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელის თანხმობა არ იყო აუცილებელი, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოიპოვა უფლება შესაბამის ფართზე და უსაფუძვლო იყო იმაზე მითითება, რომ მას შეეზღუდა რაიმე უფლება ან დაეკისრა ვალდებულება. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში არ იყო დარღვეული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლი, ვინაიდან სააგენტოსა და ოჯახის წევრს შორის ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების საფუძველზე, რომლის მიღების დროსაც მოკვლეულ იქნა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და წერილობითი თანხმობის წარდგენის ვალდებულება არ გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან.

კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს იძულებით გადაადგილებული პირის ვალდებულებას 1 თვის ვადაში აცნობოს სამინისტროს დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეების განსახლების ადგილი იყო ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, ისინი ერთ ოჯახად იყვნენ რეგისტრირებულნი და ოჯახის უფროსად განსაზღვრული იყო ნ. ს-ა, ამდენად სწორედ აღნიშნული მონაცემები დაედო საფუძვლად დევნილთა სამინისტროს შუამდგომლობას, რომელიც მან წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტს და 2012 წლის 17 სექტემბრის განკარგულებით ფართის გადაცემის მომენტისათვის არ არსებობდა რაიმე განსხვავებული ინფორმაცია და მონაცემი მოსარჩელის სხვა მისამართზე რეგისტრაციის შესახებ, რომლის არსებობის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელეების მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენდა 3 წელს, შესაბამისად მოსარჩელეების მოთხოვნა იყო ხანდაზმული, რასაც ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ე-ა მემკვიდრეობის საფუძველზე გახდა ნ. ს-ას კუთვნილი უძრავი ქონების მესაკუთრე.

კასატორის - საქართველოს პრეზიდენტის მითითებით, სასამართლომ ერთი მხრივ დაადგინა როგორც ქონების პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე ნ. ს-ასთვის საკუთრების უფლებით აღრიცხვის, ასევე მისი გარდაცვალების შემდგომ ქონების მემკვიდრეობის გზით გ. ე-ას მიერ მიღების და შემდგომ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მისი ლ. ე-ასთვის აღრიცხვის ფაქტი, თუმცა არასწორად შეაფასა ისინი ვინაიდან აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეები და ნ. ს-ა წარმოადგენენ ერთ ოჯახს, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებების შეფასებისას, აღნიშნული საკითხი ერთ ოჯახად ცხოვრების ფაქტად არ მიიჩნია და ფაქტობრივად არ შეაფასა დევნილი ოჯახის წევრების ანკეტები. კერძოდ, ოჯახის ანკეტების მიხედვით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელეებს და ე. ე-ას გააჩნდათ იდენტური ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ...ის გამზ. №138, ...ი.

ამასთან, კასატორმა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს 2012 წლის მდგომარეობით და ამავდროულად მოქმედი ნორმების შესაბამისად უნდა განემარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ევალებოდა გამოეკვლია გარემოება ცხოვრობდნენ თუ არა მოსარჩელეები მათ მიერ მითითებულ სარეგისტრაციო მისამართზე, არამედ თავად მოსარჩელეებს ევალებოდათ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული ორგანოებისთვის კანონით დადგენილ ვადებში, კერძოდ თუ ისინი შეიცვლიდნენ რეგისტრაციის მონაცემებს ერთი თვის ვადაში უნდა ეცნობებინათ ამის შესახებ შესაბამისი სამინისტროსთვის, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტობრივად მაინც დასტურდება, რომ მოსარჩელეები და ნ. ს-ა ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. კასატორმა დამატებით აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც რეგისტრაციის მისამართის გარდა, მოსარჩელე პირებს გააჩნდათ სხვა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელეებს ეკისრებოდათ.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე მიუთითებს ხანდაზმულობის საკითხზე, მიიჩნევს, რომ სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისას არასწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი და მას უნდა ემსჯელა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარებიან დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების, სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად ქონების გადაცემაზე, გ. ე-ას ნ. ს-ასთან ცხოვრების ვალდებულების ნაწილში 2012 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების (გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას მიმართ), გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე მოთხოვნის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 და ამავე სამინისტროს 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების კანონიერება და მოპასუხისთვის გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას საცხოვრებელი ფართით (მდებარე ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009 - 2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით“ განისაზღვრა, რომ სახელმწიფო დევნილთა საცხოვრებელი პირობების გრძელვადიან გადაწყვეტას ახორციელებს მათთვის საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის გზით დამტკიცებული ეტაპების მიხედვით. აღნიშნული განკარგულების 2.1.1. პუნქტით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის ღონისძიებები განხორციელდება სამ ეტაპად – სამ ფაზად. პირველი ფაზა მოიცავს კომპაქტურად განსახლებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას და სახელმწიფო სთავაზობს მათი ფაქტობრივი ჩასახლების ადგილებს. მეორე ფაზა მოიცავს დევნილებს, რომლებიც ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში, თუმცა არსებულ შენობას სახელმწიფო არ სთავაზობს დევნილებს გრძელვადიანი განსახლების მიზნით (შენობები ავარიულია, რეაბილიტაცია მიზანშეუწონელია, სტრატეგიული მნიშვნელობისაა, კერძო საკუთრებაა), ასევე კერძო სექტორში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ დევნილებს, რომლებიც საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. მესამე ფაზაზე განიხილება იმ დევნილთა დახმარების ალტერნატიული შესაძლებლობები, რომლებიც უარს აცხადებენ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივებზე. ბოლო ეტაპზე განიხილება იმ დევნილების დახმარების შესაძლებლობები, რომლებიც არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას. ამავე განკარგულების 2.2.1. პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი ფართობი – ბინა დევნილ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №4 განკარგულებით დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამაში დეტალურად იქნა მითითებული ის სახელმწიფო ორგანოები და უწყებები და ასევე მათი საქმიანობის სფერო, რომელთა მიერაც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბინების დევნილთა საკუთრებაში გადაცემა. მითითებული განკარგულების მიხედვით, საპრივატიზებოდ შერჩეული კომპაქტური ჩასახლების ობიექტები მათი რეაბილიტაციის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემათ ამ ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრებ დევნილებს, ხოლო მათში რეალურად მცხოვრები დევნილების დადგენას ახდენს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო დევნილთა ჩასახლებებში ჩატარებული რეგისტრაციის შედეგად. შესაბამისად, სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო საპრივატიზებოდ შერჩეულ დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში აღწერდა ამ ობიექტში რეალურად მცხოვრებ დევნილებს, ადგენდა მათი ოჯახების შემადგენლობას და აღნიშნულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის ორგანოს, რომელიც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების შესაბამისად აფორმებდა დევნილის ოჯახის წარმომადგენელთან ნასყიდობის ხელშეკრულებას.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. ე-ა, მისი მეუღლე - ე. ე-ა და შვილი - ლ. ე-ა წარმოადგენდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებს და მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, ...ი (...ი). ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №138-ში, პირველ სართულზე მდებარე ოთახი №1, ფართით 14,31 კვ.მ (ს/კ ...) წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №138-ში, პირველ სართულზე მდებარე №1 ოთახი სს „...ში“ და შპს „...ში“ გამრიცხველიანებული იყო ე-ას სახელზე, ხოლო ამავე მისამართზე, მესამე სართულზე არსებული №4 ოთახი - ს-ას სახელზე.

ასევე დადგენილია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულებით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138; ფართით 20,90 კვ.მ.; ს/კ ... პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლური ფასად 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცათ ლ. ე-ას, ნ. ს-ას (ოჯახის უფროსი), გ. ე-ას და ე. ე-ას. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულების საფუძველზე, 2012 წლის 17 სექტემბერს, ერთის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და მეორეს მხრივ, ნ. ს-ას შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნ. ს-ას გადაეცა პირობადადებული საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ...ი, ...ის გამზ. №138-ში, მე-3 სართულზე მდებარე 20,90 კვ.მ. ფართი.

ამასთან, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, ნ. ს-ამ აიღო ვალდებულება გ. ე-ა, ე. ე-ა და ლ. ე-ა უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით მისთვის გადაცემულ ქონებაში. ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის მყიდველი და ხელშეკრულების 2.2. პუნქტში ჩამოთვლილი ოჯახის წევრები არ იქნებოდნენ უფლებამოსილნი მოეთხოვათ სახელმწიფოსაგან ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია, გარდა საქართველო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემას მათი დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, გარდა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონებისა.

დადგენილია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში ქ. თბილისში, ...ის გამზ. №138-ში მე-3 სართულზე მდებარე 20,90 კვ.მ. ფართი (ს/კ ...) პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების ხელშეკრულების (17.09.2012წ.) საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ნ. ს-ას სახელზე, რომელიც გარდაიცვალა 2014 წლის 18 იანვარს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერით კი დგინდება, რომ აღნიშნული ქონება 2014 წლის 15 ოქტომბრის №141130961 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა გ. ე-ას სახელზე. გარდა ამისა, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით ასევე დგინდება, რომ ქ. თბილისში, ...ის გამზ. №138-ში მე-3 სართულზე მდებარე ფართი №24, ფართობით 20,90 კვ.მ. ფართი, 2017 წლის 21 თებერვლის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღირიცხა ლ. ე-ას სახელზე.

დადგენილია, რომ გ. ე-ას წარმომადგენელმა გ. ვ-ემ 2017 წლის 16 მაისს მარწმუნებლის საცხოვრებელი ფართის უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, რომელმაც 2017 წლის 25 მაისის №01-02/08/12956 გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და განმარტა, რომ დევნილთა ოჯახები, რომლებსაც სახელმწიფოს ან კერძო ინვესტორის მიერ, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე მიღებული აქვთ საცხოვრებელი ფართი ან/და საცხოვრებელი ფართის სანაცვლო ფულადი კომპენსაცია, ითვლებოდნენ სახელმწიფოს მიერ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში დაკმაყოფილებულად და მათი საცხოვრებელი ფართით ხელახლა დაკმაყოფილების საკითხი სახელმწიფოს მიერ აღარ განიხილებოდა. მოსარჩელემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, იმ დასაბუთებით, რომ გ. ე-ა შეყვანილი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და მოქალაქე ნ. ს-ას შორის 2012 წლის 17 სექტემბერს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც ნ. ს-ას საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ფართი - ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138-ში, ყოფილი ...ის შენობის მე-3 სართულზე მდებარე ბინა №24 (ს/კ ...). აღნიშნული ხელშეკრულების 2.2. პუნქტის გათვალისწინებით, ნ. ს-ა ვალდებული იყო ამავე საცხოვრებელი ფართით უზრუნველეყო გ. ე-ა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას, ძალაში შეიძლება შევიდეს მხოლოდ მესამე პირის მიერ წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მესამე პირს, რომლის ინტერესებსაც იგი შეეხება, რომელსაც უფლება აქვს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებამდე წარადგინოს საკუთარი მოსაზრება.

ამდენად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ხელშეკრულების კონკრეტული საგნის დაკონკრეტების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში ითვალისწინებს იმ პირების ინტერესებს, რომელთა უფლებებიც შესაძლოა შეზღუდოს კონკრეტულმა ადმინისტრაციულმა ხელშეკრულებამ, აღნიშნულის მიზანს კი სწორედ ისეთი სიტუაციების თავიდან არიდება წარმოადგენს, რომლებშიც შესაბამის პირებს შესაძლოა საკმარისი ინფორმაციის ფლობის გარეშე დაეკისროთ იმგვარი ტვირთი, რომელზე თანხმობასაც ისინი ინფორმირებულობის პირობებში არ განაცხადებდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განმარტებას, განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს მოსარჩელის თანხმობის აუცილებლობის არ არსებობის შესახებ, იმ მიზეზზე მითითებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოიპოვა უფლება შესაბამის ფართზე და უსაფუძვლო იყო იმაზე მითითება, რომ მას შეეზღუდა რაიმე უფლება ან დაეკისრა ვალდებულება, აღნიშნულის საპირისპიროდ საკასაციო სასამართლო მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ „ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ სადავო ნორმაში მოცემული სამართლებრივი (ნორმატიული) სინამდვილე და მისი გამოყენების შედეგად დამდგარი ფაქტობრივი სინამდვილე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6), გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად „საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-16). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლში მითითებული ჩანაწერი „ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს მესამე პირის უფლებებს ან აკისრებს მას რაიმე ვალდებულებას“ არ შეიძლება გაგებულ იქნეს ვიწროდ და სიტყვა-სიტყვით, მისი რეალური შინაარსის გამოკვეთის გარეშე, კერძოდ, გარკვეულ შემთხვევებში, ფორმალური თვალსაზრისით უფლების მიმნიჭებელი (მაგ: საკუთრების უფლების მოპოვება) ხელშეკრულებაც კი, შედეგობრივად შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს ზოგიერთი პირისთვის, თუ ასეთი ხელშეკრულება რეალურად არ გამოხატავს მხარის ნამდვილ ნებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მართალია ნ. ს-ას მიერ დადებული ხელშეკრულების დადებამ, შედეგობრივად გამოიწვია გ. ე-ას საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით უძრავი ქონების აღრიცხვა, რომელიც შემდგომ ჩუქების გზით გადასცა მის შვილს - ლ. ე-ას, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავდა ხელშეკრულების მიმართ მოსარჩელეების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილების არსებობას და მათი თანხმობის აუცილებლობას, რამდენადაც აღნიშნული ხელშეკრულება მათ პირდაპირ ართმევდა შესაძლებლობას, მომავალში სახელმწიფოსგან, როგორც დევნილ პირებს მოეთხოვათ საცხოვრებელი ფართი.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ხელშეკრულების მოსარჩელეების ნაწილში ბათილად ცნობის თაობაზე, რამეთუ არ არსებობდა მის დადებაზე მოსარჩელეთა წერილობითი თანხმობა. ხელშეკრულების 2.4 პუნქტით მოსარჩელეებს, როგორც დევნილებს, ისე აეკრძალათ უფლება, მოეთხოვათ სახელმწიფოსგან რაიმე სახის კომპენსაცია, ასევე, უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, რომ ამის შესახებ სახელმწიფოს მათთვის არ უცნობებია, არ მიუწვევია ისინი ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, მოსარჩელეებს არ გაუციათ თანხმობა - წერილობითი ფორმით ხელშეკრულების დადებაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 67-ე მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულებისა და 2012 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მოსარჩელე პირების ნაწილში ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ დასახელებული აქტების ბათილად ცნობა ქმნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2017 წლის 25 მაისის №01- 02/08/12956 და 2017 წლის 19 ივლისის №05-01/06/18543 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსთვის გ. ე-ას, ე. ე-ას და ლ. ე-ას საცხოვრებელი ფართით (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის გამზ. №138, პირველი სართული, ოთახი №1) უზრუნველყოფის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.

რაც შეეხება კასატორების მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებასთან და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებასთან დაკავშირებით სადავო საკითხების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქმის მასალებით არ დგინდება ხელშეკრულების დადების შესახებ ცნობილი იყო თუ არა მოსარჩელეებისათვის. აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოს კი არ წარმოუდგენია. ხელშეკრულებაშივე მითითებულია, რომ ხელშეკრულება შედგა ერთ ეგზემპლარად. ხელშეკრულება გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციოდ და არ გადასცემიათ მხარეებს. ასევე საჯარო რეესტრის მონაცემებში, კერძოდ ამონაწერში, მითითებულია მხოლოდ მესაკუთრე ნ. ს-ა. დამატებით რაიმე ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბინას სხვა მოსარგებლეები ჰყავს ან რომ ბინაზე რაიმე უფლება აქვთ მოსარჩელეებს, რეგისტრირებული მონაცემებით არ დასტურდება. ამდენად, ნ. ს-ას გარდაცვალების შემდგომ, 2014 წლის 15 ოქტომბრის №141130961 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, გ. ე-ას მიერ ...ის გამზ. №138-ში მე-3 სართულზე მდებარე 20,90 კვ.მ. ფართზე სამკვიდროს მიღებამდე, მოსარჩელეების მხრიდან რაიმე ინფორმაციის ფლობა საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 17 სექტემბრის №17/09/01 განკარგულებისა და ნ. ს-ას მიერ დადებული 2012 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე არ დასტურდება, სარჩელი კი პირველად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 7 აგვისტოს - კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დაცვით იქნა წარდგენილი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე