საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-1256(კ-23) 24 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - შპს ,,...ი“
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მცირეწლოვანი მოსარჩელე) - დ. თ-ე
კანონიერი წარმომადგენელი (დედა) - ნ. გ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2021 წლის 21 დეკემბერს დ. თ-ემ წარმომადგენლის მეშვეობით სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს შპს ,,...ის“ მიმართ და მოპასუხისათვის დ. თ-ის სასარგებლოდ 3820 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 24 აგვისტოს დაბადებული დ. თ-ე დაავადებულია ...ით - .... მისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების მიზნით სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მოსარჩელის დედამ მიმართა შპს „...ს“, თუმცა უარი ეთქვა სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, დიაგნოზი-...ი, არ წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს, ხოლო ...ის დადგენა, სამ წლამდე ასაკის ბავშვებში, მათი განვითარების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო. იგივე საფუძვლებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 21 ოქტომბრის 2 N02/54877 გადაწყვეტილებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ზემოხსენებული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა სასამართლო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „...ს“ დაევალა დ. თ-ის შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და 2020 წლის 11 დეკემბერს დ. თ-ეს მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მოსარჩელის განმარტებით, დ. თ-ემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დროულად მიუღებლობით, განიცადა მატერიალური ზიანი, კერძოდ, ვერ მიიღო „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული პაკეტი, მითითებულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 5 თვის განმავლობაში - ყოველთვიურად 200 ლარი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად - 220 ლარი, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად - 250 ლარი, რაც ერთიანობაში შეადგენს 3820 ლარს.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - შპს „...ს“ დ. თ-ის სასარგებლოდ 3820 (სამი ათას რვაას ოცი) ლარის გადახდა დაევალა.
სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 992-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ შპს „...ის“ დირექტორის მიერ 2019 წლის 26 ივლისს, დ. თ-ის დედას - ნ. გ-ას უარი ეთქვა დ. თ-ის შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, რომ განმცხადებლის მოთხოვნის პერიოდში დ. თ-ე იყო სამ წლამდე ასაკის, ხოლო ბავშვის ჩამორჩენილობის ხარისხის დადგენა 3 წლის ასაკამდე შეუძლებელი იყო, მიუხედავად მისი დიაგნოზისა - ...ი -.... შპს „...ის“ აღნიშნული პოზიცია გაზიარებულ იქნა ზემდგომი/მაკონტროლებელი ორგანოს - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 გადაწყვეტილება) მიერ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის N3/ბ-99-2020 გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებულია, კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული მითითებული გადაწყვეტილებები, შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ №197 გადაწყვეტილება და იმავე საკითხთან დაკავშირებით სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის N02/54877 გადაწყვეტილება; შპს „...ს“ დაევალა დ. თ-ის შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარება.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დ. თ-ეს სოციალური ექსპერტიზა ჩაუტარდა და შშმ სტატუსი განესაზღვრა არა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ როგორც სამი წლის ასაკის ბავშვს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის N3/ბ-99-2020, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არც სამოტივაციო (დასაბუთების) და არც სარეზოლუციო ნაწილებიდან. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, „მოპასუხეთა უარი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლებით, რომ „...ი“ არ არის იმ დაავადებათა ჩამონათვალში, რაც შესაძლებლობის შეზღუდვის დადგენის საფუძველს წარმოადგენს და ამასთან, გონებრივი ჩამორჩენილობის განსაზღვრა ხდება სიმძიმის მიხედვით სხვადასხვა ასაკში, მათ შორის „...ა“ 3-დან 12 წლამდე, - ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და ზღუდავს ამ აქტებით გარანტირებულ უფლებებს“. აღნიშნულით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე სახელმწიფოს უარით კანონსაწინააღმდეგოდ შეიზღუდა დ. თ-ის უფლება - მიეღო ის სერვისები (მომსახურება), რაც კანონის შესაბამისად, უნდა მიეღო.
სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები და 2023 წლის 09 ნოემბერს მიღებული განჩინებით შპს ,,...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, შესაბამისად სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წლის 09 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...მა“.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ. თ-ისათვის ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში მას კომისია მიანიჭებდა სტატუსს და მიიღებდა თანხას, რისი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სამი წლის ასაკამდე მოსარჩელისათვის სტატუსის დადგენა შეუძლებელი იყო შპს ,,...ის“ კომისიის მიერ. ხსენებულ კომისიას, რომელიც არის მონოპროფილური, თავისი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში, რაც განსაზღვრულია შესაბამისი ლიცენზიით, არ შეეძლო და არც ამჟამად შეუძლია „...ით“ სამი წლის ასაკამდე პირს მიანიჭოს სტატუსი. აღნიშნული საფუძვლით განისაზღვრა სტატუსის მინიჭების შესაძლებლობის ასაკის ქვედა ზღვარი სამი წლის ზემოთ, ხოლო „...ით“ სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა განისაზღვრა ასევე მულტიპროფილური დაწესებულების კომისიის მიერ.
კასატორი აღნიშნავს, რომ თუ შპს ,,...ი“ ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლების და საკანონმდებლო დანაწესის დარღვევით მიანიჭებს სტატუსს, თუნდაც საერთაშორისო კონვენციებზე აპელირებით, დადგებოდა შესაბამისი სამართლებრივი, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია კონკრეტული საკითხის მიმართ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის - მიდგომისა და საკანონმდებლო დონეზე რეგულაციის პრობლემა და ამით გამოწვეული შედეგები, რისი შეცვლა/გამოსწორება აღემატება კასატორის შესაძლებლობებს და, შესაბამისად, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 09 ივნისის გადაწყვეტილებაში (24-ე გვერდის ბოლო აბზაცი) მითითებულია, რომ „სამართლებრივი ვაკუუმი უქმნის დაბრკოლებას წინამდებარე საქმეზე მომჩივანს". კასატორის მითითებით, სასამართლომ თავად განმარტა, რომ ზიანი, რომლის დადგომაც არაფრით დასტურდება, ანაზღაურებას ექვემდებარება სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა პასუხისმგებლობა დააკისრა მოპასუხეს, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო შესაბამის დაწესებულებას. ის სამეწარმეო სუბიექტია, რომელსაც თუ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯის გაღება მოუწევს, ხელფასების გარეშე დარჩებიან თანამშრომლები და მძიმე ქრონიკული პაციენტები. ამდენად, სასამართლო ფაქტობრივად აღნიშნავს, რომ შპს ,,...ი“ არასათანადო მოპასუხეა და მაინც მას აკისრებს არარსებული ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული აქტები ბათილად ცნო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დაავალა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის ჩატარებისას - 2020 წელს მოსარჩელე იყო სამი წლისა და ოთხი თვის, რის გამოც გახდა შესაძლებელი მინიჭებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი დიაგნოზით - ...ა ...ის მიმართულებით, რაც მას ვერ მიენიჭებოდა სამი წლის ასაკამდე, რადგანაც ვერ დადგინდებოდა ...ის დარღვევა სამი წლის ასაკამდე ბავშვის ...ი განვითარების ნორმებიდან გამომდინარე. სხვა მიმართულებით (...ი) კვლევა, გარდა ...ისა, აღემატება და არ შედის მოპასუხის კომპეტენციაში, მას უბრალოდ არ გააჩნია ამის უფლება და მოსარჩელესაც მხოლოდ ...ის დარღვევები ჰქონდა, რაც ვერ ფასდება და ვერ დგინდება სამი წლის ასაკამდე. შესაბამისად, სამი წლის ასაკამდე ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაშიც კი მოსარჩელეს ვერ დაუდგინდებოდა ...ის დარღვევა და ვერ მიენიჭებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რამეთუ ...ი არ წარმოადგენდა იმ დროისათვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების საფუძველს. ამდენად, არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს ნამდვილად მიენიჭებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ პირველივე მიმართვისას ჩატარდებოდა ექსპერტიზა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ მოსარჩელე დ. თ-ეს აქვს ...ი - ... - განვითარების ეტაპების ჩამორჩენა. 2019 წლის 9 ივლისს მოსარჩელის დედამ ნ. გ-ამ განცხადებით მიმართა შპს „...ს“ და მოითხოვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მინიჭების მიზნით, დ. თ-ისათვის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარება. შპს „...ის“ დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის №197 წერილით ნ. გ-ას უარი ეთქვა დ. თ-ისათვის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე იმ საფუძვლით, რომ დიაგნოზი - ...ი - ..., არ წარმოადგენდა შშმ სტატუსის დადგენის საფუძველს, ხოლო ბავშვის ჩამორჩენილობის ხარისხის დადგენა 3 წლის ასაკამდე შეუძლებელი იყო. ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სსიპ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის №02/54877 აქტითაც. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ნ. გ-ამ სასამართლო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის №3/ბ-99-2020 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი შპს „...ის“ დირექტორის 2019 წლის 26 ივლისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმის შესახებ №197 გადაწყვეტილება და იმავე საკითხთან სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2019 წლის 21 ოქტომბრის №02/54877 გადაწყვეტილება; შპს „...ს“ დ. თ-ის (დაბადების თარიღი - ...წ.) შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარება დაევალა. დ. თ-ეს შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის მიზნით სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა ჩაუტარდა და 2021 წლის 11 დეკემბერს, მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. დადგენილია, რომ დ. თ-ე 2021 წლის 14 იანვრიდან იღებს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტს.
წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს შპს ,,...ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება. თავდაპირველად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: დამდგარი ზიანი, მართლწინააღმდეგობა, მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კასატორის მიერ დ. თ-ეს უარი ეთქვა სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე, რაც კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის №3/ბ-99-2020 გადაწყვეტილებით მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული, რისი რევიზიაც კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენს საკასაციო სასამართლოს კომპეტენციას. ამდენად, დადგენილია, რომ დ. თ-ისათვის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარის თქმა წარმოადგენდა უკანონო ქმედებას. ასევე დადგენილია, რომ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ჩატარებისთანავე - 2021 წლის 11 დეკემბერს მოსარჩელეს მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და დაენიშნა შესაბამისი სოციალური პაკეტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის პირობებში, დ. თ-ეს შესაბამისი სოციალური პაკეტი დაენიშნებოდა არა 2021 წლის 14 იანვრიდან, არამედ შპს ,,...ისათვის“ პირველი მიმართვის მომდევნო თვიდან - 2019 წლის აგვისტოდან.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა