საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-252(კ-24) 23 ივლისი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-ა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 6 ოქტომბერს რ. მ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2013-2014 წლებში არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია, რის გამოც ჩამოერთვა დევნილის სტატუსი. 2022 წლის 2 მაისს განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, რაზედაც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის №MOH 3 22 00000180 ბრძანებით ეთქვა უარი.
მოსარჩელემ დევნილის სტატუსის აღდგენაზე ურის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის №MOH 3 22 00000180 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რ. მ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე, გამოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით რ. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის №MOH 3 22 00000180 ბრძანება; მოპასუხეს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა რ. მ-ასთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განმარტა, რომ დევნილის სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მათ შორის, მას კონკრეტული საფუძვლით - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხის შექმნის მიზეზით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელი უნდა იყოს მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად, აუცილებლად უნდა განისაზღვროს პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, რასაც უკავშირდება ტერიტორიის დატოვებისა და უკან დაბრუნების შეუძლებლობის გამომწვევი საფუძვლების დადგენაც. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. ამავე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კანონი ერთმანეთისგან განასხვავებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილსა და რეგისტრაციის ადგილს. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და რეგისტრაციის ადგილი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის და კანონის განმარტებიდან გამომდინარე, უკავშირდება დევნილობის პერიოდს, თუ სად არის პირი სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ან სად ცხოვრობს იგი, რეგისტრაციის გარეშე. რაც შეეხება მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ერთი მხრივ, იგი პირის მიერ არჩეული უნდა იყოს საცხოვრისად, რაც მოიცავს პირის ნებელობასა და ამ მისამართზე ფაქტობრივ ცხოვრებას, მეორე მხრივ კი, მითითებული ადგილი პირს დატოვებული უნდა ჰქონდეს იძულებით. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ეხმიანება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით გათვალისწინებული ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობას, კერძოდ, მითითებული ნორმის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. მართალია, კანონმდებლობით პირს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ დევნილის სტატუსის მინიჭებისთვის განმსაზღვრელია ის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, რომელიც პირს არჩეული აქვს ჩვეულებრივ საცხოვრებლად და სადაც ფაქტობრივად იმყოფება. ამდენად, დროის გარკვეულ პერიოდში პირს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზნებისათვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება კანონით გათვალისწინებული რომელიმე მიზეზის არსებობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას ყურადღება გაამახვილა საქმეზე წარმოდგენილ აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 02 მაისის N0000099 ცნობაზე, რომლის თანახმად, რ. მ-ა 1980 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში. რ. მ-ას 1980 წლიდან 1993 წლამდე აფხაზეთში ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია ასევე მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის მოწმის სახით დაკითხული ნ. ბ-ასა და თ. ბ-ას ჩვენებებით, რომლებმაც განაცხადეს, რომ 1993 წლამდე, რუსეთ-საქართველოს ომამდე რ. მ-ა ნამდვილად ცხოვრობდა აფხაზეთში, მუდმივად მუშაობდა ...ის ...ის თანამდებობაზე და ომის დაწყების დროსაც საცხოვრებელში იმყოფებოდა. სასამართლომ ასევე, ყურადღება მიაქცია 2004 წლის 28 მაისის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს N... დევნილის მოწმობის ასლზე, რომლითაც დასტურდება რ. მ-ას სახელზე დევნილის მოწმობის გაცემის ფაქტი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, თავად მოსარჩელისა და მოწმეთა განმარტება, რომ რ. მ-ა მუშაობდა სოხუმში, სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მოსარჩელე საცხოვრებლითა და სამსახურებრივად დაკავშირებული იყო აფხაზეთთან და მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ...ის რაიონი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმისა და მხარეების განმარტების შესაბამისად დასტურდება მოსარჩელე რ. მ-ას აფხაზეთში მუდმივად ცხოვრების ფაქტი. ამდენად, აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოპასუხე მხარის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო აქტში მითითებული გარემოებები, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტაცია, მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორის განმარტებით, სასამართლო პირის სამუშაო ადგილს, სადაც მოსარჩელე დროებით სამსახურის მიზნით იმყოფებოდა, განმარტავს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად და შესაბამისად, არასწორად უთითებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
როგორც საქმის მასალებით დგინდება, რ. მ-ა დაიბადა ...ში, აფხაზეთში არ უსწავლია, დაოჯახდა 1987 წელს ...ში, სადაც შეეძინა შვილები. 1980 წლიდან იმყოფებოდა სოხუმში და რეგისტრირებულიც იყო ...ის დასახლებაში, სადაც მუშაობდა, თუმცა დროებით სამსახურის მიზნით აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მუდმივ მაცხოვრებელს და სამხედრო აგრესიის შედეგად დატოვა ტერიტორია.
კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს პოზიცია, როდესაც მხედველობაში იღებს რეგისტრაციის მისამართს ცხოვრების ფაქტის დასადგენად ოკუპირებულ ტერიტორიაზე. სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე დადგენილი პრაქტიკა მუდმივად ცხოვრების ფაქტთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება.
,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს დევნილის სტატუსი ეკუთვნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამავე კანონით განმარტებულია მუდმივი საცხოვრებლის დეფინიცია: დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი მშობელი (მშობლები) ან მისი პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზების გამო; დევნილის სტატუსის მისანიჭებლად უდიდესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, საქმის მასალებით ნათლად ჩანს, რომ მოსარჩელე თავისი ყოფა-ცხოვრებით არ იყო დაკავშირებული დღეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიასთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
კონკრეტულ შემთხვევაში სადავო საკითხს წარმოადგენს დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის თაობაზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 6 ივნისის №MOH 3 22 00000180 ბრძანების კანონიერება და მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონზე, რომელიც ადგენს, მათ შორის, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა.
აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა გულისხმობს არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას, არამედ - პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენას. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, დევნილის სტატუსის მინიჭებისას, მნიშვნელოვანია სწორედ, მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტის დადასტურება („მუდმივი საცხოვრებელი ადგილის“ განმარტებასთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 1 თებერვლის განჩინება საქმეზე №ბს-1227-1213(კ-11)).
საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის საკითხის დადგენის მიზნებისათვის, ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა განმარტებებსა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. მ-ა დაიბადა ... წლის ... ...ს ...ში. 2004 წლის 28 მაისის, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს N... დევნილის მოწმობით დასტურდება რ. მ-ას სახელზე დევნილის მოწმობის გაცემის ფაქტი. 2022 წლის 2 მაისის აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტრო სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს N0000099 ცნობის თანახმად, რ. მ-ა 1980 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში. 2022 წლის 3 ოქტომბრის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის N12-1262227640 წერილის თანახმად, რ. მ-ა ნამდვილად ცხოვრობდა 1993 წლიდან 2004 წლამდე მისამართზე: ქ. ..., ...ას ქ. N4. 2022 წლის 2 მაისს, რ. მ-ამ №24832 განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და დევნილის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. აღნიშნული განცხადებით რ. მ-ამ განაცხადა, რომ მას არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. დევნილის სტატუსის აღდგენასთან დაკავშირებით დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოსარჩელემ გასაუბრების ოქმში მიუთითა, რომ დაიბადა ... წელს ...ში. აფხაზეთის ტერიტორიაზე არ მიუღია არანაირი განათლება. დაოჯახდა 1987 წელს ...ში. 1988 და 1990 წლებში შეეძინა შვილები ...ში. მეუღლე - ნ. გ-ა დაიბადა ... წელს ...ში. მეუღლე და შვილები ამჟამად იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში და შეწყვეტილი აქვთ დევნილის სტატუსი რეგისტრაციების გაუვლელობის გამო. რ. მ-ას თქმით, 1980 წლიდან მუშაობდა სოხუმის ...ში და რეგისტრირებული იყო ...ის დასახლებაში. ამჟამად, რ. მ-ას დევნილის სტატუსი აქვს შეწყვეტილი, რადგან არ გაუვლია დევნილთა სავალდებულო რეგისტრაცია. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების, გარემოებებისა და ფაქტების შესწავლის და შეფასების შედეგად, რ. მ-ასთან მიმართებით არ დასტურდება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. შესაბამისად, სამინისტრომ მიზანშეუწონლად მიიჩნია რ. მ-ასთვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენაში მოიაზრება არა კონკრეტულ ადგილზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლა, არამედ პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული, ფაქტობრივი ცხოვრების მისამართის დადგენა. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის პირის ნებას თან უნდა ახლდეს ცხოვრების ფაქტი, შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივ ცხოვრებას, რომელსაც თან ახლავს პირის ნება-სურვილი, რომ მას მოცემულ ადგილას ჰქონდეს საცხოვრისი. პირის ნება დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს (სუსგ 09.06.2011წ. №ბს-1896-1849(კ-10), 01.02.2012წ. №ბს-1227-1213(კ-11), 17.06.2021წ. №ბს-858(2კ-20)).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საქმეში არსებულ აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს 2022 წლის 02 მაისის N0000099 ცნობაზე, რომლის თანახმად, რ. მ-ა 1980 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა აფხაზეთში. რ. მ-ას 1980 წლიდან 1993 წლამდე აფხაზეთში ცხოვრების ფაქტი დადასტურებულია ასევე მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის მოწმის სახით დაკითხული ნ. ბ-ასა და თ. ბ-ას ჩვენებებით, რომლებმაც განაცხადეს, რომ 1993 წლამდე ომამდე რ. მ-ა ნამდვილად ცხოვრობდა აფხაზეთში, მუდმივად მუშაობდა ...ის ...ის თანამდებობაზე და ომის დაწყების დროსაც საცხოვრებელში იმყოფებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ უზრუნველყო მოსარჩელე რ. მ-ას აფხაზეთში, ოჩამჩირეში მუდმივად ცხოვრების ფაქტის გამორიცხვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სამსახურებრივად და საცხოვრებლით დაკავშირებული იყო აფხაზეთთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რის გამოც მოპასუხეს მართებულად დაევალა მოსარჩელისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე