Facebook Twitter

საქმე №ბს-278(2კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ი. მ-ი

კასატორი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებები

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2020 წლის 21 იანვარს ი. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, 1986 წლიდან ი. მ-ის ოჯახი სარგებლობს ქ. თბილისში, ...ის N1, ...ის პირველი გასასვლელის მიმდებარე მიწის ნაკვეთით. მოსარჩელე 2002 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობს ზემოთმითითებულ მისამართზე, სადაც აშენებულია კაპიტალური შენობა. დღევანდელი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით, მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სახლის და ნაკვეთის ლეგალიზაციის საკუთრებაში აღიარების მოთხოვნით მოსარჩელემ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და წარუდგინა ყველა დოკუმენტი. ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველგვარი საფუძვლის და არგუმენტაციის გარეშე გამოსცა 21.01.2019წ. განკარგულება, რომლითაც ი. მ-ს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

13.12.2018წ. მოსარჩელის მიმართ შედგა მითითება, რომლითაც განესაზღვრა 20-დღიანი ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უსაფრთხოების წესების დაცვით დემონტაჟის განსახორციელებლად. ადმინისტრაციულ ორგანოში გამართული ზეპირი მოსმენის დროს მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ი. მ-ის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ სადავო მშენებლობა ნაწარმოები იყო 2016 წელს. ქ. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის 5.06.2019წ. გადაწყვეტილებით ი. მ-ი დაჯარიმდა 25 000 ლარით, მასვე დაევალა კაპიტალური შენობა-ნაგებობის და მსუბუქი კონსტრუქციის შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

5.02.2020წ. მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

მოსარჩელემ მოითხოვა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივნისის №000073 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1926 ბრძანების ბათილად ცნობა. დაზუსტებულ სარჩელში მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივნისის N000073 დადგენილების მოქმედების შეჩერების და დროებითი განჩინების გამოცემით მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ...ის ქუჩაზე ს/კ ...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯიპიეს კოორდინატები X: ...; Y: ..., მშენებლობის დემონტაჟის აკრძალვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით ი. მ-ის შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა; შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივნისის N000073 დადგენილების მოქმედება, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე; ი. მ-ის შუამდგომლობა დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივნისის დადგენილება №000073 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე, ი. მ-ის 25000 (ოცდახუთი ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ი. მ-მა ასევე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ი. მ-ის წარმომადგენლის-დ. ღ-ის შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ი. მ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა “პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 44-ე მუხლზე. პალატამ აღნიშნა, რომ ი. მ-ს სადავოდ არ გაუხდია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ფაქტი. ამასთან, ი. მ-მა ვერც მითითებით განსაზღვრულ ვადაში და ვერც სადავო დადგენილების გამოცემამდე წარადგინა, მშენებლობის განხორციელების შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მითითებული საკანონმდებლო ნორმებიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2019 წლის 5 ივნისის №000073 დადგენილებით ი. მ-ს მართლზომიერად დაეკისრა ჯარიმა და დადგინდა უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი.

პალატამ ყურადღება გაამახვილა "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" 18/09/2019წ. კანონზე, რომლის პირველი მუხლის შესაბამისად აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ი. მ-ი კანონის ამოქმედების დროისთვის რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 51920 ქულას (ქულის მინიჭების თარიღი 04.12.2018წ.), რაც იმას ნიშნავდა, რომ „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე იგი გათავისუფლებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივნისის N000073 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

კასატორი აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე, სადაც მოსარჩელე/აპელანტ მხარეს წარმოადგენს ი. მ-ი, ხოლო მოპასუხეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია. მითითებულ საქმეში დავის საგანია მოსარჩელის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა N1, N8-ის მიმდებარე ტერიტორია) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. თუ დავა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დასრულდება სახეზე იქნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის კანონიერების შესახებ, რაც ცვლის წინამდებარე დავის ფაქტობრივ მოცემულობასაც.

კასატორი ი. მ-ი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე მითითებით აღნიშნავს, რომ მის მიერ მოხმობილ და მოცემულ დავას შორის არსებობს იმ სახის კავშირი, რის გამოც უნდა შეჩერებულიყო საქმის წარმოება. კასატორი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებასთან დაკავშირებით, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სააპელაციო საჩივარი, აღნიშნავს, რომ სახეზეა პროცესუალური დარღვევა, რაც გამოიხატა საქმის წარმოების არშეჩერებაში. იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდება მიწის ნაკვეთის ლეგალიზების საკითხი, კასატორს წარმოეშობა შენობა-ნაგებობის ლეგალიზაციის მოთხოვნის უფლება და აღარ მოხდება შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 18.09.2019წ. "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას ექვემდებარება პირი, რომელმაც სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა. კასატორის მოსაზრებით, პირის მიერ კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენა საბოლოოდ დგინდება მუნიციპალური ინსპექციის დადგენილებით და არა მითითების გაცემით. ვინაიდან ი. მ-ის მიმართ სადავო დადგენილება გამოცემულია 2019 წლის 5 ივნისს, შესაბამისად მის მიერ სამართალდარღვევაც ჩადენილად უნდა ჩაითვალოს სწორედ ამ პერიოდისთვის. კასატორი მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ ი. მ-ის ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე ჯარიმისგან გათავისუფლება ეწინააღმდეგება კანონს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივნისის №000073 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1926 ბრძანების კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 24 სექტემბრის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის N8-სა და N10-ს შორის დაფიქსირდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები.

2018 წლის 13 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ ი. მ-ის მიმართ შეადგინა №000073 მითითება, რომლის თანახმად სამართალდარღვევად დაფიქსირდა ქ. თბილისში, ...ის ქ. N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მიმდებარედ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის განთავსების ფაქტი. ამავე მითითებით, დარღვევების გამოსწორების მიზნით, ი. მ-ს დაევალა 20 კალენდარული დღის ვადაში უნებართვო სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი ან განხორციელებული მშენებლობის კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ 2019 წლის 6 თებერვლის №000073 შემოწმების აქტის თანახმად, ი. მ-ის მიერ არ იქნა შესრულებული 2018 წლის 13 დეკემბრის №000073 მითითების პირობები.

28.02.2019წ. მუნიციპალურ ინსპექციაში მითითებისა და შემოწმების აქტის განხილვის მიზნით გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა ი. მ-მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მოსარჩელის განმარტებით სამშენებლო სამუშაოები აწარმოა 2016 წელს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის 2019 წლის 5 ივნისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ხელმეორედ გადამოწმების შედეგად, დადგინდა ი. მ-ის მიერ მუნიციპალური ინსპექციის 2018 წლის 13 დეკემბრის №000073 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 30 აგვისტოს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე №000073 დადგენილების თანახმად, ი. მ-ი დაჯარიმდა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, ...ის ქ. N... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე (ჯიპიეს კოორდინატები X..., Y...) შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით ი. მ-ს დაევალა უნებართვოდ განხორციელებული კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მსუბუქი კონსტრუქციის დემონტაჟი.

2019 წლის 25 ივნისს ი. მ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივნისის №000073 დადგენილების ბათილად ცნობა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 დეკემბრის №1926 ბრძანებით, ი. მ-ის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 2.03.2020წ. N139 დადგენილებით) არეგულირებდა. დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას. ამავე დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, რომელიც 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. თუ ხუთი დღის ვადაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო განმცხადებელს პასუხს არ აცნობებს, მესაკუთრე ან/და მოსარგებლე უფლებამოსილია დაიწყოს მშენებლობა. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, კი ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმებოთ განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად კი დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.

საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/ რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალურ რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, საქართველოს ტყის კოდექსითა და "წყლის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 25 000 ლარით. ამავე კანონის 25-ე მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შემოწმების აქტის შედგენით დაწყების შემთხვევები) (მე-2 ნაწილი). მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება (მე-5 ნაწილი). თუ მითითება დროულად არ შესრულდა, მაგრამ სამართალდარღვევა გამოსწორდა დადგენილების მიღებამდე, დამრღვევი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, ხოლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება წყდება (მე-7 ნაწილი). თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ, ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ, გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. კანონით გათვალისწინებულ ვადაში (2 თვის ვადაში, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვით) დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან (მე-13 და მე-14 ნაწილები).

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ი. მ-ს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია სადავო შენობა-ნაგებობის მის მიერ აშენების ფაქტი, ამასთან მან ვერ უზრუნველყო მითითებულ ნაგებობასთან დაკავშირებით სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" საქართველოს კანონზე (დოკუმენტის N4964-Iს, მიღების თარიღი 18/09/2019), რომლის პირველი მუხლის შესაბამისად აღნიშნული კანონის მიზანს წარმოადგენს ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ამავე კანონით განსაზღვრული იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავისგან გათავისუფლება, რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან თავისუფლდება: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი 100 001 ქულაზე ნაკლებია; ბ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის ასაკით პენსიონერი (ქალი − 60 წლის ასაკიდან, მამაკაცი − 65 წლის ასაკიდან); გ) ამ კანონის ამოქმედების დროისთვის 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე)ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი; ვ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი; ზ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება გულისხმობს ფიზიკური პირის გათავისუფლებას ადმინისტრაციული სახდელისა − ჯარიმისა და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი. მ-ის მიმართ შედგენილი დათვალიერების ოქმი, რომლითაც ქ. თბილისში, ...ა, ...ის 8-სა და 10-ს შორის დაფიქსირდა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, შედგენილია 2018 წლის 24 სექტემბერს. უდავოა ასევე, რომ ი. მ-ის მიმართ მითითება შედგა 2018 წლის 13 დეკემბერს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ი. მ-მა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინა 2019 წლის 15 იანვრის შემდგომ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ" 18.09.2019წ. საქართველოს კანონის პირველი მუხლის გამოყენების წინაპირობები, კერძოდ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩადენილი აქვს 2019 წლის 15 იანვრამდე და ამასთან, მოსარჩელისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელი აღსრულებული არ არის.

საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ მოსარჩელე - ი. მ-ი კანონის ამოქმედების დროისთვის რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 51920 ქულას (ქულის მინიჭების თარიღი 04.12.2018წ.). ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ი. მ-ის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2019 წლის 5 ივნისის N000073 დადგენილებით დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან გათავისუფლებას „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ი. მ-მა საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს სასამართლოს ვალდებულებას შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ი. მ-ის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ხოლო კასატორის მიერ მოხმობილი დავა შეეხებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე და მასზედ განთავსებულ შენობაზე საკუთრების უფლების აღიარებას.

მოცემული საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლიანობის თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ორი ინსტიტუტის - მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისა და ამავე მიწის ნაკვეთზე არსებული ობიექტის ლეგალიზების მნიშვნელობა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში - საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

ზემოაღნიშნულთან მიმართებით ასევე საყურადღებოა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-8 ნაწილი, რომლის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამდენად, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსიც“ ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი ვადის შეჩერებისთვის აუცილებელ გარემოებად მიიჩნევს მხოლოდ შესაბამისი ორგანოსთვის უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების თაობაზე განცხადებით მიმართვას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის №153 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულ იქნა „უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესი და პირობები“. აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის (შემდგომში – ობიექტი ან მისი ნაწილი) ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღებას (მითითებული წესის 1-ლი მუხლის პირველი და მე-6 პუნქტები). ამდენად, უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის კანონის ჩარჩოში მოქცევა ხდება ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებით, რაც განსახილველი საქმის შემთხვევაში სახეზე არ არის. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ მხარის მიერ მოხმობილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის გადაწყვეტას განსახილველი საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის არ ჰქონდა მნიშვნელობა. მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება მასზედ, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ შუამდგომლობაში მითითებული დავის დასრულების შემთხვევაშიც აღნიშნული ვერ მოაქცევდა უნებართვოდ აშენებულ შენობა-ნაგებობას კანონიერების ფარგლებში. საქმის მასალებით არ დგინდება ი. მ-ის მიერ შესაბამისი ორგანოებისადმი ლეგალიზების მოთხოვნით მიმართვის ფაქტი ან შენობა-ნაგებობის ლეგალიზების თაობაზე გადაწყვეტილების არსებობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე. ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორის - ი. მ-ის საქმისწარმოების შეჩერების შუამდგომლობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინებების უცვლელად დატოვების პირობებში, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს კასატორის შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ი. მ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება;

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ი. მ-ის წარმომადგენლის - დ. ღ-ის შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა