№ბს-231(კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - მ. პ-ი, კ. პ-ი და ნ. ვ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები(მოსარჩელეები)- ტ. პ-ი, პ. პ-ი
მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
მესამე პირები- ი. ს-ი, ვ. ც-ე, ი. ც-ე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 30 მარტს ტ. და პ. პ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, 2017 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა პ. პ-ის, ი. ს-ის და ტ. პ-ის საკუთრების უფლება (ს/კ ...). 2020 წლის დეკემბერში, მოსარჩელე მხარემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლებაში ცვლილების სპორადული რეგისტრაცია. რეესტრისათვის წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის კორექტირება მოხდა რამდენჯერმე, რადგან სახეზე იყო მესამე პირების მიწის ნაკვეთებთან ზედდება, თუმცა რეგისტრაცია არ განხორციელდა. მოსარჩელე მხარე უთითებდა, რომ გადაფარვის ნაწილში არსებული მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად მათ მფლობელობაში იმყოფებოდა. მეზობელი ნაკვეთის დაზუსტებული სახით რეგისტრაციისას მიტაცებულ იქნა გადაფარვის ნაწილში არსებული ფართი. სააგენტოს მიერ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ისე იქნა მიღებული მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება, რაც ზიანს აყენებდა მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ამდენად, მოსარჩელეებმა კ. პ-ის, მ. პ-ის და ნ. ვ-ას საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილების (... ს/კ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებსა და ... ს/კ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვრებს შორის დაფიქსირებული ზედდების ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ტ. და პ. პ-ების სარჩელი დაკმაყოფილდა. 2022 წლის 20 ივნისს მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე ... ს/კ მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ მონაცემებსა და ... ს/კ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ საზღვრებს შორის დაფიქსირებული ზედდების ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ქარელში, სოფ. ...ში მდებარე უძრავი ქონებაზე (ს/კ ...) უფლების რეგისტრაციის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. პ-მა, მ. პ-მა და ნ. ვ-ამ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით კ. პ-ის, მ. პ-ისა და ნ. ვ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 30 მაისს, პ. პ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლებაში ცვლილების სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 2423 კვ.მ-ს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით, პ. პ-ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ზედდება დადგინდა კ. პ-ის, მ. პ-ისა და ნ. ვ-ას სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). განმცხადებელს განემარტა, რომ წარსადგენი იყო თანამესაკუთრეთა თანხმობა და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 დეკემბრის №... და 2021 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილებებით, დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ზედდების ნაწილში.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კ. პ-ის, მ. პ-ისა და ნ. ვ-ას საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრირებული მონაცემები (საზღვარი) არ ემთხვეოდა მყარ მიჯნას, რომლითაც ის გამოყოფილი იყო მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთისაგან, ცდებოდა მას და გადიოდა მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთში მდებარე შენობა-ნაგებობაზე (სათავსზე).
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად დადგინდა, რომ რეალურად არსებული მიჯნა არ იყო შესაბამისობაში სადავო გადაწყვეტილებით მესამე პირების საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მონაცემებთან.
სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა კომლს პირად საკუთრებაში ერიცხებოდა 0,50 ჰა მიწის ფართობი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციამდე, მოსარჩელეებს უკვე სრულად დარეგისტრირებული ჰქონდათ ის მიწის ნაკვეთი, რაც მათ ეკუთვნოდათ. ირკვეოდა, რომ მოსარჩელეების კომლს საკუთრებაში ჰქონდათ 0,50 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო 2017 წლის 23 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლება რეგისტრირებული იყო 2000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2022 წლის 20 ივნისს მომზადებულ სიტუაციურ ნახაზზე დაფიქსირებული ზედდების ნაწილში, უკანონო იყო და ხელყოფდა მოსარჩელეთა კანონით დაცულ ინტერესებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. პ-მა, მ. პ-მა და ნ. ვ-ამ. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორები აღნიშნავენ, რომ მათ მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვეს ქარელის რაიონში, სოფელ ...ში 919,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შემდგომში, მოსარჩელე მხარემ თავისი ნაკვეთი გზის ხარჯზე გააფართოვა. მათვე ააშენეს უნებართვო შენობა და დაიწყეს სამართლებრივი დავა.
კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სპეციალისტების დასკვნა, დაენიშნა ექსპერტიზა, თუნდაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და არა მოეთხოვა კონსულტაცია საჯარო რეესტრისგან, რომელმაც ჩათვალა სასამართლოს მათდამი მოთხოვნა მინიშნებად და შეადგინა სრულიად საპირისპირო ნახაზი. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები არ გამყარებული კომპეტენტური დასკვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კ. პ-ის, მ. პ-ისა და ნ. ვ-ას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კ. პ-ის, მ. პ-ისა და ნ. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2017 წლის 23 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) რეგისტრირებული იყო ი. ს-ის, მ. კ-ის, პ. პ-ისა და ტ. პ-ის თანასაკუთრების უფლება.
2020 წლის 14 თებერვალს კ. პ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებას თანდართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 919 კვ.მ-ს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა კ. პ-ის 2020 წლის 14 თებერვლის განცხადება მიწის ნაკვეთზე უფლებათა სპორადული რეგისტრაციის შესახებ და მ. პ-ის, კ. პ-ის, ნ. ვ-ას საკუთრების უფლება დარეგისტრირდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე, 919.00 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი ....
2020 წლის 30 მაისს, პ. პ-მა №... სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უფლებათა ცვლილების სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებაზე დართული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 2423 კვ.მ-ს.
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 31 მაისის №... გადაწყვეტილებით, პ. პ-ის განცხადებაზე დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარდგენილ საკადასტრო მონაცემებსა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის ფიქსირდებოდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. კერძოდ, ზედდება დადგინდა კ. პ-ის, მ. პ-ისა და ნ. ვ-ას საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ ...). პ. პ-ს განემარტა, რომ წარსადგენი იყო თანამესაკუთრეთა თანხმობა და კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
2020 წლის 24 დეკემბერს მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა კორექტირებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომლის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 2412 კვ.მ-ს. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 30 დეკემბრის №... და 2021 წლის 12 მარტის №... გადაწყვეტილებებით, დაინტერესებულ პირს ასევე განემარტა, რომ წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი ზედდების ნაწილში.
2022 წლის 14 ნოემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 2000 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) დარეგისტრირდა ი. ს-ის (1/2 ნაწილი), პ. პ-ისა (1/4 ნაწილი) და ტ. პ-ის (1/4 ნაწილი) თანასაკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა არა მოსარჩელეთა და მესამე პირთა საკუთრების უფლება, არამედ განხორციელებული რეგისტრაციების კანონიერება, მიწის ნაკვეთების რეალური ადგილმდებარეობისა და რეგისტრირებული მონაცემების შესაბამისობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომ ფიქციაა არა ის ქონება, რომელსაც პირი რეგისტრაციის საფუძველზე ფლობს, არამედ ფიქციაა თავად რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობა, შესაბამისად დაუშვებელია სარეგისტრაციო მონაცემის და ნამდვილი მდგომარეობის შეუსაბამობა, არ დაიშვება რეგისტრირებულ მონაცემებს შორის კონკურენციის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინება საქმე №ბს-367-363(კ-12)).
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, თუმცა ისინი ამავე ნორმის თანახმად, პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის თანახმად, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შესადგენად უძრავი ნივთის ადგილმდებარეობისა და საზღვრის იდენტიფიცირებისთვის პასუხისმგებელია ამ ნივთის მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებისა და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მონაცემთა სისწორისთვის პასუხისმგებელია საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი. თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციით გათვალისწინებული უძრავი ნივთის ნამდვილ მდებარეობასა და სარეგისტრაციოდ წარდგენილი განაცხადით განსაზღვრული უძრავი ნივთის მდებარეობას შორის შეუსაბამობის დაშვებას, სხვა პირთა საკუთრების უფლების შელახვის ხარჯზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებში ერთმანეთს უპირისპირდება რამდენიმე დაინტერესებული მხარის უფლება, სამართალურთიერთობა ექცევა სასამართლო კონტროლის ფარგლებში, რა დროსაც სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური სიფრთხილითა და მტკიცებულებათა ზედმიწევნითი გადამოწმებით უნდა მოხდეს საქმის გარემოებების შეფასება, რათა გამოვლინდეს დაცვის ღირსი უფლება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი რეალიზაცია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხაშურის რაიონის სასამართლოს 2022 წლის 20 მარტის განჩინებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში, მოსარჩელეების, ტ. და პ. პ-ების და მესამე პირების, კ. და მ. პ-ებისა და ნ. ვ-ას რეგისტრირებული მონაცემების ხელახლა შემოწმება, მყარი მიჯნების დადგენა და შესაბამისი სიტუაციური ნახაზის წარმოდგენა სასამართლოში. სასამართლო დავალების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის წერილით ხაშურის რაიონულ სასამართლოს წარედგინა სიტუაციური ნახაზი, რომლის მიხედვითაც კ. პ-ის, მ. პ-ისა და ნ. ვ-ას საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ...) რეგისტრირებული მონაცემები (საზღვარი) არ ემთხვევა მყარ მიჯნას, რომლითაც ის გამოყოფილია მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთისაგან, ცდება მას და გადის მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთში (ს/კ ...) მდებარე შენობა-ნაგებობაზე (სათავსზე).
უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების მიზნით, სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურიდან 2022 წლის ივნისში გაგზავნილნი იყვნენ სამსახურის მენეჯერი შ. რ-ე და საველე სამუშაოების სპეციალისტი გ. ნ-ი. მათ მიერ მესაკუთრეების თანდასწრებით აიგეგმა მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი მდებარეობა მყარი მიჯნების მიხედვით. პირველი ინსტანციის სასამართლოში, 2023 წლის 28 თებერვალს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ შ. რ-ე და გ. ნ-ი. ასევე, საქმის მასალებს ერთვის 2022 წლის 13 ივნისის ადგილზე დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც, გაიზომა ორივე მიწის ნაკვეთი ფაქტობრივი მდგომარეობის, მათ შორის, მყარი მიჯნების გათვალისწინებით. ამასთან, მოწმე ფ. ტ-მა დაადასტურა, რომ აღნიშნულ ნაკვეთებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნა ახლანდელ ადგილზე, მესაკუთრეების ,,მამებმა გაავლეს“ და ის არსებობდა 1972 წელსაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი ეს კანონი განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს (მუხლი 1.1). მოცემული კანონის მიხედვით მყარი სასაზღვრო მიჯნა არის ღობე, შენობა-ნაგებობა, მიწაზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები ან სხვა ბუნებრივ-გეოგრაფიული საზღვარი, რომლითაც შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრის დადგენა (3.1 მუხლის "ფ" ქვეპუნქტი). მყარ სასაზღვრო მიჯნას აქვს სარეგისტრაციო მნიშვნელობა, კერძოდ მითითებული კანონის მე-11 მუხლის 1-2 პუნქტების თანახმად, 1. თუ სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით დადგინდა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობს არაუმეტეს 15 პროცენტით აღემატება, მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება მისი საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული ფართობის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოთხოვნილია საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ან ამ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. ეს წესი არ ვრცელდება იმ უძრავ ნივთზე, რომელიც შესყიდულია სახელმწიფოსაგან ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოსაგან ან რომელზედაც საკუთრების უფლება აღიარებულია კომისიის მიერ. 2. თუ სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საკადასტრო აღწერის შედეგების შეჯერებით დადგინდა, რომ მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული მიწის ნაკვეთის ფართობი აღემატება სარეგისტრაციო დოკუმენტში მითითებულ ფართობს, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ ფართობს ან ტექნიკური აღრიცხვის არქივის სააღრიცხვო ბარათში მითითებულ დაუზუსტებელ ფართობს, საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება ან ამ უფლებაში ცვლილება რეგისტრირდება მისი საკადასტრო აღწერის შედეგად დადგენილი, მყარი სასაზღვრო მიჯნით შემოსაზღვრული ფართობის შესაბამისად.
ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო პალატის მიერ მართებულად დადგინდა, რომ რეალურად არსებული სასაზღვრო მიჯნა, რაც განსაზღვრავდა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფარგლებსა და მდებარეობას, არ არის შესაბამისობაში სადავო გადაწყვეტილებით მესამე პირების საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან.
ზემოთ მითითებული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არსებული კონფიგურაციით განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაცია ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის უფლებასა და კანონიერ ინტერესს, ამდენად, არსებობდა განხორციელებული რეგისტრაციის ნაწილობრივ, ფაქტობრივად არსებული ზედდების ნაწილში, ბათილად ცნობის საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კ. პ-ს საკასაციო საჩივარზე 3/04/2024 წ. №40333156 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. პ-ის, მ. პ-ის და ნ. ვ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება;
3. კ. პ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 3/04/2024 წ. №40333156 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა