Facebook Twitter

№ბს-269(კ-24) 17 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. პ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის №1000771225/5 გადაწყვეტილება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ-მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ-მა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო არსებითი განხილვის გარეშე - აპელანტს არ მიეცა საშუალება დაესაბუთებინა მისი პოზიცია და წარედგინა არგუმენტები. ამასთან, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას აფუძნებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს ბინადრობის ნებართვა მიღებული ჰქონდა 2026 წლამდე. შრომითი ურთიერთობა მას არ შეუწყვეტია, არამედ დამსაქმებელმა შეუწყვიტა პირადი ანგარიშსწორების საფუძველზე და ამავე საფუძვლით ჩააყენა საქმის კურსში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

კასატორის განმარტებით, შრომითი ბინადრობის უფლების მიღება არ ზღუდავს დასაქმებულის უფლებას ბინადრობის ვადის ფარგლებში სამუშაოს ან საქმიანობის შეცვლის თაობაზე. შესაბამისად, სააგენტოს არ ჰქონდა უფლება ვადაზე ადრე გამოეცხადებინა ძალადაკარგულად მოსარჩელის შრომითი ბინადრობის უფლება. კასატორი შრომითი ურთიერთობის პერიოდში დამსაქმებელთან გარკვეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდა, რის შემდეგაც დამსაქმებელმა შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება და აცნობა შესაბამის ორგანოებს. კომპანიაში, სადაც კასატორი მუშაობდა ძირითადად დასაქმებულები იყვნენ დირექტორის თანამემამულეები და მხოლოდ მოსარჩელეს შეუწყდა ხელშეკრულება უმნიშვნელო უთანხმოების საფუძველზე იმის გამო, რომ არის ინდოელი. კასატორი თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს. აპირებდა სხვა სამსახურში გადასვლას, ახალ დამსაქმებელთან გარკვეულ პირობებზე შეთანხმებულიც იყო, თუმცა ეს უფლება სააგენტოს უკანონო გადაწყვეტილების გამო დაკარგა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული პ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) პ-ი (დაბ: ... წელი) არის ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე. შპს „...-ის” დირექტორის მ. ტ. ს-ის 2021 წლის 29 ნოემბრის ცნობით დგინდება, რომ 2021 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით პ-ი დასაქმებული იყო ხსენებულ კომპანიაში. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 23 დეკემბრის №1000771225 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2021 წლის 24 ნოემბრის განცხადება და პ-ს გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2026 წლის 1 ნოემბრამდე (ს.ფ 57, 63, 61); ბ) შპს „...-ის” დირექტორის მ. ტ. ს-ის 2022 წლის 16 მარტის ცნობით დგინდება, რომ პ-ი ხსენებულ კომპანიაში აღარ ახორციელებს შრომით საქმიანობას (ს.ფ 60); გ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 17 მარტის №01/58365 წერილით აცნობა მოქალაქე პ-ს, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურმა განიხილა შპს „...-ის” უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ პ-ი ხსენებულ საზოგადოებაში აღარ ახორციელებს შრომით საქმიანობას. აღნიშნული კი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს პ-ისათვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს. ამავე განცხადებით სააგენტომ პ-ს ეცნობა, რომ უფლება ჰქონდა საქმის პროცესში ჩართულიყო როგორც დაინტერესებულ მხარე, 2022 წლის 18 აპრილის ჩათვლით (ს.ფ 58); დ) სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 19 აპრილის №1000771225/5 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოაცხადა სააგენტოს 2021 წლის 23 დეკემბრის №1000771225 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი პ-ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ (ს.ფ 55).

საკასაციო პალატა მიუთითებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას (1.2 მუხლი).

ზემოაღნიშნული კანონის (2021 წლის 23 დეკემბრის მდგომარეობით მოქმედი რედაქცია) მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე.

მითითებული კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს: ა) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან საქართველოს ვიზის მისაღებად ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტები წარადგინა; ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას; გ) თუ მან საქართველოში ყოფნის ვადის გასვლამდე შეწყვიტა ან დაასრულა სწავლა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; დ) თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა; ე) თუ აღარ არსებობს ან არ შესრულდა ის მიზანი, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საქართველოს ვიზა; ვ) თუ იგი აღარ არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი ან აღარ იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ, თუკი საქართველოში ბინადრობის ნებართვა ამ საფუძველზე ჰქონდა მიღებული; ზ) თუ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად იგი ფიქციურად დაქორწინდა; თ) თუ იგი გააძევეს საქართველოდან; ი) თუ მან შესაბამის განცხადებაში არასწორი მონაცემი მიუთითა ან დამალა მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად; კ) მოქალაქეობრივი კუთვნილების ცვლილების შემთხვევაში, თუ მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ბინადრობის ნებართვის მიღების გარეშე ჰქონდა აღებული; ლ) თუ მან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან 6 თვის ვადაში არ მიმართა სააგენტოს ბინადრობის მოწმობის ასაღებად; მ) თუ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე“, რომლის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიერო-ტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით პ-ი დასაქმებული იყო შპს „...-ში“. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 23 დეკემბრის №1000771225 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა 2021 წლის 24 ნოემბრის განცხადება და პ-ს გაუგრძელდა საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა 2026 წლის 1 ნოემბრამდე. შპს „...-ის” დირექტორის მ. ტ. ს-ის 2022 წლის 16 მარტის ცნობით დგინდება, რომ პ-ი ხსენებულ კომპანიაში აღარ ახორციელებს შრომით საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2022 წლის 19 აპრილის №1000771225/5 გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად გამოაცხადა სააგენტოს 2021 წლის 23 დეკემბრის №1000771225 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი პ-ის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებისა და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის გადანაწილებას ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში პირველ რიგში აწესრიგებს ასკ-ის მე-17 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, ამასთან, ასევე გამოიყენება სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადება. ასკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ ნიშნავს პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან, სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს (სუსგ 05.03.2020წ., №ბს-620(კ-19)). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობა იმავდროულად მათი შეჯიბრების პროცესია, ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი (სუსგ 04.12.2019წ., №ას-559-2019). მხარეთა თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სასამართლოს მიერ მხარეთათვის შეჯიბრებითობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას (სუსგ 02.03.2017წ., №ას-664-635-2016). ადმინისტრაციულ პროცესში, როდესაც სადავოა მოსარჩელის კანონიერი ინტერესების შეზღუდვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს საპროცესო თანასწორობა მიიღწევა ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და მისი არსებობის „მტკიცების ტვირთის“ მხარეთა შორის სწორად განაწილებით. სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების არსებობის მტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია (სუსგ 11.03.2021წ., №ას-1376-2020).

განსახილველ შემთხვევაში, კასატორის (მოსარჩელის) მიერ სარჩელში, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ უცხოელს საქართველოში ყოფნის ვადა შეიძლება შეუწყდეს თუ მან შეწყვიტა ის საქმიანობა ან ურთიერთობა, რომლის საფუძველზედაც მიღებული ჰქონდა საქართველოში ბინადრობის ნებართვა. მოცემულ შემთხვევაში უდაოა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 23 დეკემბრის №1000771225 გადაწყვეტილების საფუძველი იყო პ-ის დასაქმება შპს „...-ში“. ასევე უდავოა, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2022 წლის 16 მარტის მდგომარეობით კასატორი (მოსარჩელე) დასაქმებული აღარ იყო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ვინაიდან აღარ არსებობდა საფუძველი, რომლის თანახმადაც, პ-ის სახელზე გაიცა შრომითი ბინადრობის ნებართვა, სააგენტომ კანონის მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და ძალადაკარგულად გამოცხადა კასატორის სახელზე გაცემული შრომითი ბინადრობის ნებართვა. ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი იქნა ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას. მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინება;

3. პ-ს (პას. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26.02.2024წ. №9850 საგადასახადო დავალებით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე