Facebook Twitter

საქმე №ბს-165(2კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2017 წლის 23 მაისს ,,...“-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით გათვალისწინებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ განახორციელა გეგმიური ამბოლატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის შევსების მდგომარეობისა და სააგენტოს 28.06.2017წ. N04/42338 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემოწმება. შემოწმებას დაექვემდებარა 2013 წლიდან 28 თებერვლიდან 2017 წლის 30 აგვისტომდე პერიოდი. გასაჩივრებული აქტის თანახმად, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ოდენობამ შეადგინა 44 797.93 ლარი (უკან დასაბრუნებელი თანხა 15 919.83 და ჯარიმა - 28 878.10). მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში, ზემოაღნიშნული თანხა შემცირდა 3650.05 ლარით. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეუძლებელია იმ გარემოების იდენტიფიცირება თუ კონკრეტულად რომელი შემთხვევები არ გაიზიარა სააგენტომ, რამეთუ დაკონკრეტებული არაა დაკმაყოფილებული შემთხვევები.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №04/22611 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა (ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში); სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №2017/19/12 აქტის მე-7 მუხლის 7.1 და 7.2. პუნქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ადმინისტრაციული საჩივრის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სს „...“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №04/22611 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №2017/19/12 აქტის 7.1. და 7.2. პუნქტები იმ ნაწილში, რომელიც ძალაში დარჩა 2018 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება სადავო საკითხთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქმეში აპელანტის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნენ - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ცნობის ნაწილში, კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლეების სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის N36 დადგენილების 16.1 მუხლის 26.10.2015 წლამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებდა მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 ოქტომბრის N552 დადგენილების პირველი მუხლზე, რომლის თანახმად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22.02.2013, 470230000.10.003.017200) შეტანილ იქნა ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. კონტროლი ხორციელდება გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.“

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ "საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების დანართი №1-ის (საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა) მე-151 მუხლის (პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების 2.2. ,,ვ“ მუხლის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 25 აპრილის №04-138/მ ბრძანების (მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით) შესაბამისად, სს ,,...-ის ი-ში“ - 2013 წლის 28 თებერვლიდან, 2017 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდა ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ გეგმური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში გაწეული მუშაობის და შპს ,,...-ის“ მიერ 2017 წლის 28 ივნისის №04/42338 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის შერჩევით შემოწმება. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-818(2კ-18)) და მიიჩნია, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას ,,შემოწმებლების“ მიერ სარევიზიო პერიოდის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით, გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების 26.10.2015 წლამდე და 26.10.2015 წლის მოქმედი რედაქცია ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების შემოწმების ვადებთან მიმართებაში. მითითებული საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, მაკონტროლებელი ადმინისტრაციული ორგანო (შემმოწმებელი) უფლებამოსილია 2013 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევების შემოწმებისას გამოიყენოს შემოწმების 3 (სამ) წლიანი ვადა, რომელიც აითვლება კონკრეტული ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებისა და შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემის თარიღების პერიოდის გათვალისწინებით. ამასთან, 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევების მიმართ გამოყენეული უნდა იქნეს შემოწმების 5 (ხუთი) წლიანი ვადა, რომელიც აითვლება კონკრეტული ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებისა და შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემის თარიღების პერიოდის გათვალისწინებით.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №2017/19/12 აქტი და 2018 წლის 20 აპრილის N04/22611 გადაწყვეტილება - არ შეიცავს მითითებას, თითოეული ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების თარიღზე (არ არის მითითებული კონკრეტული რიცხვი, თვე, წელი) და შეიცავს ზოგად მითითებას (მაგ. სადავო 7.2. მუხლი - “მიმწოდებლის მიერ დარღვეულია პროგრამის 23.1. მუხლი“) "ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების (არ არის მითითებული დადგენილების თარიღი, ნომერი) დარღვევებზე. ამდენად, პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული აქტები (ნაწილი) არ არის დასაბუთებული, არ მოიცავს შეფასებებს, დასკვნებს იმ საკითხებზე, თუ რამ განაპირობა შემოწმების აქტში მითითებული დადგენილების გამოყენება იმ პირობებში, როცა არ დგინდება გამოვლენილი დარღვევის ჩადენის თარიღი და ჰქონდა თუ არა გამოვლენილი დარღვევების ჩადენას ადგილი შემოწმების აქტში მითითებული საქართველოს მთავრობის კონკრეტული დადგენილების მოქმედებისა თუ ამოქმედებამდე პერიოდში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული “საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად მიმწოდებლისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი ძალა აქვს სააგენტოს დირექტორის 12.04.2013წ. N04-185/ო ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარმოსადგენ “ელექტრონული ანგარიშების ფორმის” მოთხოვნებს. ზემოაღნიშნული ბრძანების თანახმად, ძირითადი კონტიგენტის რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური ოდენობა, რომელთა “თანხმობის” ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დარეგისტრირებულია ქალაქი და დაბა, ხოლო დამატებითი კონტიგენტის რაოდენობაში იწერება დაწესებულებაში დარეგისტრირებული ბენეფიციარების ჯამური ოდენობა, რომელთა “თანხმობის” ფორმაში ფაქტობრივ მისამართად დაფიქსირებულია სოფელი. პროგრამის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისთვის პროგრამაში მონაწილე დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება კაპიტაციური მეთოდით, რომლის დროსაც ძირითად კონტიგენტში (ფაქტობრივად ქალაქში ან დაბაში მცხოვრები) ერთი მოსარგებლის მომსახურების ფაქტობრივი ღირებულება შეადგენს 1,93 ლარს, ხოლო დამატებით კონტინენტში (ფაქტობრივად სოფლად მცხოვრები მოსარგებლე) 1.07 ლარს. კასატორი მიიჩნევს, რომ დამატებითი კონტინენტის ძირითად კონტინენტად რეგისტრაცია, როგორც ამას მოსარჩელე მხარე მიუთითებს ვერ იქნება ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული, რადგან აღნიშნულს მოჰყვება შესაბამისი ფინანსური შედეგი პროგრამის განმახორციელებლისთვის, კერძოდ მიმწოდებლის მხრიდან არასწორად და ზედმეტად მოთხოვნილი კაპიტაციური წესით მოთხოვნილი თანხა. კასატორი მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია თემატური შემოწმების აქტით გამოვლენილი დარღვევების ტექნიკურ ხარვეზად შეფასება და ამ საფუძვლით ბათილად ცნობა. კასატორი ყურადღებას ამახვილებს “სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამის 20.2 და 19.3 მუხლებზე. კასატორი უდავოდ მიიჩნევს სამედიცინო დაწესებულების მიერ პროგრამის პირობების დარღვევით სამედიცინო დოკუმენტაციიის წარმოებას, რის გამოც სუბიექტს დაეკისრა შესაბამისი ოდენობის თანხა. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოების მიერ კანონის უკუქცევით ძალაზე მითითებას და აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 15.1 მუხლის თანახმად, კონტროლი ხორციელდება ანაზღაურებული/ასანაზღაურებელი შემთხვევების დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში. კასატორი აღნიშნავს, რომ 5-წლიანი პერიოდის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სამედიცინო დაწესებულებების დიდი რაოდენობის გამო კანონით დადგენილ 3-წლიან ვადაში ვერ ხდებოდა მათი შემოწმება. ამდენად, ნორმის ამოქმედებიდან ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გავრცელების შეზღუდვა არ ემსახურება საჯარო სამართლის მიზნებს.

კასატორის - სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მხრიდან დარღვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 17 მარტის N01-19/ნ ბრძანებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის თანხმობის ფორმის, მისი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის პირობები. კასატორი “საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების მე-19 მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის და 27 მაისის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსა და სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია შპს „...ი“ მიერ „ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში გაწეული მუშაობისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 28 ივნისის N04/42338 წერილით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შერჩევით შემოწმების N2017/19/12 აქტის მე-7 მუხლის 7.1. და 7.2. პუნქტების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.04.2018წ. N04/22611 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ადმინისტრაციული საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შემოწმდა სს „...ის“ მიერ წარდგენილი, 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებთან ერთად. შემოწმების შედეგად სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 19 დეკემბერს შედგა N2017/19/12 შემოწმების აქტი, რომლითაც გამოვლინდა შემდეგი დარღვევები. ხსენებული აქტის 7.1 პუნქტში მითითებულია, რომ 166 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას თან არ ერთვოდა ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, რის გამოც მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 2969.02 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილი თანხა - 2969.02 ლარი და მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა 5938.04 ლარი ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას. ზემოთმითითებული შემოწმების აქტის 7.2 პუნქტის თანახმად, 623 შემთხვევაში თანხმობის ფორმაში დაფიქსირებული მონაცემები არ ედრებოდა ბენეფიციარების რეგისტრაციის მოდულში დაფიქსირებულ მონაცემებს, რის გამოც აღნიშნულ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა 12950.81 ლარი. პროგრამის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ზედმეტად მოთხოვნილი თანხა 12950.81 ლარი და მე-19 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა 22940.09 ლარი (2013 წლის მარტის თვიდან 2014 წლის იანვრის ჩათვლით ჯარიმა 4.42 ლარი, 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით 22935.7 ლარი) ექვემდებარება სახელწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.04.2018წ. N04/22611 აქტით სს “...-ის” ადმინისტრაციული საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო აქტის 7.1 და 7.2 პუნქტებით გათვალისწინებული რიგი შემთხვევების გადასინჯვის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, შედგა 7.1. პუნქტში შესატანი ცვლილების შესაბამისად შემთხვევების სია, სულ 14 შემთხვევა, ჯამში 1105,89 ლარი. ასევე შემმოწმებლის მიერ შედგა 7.2. პუნქტში შესატანი ცვლილების შესაბამისად, შემთხვევების სია, სულ 67 შემთხვევა, ჯამში 3716,95 ლარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 2 მაისის №04/25431 წერილის თანახმად, სს „...“-ს დირექტორს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის №04-156/ო ბრძანებით შექმნილი „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლის მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისია) 2018 წლის 20 აპრილის №04/22611 გადაწყვეტილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეცნობა, რომ შპს „...“-ის (აქტი №2017/19/12 19.12.17) მიმართ დარჩენილი საბოლოო ფინანსური ვალდებულებები შეადგენდა 41147,88 ლარს. მათ შორის - უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება 14706,1 ლარი, დამატებითი ფინანსური ჯარიმა 26441,78 ლარი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი N1) 151 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთ) კალენდარულ წელს. საყურადღებოა, რომ 2015 წლის 26 ოქტომბრის N552 ცვლილებამდე, დადგენილების 16.1 მუხლი კონტროლის განხორციელების ვადად შემთხვევის დასრულებიდან არაუმეტეს 3 (სამ) კალენდარულ წელს ადგენდა. საკასაციო სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულების შემოწმება განხორციელდა 2013 წლის 28 თებერვლიდან 2017 წლის 30 აგვისტომდე პერიოდში. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მსჯელობის გარეშე დატოვა, უნდა მიენიჭებინა თუ არა ხუთწლიანი ვადის დადგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში განხორციელებული 26.10.2015წ. N522 ცვლილებისათვის უკუძალა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამწლიანი ვადის ხუთ წლამდე გაზრდა არ უნდა გახდეს სამართალდამრღვევი სუბიექტის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ზრდა 3-დან 5 წლამდე, პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხზე - ზრდის მას. აღნიშნული კი იძლევა შესაძლებლობას, შემოწმება შეეხოს შემოწმების დაწყებამდე 3 წლის წინანდელ შესაძლო დარღვევებსაც, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს კლინიკის პასუხისმგებლობის დადგენა. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ გაზრდილი ვადა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ სამართალურთიერთობებზე, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების შემდგომ წარმოიშობა. ამდენად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ საკითხის ხელახლა განხილვისას ,,შემოწმებლების“ მიერ სარევიზიო პერიოდის განსაზღვრისას ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების შემოწმების ვადებთან მიმართებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით, გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების 26.10.2015 წლამდე და 26.10.2015 წლის მოქმედი რედაქცია. მითითებული საკანონმდებლო დანაწესის მიხედვით, მაკონტროლებელი ადმინისტრაციული ორგანო (შემმოწმებელი) უფლებამოსილია 2013 წლიდან 2015 წლის 26 ოქტომბრამდე დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევების შემოწმებისას გამოიყენოს შემოწმების 3 (სამ) წლიანი ვადა, რომელიც აითვლება კონკრეტული ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებისა და შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემის თარიღების პერიოდის გათვალისწინებით. ამასთან, 2015 წლის 26 ოქტომბრიდან დასრულებული ანაზღაურებული შემთხვევების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს შემოწმების 5 (ხუთი) წლიანი ვადა, რომელიც აითვლება კონკრეტული ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებისა და შემოწმების შესახებ ბრძანების გამოცემის თარიღების პერიოდის გათვალისწინებით.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის 15.1 მუხლის მიხედვით, შემთხვევები შეიძლება კლასიფიცირდეს ორ ჯგუფად: ა) ასანაზღაურებელი შემთხვევა; ბ) შემთხვევა, რომელიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ამასთან, ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, იმპერატიულად არის განსაზღვრული იმ შემთხვევათა ჩამონათვლი, რომლებიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება. საგულისხმოა, რომ სადავო აქტის 7.1 პუნტში მითითებული საფუძველი პირადობის მოწმობის დაურთველობასთან დაკავშირებით არ შედის კანონით იმპერატიულად განსაზღვრულ იმ შემთხვევაში ჩამონათვალში, რომლებიც არ ექვემდებარება ანაზღაურებას. ზემოაღნიშნული დანართის 19.1 მუხლის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის სრულად უკან დაბრუნების საფუძვლებია: გ.ა) პაციენტი არ არის ამ პროგრამის მოსარგებლე; ზ) თუ შემთხვევის შესახებ მონაცემები ან/და დოკუმენტაცია არ ასახავს სინამდვილეს. ამავე ნორმის მე-14 ნაწილის მიხედვით, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (კაპიტაციით), ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე: ა) ბენეფიციარის რეგისტრაციის (მ.შ., მკაცრი აღრიცხვის ფორმების წარმოების) წესების დარღვევის გამო, საჯარიმო სანქციების ოდენობა ანაზღაურებულ შემთხვევებზე განისაზღვრება ამ ბენეფიციარზე დარღვევით რეგისტრაციის მთელ პერიოდში ანაზღაურებული თანხის ორმაგი ოდენობით; ხოლო ასანაზღაურებელი შემთხვევების დროს − პროგრამით გათვალისწინებული თანხის ორმაგი ოდენობით; ბ) სხვა სახის დარღვევების შემთხვევაში (გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), საჯარიმო სანქციის ოდენობა განისაზღვრება სარევიზიო/საკონტროლო პერიოდში ანაზღაურებული თანხის 2%-ით, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით; გ) ინდივიდუალური შემთხვევების კონტროლის/რევიზიისას საჯარიმო სანქციის ოდენობა შეადგენს დარღვევის არსებობის თვეში (თვეებში) მიმწოდებლისათვის ანაზღაურებული თანხის 2%-ს, თითოეული (ყოველი) იმ სახის დარღვევის გამოვლენისათვის, რომლებიც განსაზღვრულია ამ მუხლის საჯარიმო სანქციებით.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო საკითხთან მიმართებით, ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება, სრულყოფილად და ჯეროვნად გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, დეტალურად და ამომწურავად დაასაბუთოს გამოვლენილი თითოეული ხარვეზი, დარღვევის თითოეული შემთხვევა და მათ მიერ გამოწვეული ზიანის არსებობა, მისი მოცულობა, რამაც შეიძლება განაპირობოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირება.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (ნაწილი) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №2017/19/12 აქტი და 2018 წლის 20 აპრილის N04/22611 გადაწყვეტილება - არ შეიცავენ კონკრეტულ მითითებას, თითოეული ანაზღაურებული შემთხვევების დასრულების თარიღზე (არ არის მითითებული კონკრეტული რიცხვი, თვე, წელი), არამედ ზოგადად მიუთითებენ (მაგ. სადავო 7.2 მუხლი - “მიმწოდებლის მიერ დარღვეულია პროგრამის 23.1 მუხლი“) "ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების (არ არის მითითებული დადგენილების თარიღი, ნომერი) დარღვევებზე. ამდენად, გასაჩივრებული აქტები (ნაწილი) არ არის დასაბუთებული, არ მოიცავს შეფასებებს, დასკვნებს იმ საკითხებზე, თუ რამ განაპირობა შემოწმების აქტში მითითებული დადგენილების გამოყენება იმ პირობებში, როცა არ დგინდება გამოვლენილი დარღვევის ჩადენის თარიღი და ჰქონდა თუ არა გამოვლენილი დარღვევების ჩადენას ადგილი შემოწმების აქტში მითითებული საქართველოს მთავრობის კონკრეტული დადგენილების მოქმედებისა თუ ამოქმედებამდე პერიოდში. საკასაციო პალატის მოსაზრებით, “შემმოწმებლების“ მიერ არ იქნა გათვალისწინებული შემოწმების კონკრეტული სამართალურთიერთობის პერიოდში მოქმედი საკანომდებლო რეგულაციები.

საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების (ნაწილი) მიხედვით არ დგინდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების მისაღებად სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციაზე მოსარგებლის მკაცრი აღიცხვის თანხმობის ფორმების შევსების წესის დარღვევა ტექნიკური ხასიათისაა თუ არსებითი. გასაჩივრებული აქტებიდან არ იკვეთება გამოვლენილი დარღვევის არსებობის მიუხედავად, სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარებს გაეწიათ თუ არა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ზემოაღნიშნული უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასდეს გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულება აღემატება თუ არა პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსების ოდენობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (ნაწილი) არ შეიცავს დასაბუთებას გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზებით გამოწვეული ისეთი ზიანის არსებობაზე, რამაც უცილობლად უნდა წარმოშვას სამედიცინო დაწესებულების სანქცირების საფუძველი, ასევე საგულისხმოა, რომ საქმის მასალების მიხედვით, შემოწმების ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებას არ მისცემია კონკრეტული მითითებები ხარვეზის გამოსასწორებლად და პირდაპირ დაეკისრა საჯარიმო თანხები.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 08.04.2024წ. N10603 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 2239.90 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1567,93 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 29.01.2024წ. N00725 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის და 14.05.2024წ. N03949 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟის - 1939,40 ლარი, სულ - 2239,40 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 1567,58 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

3. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს (ს/კ 200294519) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.04.2024წ. N10603 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2239.90 ლარის 70 პროცენტი - 1567,93 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 29.01.2024წ. N00725 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის და 14.05.2024წ. N03949 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1939,40 ლარის, სულ - 2239,40 ლარის 70 პროცენტი - 1567,58 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა