№ბს-663(კ-23) 3 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ტ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ზ. ტ-ამ სარჩელით მიმართა სენაკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ზ. ტ-ას სასარგებლოდ, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება 37800 ლარის ოდენობით.
2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ტ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/ნ 239889705) ზ. ტ-ას (პ/ნ ...) სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის სახით 37800 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უკანონოდ დადგენის გამო, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენს, რაც შეადგენს 37800 ლარს და სარჩელით მოთხოვნილი თანამდებობრივი სარგოს მოცულობა მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ზ. ტ-ა 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული, რის გამოც სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით იგი აღდგენილ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე. ასევე დადგენილია, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ზ. ტ-ას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა იგი არ აღსრულებულა. იმის გათვალისწინებით, რომ დადასტურებულია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საფუძვლიანია მოთხოვნა მოპასუხისათვის, ზ. ტ-ას სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ.
კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, კერძოდ: სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ, სადავო საკითხზე წარგენილი სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - ,,ზ. ტ-ას სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანების ბათილად ცნობისა და ზ. ტ-ას მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. ამდენად, უდავოა, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნით არ მოუთხოვია თანამდებრივი სარგოს, ანუ განაცდურის ანაზღაურება და შესაბამისად, არც სასამართლოს უმსჯელია განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოსათვის, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ იმოქმედა სადავო საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. ზ. ტ-ას საჯარო სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, იგი ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში განაცდურის ანაზღაურების გარეშე, თანახმად სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რაც დასტურდება სენაკის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 19 ოქტომბრის №ბ40.40202932 ბრძანებით ზ. ტ-ას მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კოდექსის 129-ე მუხლისა და 130-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან ზ. ტ-ას ადმინისტრაციული სარჩელი, სენაკის რაიონულ სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 4 აპრილს, რომელშიც მოსარჩელის მხრიდან მითითებულ იქნა მხოლოდ ორი სასარჩელო მოთხოვნა: 1. „ზ. ტ-ას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანების ბათილად ცნობა და 2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, ხოლო მოსარჩელე ზ. ტ-ამ სასარჩელო მოთხოვნით იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სენაკის რაიონულ სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2020 წლის 21 დეკემბერს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 130-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ზ. ტ-ას მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე იყო ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
კასატორის განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ასევე სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,ზ. ტ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანების ბათილად ცნობისა და ზ. ტ-ას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. 2020 წლის 6 აგვისტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში შევიდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ (№A20044259-004/001), რომლის საფუძველზეც მოთხოვნილ იქნა სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. სადავო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებების, სენაკის რაიონული სასამართლოს 5 ივნისის №3/17-2017 სააღსრულებო ფურცლის და ზ. ტ-ას განცხადებების (№1390; №1926) თანახმად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გატარებულ იქნა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რიგი ქმედებები, კერძოდ: იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვლის თვეში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განხორციელდა რეორგანიზაცია, რომლის შედეგადაც გაუქმებულ იქნა ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობა, ზ. ტ-ას ამავე თანამდებობაზე აღდგენა ფაქტობრივად გახდა შეუძლებელი. ასევე, შეუძლებელი გახდა მისი აღდგენა ტოლფას თანამდებობაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ზემოხსენებული განყოფილების ტოლფასი თანამდებობის არ არსებობის გამო. აქედან გამომდინარე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 3 სექტემბრის №01/2990 წერილით მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს და მოითხოვა ინფორმაციის მოძიება საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ტოლფასი ვაკანტური თანამდებობების შესახებ. ზემოხსენებული ბიუროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, სათანადო წერილები გადაეგზავნა ყვარლის, ჩხოროწყუს, ყაზბეგისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერიებს ზ. ტ-ას ვაკანტურ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. თუმცა, წარმოდგენილი წერილობითი მომართვების (22.09.2020წ. №3736, 03/4178, 06/2301; 02.10 2020წ. №05/5530) თანახმად, მერიების მიერ გაცხადებულ იქნა უარი ტოლფას თანამდებობაზე ზ. ტ-ას აღდგენასთან დაკავშირებით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის საფუძველზე, ზ. ტ-ას იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, აუცილებლობას წარმოადგენდა ის ჩარიცხულიყო მოხელეთა რეზერვში. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და ასევე, კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. საყურადღებოა ის გარემოება, რომ 2017 წლის 4 აპრილს ზ. ტ-ას მიერ აღძრულ სარჩელზე სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო სადავოდ ქცეული სამართლებრივი აქტის გამოცემის მომენტისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტის - ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე (№1022-Iს), რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქმეზე გადაწყვეტილების მიღებამდე, კერძოდ, 2017 წლის 1 ივლისს. სასამართლოს მიერ, საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა ამავე კანონის 112-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს უკანონოდ განთავისუფლების ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო, ხოლო იგივე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. შესაბამისად, მოსარჩელემ სასამართლოსთვის მიმართვისას, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლოს მიმართა მხოლოდ ორი სასარჩელო მოთხოვნით - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევით. ამდენად, სენაკის რაიონული სასამართლოს მიერ, სადავო საკითხზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - ,,ზ. ტ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანების ბათილად ცნობისა და ზ. ტ-ას მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე. უდავოა, რომ მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნით არ მოუთხოვია თანამდებრივი სარგოს, ანუ განაცდურის ანაზღაურება და ამდენად, არც სასამართლოს უმსჯელია განაცდურის ანაზღაურების ნაწილში.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ზ. ტ-ა 2017 წლის 1 მარტამდე მუშაობდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, საიდანაც 2017 წლის 1 მარტს №220 ბრძანებით გათავისუფლდა სენაკის გამგებლის მიერ; ბ) სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ტ-ას სასარჩელო მოთხოვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანება ზ. ტ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ზ. ტ-ა აღდგენილ იქნა მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე; გ) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 23 იანვრის განჩინებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; დ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 6 ივლისის განჩინებით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი; ე) სამუშაოდან განთავისუფლების მომენტში მოსარჩელის ძირითადი ხელფასი შეადგენდა 1050 ლარს, ხოლო საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი 210 ლარს; ვ) სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, ზ. ტ-ას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ, შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა იგი არ აღსრულებულა (სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 4 სექტემბრის №01/3020 წერილით ზ. ტ-ას აცნობა, რომ ვინაიდან, შესაბამისი შტატის არარსებობის გამო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ან/და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე ზ. ტ-ას აღდგენა შეუძლებელი იყო, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიებასთან დაკავშირებით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №ბ40.40202932 ბრძანებით ზ. ტ-ა ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში საჯარო სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო. ამავე ბრძანებით ზ. ტ-ას მიეცა კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული თითოეული პირისთვის გარანტირებულია შრომითი ანაზღაურების მიღების უფლება. შრომითი ურთიერთობა გულისხმობს არა მარტო დასაქმებულის ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და კანონშესაბამისად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები, არამედ შრომითი ურთიერთობა მოიაზრებს აგრეთვე შრომითი ანაზღაურების გადახდის შესახებ დამსაქმებლის მოვალეობასაც. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს შრომითი გასამრჯელო მიიღოს სამსახურში დანიშვნის დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 57.2 მუხ.). „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლი განსაზღვრავს უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის უფლებების დაცვის მექანიზმებს. აღნიშნული ნორმა კონკრეტულ ფაქტობრივ მოცემულობას უკავშირებს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს. მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო. ამდენად, რეზერვში ჩარიცხვის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე (შედ. იხ. სუსგ №ბს-171-160(კ-07), 13.09.2007წ., №ბს-1512(კს-18), 05.02.2019წ., №ბს-139(4კ-19), 08.06.2020წ.).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. ტ-ას სასარჩელო მოთხოვნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. ბათილად იქნა ცნობილი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანება ზ. ტ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ზ. ტ-ა აღდგენილ იქნა მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე. ასევე დადგენილია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 4 სექტემბრის №01/3020 წერილით ზ. ტ-ას აცნობა, რომ ვინაიდან, შესაბამისი შტატის არარსებობის გამო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე ან/და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში ტოლფას ვაკანტურ თანამდებობაზე ზ. ტ-ას აღდგენა შეუძლებელი იყო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმართა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიებასთან დაკავშირებით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №ბ40.40202932 ბრძანებით ზ. ტ-ა ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში საჯარო სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო. ამდენად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით განსაზღვრული ნორმატიული დანაწესიდან გამომდინარე მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნისა და შემდეგში მისი რეზერვში ჩარიცხვის აღდგენის ფაქტი ქმნიდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს.
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ზ. ტ-ა 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად არ ითხოვდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, აღარ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველი. როგორც უკვე აღინიშნა, კანონიერ ძალაში შესული სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 1 მარტის №220 ბრძანება ზ. ტ-ას სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და ზ. ტ-ა აღდგენილ იქნა მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების უფროსის ან ტოლფას თანამდებობაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველს არა მხოლოდ სამსახურიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების უკანონობის დადგენა წარმოადგენს, არამედ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლის გათვალისწინებით მოსარჩელე ჩარიცხა მოხელეთა რეზერვში, ხოლო ასეთ შემთხვევაში, დასახელებული საკანონმდებლო ნორმის მე-5 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ითვალისწინებს განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურებას. გათვალისწინებით იმისა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 19 ოქტომბრის №ბ40.40202932 ბრძანებით ზ. ტ-ა ჩარიცხულ იქნა მოხელეთა რეზერვში საჯარო სამსახურში იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება როგორც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის, ასევე, იმის შესახებ, რომ არ არსებობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 აპრილის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე