საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1208(კ-23) 23 ივლისი, 2024 წელიქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გოჩა აბუსერიძე, გენადი მაკარიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ნ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 21 აპრილს ნ. ფ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, მისი მამა - ტ. ფ-ე 1992 წლიდან ფლობდა და განაგებდა 260 კვ.მ მიწის ნაკვეთს მდებარე: ქ. თბილისში, ...ის №10, რაც დასტურდებოდა იქ მცხოვრები მოსახლეობის განცხადებებით, მოსარჩელის და მისი ოჯახის მიერ დამუშავებული მიწით, კეთილმოწყობილი გარემოთი და მათ მიერ დარგული მრავალწლოვანი მცენარეებით.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ტ. ფ-ემ გადაწყვიტა კანონიერ საკუთრებაში დაერეგისტრირებინა მიწის ნაკვეთი და მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის გამო საქმე გადაუგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელიც 2017 წლიდან აჭიანურებდა საქმის განხილვას. ტ. ფ-ის გარდაცვალების შემდგომ, მისმა კანონიერმა უფლებამონაცვლემ - ნ. ფ-ემ განაგრძო ადმინისტრაციულ ორგანოში საქმისწარმოება, თუმცა საბოლოოდ კომისიის №452 განკარგულების საფუძველზე, მას უარი ეთქვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემაზე.
მოსარჩელემ მიწის ნაკვეთზე ნ. ფ-ის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 25 მარტის №452 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ნ. ფ-ის მიმართ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინებით ნ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 25 მარტის №452 სადავო განკარგულებით საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი შენობა (ხის კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ იყო დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან). ამასთან, აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2022 წლის 4 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხორციელდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...ის ქ. №10-ის მიმდებარედ) ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად, „ადგილზე გასვლით გაირკვა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით და მასზედ დგას ერთი ხის ფარდული“.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 4 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თანდართულ ფოტომასალაზე, და მიიჩნია, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა შედგენილი იყო ანაკრები ელემენტებისაგან (ხის მასალა და მავთულბადე) და მყარად არ იყო დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ნაგებობა, რომელზეც მიუთითებდა აპელანტი, არ აკმაყოფილებდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „შენობის“ კრიტერიუმებს და წარმოადგენდა დროებით შენობას, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ფ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე, არც აღიარების კომისიას და არც სასამართლოებს სათანადოდ არ გამოუკვლევიათ და მხედველობაში არ მიუღიათ, რომ ტ. ფ-ე ოჯახთან ერთად, წლების მანძილზე ფლობდა და სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით, ამუშავებდა მიწას, აწესრიგებდა ტერიტორიას, რომელიც შემოსაზღვრული იყო მავთულბადის ღობით, რგავდა ნარგავებს, ხეებს, უვლიდა მრავალწლიან მცენარეებს და ყვავილებს, აშენებული ჰქონდა არასაცხოვრებელი შენობა, ეს ყველაფერი კი დასტურდებოდა ფოტოებით, ამხანაგობის ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით, ტ. ფ-ის საინფორმაციო ბარათით და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით სადავო ტერიტორიაზე განთავსებული ხე-მცენარეების ხანდაზმულობაზე. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ იმ გარემოებაზე, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კასატორის საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე ტერიტორიას და შესაბამისად, არ იკვეთებოდა იმის აუცილებლობა, რომ მიწის ნაკვეთზე ახალი შენობა-ნაგებობა ყოფილიყო განთავსებული.
კასატორმა განმარტა, რომ აღიარების კომისიის მიერ დარღვეულ იქნა საქმის ადმინისტრაციული წარმოების პროცესუალური ვადა, ვინაიდან საქმის განხილვა გაგრძელდა 5 წლის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება - ადგილზე დათვალიერების ოქმი, არაკომპეტენტურად იქნა შედგენილი, ვინაიდან რეალურად ადგილზე დათვალიერების ჩატარებისას არ ყოფილა გამოკვლეული საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დამთვალიერებელ პირს არც კი უნახავს შენობის საძირკველი, ამდენად კასატორისთვის გაუგებარი იყო დასკვნა იმის თაობაზე, რომ შენობა მყარად არ იყო დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან.
კასატორმა ასევე მიუთითა სასამართლოების პროცესუალურ დარღვევებზე, კერძოდ ნ. ფ-ემ აღნიშნა, რომ მან შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და 2023 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 10 მარტის №13 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა (საკითხი 68), რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. გარდა ამისა, კასატორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებების თავში მსჯელობა იყო ნ. ფ-ის საქმესთან არანაირ კავშირში მყოფ პირებზე - ქ. მ-სა და ზ. ღ-ზე და განხილული იყო მათი საქმეები, რაც კასატორის მოსაზრებით არ წარმოადგენდა ტექნიკურ ხარვეზს და რეალურად წარმოაჩენდა სასამართლოს დამოკიდებულებას და მოსარჩელის საკუთრების უფლების უგულებელყოფას, რაც სააპელაციო სასამართლოს მხრიდან განხილულიც არ ყოფილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 25 მარტის №452 განკარგულების, 2022 წლის 10 მარტის №13 სხდომის ოქმის (საკითხი 68) კანონიერება და მოპასუხისთვის ნ. ფ-ის მიმართ საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებული მიწა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული), აგრეთვე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომელთა ჯამური ფართობი ბარში არ აღემატება 1.25 ჰექტარს, ხოლო „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში − 5 ჰექტარს. კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისთვის სახელმწიფოს მიერ განკარგული არ არის, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული პირი არის ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად დაიკავა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიული პირი ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებულით ან დანგრეულით) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება, ასევე ის ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლისაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.
საკასაციო სასამართლო, მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლითაც განსაზღვრულია თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიების ის ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. ამავე კანონის მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, შენობა განმარტებულია, როგორც შენობა – სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობებისგან შექმნილი კონსტრუქციული სისტემა, რომელიც გრუნტთან უძრავად არის დაკავშირებული, ქმნის გადახურულ სივრცეს და შემოსაზღვრულია კედლებით, კოლონებით ან/და სხვა შემომზღუდავი კონსტრუქციებით (მათ შორის, ხის კონსტრუქციით), გარდა დროებითი შენობისა, ხოლო თავის მხრივ დროებითი შენობა არის ანაკრები ელემენტებისაგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს ტ. ფ-ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე მდებარე ქ. თბილისი, ...ის ქ. №10-ის მიმდებარედ, (საერთო ფართობი - 260 კვ.მ). 2022 წლის 17 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად კი, ტ. ფ-ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მისმა კანონიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ შვილმა ნ. ფ-ემ საკუთრებაში მიიღო ტ. ფ-ის სამკვიდრო ქონება სრულად, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები.
ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 25 მარტის №452 განკარგულებით, ნ. ფ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ქ.თბილისი, ...ის ქ. №10-ის მიმდებარედ 260 კვ.მ საკუთრების უფლების აღიარებაზე. განკარგულების თანახმად, მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების საფუძველზე დადგინდა, რომ საკუთრების უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი შენობა (ხის კონსტრუქცია, რომელიც მყარად არ იყო დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან). გარდა ამისა, კომისიის მიერ, დადგენილ იქნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. ასევე, დადგენილად არის მიჩნეული, რომ 2022 წლის 4 მარტს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ განხორციელდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისი, ...ის ქ. №10-ის მიმდებარედ) ადგილზე დათვალიერება. ადგილზე დათვალიერების ოქმის თანახმად: „ადგილზე გასვლით გაირკვა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი შემოღობილია მავთულბადით და მასზედ დგას ერთი ხის ფარდული“.
ამდენად, მართალია კასატორი მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, სადავო მიწის ნაკვეთის მისი ოჯახის მხრიდან რეალურად ფლობასა და სარგებლობაზე, თუმცა საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ გამხდარა ის ფაქტი, რომ კომისიამ დადგენილად არ მიიჩნია სადავო ქონების ფლობა/სარგებლობის ფაქტი, არამედ ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო დროებითი შენობა ნაგებობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე ნაკვეთს. ამდენად, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი რამდენიმე გარემოება და ჩამონათვალი, გარდა თვითნებურად დაკავების ფაქტის დაუდასტურებლობისა, ასევე ითვალისწინებს მათ შორის შემთხვევას, როდესაც დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ პირობებს. განსახილველ შემთხვევაში კი, სწორედ აღნიშნული გარემოება არის სახეზე, საქმეში არსებული მასალები, მათ შორის 2022 წლის 4 მარტის ადგილზე დათვალიერების ოქმზე თანდართული ფოტომასალა ადასტურებს, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა მყარად არ არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან, წარმოადგენს დროებით ნაგებობას და იგი არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული „შენობის“ კრიტერიუმებს.
გარდა ამისა, კასატორის მითითებაზე ადმინისტრაციული წარმოების წესების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა აქტის გამოცემის ვადის დარღვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევა ვერ იქნება მიჩნეული კანონის ისეთ დარღვევად, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ იმ გარემოებაზე, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კასატორის საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე ტერიტორიას და შესაბამისად, არ იკვეთებოდა იმის აუცილებლობა, რომ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობა ყოფილიყო განთავსებული. საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით აღნიშნავს, რომ მართალია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, თუმცა მოსარჩელე არ თავისუფლდება იმ გარემოებების მტკიცების ვალდებულებისგან, რომელზეც იგი ამყარებს საკუთარ მოთხოვნას. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღიარების კომისიის ასევე საქმის განმხილველი სასამართლოების მიერ, დადგენილ იქნა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს, მოსარჩელეს კი არ წარმოუდგენია და საქმეს, გარდა კასატორის განმარტებისა, არ ერთვის სხვა მტკიცებულებები (მაგ.: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებით და სხვ.) რომლებიც დაადასტურებდა, რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა კასატორის საცხოვრებელი სახლის მომიჯნავე ტერიტორიას ან იმას, რომ სადავო მიწაზე განთავსებული შენობა ნაგებობა არ იყო დროებითი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს კასატორის განმარტებაზე, რომ 2023 წლის 11 მაისის სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მან მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 10 მარტის №13 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა (საკითხი 68), რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. გარდა ამისა, კასატორმა აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებების თავში მსჯელობა იყო საქმესთან კავშირის არმქონე პირებზე - ქ. მ-სა და ზ. ღ-ზე და განხილული იყო მათი საქმეები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 10 მარტის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზეც გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - №452 განკარგულება, ნ. ფ-ისთვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, სხდომის ოქმი, უშუალოდ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 10 მარტის №13 სხდომის ოქმი და მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2022 წლის 25 მარტის №452 განკარგულება წარმოადგენს ერთმანეთის შემავსებელ და ერთი და იგივე შედეგზე მიმართულ დოკუმენტებს, რომელშიც მოცემულია საკითხის ერთნაირი დასაბუთება, შესაბამისად 2022 წლის 25 მარტის №452 განკარგულების თაობაზე სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა და შეფასება, ვრცელდება აღიარების კომისიის 2022 წლის 10 მარტის №13 სხდომის ოქმზეც, როგორც იმავე გადაწყვეტილებისა და დასაბუთების შემცველ დოკუმენტზე. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ქ. მ-სა და ზ. ღ-ის სახელების მითითებას, აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს/შეცდომას და საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ დასახელებული პირების საქმე განიხილა, ვინაიდან გადაწყვეტილების როგორც აღწერილობითი, ასევე სამოტივაციო ნაწილები მიემართება იმ ფაქტებს, შეიცავს დოკუმენტების იმ რეკვიზიტებს და მსჯელობს იმ გარემოებებზე, რომლებიც საქმის მასალების თანახმად სწორედ წინამდებარე დავას უკავშირდება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარზე ნ. ა-ას მიერ 13.11.2023წ. №8336 საგადასახადო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ნ. ა-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 8 ივნისის განჩინება;
3. ნ. ა-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 13.11.2023წ. №8336 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
გ. აბუსერიძე
გ. მაკარიძე