Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-90(კ-24) 03 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ყ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ყ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და 2022 წლის 04 აგვისტოს სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა: „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №IDP 8 22 00000065 ბრძანების ბათილად ცნობა; დ. ყ-ას საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ყ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №IDP 8 22 00000065 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა დ. ყ-ას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება, დ. ყ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო მონიტორინგისა და გასაუბრების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ დ. ყ-ა ცხოვრობდა სიძის საკუთრებაში, ქირის გარეშე. პალატის მოსაზრებით, მოპასუხე მხარემ მართებულად მიიჩნია, რომ იმ ეტაპზე, მოსარჩელე დ. ყ-ას განსახლება არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სააგენტოსათვის მიმართვის დროისათვის ქალაქ ბათუმში საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ აღნიშნული უძრავი ქონება რეალურად წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას და მის სახელზე დროებით დარეგისტრირდა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. უდავოა, რომ აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში დ. ყ-ას სახელზე იყო რეგისტრირებული და მხოლოდ მხარის მითითება მის ფორმალურად მესაკუთრეობაზე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ვერ გააბათილებდა საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დ. ყ-ას მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ დევნილი პირის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობა არ გამორიცხავს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ მისი განსახლების საჭიროებას. მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ დ. ყ-ას საკუთრებაში უძრავი ქონების რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კასატორის მოსაზრებით, განსახლების კრიტერიუმს აკმაყოფილებს ყველა ის დევნილი ოჯახი, რომელსაც არ გააჩნია საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი, მათ შორისაა დ. ყ-ას ოჯახი. კასატორი მიუთითებს საკასაციო პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის საქმეზე Nბს-308-304(2კ-14) და აღნიშნავს, რომ „ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

დადგენილია, რომ მოსარჩელე არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი.

დ. ყ-ამ 2021 წლის 28 მაისს „საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე“ №68069 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა (მშენებლობა მიწის ნაკვეთზე V ეტაპი). განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: საქართველო, თბილისი, ..., ...ას ქ. №36.

„საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე“ 2021 წლის 18 ივნისის და 2021 წლის 19 ივლისის განცხადებების შესაბამისად, განმცხადებელს საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, მის.: ქ. ბათუმი, ...ის ქუჩა №50, ბ. №65, რომელიც 2021 წლის 12 ივლისს გაასხვისა გ. ჭ-ეზე, ასევე, სამი მიწის ნაკვეთი - მცხეთა, სოფელი ...ა. განმცხადებლის ფაქტობრივ მისამართად მითითებულია: თბილისი, ...ის ქ. 2/4, ხოლო იურიდიულ მისამართად: თბილისი, ვაკე, ...ი.,

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (2021 წლის 19 იანვრის მდგომარეობით) უძრავი ნივთის მდებარე: ქალაქი ბათუმი, ...ის ქუჩა №50, ფართი სადარბაზო 1, სართული 15, ბინა 65, 74.50 კვ.მ ს/კ: ..., მესაკუთრეა - დ. ყ-ა.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (2021 წლის 13 ივლისის მდგომარეობით), უძრავი ნივთის მდებარე: ქალაქი ბათუმი, ...ის ქუჩა №50, ფართი სადარბაზო 1, სართული 15, ბინა 65, 74.50 კვ.მ ს/კ: ..., მესაკუთრეა - გ. ჭ-ე.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართად მიეთითა - საქართველო, თბილისი, ..., ...ას ქ. №36.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის მიხედვით, მონიტორინგი განხორციელდა 2021 წლის 4 აგვისტოს მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის №2/4 კორპ., ბინა 10, მე-4 სართული. დადგინდა, რომ განმცხადებელი 2018 წლიდან ქირის გარეშე ცხოვრობს სიძის (დის მეუღლის) საკუთრებაში. მონიტორინგის დროს განმცხადებელი იმყოფებოდა აღნიშნულ მისამართზე. ამავე მისამართზე იმყოფებოდნენ განმცხადებლის მამა - ვ. ყ-ა, დედა - დ. თ-ა, და - თ. ყ-ა, სიძე - გ. ი-ი და დისშვილი - თ. ი-ი. მონიტორინგის ფორმის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე არის - გ. ი-ი. ასევე, მითითებულია, რომ განმცხადებლის დ. ყ-ას არასრულწლოვანი შვილი - ა. ყ-ა შაბათ-კვირას იმყოფება მამასთან მონიტორინგის მისამართზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 12 ოქტომბრის N66 ოქმის შესაბამისად, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ინდივიდუალური სახლის მშენებლობაზე უარი ეთქვა განმცხადებელ დ. ყ-ას, ვინაიდან იმ ეტაპზე განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა სიძის სახლში ცხოვრების გამო.

სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 13 ივნისის №IDP 8 22 00000065 ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №66) დ. ყ-ას ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს), განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო, უარი ეთქვა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დევნილს უფლება აქვს მიიღოს სოციალური და სხვა სახის დახმარებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა, ხოლო მე-5 პუნქტის მიხედვით, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №7 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №8 დანართის შესაბამისად. ზემოხსენებული ნორმა ადმინისტრაციულ ორგანოს პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებს. დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. „წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი იყო მისი ცხოვრება სიძის საკუთრებაში, ქირის გარეშე. ამ პირობებში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ იმ ეტაპზე მოსარჩელე დ. ყ-ას განცხადების დაკმაყოფილება არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სააგენტოსათვის მიმართვის დროისათვის ქალაქ ბათუმში საკუთრებაში გააჩნდა საცხოვრებელი ფართი, აღნიშნულს ვერ გააქარწყლებს ის გარემოება, რომ სადავო აქტის გამოცემის დროისთვის მოსარჩელის სახელზე არ იყო აღრიცხული უძრავი ქონება. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ აღნიშნული უძრავი ქონება რეალურად წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას და მის სახელზე დროებით დარეგისტრირდა, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად აღნიშნა, რომ აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. უდავოა, რომ ხსენებული უძრავი ქონება სააგენტოსათვის მიმართვის დროისათვის საჯარო რეესტრში დ. ყ-ას სახელზე იყო რეგისტრირებული და მხოლოდ მხარის მითითება მის ფორმალურად მესაკუთრეობაზე, ვერ გააბათილებს საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებს.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ ეტაპზე მოსარჩელის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი დევნილ ოჯახს არ ართმევს შესაძლებლობას, არსებული მდგომარეობის შეცვლისა და სააგენტოსადმი განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, დაკმაყოფილდეს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე მისი განაცხადი. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელის ოჯახის სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფის აუცილებლობას არ უარყოფს მოპასუხეც, თუმცა სააგენტო ამასთანავე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე, უფრო გაჭირვებულ ოჯახებთან მიმართებით, არ საჭიროებდა სასწრაფოდ განსახლებას, რადგან მას საკუთრებაში ჰქონდა უძრავი ქონება, რომელიც გაასხვისა და ამასთან, სარგებლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელში - სიძის ბინაში ცხოვრების შესაძლებლობით. საკასაციო პალატა იზიარებს სააგენტოს მოსაზრებას, რომ მართალია, სახელმწიფოს ვალდებულებას წარმოადგენს დევნილ ოჯახთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, თუმცა რესურსების მოცულობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს რიგითობას შესაბამისი პრიორიტეტულობის საფუძველზე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ყ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე