Facebook Twitter

საქმე №ბს-318(კ-24) 25 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჭ-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2023 წლის 28 თებერვალს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - გ. ჭ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, გ. ჭ-ი თავდაცვის ძალების მეთაურის 26.08.2022წ. №3761 ბრძანებით ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით - კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, დათხოვნილ იქნა საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახურიდან. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხეს წარმოეშვა ფინანსური პასუხისმგებლობა; გ. ჭ-ის მიერ კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა, სამინისტროს მიერ მიჩნეულ იქნა საქართველოს მთავრობის 18.03.2014წ. №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის 1-ელი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად; შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო სამინისტროსთვის აენაზღაურებინა ჯარიმია 5000 ლარი.

ამდენად, მოსარჩელემ გ. ჭ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ ჯარიმის 5000 (ხუთი ათასი) ლარის დაკისრება მოითხოვა. ამავე სასარჩელო განცხადებით მოსარჩელემ იშუამდგომლა გ. ჭ-ის სახელზე რეგისტრირებულ სამ ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღზე ყადაღის დადების თაობაზე: ..., იარაღის ნომერი: ..., ..., იარაღის ნომერი: ..., ..., იარაღის ნომერი: ....

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო გ. ჭ-ის სახელზე რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღებს: 1. ..., იარაღის ნომერი: ...; 2. ..., იარაღის ნომერი: ...; 3. ..., იარაღის ნომერი: ....

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე გ. ჭ-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის 3500 ლარის გადახდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჭ-ს შორის 2014 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №... ,,საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი" კონტრაქტი. ამასთან, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის №MOD 2450 ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი გ. ჭ-ი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება - რიგითი 2014 წლის 13 სექტემბრიდან. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 26 აგვისტოს №MOD 52200003761 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის ... საარტილერიო ბატალიონის საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილე, უფროსი ლეიტენატი გ. ჭ-ი 2022 წლის პირველი სექტემბრიდან გათავისულფდა თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე. სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 13 სექტემბრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №... ,,საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი" კონტრაქტის 6.2, 6.3 პუნქტები. თუმცა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 13 სექტემბრის №... კონტრაქტით მოპასუხის მიერ გადასახდელი ძირითადი თანხისა და მისი გადახდის დაგვიანებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ,,საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი" 2014 წლის 13 სექტემბრს №... კონტრაქტის 2.1 პუნქტის მოთხოვნებზე, რომელთა მიხედვითაც სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს კალენდარულ წელს და იუნკერად ყოფნის ვადის ჯამს. კონტრაქტის მოქმედება კი იწყება იუნკერად ჩარიცხვის დღიდან. აღნიშნული ვადის დაანგარიშებისას გასათვალისწინებელია მხოლოდ ნამსახურები კალენდარული წლები. მოცემულ შემთხვევაში, ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე გ. ჭ-ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 7 წელი, 11 თვე და 7 დღე.

ზემოაღნიშნული კონტრაქტის 6.2 პუნქტის თანახმად, ,,თუ მოსამსახურე ვადამდე დაითხოვება სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლებით, რომელიც წარმოადგენს ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს ან/და ამ კონტრაქტის 6.1.1, 6.1.4, 6.1.5, 6.1.6, 6.1.7, 6.1.8, 6.1.9 პუნქტებით განსაზღვრული იმ საფუძვლით, რომელიც მისი მიზეზით არის გამოწვეული, მას ეკისრება ჯარიმის (28 000 ლარის ოდენობით) და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფინანსური პასუხისმგებლობის გადახდის ვალდებულება, ხოლო 6.3 პუნქტის შესაბამისად ,,6.2 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური პასუხისმგებლობა სამინისტროსათვის (სახელმწიფო ბიუჯეტისათვის) უნდა ანაზღაურდეს კონტრაქტის შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა''. მხარეთა შორის არსებული 2019 წლის 10 ივნისის ,,სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცს პირებთან გასაფორმებელ კონტრაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" შეთანხმების ოქმით კი ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 5 000 ლარით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ჯარიმის 5000 ლარით განსაზღვრა მძიმეა და კაბალურ პირობებში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს. პალატის განმარტებით, ხელშეკრულების არსებობა ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს იმოქმედონ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; მხარეებმა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად უნდა შეასრულონ შეთანხმებული ვალდებულებები, თუმცა, აღნიშნული არ გამორიცხავს მხარეთა ინერესების ბალანსირების აუცილებლობას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპს. სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმის დაწესებით, მხარე დამოკიდებული ხდება კონტრაქტორზე. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სააპელაციო საჩივარში ასახული მოსაზრებები და არ დააკმაყოფილა იგი. შესაბამისად, უცვლელად დარჩა რუსთვის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის მიერ საკონტრატქო პირობების დარღვევის ფაქტი, თუმცა სასამართლოს შეფასებით მისი კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის დებულების მე-18 თავის 1-ელი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, მათ მიერ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა კანონისმიერი ფიქსირებული ოდენობაა და სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენება უსაფუძვლოა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს გ. ჭ-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჭ-ს შორის 2014 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 17 სექტემბრის №729 ბრძანებით დამტკიცებული №... ,,საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირებთან გასაფორმებელი" კონტრაქტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 15 სექტემბრის №MOD 2450 ბრძანებით, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი გ. ჭ-ი გაწვეული იქნა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად და მიენიჭა პირველადი სამხედრო წოდება რიგითი 2014 წლის 13 სექტემბრიდან. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის 2022 წლის 26 აგვისტოს №MOD 52200003761 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მე-... საარტილერიო ბრიგადის ... საარტილერიო ბატალიონის საბრძოლო უზრუნველყოფის ასეულის მეთაურის მოადგილე, უფროსი ლეიტენატი გ. ჭ-ი 2022 წლის პირველი სექტემბრიდან გათავისულფდა თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან პირადი პატაკის საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ სამხედრო მოსამსახურე გ. ჭ-ის მიერ კონტრაქტის გაფორმებიდან მის შეწყვეტამდე ნამსახურობის პერიოდმა შეადგინა 7 წელი, 11 თვე და 7 დღე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ დამატებით საშუალებას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მასზედ რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. ჭ-ს შორის გაფორმებული 2014 წლის 13 სექტემბრის კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა თავისი შინაარსითა და სამართლებრივი ბუნებით ფაქტობრივად წარმოადგენს პირგასამტეხლოს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, თუმცა სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში და იმსჯელოს პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მითითებული ნორმის საფუძველზე პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, ვალდებულების დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესსა და სხვა ობიექტურ გარემოებებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა მსჯელობას, მასზედ რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული ჯარიმა 3 500 ლარის ოდენობით შესატყვისია და შესაბამისობაშია მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულების სიმძიმესთან და ზოგადად, სამართლიანობის პრინციპებთან, რამდენადაც ჯარიმის 5000 (ხუთი ათასი) ლარით განსაზღვრა შეუსაბამოდ არათანაბარ სამართლებრივ თუ უფლებრივ მდგომარეობაში ამყოფებს სამხედრო მოსამსახურეს და მთლიანად დამოკიდებულს ხდის კონტრაქტორზე, რის გამოც ჯარიმის თანხის გონივრულ ფარგლებში შემცირება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხა წარმოადგენს კანონისმიერ ფიქსირებულ თანხას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2022 წლის 26 ოქტომბერის №505 დადგენილებით ცვლილება შევიდა კანონქვემდებარე აქტში - საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №238 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სამხედრო სამსახურის შესახებ" დებულებაში, კერძოდ მე-18 თავს დაემატა 11 პუნქტი, რომლის შესაბამისი ქვეპუნქტებით განისაზღვრა ჯარიმის ოდენობა სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში (კონტრაქტის სახის გათვალისწინებით). დადგენილია, რომ გ. ჭ-სა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის კონტრაქტი დადებულია 2014 წლის 13 სექტემბერს. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 24.2 მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებები მის ძალაში შესვლამდე არსებულ ურთიერთობაზე ვერ გავრცელდება. განსახილველ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დადგენილი პასუხისმგებლობის ზომა ჯარიმა გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული კონტრაქტით. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მსგავსი კატეგორიის დავებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩამოყალიბებული აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რომლის თანახმად, პირისათვის კონტრაქტით დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა არაერთ დავაში იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ და არაგონივრულად, რამაც დაკისრებული თანხის შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების წარმოშობა განაპირობა (იხ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის №ბს-929(კ-22), 2022 წლის 10 მარტის №ბს-993(კ-21) განჩინებები).

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 26 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა