Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №ბ-1759-7(ა-23) 2 აგვისტო, 2024 წელი

თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე

ზეპირი მოსმენით, განიხილა კ. ნ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის №ბს-626(2კ-23) გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

კ. ნ-ემ 2021 წლის 30 ნოემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ამავე სამსახურის პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის №… დაწესებულების, დაბალი რისკისა და გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის №… დაწესებულების მიმართ და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 100 000 ლარის დაკისრება მოითხოვა. კ. ნ-ემ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დააფუძნა უკანონო პატიმრობას, ვინაიდან მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დამატებით დაყო 4 თვე და 13 დღე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მითითებული გარემოების გამო დაირღვა მისი კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები და პრინციპები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ნ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კ. ნ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ. ნ-ემ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; კ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

2023 წლის 28 დეკემბერს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კ. ნ-ის წარმომადგენელმა, რომელმაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, მოწინააღმდეგე მხარეებისთვის სოლიდარულად მორალური ზიანის - 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. განმცხადებლის მითითებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ. ნ-ეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებისას გადაეცა 2008 წლის 17 აპრილის განაჩენის ასლი და მისთვის უტყუარად ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ, თუმცა განმცხადებლის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება აღნიშნული ფაქტი. კ. ნ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებას, რომელმაც 2023 წლის 12 დეკემბრის №345428/30 წერილით განმცხადებელს აცნობა, რომ თბილისის №... და რუსთავის №... სასჯელაღსრულების დაწესებულებების არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - დ. დ-ის მიერ 2008 წლის 17 აპრილის განაჩენი და განკარგულება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების შესახებ დაწესებულებაში მიღებული არ ყოფილა, ხოლო სასამართლო არ ითხოვდა მსჯავრდებულისათვის 2008 წლის 21ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილების ხელწერილის ქვეშ ჩაბარებას. მისი ჩაბარების შესახებ პირად საქმეში დოკუმენტაცია არ მოიპოვება. სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი კი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლებას, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სწორედ აღნიშნულ გარემოებებს აქვს განსახილველ შემთხვევაში ადგილი, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია. ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ უნდა განახლდეს საქმის წარმოება, საკასაციო პალატამ ხელახლა უნდა განიხილოს საქმე და მოწინააღმდეგე მხარეებს კ. ნ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის - 100000 ლარის ანაზღაურება. ამავე განცხადებით კ. ნ-ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საქმის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის აცილების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით კ. ნ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დასაშვებად იქნა მიჩნეული და მისი განხილვა დაინიშნა, ზეპირი მოსმენით, 2024 წლის 17 ივლისს, 13:00 საათზე. ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა კ. ნ-ის შუამდგომლობა საქმის განმხილველი ყველა მოსამართლის აცილების თაობაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, ზეპირი მოსმენით, გაეცნო საქმის მასალებს, კ. ნ-ის განცხადების სამართლებრივ საფუძვლებს, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსკ-ის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ-ის მე-4 მუხლი) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. სსკ-ის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში საქმის წარმოების განახლების ერთ-ერთ საფუძვლად დასახელებულია ისეთი გარემოება, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განსახილველ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ საკასაციო პალატაში წარმოდგენილია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №… პენიტენციური დაწესებულების 2023 წლის 12 დეკემბრის №345428/30 წერილობითი პასუხი, რომელშიც აღნიშნულია, რომ: „..თბილისის №… და რუსთავის №… სასჯელაღსრულების დაწესებულებების არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - დ. დ-ის მიერ 2008 წლის 17 აპრილის განაჩენი და განკარგულება განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების შესახებ დაწესებულებაში მიღებული არ ყოფილა, ხოლო სასამართლო არ ითხოვდა მსჯავრდებულისათვის 2008 წლის 21 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილების ხელწერილის ქვეშ ჩაბარებას. მისი ჩაბარების შესახებ პირად საქმეში დოკუმენტაცია არ მოიპოვება“. საკასაციო პალატის მითითებით, აღნიშნული მტკიცებულება წარმოადგენს მოცემულ საქმეში ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რაც აბათილებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს, რომ კ. ნ-ისათვის ჯერ კიდევ 2008 წელს იყო ცნობილი უფლების დარღვევის თაობაზე. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №… პენიტენციური დაწესებულების 2023 წლის 12 დეკემბრის №345428/30 წერილობითი პასუხის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ნ-ის მოთხოვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საფუძვლიანია.

სარეზოლუციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, 430-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დაადგინა:

1. კ. ნ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 სექტემბრის (საქმე №ბს-626(2კ-23)) გადაწყვეტილება;

3. საკასაციო საჩივრებზე განახლდეს საქმის წარმოება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: თ. ოქროპირიძე

გ. მაკარიძე