№ბს-889(გ-24) 1 აგვისტო, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი - სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი - შპს „...ი“
დავის საგანი - სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2024 წლის 4 ივლისს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში წარადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები შპს „...ის“ მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის დადგენილებით სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ის“ მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000231 განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2024 წლის 13 ივნისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტის მიერ შპს „...ის“ (ს/ნ ..., მისამართი: ქ. დუშეთი, ...ის ქუჩა, კორპ. 4, ბინა 16) მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდრღვევის ოქმი №000231. ოქმის თანახმად, გამოვლენილ იქნა, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს 1 აპრილიდან 1 მაისამდე წარუდგინოს ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ, რაც არ იქნა შესრულებული დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში განსჯადი (უფლებამოსილი) სასამართლოს დადგენისათვის გასათვალისწინებელია შერაცხული სამართალდარღვევის სპეციფიკა, რაც მდგომარეობს შესაბამისი ანგარიშის წარუდგენლობაში (აღნიშნული წერილობითი ფორმით უნდა განხორციელებულიყო ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში). ამ ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი) კი მოქცეულია თბილისის თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში. საგულისხმოა, რომ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს, დებულების თანახმად, ტერიტორიული ორგანოები არ გააჩნია. შესაბამისად, მას მხოლოდ ერთადერთი მისამართი გააჩნია.
სასამართლომ მიუთითა ასკ-ის 573 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით აღნიშნული ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთ-ერთი შემდეგი ქმედების ჩადენა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობა, მრიცხველზე ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის ლიცენზიის ვადის გასვლამდე ათვისების შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. სასამართლოს განმარტებით, ნორმის პირველი ნაწილი ეხება ისეთ ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციებისა და ანგარიშების წარდგენასთან. შესაბამისად, დარღვევად კანონმდებლობა მიიჩნევს ამ ინფორმაციებისა და ანგარიშების წარუდგენლობას. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს განსაზღვრავს ის ადგილი, სადაც პირს უნდა წარედგინა ინფორმაცია ან ანგარიში. თუ მაგალითად, ლიცენზიის გამცემს ან სხვა მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს ერთი ადგილსამყოფელი (ეს ადგილსამყოფელია სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი), ხოლო თუ მას აქვს რამდენიმე ადგილსამყოფელი (ტერიტორიული სამსახურების, სტრუქტურული ერთეულის სახით), მაშინ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი შეიძლება დაუკავშირდეს შესაბამის ტერიტორიული სამსახურის ადგილსამყოფელს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შპს „...ს“ დარღვევად ერაცხება ანგარიშის წარუდგენლობა სსიპ საქართველოს მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში მისამართზე - თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. №150.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 13 ივნისის №000231 ადმინისტრაციული სამართალდრღვევის შესახებ ოქმის შინაარსიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელი, სადაც ლიცენზიის მფლობელს უნდა წარედგინა ანგარიში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ. ამდენად, ვინაიდან ლიცენზიის გამცემ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო (იურიდიული მისამართით ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე №150-ში), მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვაზე უფლებამოსილ, განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის დადგენილებით სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ის“ მიმართ 2024 წლის 13 ივნისს შედგენილი №000231 სამართალდარღვევის ოქმი საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის შესახებ სასამართლოთა შორის დავის გადასაწყვეტად, გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. შესაბამისად, ამავე მუხლის საფუძველზე დაწყებული სამართალდარღვევის საქმის განხილვა უნდა მოხდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით.
შპს „...ის“ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა მასზედ, რომ მან, როგორც ლიცენზიის მფლობელმა, ლიცენზიის გამცემს, 1 აპრილიდან 1 მაისამდე, არ წარუდგინა სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიში. საგულისხმოა, რომ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ზე“ გაცემული №10002318 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ის ადგილი/ტერიტორია, რომელიც გათვალისწინებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში. ლიცენზიის მფლობელი ლიცენზიაში კონკრეტულად მითითებულ ტერიტორიაზე იძენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს. ლიცენზიანტის საქმიანობის განხორციელების ფარგლები მკაცრად არის განსაზღვრული. ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაკავშირებულია უშუალოდ ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიასთან, იგი ვერ იქნება ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის მიღმა ადგილი. სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, შპს „...ის“ მიერ დარღვეულია ლიცენზიით განსაზღვრული პირობები, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია შპს „...ის“ მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელი ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე განსახორციელებელ სამუშაოებთან. საგულისხმოა, რომ ლიცენზიანტს ვალდებულების (სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარდგენა) შესრულება დაუბრკოლებად შეუძლია იმ ადგილიდან, სადაც ეს უკანასკნელი ეწევა საქმიანობას. სავარაუდო სამართალდარღვევა გამოიხატა უმოქმედობაში - ანგარიშგების წარუდგენლობაში. მოცემულ პირობებში, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაძლო სამართალდარღვევის ადგილად უნდა ჩაითვალოს ლიცენზიით მოცული ტერიტორია, კერძოდ: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ...ი.
ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა უნდა მოხდეს შესაბამისი განსჯადი სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის - ლიცენზიაში მითითებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ტერიტორიის მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, ბოლნისის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმე განსჯადობით უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება „იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს - სასამართლო განხილვა მოხდეს განსჯადობის წესების დაცვით... ამ უფლებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ სამართალწარმოება განხორციელდეს განსჯადობის წესების დაცვით, საქმის განხილვა და გადაწყვეტა მოხდეს იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც კონსტიტუციისა და კანონის მიხედვით, შესაბამისი უფლებამოსილება, კომპეტენცია გააჩნია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის №1/4/557,571,576 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე. განსჯადობის საკითხს ენიჭება არა დისპოზიციური, არამედ იმპერატიული ხასიათი, განსჯადობა განიხილება საჯარო წესრიგის შემადგენელ ნაწილად.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ სასამართლოს განსახილველად წარედგინა შპს „...ის“ მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააგენტომ გამოავლინა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. საქმეში წარმოდგენილია სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 20 აგვისტოს გაცემული №10002318 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 აგვისტოს №1150/ს ბრძანება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „...ზე“ გაიცა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ...ის ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 აგვისტოს №1150/ს ბრძანებაში ერთ-ერთ პირობად ასევე მითითებულია ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება ყოველწლიურად 1 აპრილიდან 1 მაისამდე ლიცენზიის გამცემ ორგანოში სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ წერილობითი ანგარიშგების წარდგენის თაობაზე.
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიცენზიის მფლობელი ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე ახორციელებს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგებას. ანგარიშგება ხდება ლიცენზიის გამცემისთვის წერილობით წარდგენით. ლიცენზიის მფლობელი, რომელიც ლიცენზიას მიიღებს საანგარიშგებო პერიოდის დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში, ვალდებული არ არის ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ანგარიშგება. ამავე კანონის 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 573 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიასთან ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებით აღნიშნული ლიცენზიის მფლობელის მიერ ერთ-ერთი შემდეგი ქმედების ჩადენა: სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის ფარგლებში მოპოვებული/დარჩენილი სასარგებლო წიაღისეულის მოცულობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციისა და სათანადო დოკუმენტების კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის იჯარით გადაცემის შემთხვევაში სათანადო დოკუმენტების წარუდგენლობა, მრიცხველზე ლუქის ახსნის/დადების პროცესის ამსახველი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარუდგენლობა, ლიცენზიით გათვალისწინებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ჯამური მოცულობის ლიცენზიის ვადის გასვლამდე ათვისების შემთხვევაში ლიცენზიის გაუქმების თაობაზე განცხადების წარუდგენლობა, მომდევნო წლის შესწავლის სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკისა და ბიუჯეტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, გასულ წელს შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიშის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ლიცენზიის მფლობელის ვალდებულება ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ლიცენზიის გამცემისთვის წარდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ლიცენზიის მფლობელის პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. შესაბამისად, შპს „...თან“ მიმართებით შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა და მისი პასუხისმგებლობა გამომდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან და არა სპეციალური კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმებიდან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილზე, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, და ამავე კოდექსის 17716 და 17717 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ორგანო თავის იურიდიულ მისამართზე.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). შესაბამისად, მოცემულ საქმეზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად არსებითია სწორად განისაზღვროს შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილია სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 20 აგვისტოს გაცემული №10002318 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 20 აგვისტოს №1150/ს ბრძანება, რომლითაც დგინდება, რომ შპს „...ზე“ გაცემულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ...ის ქვიშა-ხრეშის მოპოვების მიზნით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია. შპს „...ს’’ აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოეშვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლება, ბრძანებაში მითითებული პირობების დაცვით. ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულება და შეუსრულებლობა დაკავშირებულია სწორედ ზემოაღნიშნულ ტერიტორიასთან (ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ის მიმდებარე ტერიტორია). შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობის დარღვევის (ანგარიშგების წარუდგენლობა) შემთხვევაში შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს სწორედ ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია - ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ის მიმდებარე ტერიტორია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელი, ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს ადგილსამყოფელის მიხედვით დავის განხილვის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვითაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ბოლნისის, დმანისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
გათვალისწინებით იმ გარემოებისა, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენს ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია - ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფ. ...ის მიმდებარე ტერიტორია, სამართალდარღვევის საქმე განხილულ უნდა იქნეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს აღნიშნული ადგილი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „...ის“ მიმართ შედგენილი 2024 წლის 13 ივნისის №000231 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე