Facebook Twitter

№ბს-616(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - მ. ა-ე, ნ. ნ-ი, მ. ნ-ი, ლ. ნ-ი, ი. ნ-ი).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. ა-ემ, ნ. ნ-მა, მ. ნ-მა, ლ. ნ-მა და ი. ნ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელეებმა მოითხოვეს: ა) ბათილად იქნეს ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1139/ო ბრძანება; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს კანონით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: მ. ა-ის, ნ. ნ-ის, მ. ნ-ის, ლ. ნ-ის და ი. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 12 აგვისტოს №03-1139/ო ბრძანება. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების: მ. ა-ის, ნ. ნ-ის, მ. ნ-ის, ლ. ნ-ის და ი. ნ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.

კასატორი აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლოს მითითებით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, თუმცა დამატებით რა უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო ვერ უთითებს.

ადმინისტრაციული წარმოებისას მხარის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე 2019 წლის 2 ივლისს განხორციელდა მონიტორინგი. მოსარჩელის ბინის მოძიების მიზნით მოხდა კორპუსის მაცხოვრებლებთან გასაუბრება, რომლებმაც განმარტეს, რომ მ. ა-ე და მისი და - მ. ა-ე ცხოვრობენ მე-6 სართულზე, სადაც ბინა იყო დაკეტილი. მე-6 სართულზე მცხოვრებმა მეზობლებმა განმარტეს, რომ დები ხშირად მოდიან მითითებულ მისამართზე. მოსარჩელესთან მოხდა ტელეფონით გასაუბრება. მხარემ ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებს განუმარტა, რომ ცხოვრობს დასთან ერთად, იმჟამად იმყოფებოდა სვანეთში დაკრძალვაზე და მისამართზე იქნებოდა 4-5 ივლისისათვის. 2019 წლის 25 ივლისს განხორციელდა დამატებითი მონიტორინგი. მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელე. მხარემ განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს 2014 წლიდან მამისა და დისთვის დაკანონებულ ფართში. მანამდე 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა სამტრედიაში, მეუღლის - მ. ნ-ის სახლში. მეუღლე მარტო ცხოვრობს სამტრედიაში, დედამთილი თურქეთშია. მეუღლის დაოჯახებული და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქუთაისში, თავიანთ საკუთრებაში. მეუღლესთან დაშორების შემდგომ გადმოვიდა მითითებულ მისამართზე. მხარემ ასევე განმარტა, რომ მამა ცხოვრობს ძმასთან. დედა გარდაცვლილია. მონიტორინგი ასევე განხორციელდა მოსარჩელის მეუღლის - მ. ნ-ის საკუთრებაში. მისამართზე იმყოფებოდა ოჯახი სრული შემადგენლობით - მ. ა-ე მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად. მოსარჩელემ განმარტა, რომ კონფლიქტი ჰქონდა დასთან - მ. ა-ესთან და მეუღლესთან გადავიდა დროებით საცხოვრებლად. 2020 წლის 2 ივნისს მონიტორინგი კვლავ განხორციელდა მოსარჩელის მიერ განაცხადში მითითებულ მისამართზე, ბინა იყო დაკეტილი. ტელეფონზე დაკავშირება მოსარჩელესთან ვერ მოხერხდა. გასაუბრება მოხდა მეზობლებთან, რომლებმაც განმარტეს, რომ მ. ა-ე ოჯახთან ერთად იმყოფება სამტრედიაში და როდის დაბრუნდება მისამართზე ინფორმაცია არ აქვთ. მონიტორინგის განხორციელების შემდგომ, 2020 წლის 9 ივნისს მოხდა მ. ნ-თან დაკავშირება და გაირკვა, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს სამტრედიაში, მეუღლის საკუთრებაში. 2020 წლის 15 ივნისს, მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მონიტორინგი განხორციელდა სამტრედიაში. მისამართზე იმყოფებოდა მოსარჩელე ოჯახთან ერთად. მან განმარტა, რომ მეუღლის მისამართზე ცხოვრობენ უკვე 13 წელია. მანამდე 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდა დის საკუთრებაში. მხარემ განმარტა, რომ მეუღლესთან იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, პერიოდულად მეუღლეებს აქვთ კონფლიქტი. ოჯახის ჯამური შემოსავალია 1725 ლარი. მამამთილი გარდაცვლილია, ხოლო დედამთილი, მა. ნ-ი ცხოვრობს და მუშაობს თურქეთში. ადმინისტრაციული წარმოებისას ნათელი გახდა, რომ მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მეუღლის მამაპაპისეულ სახლში. კომისიამ იმსჯელა და გადაწყვიტა, მოსარჩელის განაცხადი არ დაეკმაყოფილებინა, მეუღლის საკუთრებაში ცხოვრების გამო, განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის საფუძვლით.

კასატორის განმარტებით, ბუნებრივია, უპირატესობა ისეთ ოჯახებს მიენიჭათ, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ თუნდაც ნათესავის/ახლობლის ბინით. მოცემულ შემთხვევაში, ოჯახი ერთ-ერთი წევრის საკუთრებაში ცხოვრობს დღემდე, რაც საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებაა და რასაც სასამართლომ საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. მოქმედი კანონმდებლობა გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის აწესებს გარკვეულ რიგითობას, პრიორიტეტულობას, რაც დადგენილია იმპერატიულად, კერძოდ, პირველ რიგში და საკითხის განხილვის ეტაპზე, ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. ცხადია, ნორმა არ უარყოფს და ეჭვის ქვეშ არ აყენებს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა შესაბამისი რიგითობის დაცვით. ამდენად, სასამართლო თუ ამგვარად მიუდგება საკითხს და მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით ბოლო ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) მ. ა-ე არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილის მოწმობაში იძულებით გადაადგილებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - აფხაზეთი, გაგრა, ს. ..., ხოლო დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად - თბილისი, ...ი, ...ის გამზირი ..., ...ს შენობა. არასრუწლოვანი მ. ნ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილის მოწმობაში იძულებით გადაადგილებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია - აფხაზეთი, გაგრა, ს. ..., ხოლო დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად - თბილისი, ...ი, ...ის გამზირი ..., ...ს შენობა. არასრუწლოვანი ლ. ნ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილის მოწმობაში იძულებით გადაადგილებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია აფხაზეთი, გაგრა, ს. ..., ხოლო დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად - თბილისი, ...ი, ...ის გამზირი ..., ...ს შენობა. არასრუწლოვანი ნ. ნ-ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი. დევნილის მოწმობაში იძულებით გადაადგილებამდე მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებულია აფხაზეთი, გაგრა, ს. ..., ხოლო დევნილის დროებით საცხოვრებელ ადგილად - თბილისი, ...ი, ...ის გამზირი ..., ...ს შენობა (ს.ფ. 20-23). 2022 წლის 2 თებერვლის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, მ. ა-ე და არასრულწლოვნები: ნ. ნ-ი, მ. ნ-ი, ლ. ნ-ი, ი. ნ-ი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულნი - 1000 სარეიტინგო ქულით და იღებენ საარსებო შემწეობას. მის: ქ. თბილისი, ...ის რაიონი, ...ის გამზირი, ..., ბინა №123 (ს.ფ. 19); ბ) მ. ა-ემ 2013 წლის 19 აგვისტოს, განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოვილთა სამინისტროს მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, 2019 წლის მდგომარებით, ოჯახი შეფასდა 4,5 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პირობები - 1,5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები, 4 არასრულწლოვანი - 3 ქულა). მ. ა-ე განაცხადს აკეთებს შვილებთან ერთდ (ს.ფ 59-60, 55); გ) 2019 წლის 2 ივლისის ,,დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის’’ თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი, განმცხადებელ მ. ა-ის განაცხადის მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა მისამართზე ქ. თბილისი ...ის გამზირი ..., ბინა №128. მონიტორინგის ჯგუფი საცხოვრებელი ბინის მოძიების მიზნით გაესაუბრა მაცხოვრებლებს, რომლებმაც განუმარტეს, რომ მ. ა-ის და - მ. ა-ე ცხოვრობს მე-6 სართულზე. ბინა დახვდათ დაკეტილი. მაცხოვრებლებმა მონიტორინგის ჯგუფს ასევე განუმარტეს, რომ მ. ა-ე ხშირად მოდის და ცხოვრობს ამ ბინაში (ს.ფ 90). ,,გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის’’ თანახმად (ვიზიტის თარიღი 25.07.2019 წელი) მ. ა-ე, მის 4 არასრულწლოვან შვილთან: ლ., მ., ნ. და ი. ნ-ებთან ერთად ცხოვრობს მეუღლესთან გაშორების შემდეგ - 2019 წლის 26 მარტიდან ქ. თბილისში, ...ის გამზირზე ...ა (ამჟამად ...), ყოფილი ...ი, მე-6 სართული, ბინა №123, დის და მამის საკუთრებაში არსებულ ბინაში. მანამდე 11 წელი ცხოვრობდა მეუღლის - მ. ნ-ის სახლში ქ. სამტრედიაში, ...ის ქ. ჩიხი №5, სახლი №8. მეუღლესთან დაშორების შემდეგ დაბრუნდა მონიტორინგის მისამართზე, სადაც დაქორწინებამდეც ცხოვრობდა (ს.ფ. 91-96); 2019 წლის 20 აგვისტოს ,,დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის’’ თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი, აპლიკანტ მ. ა-ის განცხადების დამატებითი მონიტორინგის მიზნით გამოცხადდა განმცხადებლის მეუღლის - მ. ნ-ის სახლში - ქ. სამტრედიაში, ...ის მე-5 ჩიხი, №8-ში, სადაც დახვდათ მ. ნ-ი, მ. ა-ე და მათი ოთხი არასრუწლოვანი შვილი. მ. ა-ის განმარტებით, მას კონფლიქტი აქვს თავის დასთან - მ. ა-ესთან და ქ. თბილისში, ...ის გამზირი ...ა მისამართიდან წამოვიდა მეუღლის სახლში, სადაც ცხოვრობს დროებით (ს.ფ. 97). 2020 წლის 2 ივნისის ,,დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის’’ თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი გამოცხადდა მ. ა-ის განცხადების საფუძველზე ...ის ...-ში. მისამართზე არავინ დახვდათ, ბინა იყო დაკეტილი, მეზობლების განმარტებით მ. ა-ე ოჯახით იმყოფება სამტრედიაში ბოლო ორი თვეა, როდის ბრუნდებიან ინფორმაციას არ ფლობენ (ს.ფ. 98). ,,გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის’’ თანახმად (ვიზიტის თარიღი 15.06.2020 წელი) მ. ა-ე მის არასრუწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქ. სამტრედიაში, ... მე-5 ჩიხი №8-ში, მეუღლის - მ. ნ-ის საკუთრებაში არსებულ სახლში 13 წელია, მანამდე მ. ა-ე ცხოვრობდა დაახლოებით 8 წელი მისამართზე ქ. თბილისი, ...ის გამზირი ..., ყოფილი ...ს შენობა. მ. ა-ე და არადევნილი მ. ნ-ი არიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში, მ. ა-ის განმარტებით პერიოდულად აქვთ კონფლიქტი (ს.ფ. 100-105); დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2020 წლის 21 ივლისის №36 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა ქ. თბილისში ახლადაშენებულ კორპუსებში, დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, მ. ა-ეს (სარეგისტრაციო ნომერი ...) უარი ეთქვა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მოცემულ ეტაპზე მისი განსახლება გადაუდებელ საჭიროებას არ წარმოადგენდა მეუღლის სახლში ცხოვრების გამო. 2020 წლის 12 აგვისტოს, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე №03-1139/ო ბრძანებით მ. ა-ის ოჯახს (განაცხადით გათვალისწინებულ პირებს) ამ ეტაპზე უარი ეთქვა განსახლების გადაუდებელი საჭიროების არ არსებობის გამო, ქალაქ თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე (ს.ფ 148-230, 112); ე) 2019 წლის 26 მარტს, მ. ნ-ის მიერ მ. ა-ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების მოტივით გამოცემულ იქნა №015995 შემაკავებელი ორდერი 30 დღით კონკრეტული პირობებით. მსხვერპლი საცხოვრებლად წავიდა ქ. თბილისში, ...ის გამზ. ...-ში. 2019 წლის 1 მაისს, მ. ა-ემ №61005 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა ქულის მომატება. განცხადებაში აღნიშნა, რომ განაცხადი შევსებული აქვს თბილისში, ცხოვრობს ნათესავთან და არის ძალადობის მსხვერპლი, მიუთითა №015995 შემაკავებელ ორდერზე. ასევე, 2019 წლის 1 მაისის №61002 განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და მოითხოვა ქირისათვის განკუთვნილი თანხის გამოყოფა; განცხადებაში მიუთითა, რომ არის ძალადობის მსხვერპლი, ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს ნათესავის ბინაში და არ აქვს ქირის გადახდის საშუალება (ს.ფ 241, 127-128); ვ) 2022 წლის 17 თებერვლის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №... წერილის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, მ. ა-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ 124); ზ) 2022 წლის 22 თებერვლის, №220177518 სანოტარო აქტის თანახმად, ბ. ა-ე და მ. ა-ე ადასტურებენ, რომ მ. ა-ე, თავის არასრულწლოვან შვილებთან - ნ. ნ-თან, მ. ნ-თან, ლ. ნ-თან და ი. ნ-თან ერთად 2019 წლიდან დღემდე მუდმივად ცხოვრობს მათ თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში მდებარე ქ. თბილისი, ...ის გამზირი ..., მე-7 სართული, ბინა №130. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,...ას“ თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მ. ა-ე, დაბადებული ... წლის ... ...ს, თავის ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად, 2019 წლის მარტის თვიდან სისტემატურად ცხოვრობს ქ. თბილისი, ...ის გამზ....ა-ში (ს.ფ 125, 123); თ) 2022 წლის 5 აპრილის, სსიპ ...ის ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის MES 9 22 0000351993 ცნობის თანახმად, მ. ნ-ი 2021 წელს ჩაირიცხა სსიპ ...ის ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მე-6 კლასში და ამჟამად არის მე-6ა კლასის მოსწავლე (ს.ფ. 119). 2022 წლის 5 აპრილის, სსიპ ...ის ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის MES 2 22 0000351653 ცნობის თანახმად, ნ. ნ-ი 2021 წელს ჩაირიცხა სსიპ ...ის ქალაქ თბილისის №... საჯარო სკოლის მე-8 კლასში და ამჟამად არის მე-8ა კლასის მოსწავლე (ს.ფ. 120). 2022 წლის 5 აპრილის, ა(ა)იპ ქ. თბილისის №... საბავშვო ბაგა-ბაღის №007/01 ცნობის თანახმად, ი. ნ-ის ნამდვილად ირიცხება ა(ა)იპ ქ. თბილისის №... საბავშვო ბაგა-ბაღში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან (ს.ფ. 122). 2022 წლის 24 მარტის, სსიპ ქალაქ სამტრედიის №... საჯარო სკოლის MES 8 22 0000304011 ცნობის თანახმად, ლ. ნ-ი მსოფლიოში შექმნილი პანდემიის გამო 2020 წლის 2 მარტიდან 2019-2020 სასწავლო წლის ბოლომდე, 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით, 2020 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, 2021 წლის 3 თებერვლიდან 17 თებერვლის ჩათვლით, 2022 წლის 2 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით იმყოფებოდა დისტანციურ სწავლებაზე (ს.ფ 126).

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელეებისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისათვის მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი განსახლების მიზნით საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

ამავე ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.

2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით ასევე დამტკიცებული იყო „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ – დანართი №6, რომლის „დ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა 1,5 ქულის მინიჭების შესაძლებლობას, თუ დევნილი ოჯახი ცხოვრობს სხვის სახლში (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისა), ქირით ან ქირის გარეშე.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მ. ა-ე, ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს სხვის საკუთრებაში. ამასთან, უტყუარად ვერც ის გარემოება დაადასტურა ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ მოსარჩელე სტაბილურად ერთიდაიმავე მისამართზე იმყოფება. აღნიშულის საპირისპიროდ კი, საქმის მასალების მიხედვით, მ. ა-ეს, თავის არასრულწლოვან შვილებთან ერთად სხვადასხვა მისამართზე ცხოვრება უწევს (მაგ: შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოსარჩელე მისამართიდან ქ. სამტრედია, ...ის ქ. №29, საცხოვრებლად წავიდა მისამართზე ქ. თბილისი, ...ის გამზირი ...). მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეთა ოჯახი სხვა პირთა საკუთრებაში ცხოვრობს უსასყიდლოდ, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძვლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დევნილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი ითვალისწინებს იმ შემთხვევებსაც, როდესაც ბინით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახი ცხოვრობს ნათესავის ბინაში, ქირით ან ქირის გარეშე და ამ გარემოებიდან გამომდინარე, შეფასების საერთო სისტემაში დაინტერესებულ პირს ენიჭება კონკრეტული ქულა. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ დღეის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით არ ირიცხება რაიმე უძრავი ქონება. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იძლევა მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ გამორიცხავს დევნილი ოჯახის უფლებას, განსახლებულ იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მოცემულ ეტაპზე კრიტერიუმების შესაბამისად და არა სხვა რომელიმე ეტაპზე.

საყურადღებოა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის საფუძველი გახდა არა მინიჭებულ ქულათა ნაკლებობა, არამედ - ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრება მოცემული მომენტისათვის გადაუდებელი განსახლების აუცილებლობის არარსებობის შესახებ, თუმცა შესაბამისი საჭიროების არარსებობა დასაბუთებული არ არის.

შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გ. მაკარიძე

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

თ. ოქროპირიძე