საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-387(2კ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები - 1. ლ. ზ-ა (მოსარჩელე); ს. თ-ე, ლ. თ-ე (მესამე პირები); 2. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 14 სექტემბერს ლ. ზ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 13 მაისის №03/7470 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ლ. ზ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, ცხოვრობს ქ. თბილისში, სხვის საკუთრებაში, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ლ. ზ-ას განაცხადი შეფასდა 5 ქულით, რაც, მისი მოსაზრებით, საცხოვრებელი ფართით მისი დაკმაყოფილების საფუძველია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ განაცხადის განუხილველად დატოვებით ირღვევა მისი უფლებები, რის გამოც მოსარჩელეს ადგება უშუალო და პირდაპირი ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 13 მაისის №03/7470 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ლ. ზ-ას განაცხადის ხელახლა განხილვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ზ-ამ, ლ. თ-ემ, ს. თ-ემ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით ლ. ზ-ას, ლ. თ-ისა და ს. თ-ის, ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო მხოლოდ 2020 წლის 28 დეკემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმს, რომლის თანახმად, მონიტორინგის სამსახური გამოცხადდა ლ. ზ-ას მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე, სადაც იგი არ დახვდათ. პალატის მითითებით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის შეფასებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოს შეეძლო განმეორებით განეხორციელებინა დევნილის ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე მონიტორინგი, თუმცა აღნიშნულს არ უნდა ჰქონოდა ფორმალური ხასიათი; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპასუხე ვალდებული იყო, დამატებით დაედგინა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლებელს გახდიდა მონიტორინგის ჯეროვან განხორციელებას. ამასთან, მოპასუხეს ყველა შესაძლო გზით, უნდა მოეხდინა მოსარჩელის სათანადო ინფორმირება, მის მიერ მითითებულ მისამართზე მონიტორინგის განხორციელების თაობაზე, მით უფრო, რომ უდავოდ დასტურდებოდა ხსენებულ მისამართზე ლ. ზ-ას ოჯახის ცხოვრების ფაქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ზ-ამ, ლ. თ-ემ, ს. თ-ემ და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორები - ლ. ზ-ა, ლ. თ-ე და ს. თ-ე არ ეთანხმებიან საკითხის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გადაწყვეტას და მიუთითებენ, რომ აღნიშნულ საპროცესო უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება, მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მონიტორინგის განხორციელება ფორმალურ ხასიათს ატარებს და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმით მინიჭებული ქულების შესაბამისად და განეხილა ლ. ზ-ას მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. კასატორთა მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და შეემოწმებინა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება. შესაბამისად, კასატორებმა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვეს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, ასევე, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება ასკ-ის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით სხდომის ჩატარება. ასევე არ იკვეთება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქმის გარემოებების გამოსაკვლევად, ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოჰკითხა განმცხადებელი, ასევე ჩაატარა მონიტორინგი, დათვალიერება, თუმცა განმცხადებელი ადგილზე მონიტორინგის სამსახურს არ დახვდა, ვერ მოხერხდა განმცხადებელთან დაკავშირება. შესაბამისად, ლ. ზ-ას ოჯახის განაცხადის საკითხზე კომისიამ 2021 წლის 2 აპრილის სხდომაზე ვერ იმსჯელა. სააგენტოს სხვა დამატებითი ინფორმაცია ლ. ზ-ას საცხოვრებელ მისამართთან დაკავშირებით არ ჰქონია. შესაბამისად, სააგენტოს მიაჩნია, რომ სათანადოდ და დამაჯერებლად არის დასაბუთებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განუხილველად დატოვება მისამართის დაუდგენლობის გამო. ამასთან, სააგენტო მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი კომისიაზე არ განხილულა, სააგენტოს დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საცხოვრებლით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით არ არის მიღებული. კასატორს - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიაჩნია, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელესთან მიმართებით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონო და დაუსაბუთებელი, რის გამოც კასატორმა მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ზ-ას, ლ. თ-ის, ს. თ-ის, ასევე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ზ-ას, ლ. თ-ის, ს. თ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელისათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნის განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ ადგილზე ვერ იქნა შესწავლილი დევნილი ოჯახის საჭიროებები და საცხოვრებელი პირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. დასახელებული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე“, რომლის დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი-მე-4 მუხლების თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. პრიორიტეტთა/ქულების სრული დამთხვევის შემთხვევაში, კომისია დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად ატარებს კენჭისყრას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ზემოხსენებული „წესის“ დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11-მე-14 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება სააგენტოს დირექტორს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ. ზ-ა და მისი შვილები - ს. თ-ე და ლ. თ-ე წარმოადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს - დევნილებს, რომლებიც არ არიან დაკმაყოფილებული გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა გალი, ს. ...ი, ხოლო რაც შეეხება მის დროებით საცხოვრებელ მისამართს, საინფორმაციო ანკეტის მიხედვით, იგი შვილებთან ერთად ფაქტობრივად ცხოვრობს მისამართზე - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №221, კორპუსი 3, ბინა 6.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ლ. ზ-ამ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა განცხადებით. საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, ლ. ზ-ას განაცხადი შეფასდა 5 ქულით (საცხოვრებლის ფინანსური პრობლემები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.5 ქულა; 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1 ქულა; სოციალური კრიტერიუმი - 30001-57000 შორის - 2.5 ქულა), თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 2 აპრილის №19 სხდომის ოქმით ლ. ზ-ას განაცხადი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ ვერ განხორციელდა დევნილი ოჯახის საჭიროებებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 13 მაისის №03/7470 წერილით ლ. ზ-ას ეცნობა, რომ ვინაიდან ვერ განხორციელდა დევნილი ოჯახის საჭიროებებისა და საცხოვრებელი პირობების ადგილზე შესწავლა, ლ. ზ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი დარჩა განუხილველი და შესაბამისად, სააგენტოს მიერ ლ. ზ-ას ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის.
საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად და სრული პასუხისმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. აღსანიშნავია, მხოლოდ ის გარემოება, რომ მონიტორინგის განხორციელების დროს მოსარჩელე არ იმყოფებოდა მისამართზე, უპირობოდ, სხვა მტკიცებულებათა მოპოვებისა და შეგროვების გარეშე, არ შეიძლება გახდეს მისთვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განაცხადის განუხილველად დატოვების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ობიექტურად არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები და საკითხის გადაწყვეტისას ცალმხრივად დაეყრდნო მხოლოდ 2020 წლის 28 დეკემბრის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმს (გვ. 108), რომლის თანახმად, მონიტორინგის სამსახური გამოცხადდა ლ. ზ-ას მიერ მითითებულ ფაქტობრივ მისამართზე (ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №221, კორპუსი 3, ბინა 6), სადაც იგი არ დახვდათ. მეზობლის განმარტებით, ლ. ზ-ა იმყოფებოდა სამსახურში ან წასული იყო რაიონში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. მოცემულ შემთხვევაში, მთელი რიგი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებდა მოსარჩელის და მისი არასრულწლოვანი შვილების მითითებულ მისამართზე ცხოვრების ფაქტს, კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის საფუძველზე, ასევე ლ. ზ-ას მიერ არაერთხელ წარდგენილი განცხადებებისა და საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმების თანახმად, დგინდებოდა, რომ ლ. ზ-ას ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართს წარმოადგენდა - ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №221, კორპუსი 3, ბინა 6, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღრიცხული იყო ი. ე-ას სახელზე. საგულისხმოა, რომ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის 2019 წლის 9 იანვრის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელებული იყო სწორედ ამავე მისამართზე. მონიტორინგის ფორმაში მითითებული იყო, რომ ლ. ზ-ა და მისი ოჯახი 2001-2008 წლებში ცხოვრობდა ბათუმში ქირით, 2008-2011 წლებში ცხოვრობდა ასევე ქირით სხვადასხვა მისამართებზე, ხოლო 2011 წლიდან დღემდე ოჯახი ცხოვრობს ზემომითითებულ მისამართზე. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე №ბს-308-304 (2კ-14)) განვითარებულ მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, „ვინაიდან იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარი მთავრობის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, მათი დაცვისა და დახმარების უზრუნველყოფის ვალდებულება უმთავრესად ეროვნულ ხელისუფლებას ეკისრება. სახელმწიფო და დევნილი პირები განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფებიან. სახელმწიფოს სხვა დამატებითი ვალდებულებები აქვს აღებული აღნიშნული პირების მიმართ. დევნილთა სფეროში არსებული სამართლებრივი აქტები დევნილთა მიმართ სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებად დევნილებისათვის გარკვეული სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური გარანტიების შექმნას, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაცვისა და დახმარების ვალდებულების შესრულებას განსაზღვრავს. ამდენად, სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოფდეს დევნილთა უფლებების დაცვასა და მათ წინაშე აღებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებას. გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფომ მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა იზრუნოს დევნილთა ადეკვატური საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე და დევნილთა ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს მხრიდან ფორმალურ ხასიათს არ უნდა ატარებდეს. ამასთან, სახელმწიფოს ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს დევნილთა მიმართ არათანასწორი მიდგომა, იდენტურ სამართლებრივ პირობებში მყოფი პირები არ შეიძლება აღმოჩნდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში“.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ვალდებული იყო დამატებით დაედგინა იმგვარი გარემოებებიც, რაც შესაძლებელს გახდიდა მონიტორინგის ჯეროვან განხორციელებას და არ უნდა შემოფარგლულიყო მონიტორინგის განხორციელებისას მხოლოდ ფორმალური ხასიათით. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო აქტი მოსარჩელის განაცხადის განუხილველად დატოვების თაობაზე სწორად იქნა ბათილად ცნობილი და სააგენტოს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ლ. ზ-ას განაცხადის ხელახლა განხილვის თაობაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო კასატორების - ლ. ზ-ას, ლ. თ-ისა და ს. თ-ის საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ზ-ას, ლ. თ-ის, ს. თ-ისა და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე