Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-610(კ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - მ. კ-ი, ზ. ჩ-ა, თ. ჩ-ა, ა. ჩ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 15 აგვისტოს მ. კ-მა, ზ. ჩ-ამ, თ. ჩ-ამ და ა. ჩ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 9 23 00001118 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის მოსარჩელეების ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნით.

მოსარჩელეთა განმარტებით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი ა. ჩ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობასა და მკურნალობას. ბავშვი ძირითადად მკურნალობს რუსეთში. შესაბამისად, მშობლებს (მ. კ-ი, ზ. ჩ-ა) უწევთ დროებით გადაადგილება საქართველოს საზღვრებს გარეთ. სარჩელში მითითებულია, რომ მ. კ-მა მონიტორინგის ჯგუფს მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია. მოსარჩელეები სადავო ბრძანებას არ ეთანხმებიან, მიიჩნევენ, რომ ის კანონის დარღვევით არის გამოცემული და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. კ-ის, ზ. ჩ-ას, თ. ჩ-ასა და ა. ჩ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 9 23 00001118 ბრძანება და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ის, ზ. ჩ-ას, თ. ჩ-ასა და ა. ჩ-ას გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მითითება დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ მცდარი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების მასალით იკვეთებოდა, რომ მ. კ-ი არცერთ განცხადებაში მის საცხოვრებელ მისამართად არ უთითებდა - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №13, ბინა 38, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, მაცხოვრებლებმა კი, მ. კ-ის შესახებ ინფორმაცია ვერ მიაწოდეს. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სააგენტომ არ გაითვალისწინა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - ა. ჩ-ას შშმ პირის სტატუსი, ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელეები - მ. კ-ი, ზ. ჩ-ა და მათი შვილები ცხოვრობდნენ მ. კ-ის ძმის ოჯახთან ერთად, სადაც არ არის არასრულწლოვნებისთვის, მათ შორის, შშმ ბავშვისთვის ადაპტირებული გარემო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.

კასატორის მითითებით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კასატორმა აღნიშნა, რომ მხედველობაშია მისაღები მოქმედი კანონმდებლობის დანაწესი გრძელვადიანი საცხოვრებლის მიღების მსურველ დევნილთა შორის გარკვეული რიგითობის, პრიორიტეტულობის დაწესებასთან დაკავშირებით, კერძოდ, საკითხის განხილვის ეტაპზე, პირველ რიგში ხდება იმ დევნილი ოჯახების დაკმაყოფილება, რომლებიც უპირატესად საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას. აღნიშნული დათქმა არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებას - საცხოვრებლით უზრუნველყოს ყველა დევნილი ოჯახი, მათ შორის, ის ოჯახები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ალტერნატიულ საცხოვრებელზე ან გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი, თუმცა რიგითობის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტებას დაეყრდნო და არ გამოუკვლევია საქმეში არსებული მტკიცებულებები.

კასატორის განმარტებით, მონიტორინგის სამსახურის მიერ სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციით, ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №1, ...ო „...ის“ აღწერა განხორციელდა 2020 წლის 30 მაისს. აღწერის დროს მ. კ-ის ოჯახი არ იმყოფებოდა ადგილზე და არც იქ მაცხოვრებლებს მიუწოდებიათ მასზე რაიმე ინფორმაცია. ოჯახს არც შემდგომ პერიოდში მიუმართავს განცხადებით სააგენტოსათვის ...ო „...ში“ მათი ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ. მ. კ-ის ოჯახთან დაკავშირებით აღწერა შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმ დროს, როცა მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვა დევნილი ოჯახის დამატებითი შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ ...ო „...ში“. მოსარჩელის ოჯახი აღნიშნულ მისამართზე იმყოფებოდა და არა განაცხადში მითითებულ მისამართზე, რაც ეჭვს ბადებს, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ ცხოვრობს მის მიერ მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეთა მიერ განაცხადის შევსებისას მოხდა მცდარი ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნული კი გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მოსაზრებით, სახეზე არ არის გასაჩივრებული აქტის ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, განსახილველ საქმეში სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელეთა მიერ სააგენტოსთვის არსებითად მცდარი ინფორმაციის მიწოდების საფუძვლით მათთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. „წესის“ დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად კი, სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლად აშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. ამასთან, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება და კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. „წესის“ მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის განაცხადების მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. კ-ი, მისი მეუღლე ზ. ჩ-ა და არასრულწლოვანი შვილები არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომელთაც მინიჭებული აქვთ დევნილის სტატუსი და სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ოჯახი არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

ასევე დადგენილია, რომ მ. კ-ის ოჯახს წინასწარი შეფასებით მიენიჭა 7 ქულა, 1994 წლის 1 იანვრიდან და 2009 წლის 1 იანვრამდე დაბადებული დევნილის სტატუსის მქონე პირი/პირები - 1 წევრი - 1.50 ქულა; საცხოვრებლის ფინანსური პირობები - ცხოვრობს ნათესავის/ახლობლის ოჯახთან ერთად - 1.50 ქულა, 18 წლამდე ასაკის წევრები - 2 არასრულწლოვანი - 1.00 ქულა, ა. ჩ-ა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მკვეთრად გამოხატული - 3.00 ქულა. აღნიშნული ქულა ადმინისტრაციული წარმოებისას არ შეცვლილა.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდნენ ის ოჯახები, რომელთაც მინიჭებული ჰქონდათ ორი და მეტი ქულა. კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს მიენიჭა 7 ქულა, თუმცა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო ბრძანებით მ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა და მას განემარტა, რომ საცხოვრებელთან დაკავშირებით მიწოდებული ინფორმაცია იყო არსებითად მცდარი.

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით აღნიშნავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მოსარჩელის საკუთრებაში არ იყო რეგისტრირებული უძრავი ქონება, არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი, ...ო „...ის“ დახურვის შემდეგ ცხოვრობენ მოსარჩელე მ. კ-ის ძმის ოჯახთან ერთად, მისამართზე - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №38, „ც“ კორპუსი, ბინა №386. შესაბამისად, საკასაციო პალატა, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსგავსად, არ იზიარებს მოპასუხის მითითებას დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ მცდარი ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების მასალით იკვეთება, რომ მ. კ-ი არცერთ განცხადებაში მის საცხოვრებლად არ უთითებს მისამართს - ქ. ქუთაისი, ...ის ქ. №13, ბინა №38, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, მაცხოვრებლებმა კი მ. კ-ის შესახებ ინფორმაცია ვერ მიაწოდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ სააგენტომ არ გაითვალისწინა ოჯახის არასრულწლოვანი წევრის - ა. ჩ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ იგი არის შშმ პირი, ეტლით მოსარგებლე, საჭიროებს სხვა პირის მუდმივ დახმარებას. ხოლო მ. კ-ის ძმის საკუთრებაში, სადაც დროებით ცხოვრობენ მოსარჩელეები, არ არის არასრულწლოვნებისთვის, მათ შორის, შშმ ბავშვისთვის ადაპტირებული გარემო. სააგენტომ უგულებელყო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულება, დევნილი ოჯახი უზრუნველყოს ღირსეული, გრძელვადიანი საცხოვრისით. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სადავო აქტის ბათილად ცნობისა და სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით მოსარჩელეთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2023 წლის 22 ივნისის №IDP 9 23 00001118 სადავო ბრძანება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელეთა კანონიერ უფლებებს და უკანონოდ ზღუდავს მათ ინტერესებს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე