საქმე №ბს-626(კ-24) 27 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - ბ. დ-ნ
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ბ. დ-ნმა 2023 წლის 17 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდგომ მოითხოვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 სექტემბრის №1000904654 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ბ. დ-ნის მიმართ ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
სარჩელის თანახმად, ბ. დ-ნს 2018 წლიდან აქვს საქართველოში ცხოვრების უფლება, მასზე გაიცემოდა დროებითი ბინადრობის ნებართვა/ნებართვები. 2020 წლის 13 ივლისს მას უარი ეთქვა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე, თუმცა მას მაინც მიანიჭეს დროებითი ბინადრობის ნებართვა. მოსარჩელემ 2023 წელს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის მისაღებად, ვინაიდან მას საქართველოში ჰყავს შვილი ჰ. ქ-ი, რომელიც სწავლობს საქართველოში და აქვს 3 წლიანი ბინადრობის ნებართვა. ჰ. ქ-ი არის არასრულწლოვანი, 15 წლის, რომელსაც საქართველოში დედის გარდა არავინ გააჩნია. განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ნს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით უარი უთხრა ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. მოსარჩელის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას, რამაც არსებითად დაარღვია მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. დ-ნის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „ბ. დ-ნის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 11 სექტემბრის №1000904654 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა ბ. დ-ნისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები, მიუთითა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-15 მუხლზე და აღნიშნა, რომ ბინადრობის ნებართვის ერთ-ერთი სახეა ბინადრობის ნებართვა ოჯახის გაერთიანების მიზნით, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ ან თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
საქართველოს მთავრობის 01.09.2014წ. №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესზე“ მითითებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, რომლის ფარგლებშიც შესაბამისი ორგანოდან გამოითხოვს ინფორმაციას საქართველოში პირის ცხოვრების მიზანშეწონილობის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს აღნიშნული ქმედების აუცილებლობა მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოირიცხოს კანონის მე-18 მუხლში მითითებული პირისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
„კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე მითითებით, პალატამ აღნიშნა, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის გასაიდუმლოებული. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის პროცესში ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად მიღებული დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სამართალდაცვითი მიზნებისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია მოსარჩელის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი არ შეიცავდა ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის მიზანშეუწონლობას სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე არ დადასტურდა ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სააგენტოს 2023 წლის 21 სექტემბრის №1000904654 გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კანონიერების პრინციპის განხორციელების გზით, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის შესაბამისად.
კასატორის განმარტებით, სწორედ ბინადრობის სამართლებრივი ბუნება ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას - საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
კასატორის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სააგენტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, არსებობდა თუ არა განმცხადებლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერი საფუძვლები. 2023 წლის 18 სექტემბრის №SSG 2 23 00205913 წერილით ირკვევა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, „უცხოელთა მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, მოსარჩელისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია. აქედან გამომდინარე, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვით, მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
კასატორი უთითებს „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, კონტრდაზვერვითი საქმიანობა გასაიდუმლოებულია. ამ საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები, მასალები და სხვა მონაცემები წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მოპოვება/დამუშავებაზე ერთადერთ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი წარმოადგენს. ბუნებრივია, რომ სააგენტო დაეყრდნო ამ კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნას და უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს, მაშინ, როდესაც საკითხი ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოებას, ამავდროულად კი განცხადების განმხილველი ორგანო კანონმდებლობით შეზღუდულია მოიპოვოს ისეთი მტკიცებულება, რომელიც სადავოს გახდიდა და გააბათილებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნას, თუმცა ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სასამართლოსთვის, რომელმაც სათანადო წესით გამოითხოვა და გაეცნო მასალებს და ცალსახად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება არსებითად შეესაბამება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებს.
კასატორი ასევე უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, რომ დაცული იყოს მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება, საცხოვრისი და მიმოწერა, მე-2 პუნქტზე მითითებით აღნიშნა, რომ კონვენცია დაუშვებლად მიიჩნევს ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევას, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობისა ან მორალის, ან/და სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. კასატორის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სწორედ ზემოხსენებულის გათვალისწინებით ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესობა მიანიჭა საჯარო ინტერესს მხარის ინდივიდუალურ ინტერესთან შედარებით. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოსა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, იგი უნდა გაუქმდეს ისევე, როგორც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 სექტემბრის №1000904654 გადაწყვეტილებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ბ. დ-ნს უარი ეთქვა ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე; შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანია მიღებული გადაწყვეტილება ემყარება თუ არა ისეთი სახის ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, რისი მიღების შემდეგაც, ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი ბინადრობის მოწმობა. აღნიშნული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საშუალებას აძლევს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს სამედიცინო, სადაზღვევო თუ საბანკო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში წყვეტს იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ. ბინადრობის მოწმობის გაცემით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს უცხოელისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი) მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით და მხოლოდ ამის შემდეგ, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის ოჯახის წევრებზე.
საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს ითვალისწინებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-18 მუხლი, რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი უარის თქმის საფუძვლად ადგენს ისეთი საქმიანობის განხორციელების დადასტურებას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-10 ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის) მე-13 მუხლით დადგენილია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტის წესი და ვადები. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან. მითითებული საფუძვლები ემსახურება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნებს. ამგვარად, მოქმედი კანონმდებლობა უცხოელისათვის ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტის პროცესში რიგ შემთხვევებში ავალდებულებს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტის მიზნით, მიმართოს და გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მათზე დაყრდნობით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 24 აგვისტოს №1000904654/1 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა მოსარჩელისათვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 18 სექტემბრის №SSG 2 23 00205913 წერილით სააგენტოს შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე მითითებით ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ბ. დ-ნისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა, რის საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტი.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის 2023 წლის 18 სექტემბრის №SSG 2 23 00205913 წერილი წარმოადგენს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასკვნას, რომელიც მომზადებულია ოპერატიული საქმიანობის შედეგად. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება, ადმინისტრაციული ორგანო არ არის შეზღუდული გაითვალისწინოს ბინადრობის მაძიებელი პირის კონკრეტული მახასიათებლები.
საკასაციო სასამართლოს მიერ 2024 წლის 02 სექტემბრის №ბს-626(კ-24) წერილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ის ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული მოსარჩელისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემა. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძვლიან, ერთმნიშვნელოვან ვარაუდს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ბინადრობის ნებართვაზე (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს კანონმდებლობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ზოგადი განმარტება მოცემულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, კერძოდ, მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. შესაბამისად, როდესაც ინტერესების დაპირისპირება გარდაუვალია, მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა.
ხაზგასასმელია, რომ ადმინისტრაციული ორგანოსთვის საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების არსებობა, უპირობოდ არ განაპირობებს მისი გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერებას.
ეროვნული კანონმდებლობა უნდა ითვალისწინებდეს სამართლებრივი დაცვის ზომებს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან კონვენციით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაში თვითნებური ჩარევის საწინააღმდეგოდ. როცა საქმე ეხება ფუნდამენტური უფლებების შელახვას, აღმასრულებლისადმი მინიჭებული სამართლებრივი დისკრეციის გამოვლენა შეუზღუდავი უფლებამოსილების სახით, შეუსაბამო იქნება კანონის უზენაესობასთან, რაც დემოკრატიული საზოგადოების კონვენციაში ჩადებული ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მელოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, 1984 წლის 2 აგვისტო, § 68, სერიები A, N82). არსებითი და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ადეკვატური და ქმედითი დაცვის საშუალებები ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, მათ შორის, სასამართლოების მხრიდან ეფექტიანი, გულდასმით განხილვის კონკრეტული პროცედურები, რადგან საიდუმლო სადაზვერვო სამსახური, შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოიცავს რისკს, ძირი გამოუთხაროს ან სულაც გაანადგუროს დემოკრატია მისივე დაცვის საფუძვლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე როტარუ რუმინეთის წინააღმდეგ [დიდი პალატა], N28341/95, §§ 55 და 59, ECHR, 2000-V).
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სწორედ სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, კერძოდ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს, ხომ არ დასტურდება ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით და კანონის მიზნის უგულებელყოფით განხორციელება. ამგვარად, სასამართლო იცავს რა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს, იმავდროულად, აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ზემოქმედება მმართველობის ამ სფეროზე, ვინაიდან არ არსებობს აბსოლუტურად დისკრეციული უფლებამოსილება, ისევე როგორც აბსოლუტური საკანონმდებლო განსაზღვრულობა, უფლებამოსილება ყოველთვის უკავშირდება კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებს, იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც საფუძვლად დაედო ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვის მოთხოვნას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილზე მითითება არ ქმნის სადავო აქტის საკმარის დასაბუთებას. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სადავო გადაწყვეტილება არ ემყარება საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტური გამოკვლევას, ამდენად, დასტურდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ განახორციელა მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით დაკისრებული ვალდებულება - სადავო გადაწყვეტილება გამოიცა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების და საქმის მასალების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების გარეშე, შედეგად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რაც სადავო აქტის ბათილად ცნობისა და ბ. დ-ნისთვის ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობას წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ იძლევა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარს მიიჩნევს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ 202307404) დაუბრუნდეს 23.04.2024წ. №08153 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
მ. ვაჩაძე
ბ. სტურუა