საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-706(კ-24) 30 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ი. ვ-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი:
ი. ვ-ამ 2023 წლის 4 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 ივლისის №1000828770 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის, მოსარჩელისათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 21 ივლისის №1000828770 გადაწყვეტილება ,,ი. ვ-ასათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე“; მოპასუხეს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ვ-ასათვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/8167-22), რომლითაც სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა ი. ვ-ასათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მინიჭების თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილებით ი. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის პირველი ნოემბრის №1000828770 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ვ-ას განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ ი. ვ-ას მუდმივი ბინადრობის ნებართვის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლომ მიუთითა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამავე კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი. ამავე კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამავე პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს.
ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების პირობებში, ი. ვ-ას სწორედ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებზე მითითებით ეთქვა უარი საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. სადავო აქტის გამოცემის საფუძველი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წერილი გახდა, რომლითაც სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია მოსარჩელისათვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ კანონით დადგენილი წესით, გამოითხოვა და გაეცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას და მიიჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილ საქართველოს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას. შესაბამისად, ზემოხსენებული წერილის (დასკვნის) არსებობის პირობებშიც მოპასუხეს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის მაძიებელი პირი - ი. ვ-ა დაქორწინებული იყო საქართველოს მოქალაქე თ. გ-ესთან, ჰყავთ საერთო შვილი ტ. გ-ე, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, ი. ვ-ას სურს საქართველოში ცხოვრება შვილთან ერთად. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არ დაუსაბუთებია სხვა რაიმე საჯარო ინტერესის არსებობა, რაც ამჟამად გამოკვეთილ კერძო ინტერესს აღემატებოდა და განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ვ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მიიჩნია, რომ მათ არ მიეცათ სწორი სამართლებრივი შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. იგი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო პრიორიტეტულად მიიჩნევს სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საკითხებს, თუმცა მიდგომა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, თანმიმდევრული და არ უნდა ქმნიდეს შეუსაბამო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებული გარემოებები აჩენდა საფუძვლიან ვარაუდს, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საფრთხეს საქართველოს უსაფრთხოებისათვის, რაც ქმნიდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ვ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე (საქმე №3/8167-22), რომლითაც ი. ვ-ას (კასატორის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 01 ნოემბრის №1000828770) გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ვ-ას განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სადავო გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას რაიმე ახალ გარემოებაზე და დასაბუთებას, თუ რა დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე იქნა მიღებული კვლავ უარყოფითი გადაწყვეტილება ი. ვ-ას განცხადებასთან დაკავშირებით მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის თაობაზე და არ ყოფილა შეფასებული საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ 2011 წლის 09 ივნისიდან 2022 წლის 16 სექტემბრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე თ. გ-ესთან, სწორედ იმ პერიოდიდან ძირითადად ცხოვრობს საქართველოში. ქორწინების პერიოდში შეეძინათ შვილი, საქართველოს მოქალაქე - ტ. გ-ე, რაც აძლევს მას სამართლებრივ საფუძველს მოითხოვოს საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა.
კასატორი არ იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების თაობაზე და აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას მხოლოდ საკუთარი სურვილისა თუ შეხედულების შესაბამისად. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად (მუხლი 2, პუნქტი „ლ“) დისკრეციული უფლებამოსილება ეს არის უფლება ადმინისტრაციულმა ორგანომ რამდენიმე სახის გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველა უპრიანი და მისაღები გადაწყვეტილება ისე, რომ თანაბრად იყოს დაცული კერძო და საჯარო ინტერესები. არ უნდა მოხდეს კერძო ინტერესის უგულებელყოფა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ადმინისტრაციული ორგანო აღჭურვილია დისკრეციული უფლებამოსილებით. ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან დაასაბუთოს აღემატებოდა თუ არა კერძო ინტერესისთვის მიყენებული ზიანი იმ სიკეთეს, რომლის დასაცავადაც მოხდა ამ უკანასკნელის გაუთვალისწინებლობა. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებით თუ რამდენად არის სამართლიანად დაბალანსებული კერძო და საჯარო ინტერესი მათი გარდაუვალი შეპირისპირების პირობებში, ადგენს სწორედ სასამართლო, რაც მისი კონსტიტუციური ვალდებულებაა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 8 ივლისის განჩინებით ი. ვ-ას საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო :
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთანავე, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რაც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუმცა იგი არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი - „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის საფუძველი, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს და აძლევს მას საშუალებას, ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურებით, შესაბამისად, სახელმწიფო გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისადმი დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში. აღნიშნული მიუთითებს სახელმწიფო დისკრეციულ უფლებამოსილებაზე - იკისროს თუ არა ვალდებულებები კონკრეტული უცხოელის მიმართ, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით და საფუძვლიანად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული თითოეული ფაქტი ბინადრობის ნებართვის მინიჭებასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“. ამასთან უცხოელის საქართველოში ხანგრძლივად კანონიერად დარჩენის უფლების მოპოვების ერთ-ერთი შესაძლებლობა სწორედ ბინადრობის ნებართვის მიღებაა, რომელსაც, დასახელებული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე გასცემს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. ასევე, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის დასაშვებობის წინაპირობებს, აღნიშნულის მიხედვით კი მუდმივი ცხოვრების ნებართვა, გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი;
ამასთან საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დეტალურად და ამომწურავად არის გაწერილი საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. მათ შორის, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს დასკვნა სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად მისი საქართველოში ცხოვრების მიზანშეუწონლობის შესახებ („ა“ ქვეპუნქტი) და თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს („გ“ ქვეპუნქტი).
სახელმწიფო ორგანო, რომლისგანაც სერვისების განვითარების სააგენტოს შეუძლია, მიიღოს ინფორმაცია უცხოელის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შექმნის თაობაზე, არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, რომელიც, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლიდან გამომდინარე, ეწევა ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციასა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონისმიერი საფუძვლების არსებობის საკითხის დასადგენად. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა - წერილი კი წარმოადგენს ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელების შედეგად მომზადებულ მტკიცებულებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი. ვ-ა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინებისა და განქორწინების მოწმობებით დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქე თ. გ-ე და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ი. ვ-ა იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2011 წლის 09 ივნისიდან - 2022 წლის 19 სექტემბრამდე.
საქმეში დაცული დაბადების მოწმობის თანახმად, ... წლის ... ...ს დაბადებული ტ. გ-ის (სრულწლოვანი, ... წლის) მშობლები არიან: ი. ვ-ა და თ. გ-ე (საქართველოს მოქალაქე).
საქმეში წარმოდგენილი ქორწინების მოწმობით დასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ი. ვ-ა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ს. ი- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2022 წლის 09 ოქტომბრიდან.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ერთხელ უკვე იმსჯელა მოსარჩელისათვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე. 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ვ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 01 ნოემბრის N1000828770 გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა ი. ვ-ასთვის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2023 წლის 13 ივლისს №01/165801 წერილით მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, აცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების შინაარსი და განმეორებით სთხოვა ეცნობებინა არსებობდა თუ არა ი. ვ-ასთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. აღნიშნული წერილის პასუხად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №SSG223 00160607 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ი. ვ-ასთვის საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მინიჭება. სააგენტოს 2023 წლის 21 ივლისის №1000828770 გადაწყვეტილებით ი. ვ-ას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, უარი ეთქვა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნული ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად კი, სააგენტო უფლებამოსილია გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილება არ არის შეუზღუდავი და ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს ფაქტობრივი გარემოებები, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა და ამის საფუძველზე, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, გასაჩივრებული აქტის კანონიერების საკითხის შემოწმება პირდაპირ უკავშირდება იმ ინფორმაციის გაცნობასა და შესწავლას, რომელიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2023 წლის 14 ივლისის №SSG223 00160607 წერილით გათვალისწინებული დასკვნის გაკეთების მიზეზი გახდა. სწორედ ამ მიზნით, 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისგან დამატებით გამოითხოვა ინფორმაცია და დეტალურად გაეცნო მას. გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსის გაცნობის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტი კანონშესაბამისია და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მირ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულიად აქარწყლებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის შესახებ კასატორის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-201 მუხლის შესაბამისად, დოკუმენტების საიდუმლო ხასიათის გამო, მათი შინაარსის სასამართლოს გადაწყვეტილებებში ასახვის შესაძლებლობა არ არსებობს).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ეროვნული უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის არსებობის შემთხვევაშიც კი, გადაწყვეტილებები, რომლებმაც პირის უფლებებში ჩარევა გამოიწვია, უნდა დაექვემდებაროს სათანადო კონტროლს, რომელიც უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი, კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციის გამოყენება შეეძლება (Al-Nashif v. Bulgaria, 20.06.2002წ.; Chahal v. The United Kingdom, 15.11.1996წ.). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ უარყოფს სახელმწიფოს მიერ უცხოელის თავის ტერიტორიაზე შესვლის ან ყოფნის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებას ექნება შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი და რომ მასზე ქმედითი კონტროლი განხორციელდება. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ სადავო აქტის მიმართ სასამართლო კონტროლის აღნიშნული წინაპირობები სახეზეა, როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, აგრეთვე საკასაციო პალატამ გამოითხოვა სადავო აქტის გამოცემის საფუძვლად არსებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაცული ინფორმაცია და შეაფასა საქმეში დაცულ მტკიცებულებებთან, მხარეთა ზეპირ და წერილობით ახსნა-განმარტებებთან ერთობლიობაში. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან მიმართებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი სრულად დაცულია, ადმინისტრაციული ორგანოსადმი მინიჭებული დისკრეციის ბოროტად გამოყენებისგან დასაცავად სასამართლოს მხრიდან განხორციელდა „ადეკვატური და ქმედითი“ პროცედურები საქმის „ეფექტიანი განხილვის“ მიზნით (Lupsa v. Romania (§34), 08.06.2006წ.). მართალია, უშუალოდ მხარე ვერ გაეცნო სადავო აქტის საფუძვლად არსებულ მონაცემებს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შესწავლილი და შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თუ სასამართლო, მათ შორის საკასაციო პალატა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ მონაცემებს არასარწმუნოდ და შესაბამისად, მოსარჩელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე უარის თქმას დაუსაბუთებლად მიიჩნევდა, იგი მიიღებდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილებას, თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, კონტრდაზვერვის დეპარტამენტიდან მოწოდებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსის გათვალისწინებით სადავო აქტით დამდგარი სამართლებრივი შედეგი მართებულია.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ფართო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული აქტი, რომელიც გამოიცა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ბინადრობის ნებართვის მიზანშეწონილობის საკითხზე შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისია.
რაც შეეხება ი. ვ-ას შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებით, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა.
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.11.2021წ.).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს ი. ვ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. ი. ვ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. გ. დ-ეს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ი. ვ-ას საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 8 ივნისის №22219809022 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე