№671აგ-13 28 ნოემბერი, 2013 წელი
ზ-ი დ, 671აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),
გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ზ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივლისის განაჩენით დ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განაჩენით დ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ზ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა – 2000 ლარის ოდენობით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 25 მარტიდან. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო საქმიანობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მარტის განაჩენით დ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2010 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით დ. ზ-ს მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მთლიანად დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. ზ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების ერთ დღე - 2010 წლის 21 მაისი და სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 12 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ნოემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება და დ. ზ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 17 დეკემბრის განჩინებით დ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დარჩენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - გაუნახევრდა „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრისა და 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონების თანახმად და განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საბოლოოდ კი დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 2 თვისა და 29 დღის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. ზ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2010 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით; 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2010 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით; 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით; დ. ზ-ი გათავისუფლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 5 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან. საბოლოოდ დ. ზ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მარტის განაჩენით მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 12 დეკემრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების ერთი დღე - 2010 წლის 21 მაისი.
მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 ივლისის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები.
2013 წლის 17 და 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ზ-ა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 17 აპრილის კანონის საფუძველზე ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით დადგენილი წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 14 თებერვლის განჩინებასა და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
დ. ზ-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2010 წლის 7 აპრილის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილს – 1 წლით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა ამავე განაჩენით 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2010 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი – 1 წელი, ასევე 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის (ამნისტიის გათვალისწინებით) – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის ნაწილი - 1 წელი, ასევე დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 ლარი და საბოლოოდ დ. ზ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 2000 ლარი. მასვე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 8000 ლარის ოდენობით. დ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 12 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების ერთი დღე - 2010 წლის 21 მაისი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
მსჯავრდებული დ. ზ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს შთანთქმის პრინციპის გამოყენებასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება; ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
მოცემულ შემთხვევაში, დ. ზ-ს მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გამოყენებულ იქნა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესი, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ზ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება და სხვაგვარად სასჯელის ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ზ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი