Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1090(კ-23) 19 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მესამე პირი სასკ 16.2) - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ნ-ი

მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები (სასკ 16.1) - ბ. ა-ე, გ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ნ-მა 2020 წლის 10 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის პირველი ივნისის №..., 12 ივნისის №..., 2 ივლისის №..., 17 ივლისის №..., 24 ივლისის №... და 2020 წლის 17 აგვისტოს №... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე, მოპასუხე-სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის ნ. ნ-ის განცხადების დაკმაყოფილებისა და ქალაქ თბილისში, ...ი №83-ში (...აში) მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესამე პირებად ჩაებნენ გ. გ-ი და ბ. ა-ე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 ივნისის №..., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის №..., 2020 წლის 23 ივნისის №..., 2020 წლის 30 ივნისის №..., 2020 წლის 2 ივლისის №..., 2020 წლის 17 ივლისის, №..., „ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ“ 2020 წლის 24 ივლისის №... და 2020 წლის 17 აგვისტოს „სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ“ №... გადაწყვეტილებები; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ადმინისტრაციულ-სამართლებრივის აქტის გამოცემა ნ. ნ-ის განცხადების დაკმაყოფილებისა და ქალაქ თბილისში, ...ი №83-ში (...აში) მდებარე 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.

2023 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას დროებითი განჩინების მიღების მოთხოვნით, კერძოდ, საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის იმ ნაწილზე, რომელიც ზედდებაში ექცევა ნ. ნ-ის განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით ნ. ნ-ის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის გაასაჩივრა ნ. ნ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 იანვრის განჩინება. ნ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მიღებული იქნა დროებითი განჩინება. მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელება №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის იმ ნაწილზე, რომელიც ზედდებაში ექცეოდა ნ. ნ-ის (პ/ნ: ...) №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მონაცემებთან.

2023 წლის 30 მაისს ნ. ნ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სადავო უძრავი ქონების განკარგვის მიზნით დანიშნული, მიმდინარე აუქციონის შეჩერება და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის სადავო უძრავი ქონების განკარგვის აკრძალვა საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით ნ. ნ-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ქალაქ თბილისში, ...ზე, №83-ში (ნაკვეთი ...) მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების განკარგვის მიზნით დანიშნული და მიმდინარე აუქციონი. ნ. ნ-ის განცხადება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსათვის წინამდებარე საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ქალაქ თბილისში, ...ზე, №83-ში, (ნაკვეთი ...) მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების განკარგვის აკრძალვის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ.

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიუთითებს, რომ მოსარჩელე ნ. ნ-ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით უარი ეთქვა მის მიერ წარდგენილი უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტის - საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტი ... „...ის" სამრეწველო წარმოებათა კომბინატი ...-ის ...წ. №... განკარგულების საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მიჩნევაზე, ვინაიდან, აღნიშნული დოკუმენტით არ დგინდება მოსარჩელის მამკვიდრებლისთვის განკარგულებაში მითითებული ქონების საკუთრების უფლების ან მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) გადაცემის ფაქტი. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოებმა არ შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი ...ის სამრეწველო წარმოებათა კომბინატის ...- ის ... წ. №... განკარგულების შინაარსი, საიდანაც არ დგინდება ნაკვეთის მოსარჩელის მამკვიდრებელისათვის - გ. ნ-ისთვის გადაცემის ნება. აღნიშნული განკარგულებით გ. ნ-ს მიეცა თანხმობა 1000 კვ.მ. ფართი გამოეყენებინა საბაღჩე კულტურების მოსაყვანად სათანადო გაფორმებით და ბიუჯეტში შესაბამისი ყოველწლიური საფასურის გადახდით. მიწის ნაკვეთი არ ყოფილა უვადოდ გადაცემული გ. ნ-ისთვის.

ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სათანადო წესით არ არის დადგენილი მოსარჩელის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ დოკუმენტში ასახული ქონების და ნ. ნ-ის მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი ნაკვეთის იდენტურობა. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, გარდა საკუთრების უფლებადამდგენი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებისა, მოსარჩელეს ასევე ეკისრება იმის უტყუარად დადასტურების ტვირთიც, რომ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული უძრავი ქონება სწორედ სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაწილზე მდებარეობს და არა სხვაგან, რაც სრულიად შესაძლებელია;

კასატორი დასახელებულ გარემოებებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმის მასალების თანახმად, საქართველოს სსრ საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტი ... „...ის“ სამრეწველო წარმოებათა კომბინატი ...- ის მიერ ... წლის ... ...ის გაიცა №... განკარგულება, რომლითაც თანხმობა მიეცა ... სწკ-ს თანამშრომელს, ამხ. ნ-ი გ. განცხადებაზე ...ს ტერიტორიაზე, მდებარე მისამართზე: ...ი №83 -ში (...აში) მდებარე 1000 მ2 ფართით ...ის მოყვანისთვის თავისუფალი ტერიტორიის გამოყენებისა და წარმოებისთვის გამოუსადეგარი შენობის, 44 მ2 ფართით, გამოყენების შესახებ (სათანადო გაფორმებით და ბიუჯეტში 200 (ორასი) რუბლის ყოველწლიური გადახდით. საქმეში წარმოდგენილი ქვითრების ასლებით ირკვევა, რომ გ. ნ-ის მიერ 1986 წლიდან გადახდილია ...აში მიწის ნაკვეთის საბიუჯეტო გადასახადი.

2015 წლის 23 ოქტომბრის №... სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნ. ნ-მა, როგორც გ. ნ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მისი სამკვიდრო სრულად.

2018 წლის 29 მაისს, ნ. ნ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქალაქ თბილისში, ...ის №83-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და განცხადებას დაურთო: უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, 2015 წლის 23 ოქტომბრის №... სამკვიდრო მოწმობა, საქართველოს სსრ საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტი ... „...ის“ სამრეწველო წარმოებათა კომბინატი №...-ის ... წლის ... ...ის №... განკარგულება, გადახდის ქვითრების ასლები, ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 20 დეკემბრის №7/7-11 დადგენილების ასლი, თბილისის სამგორის რაიონის გამგეობის 1995 წლის 14 თებერვლის №60 განკარგულების ასლი, განცხადება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის პირველ ივნისის №... გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს ეცნობა, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ გამოითხოვა ინფორმაცია სსიპ შემოსავლების სამსახურიდან და გადაწყვეტილების მიღება გადადო აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის მიღებამდე. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ იქნა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ (ს/კ ...) უძრავ ქონებასთან და ასევე №... განცხადებით სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთების საკადასტრო მონაცემებთან (დაინტერესებული პირი გ. გ-ი (პირადი ნომერი ...). საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2020 წლის 25 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით (განცხადების ნომერი: ...) მიმართა დაინტერესებულმა მხარემ - ბ. ა-ემ და მოითხოვა უძრავ ნივთზე მდებარე: ქალაქ თბილისში, ...ი №83 საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2020 წლის 12 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ ქალაქ თბილისში, ...ის №83-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრედ ფიქსირდებოდა კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს თბილისის სახაზინო საწარმო „...ი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მოიცავდა თუ არა აღნიშნული საწარმოს საკუთრებაში არსებულ ფართს. გარდა ამისა ამავე გადაწყვეტილებით მხარეს ეცნობა, რომ გ. ნ-ის სახელზე უფლების დამდგენი დოკუმენტი ვერ მოიძებნა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 12 ივნისის №... გადაწყვეტილებით მოთხოვნილ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მოიცავდა თუ არა თბილისის სახაზინო საწარმო „...ის“ საკუთრებაში არსებულ ფართს, ნ. ნ-მა განცხადებით განმარტა, რომ მისამართზე: ქ. თბილისი ...ი №83 იყო ორი კანონიერი სამართალსუბიექტი მიწის სხვადასხვა ფართობებზე.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 23 ივნისს და 2020 წლის 30 ივნისს მიიღო მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ №... და №... გადაწყვეტილებები, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის მისამართზე მესაკუთრედ ფიქსირდებოდა კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს თბილისის სახაზინო საწარმო „...ი“. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაზუსტებელი იყო მოთხოვნა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მოიცავდა თუ არა აღნიშნული საწარმოს საკუთრებაში არსებულ ფართს. განმარტებულ იქნა რომ წარდგენილი დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა გადაგზავნას აღიარების კომისიაში, ვინაიდან, არ დგინდებოდა უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის მართლზომიერი მფლობელობის ან საკუთრების უფლება.

2020 წლის 02 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №... გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მის მიერ არ იყო წარდგენილი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, სსიპ საჯარო რეესტრმა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან 2020 წლის 02 ივლისს №... მიმართვით გამოითხოვა ინფორმაცია. განმარტა, რომ სარეგისტრაციო წარმოება განახლდება მითითებულ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ასევე განმარტა, რომ წარდგენილი განკარგულება უფლების დამდგენ დოკუმენტად არ გამოიყენება.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა ნ. ნ-მა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 24 ივლისის №... გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის №..., №... და №... ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 17 აგვისტოს №... გადაწყვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ნ. ნ-ის განცხადებაზე, ვინაიდან, სარეგისტრაციო წარმოების ვადაში არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტომ, ნ. ნ-ის საკითხის გადაწყვეტისას ძირითადად ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტი არ ადასტურებდა მის საკუთრების უფლებას და, რომ აღნიშნული დოკუმენტით დგინდებოდა მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი გ. ნ-ს გადაეცა დროებით სარგებლობაში ყოველწლიური გადასახადის გადახდის სანაცვლოდ.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სარეგისტრაციოდ წარდგენილ განცხადებაზე წარმოების შეწყვეტის კანონიერება. ამდენად, მნიშვნელოვანია შეფასდეს მოსარჩელე მხარე ნ. ნ-ის მიერ რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი - საქართველოს სსრ საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტი ... „...ის“ სამრეწველო წარმოებათა ... კომბინატის ... წლის ... ...ის №... განკარგულება წარმოადგენს თუ არა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტს, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნებისათვის.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ... წლის ... ...ის №... განკარგულების მიღების პერიოდში მოქმედი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მიწის კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული იყო, რომ სსრ კავშირის კონსტიტუციისა და საქართველოს სსრ კონსტიტუციის შესაბამისად, მიწა სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა, მთელი საბჭოთა ხალხის საერთო კუთვნილებას. მიწა წარმოადგენდა განსაკუთრებულ სახელმწიფო კუთვნილებას და იგი გაიცემოდა მხოლოდ სარგებლობისთვის. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, მიწა გაიცემოდა უვადო ან დროებითი სარგებლობისათვის. მიწათსარგებლობა ითვლებოდა უვადოდ (მუდმივად) თუ მიწათსარგებლობის ვადა წინასწარ არ იყო დადგენილი. ამდენად, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით კერძო საკუთრება არ ვრცელდებოდა მიწის ნაკვეთებზე, რის გამოც არ არსებობდა კონკრეტული მიწის ნაკვეთის ფიზიკურ პირთა საკუთრებაში მოქცევის სამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო შემდგომ წლებში მიღებული, ნორმატიული აქტების დანაწესებით კი, განისაზღვრა საბჭოთა პერიოდში შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე გადაცემული მიწის ნაკვეთების ახალ სამართლებრივ რეგულირების სფეროში მოქცევის შესაძლებლობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, აგრეთვე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 2004 წლის 4 ოქტომბრამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია (სისტემური რეგისტრაცია და სპორადული რეგისტრაცია) ხდება „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონისა და მათ საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესაბამისად.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი არის პირი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა, ხოლო მართლზომიერი მფლობელი არის ფიზიკური პირი, რომელსაც მესაკუთრედ რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე წარმოეშვა და რომელიც რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის ფაქტობრივად ფლობს ნივთს; ამასთან, ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა დოკუმენტი), ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სასამართლოს (არბიტრაჟის) კანონიერ ძალაში შესული აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას; ხოლო ამავე პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის 2004 წლის 4 ოქტომბრამდე უძრავი ნივთის მფლობელად (მოსარგებლედ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება, საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით ან არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისთვის გადასახადის გადამხდელთა სია, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი, საქართველოს ეროვნულ არქივში ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს არქივში დაცული დოკუმენტი (მათ შორის, ბინის მეპატრონეთა წიგნის ჩანაწერი, მიწის საკადასტრო წიგნის ჩანაწერი) თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, სარეგისტრაციო წარმოებისას მოძიებული/წარმოდგენილი სხვა შესაბამისი დოკუმენტი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონმდებელმა გაითვალისწინა დროში არსებული ურთიერთობის შედეგად საკუთრების უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხების არსებობის შესაძლებლობა და უფლების დამდგენი დოკუმენტის მნიშვნელობა ასევე განმარტა - „სხვა დოკუმენტის“ მნიშვნელობითაც, ამდენად, ნორმა იმგვარად არის ფორმულირებული, რომ მასში ასახულია დოკუმენტების არასრული ჩამონათვალი, რაც, თავის მხრივ, ქმნის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სათანადო საფუძვლების არსებობისას, ასეთი ჩამონათვალის განვრცობის, ნორმის ფართო განმარტებისა და გამოყენების შესაძლებლობას.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სსრ საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტი ... „...ის“ სამრეწველო წარმოებათა კომბინატი ...- ის ... წლის ... ...ის №... განკარგულების შინაარსზე, რომლის შესაბამისად, მოსარჩელის მამკვიდრებელს - გ. ნ-ს თანხმობა მიეცა ...ს ტერიტორიაზე, მდებარე: ...ი №83 (...ა) 1000 მ2 ფართობზე ...ის მოყვანისთვის თავისუფალი ტერიტორიის გამოყენებისა და წარმოებისთვის გამოუსადეგარი შენობის (44 მ2 ფართით), გამოყენების შესახებ. ამდენად, განკარგულებით დგინდება, რომ გ. ნ-ს კონკრეტული მიზნით, კერძოდ, საბაღჩე კულტურის მოყვანისთვის, კონკრეტული ვადის მითითების გარეშე (უვადოდ), გადაეცა შესაბამისი მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს მიერ. ამავე განკარგულებით დაწესდა ყოველწლიური საფასურის გადახდის ვალდებულება, რომელსაც მხარე იხდიდა შესაბამისი ოდენობით (საქმეში წარმოდგენილია ქვითრის ასლები უშუალოდ სახელმწიფოს და შემდგომ სახელმწიფო სამრეწველო საწარმოს „...ისთვის“ გადახდასთან დაკავშირებით). საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების რეგულაციის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტს შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო ორგანოს მიერ წარმოებული და გაცემული დოკუმენტი (ან/და სამართლებრივი აქტი) როგორსაც, მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს იმ დროს არსებული სახელმწიფო ორგანოს - საქართველოს სსრ საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ტრესტი ... „...ის“ სამრეწველო წარმოებათა ... კომბინატის განკარგულება. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთის გ. ნ-ისთვის (მოსარჩელის მამკვიდრებლისათვის) უვადოდ (მუდმივად) გამოყოფისა და მართლზომიერად ფლობის ფაქტს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან ზედდების საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე რომ თავდაპირველად ...ი №83-ში ფუნქციონირებდა სახელმწიფო ორგანიზაცია საქ. საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს „...ის“ სამრეწველო-საწარმოო კომბინატი …, რომლის ბაზაზეც შემდეგში ჩამოყალიბდა სახელმწიფო სამრეწველო საწარმო „...ი“. 1994 წლამდე ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტში ...ი №83-ში მდებარე უძრავი ქონების მფლობელის გრაფაში ფიქსირდებოდა „...ის“ სამრეწველო წარმოებათა კომბინატი ..., ხოლო 1994 წლიდან ფიქსირდება - „...ის“ სამრეწველო წარმოებათა კომბინატი ... და ქ. თბილისის კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის სახაზინო საწარმო „...ი“, მიწის ნაკვეთის გრაფაში მითითებულია 8482 კვ.მ. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით კი დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ...ის №83-ში მდებარე 8482 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა- ნაგებობებზე 1994 წლიდან აღრიცხულია კომუნალური მეურნეობის მთავარი სამმართველოს თბილისის სახაზინო საწარმო „...ის“ უფლება. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 21 თებერვლის №05.75.249 დადგენილებით მიღებულ იქნა მიწათსარგებლობის კომისიის წინადადება (1997 წლის 12.02 სხდომის ოქმი №2 (18)) და სახელმწიფო სამრეწველო საწარმოს „...ს“ მიეცა მის მიერ დაკავებული ტერიტორიით (დაახლოებით 8000 კვ.მ) სარგებლობის უფლება ...ი №83-ში.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2020 წლის 8 აპრილის მდგომარეობით, ქალაქ თბილისში, ...ი №83-ში (ნაკვეთი ...) მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი: ...; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 7179.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი: ...; შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5 (ნანგრევი), №6 (ნანგრევი), №7, №8, №9, №10 (ნანგრევი), №11, №12, №13 (აუზი), №14, №15) რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

საქმის მასალებით დგინდება, რომ სახელმწიფო ორგანიზაცია საქ. საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს „...ის“ სამრეწველო - საწარმოო კომბინატი ...-ის ბაზაზე ჩამოყალიბებული სახელმწიფო სამრეწველო საწარმო „...ი“ დღეის მდგომარეობთ, როგორც სამართლებრივი სუბიექტი აღარ არსებობს, მისი სამართალმემკვიდრე სახეზე არ არის და მის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ამ მოცემულობით რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრების უფლება, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანიზაცია საქ. საბინაო კომუნალური მეურნეობის სამინისტროს „...ის“ სამრეწველო - საწარმოო კომბინატი ... - ის ბაზაზე სახელმწიფო სამრეწველო საწარმო „...ის“ ჩამოყალიბება და შემდგომში მისი ქონების სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია, არ გულისხმობს „...ის“ სამრეწველო - საწარმოო კომბინატი ...-ის მიერ განკარგული უძრავი ქონების აწ გარდაცვლილი გ. ნ-ისათვის ჩამორთმევას, ან/და მის მიერ გაცემული დოკუმენტით მოწესრიგებული ურთიერთობის გაუქმებას და ვერ გახდება მოსარჩელის - ნ. ნ-ის მიერ მოთხოვნილი რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოება, ვინაიდან, დასტურდება, რომ ნ. ნ-მა, როგორც გ. ნ-ის პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მის სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები და პასივები სრულად.

მესამე პირების მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილ უძრავი ქონებების საკადასტრო მონაცემების ზედდების საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ იმ პირობებში როცა მიწის ნაკვეთზე არაა წარდგენილი მათი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო მოპასუხე მხარის განმარტებით მხარეთა განცხადებები რეგისტრაციის თაობაზე ეფუძნება მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებას, აღნიშნული ვერ იქონიებს ნ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გავლენას, ვინაიდან, როდესაც არსებობს უფლების დამდგენი დოკუმენტი უძრავ ქონებაზე, აღნიშნული გამორიცხავს საკუთრების უფლების

აღიარებას, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, ქალაქ თბილისში, ...ის №83-ში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე, საფუძვლიანი იყო და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული აქტები არ არის შესაბამისობაში სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დაადგინა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი

მოსამართლეები: ქ. ცინცაძე

ნ. სხირტლაძე