№ბს-562(კ-24) 26 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. გ-ე; მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირი (სასკ 16.2) - დ. მ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2022 წლის 6 მაისს კ. გ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 მარტის №329 განკარგულების (22.9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში) და „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილების (22.9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება დ. მ-ე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით კ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 მარტის №329 განკარგულება, 22.9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილება, 22.9 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 მარტის №329 განკარგულებით, მესამე პირის განცხადება დაკმაყოფილდა და აღიარებული იქნა მისი საკუთრების უფლება 88 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა №88ბ-ს მიმდებარედ). აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილებით განახორციელა მესამე პირის - დ. მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია 88 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა №88ბ-ს მიმდებარედ).
სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 17 სექტემბრის დასკვნით, ასევე ორთოფოტოებისა და შესაძლო გზის მოწყობის ნახაზის მიხედვით, მოსარჩელე კ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ...) გასასვლელი გზა შესაძლოა მოწყობილიყო მხოლოდ მის მომიჯნავედ არსებულ იმ მიწის ნაკვეთის ნაწილზე (22.9 კვ.მ-ზე), რომელზეც „მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 მარტის №329 განკარგულებით, აღიარებული იქნა მესამე პირის დ. მ-ის საკუთრების უფლება და ამ გასასვლელის გარდა, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული აღნიშნული მიწის ნაკვეთიდან სხვა, დამოუკიდებელი გასასვლელი გზა არ არსებობდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი.
ამრიგად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელდა მესამე პირის - დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარება და საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილიც (22.9 კვ.მ) წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ერთადერთ გასასვლელ გზას, რაც აკრძალულია ზემოთ მითითებული კანონით. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საკითხის გადაწვეტისას უნდა განესაზღვრა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გასასვლელი გზა და ამის გათვალისწინებით უნდა მიეღო გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და დ. მ-ემ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა გამოკვლევის შედეგად დადგინდა დ. მ-ის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებისა და ფლობის ფაქტი. კერძოდ, ორთოფოტოებით (აეროფოტოგადაღებები), ფოტოსურათებით და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე არსებული შენობა მიწის ნაკვეთზე (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქუჩა №88ბ-ს მიმდებარედ, საერთო ფართობი - 88.00 კვ.მ) განთავსებულია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე. საქმის მასალებით, ასევე დასტურდება განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი, ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე და საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის.
სადავო საკითხთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გაირკვეს, გასაჩივრებული აქტი ექცევა თუ არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-4 ნაწილის პირველი წინადადებით განსაზღვრულ კატეგორიაში, რადგან გატარებული მმართველობითი ღონისძიების სტაბილურობის და პირის კანონიერი ნდობის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად აცხადებს თვით კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და ადგენს მისი გაბათილების დაუშვებლობის სტანდარტს, პირის კანონიერი ნდობის არსებობის პირობებში.
კასატორმა მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების წესებზე, ასევე მიუთითა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისთვის განკუთვნილ ტერიტორიად (გასასვლელი გზა) სადავო მიწის ნაკვეთი მიიჩნია, იმ პირობებში, როდესაც მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მასზე ვრცელდება საცხოვრებელი ზონის ფუნქციური სტატუსი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ფიზიკური პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებსა და წესებს განსაზღვრავს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი. ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა (მუხლი 1).
მოცემული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი (მუხლი 3.2.ზ).
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შემთხვევისთვის გაცილებით უფრო მყარ გარანტიებს ქმნის ვიდრე თვითნებურად დაკავებული მიწის შემთხვევაში. აღნიშნული გამოიხატება იმ გამონაკლისებში, რომელიც ითვალისწინებს იმ ტიპის მიწების ჩამონათვალს, რომელზეც არ დაიშვება საკუთრების უფლების აღიარება (მუხლი 3.2. „ა“-„ო“), ასევე ადმინისტრირების ორგანოსათვის მინიჭებული ფართო დისკრეციაში, რომლის მიხედვითაც, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მოთხოვნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პირობებთან შესაბამისობა (მუხლი 51.2) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, „მიწის ნაკვეთზე დ. მ-ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2022 წლის 15 მარტის №329 განკარგულებით აღიარებული იქნა დ. მ-ის საკუთრების უფლება 88 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა №88ბ-ს მიმდებარედ). ხოლო აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, „რეგისტრაციის შესახებ“ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 აპრილის №... გადაწყვეტილებით განახორციელა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაცია 88 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისამართი: თბილისი, ...ის ქუჩა №88ბ-ს მიმდებარედ, ს/კ N...).
საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2020 წლის 17 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა, კორპ. №88ბ-ს მიმდებარედ მდებარე N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი საავტომობილო გზა შესაძლებელია მოეწყოს ჩრდილოეთ ნაწილიდან (...ის ქუჩიდან), საჯარო რეესტრში N..., N..., N... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთებისა და დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის გავლით.
N... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება არის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (კორპუსი), რომელში მაცხოვრებლებიც არიან კ. გ-ე და დ. მ-ე. ხსენებული კორპუსის უკანა ეზოში ორივე მათგანს თვითნებურად აქვთ დაკავებული მიწის ნაკვეთები და მასზე განთავსებული აქვთ შენობა-ნაგებობები. ამდენად, კომისიის მიერ იმ ტერიტორიაზე იქნა განხილული საკუთრების უფლების აღიარება, რომელიც წარმოადგენს კორპუსის უკანა ეზოს და შესაბამისად ესაზღვრება მითითებულ მრავალსართულიან შენობა ნაგებობას.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი, მისი ადგილმდებარეობისა და ფაქტობრივი დანიშნულების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს, როგორც მოსარჩელის უძრავ ქონებამდე მისასვლელი უალტერნატივო გზა. ამასთან, კომისიამ კერძო საკუთრებაში გადასცა მესამე პირს მიწის ის მონაკვეთი (22.9 კვ.მ), რომელიც №... საკადასტრო კოდის მქონე მრავალსართულიანი კორპუსის უკანა ნაწილის მონაკვეთთან უშუალოდ/პირდაპირ, ერთადერთი მისადგომი ადგილია (ხანძრის, შენობის ჩამოქცევის ან/და სხვა ამგვარი მოვლენების შემთხვევაში), რაც კუმულატიურად გამორიცხავს, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე, თვითნებურად დაკავების საფუძვლით, საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო პალატის შეფასება, რომ კომისიამ საკითხი განიხილა არასრულად და საკუთრების უფლება აღიარა მომიჯნავე უძრავი ნივთების გაუთვალისწინებლად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კ. გ-ის 04.05.2020 წ. განცხადების თანახმად, იგი ითხოვდა დაინტერესებულ პირად ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმას და განმარტავდა, რომ იმ ფართებთან მიმართებაში, რომლებსაც მისი მეზობლები ფლობდნენ, პრეტენზია არ გააჩნდა; ითხოვდა, რომ ადმინისტრაციული ორგანო არ შესულიყო შეცდომაში და არ გადაეკეტათ მისთვის აუცილებელი გზა, ასევე კორპუსისათვის არ მოეშალათ სახანძრო/სამაშველო მისასვლელი გზა, თუმცა კომისიამ არ გაითვალისწინა მის მიერ მითითებული გარემოებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი გარემოებები და მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, „იმგვარი გარემოებების დადგენის პირობებში, როცა უკანონო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგებით დაირღვა სახელმწიფო, საზოგადოებრივი, ან სხვა პირის კანონიერი უფლებები, ან კანონიერი ინტერესები, კანონმდებელი აქტს არ მიიჩნევს განსაკუთრებული სამართლებრივი დაცვის ობიექტად, რამდენადაც აქტის კანონიერებისა და აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლების კონფლიქტის, კონკურენციის პირობებში კანონმდებელი პრიორიტეტულად მიიჩნევს არა აქტის ადრესატის, არამედ მესამე პირების კანონიერი ნდობის უფლების დაცვას. კანონიერი ნდობის უფლებით აქტის ადრესატი დაცულია იმ ვითარებაში, როცა მისი ნდობის უფლება კონფლიქტშია მხოლოდ კანონიერების პრინციპთან, მაგრამ თუ ამავდროულად უკანონო აქტი მესამე პირის კანონიერი ნდობის უფლებას არსებითად არღვევს, შეუძლებელია პრიორიტეტულად იქნეს განხილული აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლება სხვა, მესამე პირთა კანონიერი ნდობის უფლების იგნორირების ხარჯზე. ნორმის ამგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საჯარო მმართველობის კანონიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებით, ისე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების ვალდებულებასთან“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები: ბს-367-363(კ-14); ბს-226-224(კს-12); ბს-226-224(კ-17)).
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი