№ბს-208(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ს. გ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს. გ-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ივლისის №03-3183/ო ბრძანება; ბ) დაევალოს მოპასუხეს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე; გ) მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან (2021 წლის 20 ივლისი) დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის ყოველთვიური გასაცემელი, როგორც განაცდური, განსახილველ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით ს. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 20 ივლისის №03-3183/ო ბრძანება ს. გ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ს. გ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანების გამოცემის დღიდან (2021 წლის 20 ივლისი) დევნილის სტატუსის მქონე პირთათვის ყოველთვიური გასაცემელის, როგორც განაცდურის ანაზღაურება, განსახილველ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, უტყუარად დადგინდეს ფაქტი - ს. გ-ას უნდა მიენიჭოს თუ არა დევნილის სტატუსი. სასამართლომ არ გაიზიარა ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ს. გ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა მის მიმართ დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობა.
იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 2021 წლის 9 ივლისს სააგენტოს №35601 განცხადებით მიმართა მოსარჩელე ს. გ-ამ. განცხადებაში დასმული საკითხის სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, სააგენტოში ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, 2021 წლის 13 ივლისს ს. გ-ასთან ჩატარდა გასაუბრება და შეივსო გასაუბრების კითხვარი. გასაუბრების დროს ს. გ-ამ აღნიშნა, რომ დაიბადა ... წელს სენაკში. აფხაზეთში არ უცხოვრია. 2003-2014 წწ. სწავლობდა ქ. თბილისის ...-ე საჯარო სკოლაში. 1996-2001 წწ. ცხოვრობდა სენაკის რაიონის სოფ. ...ში, მამიდის სახლში. მამა ამ პერიოდში იყო წასული საზღვარგარეთ. 2001 წლიდან ცხოვრობდა თბილისში ქირით. 2015 წელს დაოჯახდა თბილისში და მას შემდეგ ცხოვრობს მამამთილის საკუთრებაში. აფხაზეთში, გალის რაიონის სოფ. ...ში იყო ბაბუის (დედის მამა) სახლი. დედას - თ. მ-ას, დევნილის სტატუსი მიენიჭა 2021 წელს. მამა არის სენაკელი და არ აქვს დევნილის სტატუსი. მამასთან ურთიერთობა არ აქვს. ს. გ-ას განცხადებაზე თანდართულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს 2021 წლის 9 ივლისის №197 ცნობა. ცნობაში აღნიშნულია, რომ ს. გ-ას დედა - თ. მ-ა 1993 წლის სექტემბრამდე ცხოვრობდა გალის რაიონის სოფ. ...ში.
კასატორის მოსაზრებით, დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, მას იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის ძირითადი საცხოვრებელი ადგილი, ანუ პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელი. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს. ხსენებულ საცხოვრებელთან უნდა იყოს დაკავშირებული ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით, რომლის გამოც, მას ამ ადგილზე უფრო ხშირად უწევს ყოფნა, ვიდრე სხვა ადგილზე, სადაც ასევე შეიძლება ჰქონდეს სხვა საცხოვრებელიც. სააგენტომ თავისი კომპენტენციის ფარგლებში მოიკვლია საქმის გარემოებები და გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაადგინა განმცხადებლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და მისი დატოვების მიზეზები. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზეზი არ ყოფილა კანონით გათვალისწინებული გარემოებები. დოკუმენტაციის შეფასებისა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ს. გ-ასთან მიმართებით არ დასტურდება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ სქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელე ს. გ-ა დაიბადა აფხაზეთის ომის შემდეგ, აფხაზეთში არ უცხოვრია. მის მშობლებს მისი არასრულწლოვნობის პერიოდში დევნილის სტატუსი არ ჰქონიათ. დედას - თ. მ-ას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2021 წელს. აღნიშნულ პერიოდში ს. გ-ა იყო უკვე სრულწლოვანი. მასთან მიმართებით ასევე არ დასტურდება არც „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება.
პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის საკითხი სამინისტროს/სააგენტოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, რომელიც მას მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიდან დასტურდება და მასში ამომწურავად არის დასაბუთებული, თუ რატომ იქნა მიღებული კონკრეტული შინაარსის გადაწყვეტილება, მითითებულია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა იქონიეს ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე. აქტი დაფუძნებულია მხოლოდ იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეულ და შესწავლილ იქნა ადმინისტრაცული წარმოების დროს. იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო/სააგენტო უგულებელყოფდა კანონის მოთხოვნებს და დევნილის სტატუსს მიანიჭებდა პირს, რომელსაც იგი არ ეკუთვნის, სამინისტროს მხრიდან იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიწვევს რიგ სამართლებრივ შედეგებს, რადგან დევნილის სტატუსი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, ხოლო სოციალური დაცვა გულისხმობს დევნილის სტატუსის მატარებლისათვის ისეთი მატერიალური სარგებლის მოტანას, როგორიცაა, დევნილის შემწეობა − დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური გასაცემელი და საცხოვრებლით უზრუნველყოფა (გრძელვადიანი განსახლების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლის საკუთრებაში გადაცემა), რაც საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ადმინისტრაციულ ორგანოს კი უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) 2021 წლის 9 ივლისს ს. გ-ამ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მოითხოვა მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება (ს.ფ 49). ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2021 წლის 13 ივლისს ჩატარებულ გასაუბრებაზე ს. გ-ამ განმარტა, რომ დაიბადა ... წლის ... ...ს, ქალაქ სენაკში. 2003 წელს დაიწყო, ხოლო 2014 წელს დაასრულა ქალაქ თბილისის №...-ე საჯარო სკოლა. საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ იგი ცხოვრობდა სენაკში, სოფელ ...ში 1996 წლიდან 2001 წლამდე, ხოლო 2001 წლიდან 2015 წლამდე ქალაქ თბილისში დაოჯახებამდე ცხოვრობდა ქირით, ხოლო დაოჯახების შემდეგ მამამთილის სახლში. ამავე გასაუბრების კითხვარში კომენტარის სახით აღინიშნა, რომ ს. გ-ას დედას თ. მ-ას გააჩნია დევნილის სტატუსი, რომელიც მიენიჭა 2021 წელს. ასევე, მამა არის სენაკელი, რომელსაც არ გააჩნია დევნილის სტატუსი და ს. გ-ას მასთან ურთიერთობა არ აქვს (ს.ფ 56-59, 60-61); ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის მიერ 2021 წლის 18 თებერვალს გაცემული დასკვნა/ცნობის თანახმად, ს. გ-ას დედა - თ. მ-ა მუდმივად, დაბადებიდან (... წლის ... ...ი) 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა გალის რაიონის სოფელ ...ში (ს.ფ. 20, 16-17, 51, 76); გ) 2021 წლის 16 ივლისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს გადაეგზავნა დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა, მოსარჩელე ს. გ-ასათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 20 ივლისის №03-3183/ო ბრძანებით მოსარჩელე ს. გ-ას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ (ს.ფ 62, 19).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელესთან მიმართებით არ დასტურდებოდა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, კერძოდ, ს. გ-ას არ უცხოვრია აფხაზეთში, ხოლო მის ერთ-ერთ მშობელს - თ. მ-ას დევნილის სტატუსი მიენიჭა 2021 წელს.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დევნილის სტატუსის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს კონკრეტულ ადგილას პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მიჩნეულ იქნეს იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება და ეს იძულება განპირობებული უნდა იყოს - უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს დევნილის სტატუსის მოპოვების სხვა კანონისმიერ საშუალებაზე, კერძოდ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად, საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირი უფლებამოსილია მიიღოს დევნილის სტატუსი, თუ ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2024 წლის 15 თებერვალს №ბს-817(კ-23) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით რეგულირდება ორი თვისობრივად განსხვავებული შემთხვევა. ზემოხსენებული კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უშუალოდ ეხება იმ პირს, რომელიც კანონით განსაზღვრული საფუძვლით იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნული მიზეზით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. შესაბამისად, ზემოხსენებულ შემთხვევაში არსებითია პირის მუდმივი საცხოვრებლის განსაზღვრა. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული კანონის კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვან პირს შესაძლებლობას აძლევს მიიღოს დევნილის სტატუსი თუ მის ერთ-ერთ ან ორივე მშობელს მინიჭებული აქვს ან/და ჰქონდა დევნილის სტატუსი, მხოლოდ მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე. არასრულწლოვანი პირისათვის დევნილის სტატუსის არმინიჭების შემთხვევაში მას დევნილის სტატუსი მიენიჭება სრულწლოვანების მიღწევისას პირადი განცხადების საფუძველზე. ზემოხსენებული საკანონმდებლო დათქმის პირობებში პირს, რომელსაც ჰყავს დევნილის სტატუსის მქონე ერთი ან ორივე მშობელი, არასრულწლოვნებისას მისი კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, ხოლო სრულწლოვნებისას პირადი განცხადების საფუძველზე გააჩნია დევნილის სტატუსის მიღების უფლებამოსილება, დამოუკიდებლად იმ მიზეზებისა, რის გამოც მის სრულწლოვნობამდე არ განხორციელდა ზემოაღნიშნული უფლების რეალიზება.“ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების დანაწესები არ გამორიცხავენ სრულწლოვანი პირისთვის სტატუსის მინიჭებას იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამო მშობელმა ვერ მიიღო დევნილის სტატუსი შვილის არასრულწლოვანების პერიოდში. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ერთ-ერთი მშობლისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება, ნებისმიერ შემთხვევაში, არის ასეთი პირების შვილისათვის/შვილებისათვის იმავე სტატუსის მინიჭების სამართლებრივი წინაპირობა, როგორც არასრულწლოვანების, ისე მისი სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, როდის გახდა იძულებით გადაადგილებული პირი (მშობელი) დევნილის სტატუსის შემძენი“ (სუსგ 2023 წლის 5 მაისი, საქმე №ბს-1094(კ-22)).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მითითება იმის შესახებ, რომ ს. გ-ას ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ უცხოვრია, არ გამორიცხავს მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობას, ვინაიდან დადასტურდა მოსარჩელის დედისათვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება (ს.ფ. 16-17), შესაბამისად, არსებობდა მოსარჩელის განცხადების საფუძველზე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გავრცელებისა და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭების წინაპირობები.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული დანაწესით სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, სახელმწიფო სახსრებიდან აანაზღაუროს მისი მოსამსახურეების მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების ზოგად წინაპირობებს, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა უკანონოდ, ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოსარჩელე ვერ იღებდა კუთვნილ თანხას, ექვემდებარება ანაზღაურებას, რამეთუ უდავოა, რომ წინა პერიოდში - 2021 წლის 20 ივლისიდან განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელე უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დაბრკოლდა, მიეღო კანონით მისთვის განსაზღვრული შემწეობა, რითაც მას მართლსაწინააღმდეგოდ მიადგა ზიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, მოპასუხისათვის ახალი აქტის გამოცემის დავალებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი ყოველთვიური გასაცემელის დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე