Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-613(კს-24) 20 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი ასკ 16.2 ) - თ. ვ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) - თა. ვ-ი, ლ. ვ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მესამე პირი (ასკ 16.2) - ნ. ვ-ი

მესამე პირები (ასკ 16.1) - ა. ვ-ი, მ. ვ-ი და თ. ვ-ი,

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით თა. ვ-ის და ლ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 28 აპრილის №... გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ და მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 4 ივნისის №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მესამე პირის თ. ვ-ის ინტერესებს იცავდნენ წარმომადგენლები - ბ. კ-ე და ს. ჯ-ა.

2024 წლის 21 მარტს მესამე პირმა (ასკ 16.2) თ. ვ-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა განცხადება და მოითხოვა სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება. განცხადება ადმინისტრაციულ საქმესთან (N3/4141-21) ერთად რეაგირების მიზნით გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი. მხარეს განემარტა, რომ არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი არ იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2024 წლის 30 აპრილს, თ. ვ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინების საპასუხოდ განმარტა, რომ ირიცხება სოციალურად დაუცველთა რეესტრში და შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. მტკიცებულების სახით განცხადების ავტორმა წარადგინა 2024 წლის 30 აპრილს მომზადებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, ხარვეზის სრულად აღმოფხვრის მიზნით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 (ათი) დღით, ვინაიდან აპელანტს დაევალა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა და აღნიშნულ ნაწილში ხარვეზი არ იყო აღმოფხვრილი. განჩინება მხარეს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 17 მაისს.

თ. ვ-მა 2024 წლის 20 მაისს განცხადების მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და განმარტა, რომ მას სასამართლოში არ წარმოუდგენია საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნა ემსახურება დროის გაჭიანურებას. ამავდროულად განცხადებაში მიუთითებს, რომ ითხოვს სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი მის მიერ აღმოფხვრილია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის თ. ვ-ის მიერ 2024 წლის 20 მაისს წარდგენილი განცხადება არ ემსახურება სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებას ან დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების მოთხოვნას.

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ, თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა თ. ვ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ასაკიდან გამომდინარე და ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ არის იურისტი და არ იცოდა სააპელაციო საჩივრის ფორმის არსებობის შესახებ, დაწერა მხოლოდ განცხადება. ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ არის 75 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, სოციალურად დაუცველი და ითხოვს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინების (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

სადავო საკითხზე მსჯელობის ფარგლებში საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა. გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილს და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდეგ სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საჩივარი, კერძოდ, რამდენად აკმაყოფილებს იგი კანონით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დაადგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს მხარეს გონივრული ვადა დადგენილი ხარვეზის შესავსებად. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით თ. ვ-ს მის მიერ 2024 წლის 21 მარტს საქალაქო სასამართლოში წარდგენილ განცხადებაზე (რომელიც მიჩნეული იქნა სააპელაციო საჩივრის შინაარსის მქონე განცხადებად) დაუდგინდა ხარვეზი. მხარეს განემარტა, რომ სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, ამასთან, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი არ იყო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეს დეტალურად განემარტა საკანონმდებლო ჩანაწერი (სსსკ-ის 39-ე მუხლი) რომელიც ითვალისწინებს სააპელაციო ინსტანციისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობას და ასევე განემარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის ჩანაწერი სადაც მითითებულია, რომ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში აღიძვრება სარჩელით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში - განცხადებით. სარჩელი (განცხადება, სააპელაციო საჩივარი) შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. სარჩელი (სააპელაციო საჩივარი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს და შედგენილი უნდა იყოს ამ ნიმუშში მითითებული წესების დაცვით. სარჩელში სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. ვინაიდან პალატის მიერ დადგენილი ხარვეზი ეხებოდა სააპელაციო საჩივარს, მხარეს განემარტა კოდექსის 372-ე მუხლი, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას,რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას. თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა; ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა.

ამავე განჩინებით მხარეს ასევე განემარტა, რომ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს საჩივრის ელექტრონული ვერსია, ვინაიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 14 მარტის №1/107 გადაწყვეტილებით, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სარჩელის, პასუხის (შესაგებლისა) და საჩივრის ფორმებში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე სააპელაციო და საკასაციო საჩივრის (შესაგებლის) შეტანისას როგორც წესი, წარდგენილი უნდა იქნეს შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსიაც (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფორმა არ არის წარდგენილი ნაბეჭდი სახით), ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ უსწორობაზე მითითებისას (თუ მითითება ხდება სხდომის ოქმზე) უნდა აღინიშნოს დროის ის მონაკვეთი, როდესაც ოქმში მხარისათვის მნიშვნელოვან გარემოებაზეა საუბარი.

დადგენილია, რომ განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, მხარეს განესაზღვრა ვადა 10 (ათი) დღე განჩინების ასლის კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან და განემარტა, - თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი (ტომი VII, ს.ფ. 167-170).

საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინება თ. ვ-ს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 29 აპრილს (ტომი VII, ს.ფ. 181). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2024 წლის 30 აპრილს აპელანტმა თ. ვ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და წარადგინა ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ტომი VII, ს.ფ.182).

ვინაიდან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი მხარის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი სრულყოფილად და არ იქნა წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი სააპელაციო საჩივარი, სასამართლომ 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებელ ნაწილში (სააპელაციო საჩივრის ფორმა) თ. ვ-ს გაუგრძელა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 (ათი) დღით (ტომი VII, ს.ფ. 184-186).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინება თ. ვ-ს ჩაბარდა პირადად 2024 წლის 17 მაისს (ტომი VII, ს.ფ. 188).

2024 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში თ. ვ-მა წარადგინა განცხადება, სადაც მხარე მიუთითებს, რომ მას სარჩელი ან საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში არ შეუტანია, განცხადების შეტანის მოტივი ემსახურებოდა მოსამართლის არასწორ გადაწყვეტილებას. თ. ვ-ის განმარტებით, მას წარდგენილი აქვს უამრავი დოკუმენტაცია, რომლითაც პირველ ინსტანციას შეეძლო გაეუქმებინა მოსარჩელის მოთხოვნები. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, დროის გაჭიანურების მიზნით, საქმე გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ითხოვს, სასამართლომ განიხილოს აღნიშნული საქმე და მიღებულ იქნას სწორი გადაწყვეტილება. თ. ვ-ი მიიჩნევს, რომ მისი მხრიდან ხარვეზი აღარ არსებობს.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–60 მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქმის მასალებით დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 18 მაისს და ამოიწურა 2024 წლის 27 მაისს, 24 საათზე. დადგენილია და ასევე სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აპრილის განჩინებით დადგენილი ხარვეზი თ. ვ-ის მიერ არ იქნა შევსებული. პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინების (სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ) ჩაბარების შემდგომ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეს არ მოუმართავს სასამართლოსათვის ვადის გაგრძელების ან ხარვეზის აღმოფხვრის თაობაზე, ამასთან არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სააპელაციო სასამართლოსთვის. საკასაციო პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ თ. ვ-ის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დაუცველად წარდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა მითითებული ფორმის ნიმუშს როგორც შინაარსობრივად, ასევე არ აკმაყოფილებდა საჩივრისათვის წაყენებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ქმნის სამართლიანი სასამართლოს სამართლებრივ გარანტიას, რომელიც მოიაზრებს ყველა იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება თავისი არსით ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ქმნის კონსტიტუციითა და კონვენციით რეგლამენტირებული სხვა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიას, ასევე, წარმოადგენს ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს. (სუსგ, 16.03.2023, №ბს-1508(კს-22)).

სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებრივ ელემენტს წარმოადგენს სასამართლოს ქმედითი ხელმისაწვდომობის უფლება, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების გზით უფლების სრულყოფილად დაცვის შესაძლებლობა. გასაჩივრების უფლება სამართლიანი სასამართლოს უფლების, უფრო ზუსტად კი, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შეუძლებლობის პირობებში, სასამართლოსათვის მიმართვა არ იქნებოდა სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება. სამართლიანი სასამართლოს უფლება პირს აღჭურავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიის კონსტიტუციური შესაძლებლობით და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად უფლების დარღვევისაგან.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „სასამართლო უფლება“, განსაკუთრებით სასამართლოსადმი წვდომის უფლება არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, შეზღუდვა მოიცავს მხარის ვალდებულებას სააპელაციო საჩივარი წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დაცვით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეებს გააჩნიათ როგორც საპროცესო უფლებები, ასევე ეკირებათ საპროცესო ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. განსახილველ შემთხვევაში, თ. ვ-ის მიერ, 2024 წლის 20 მაისს წარდგენილი განცხადება არ ემსახურება სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსებას ან დადგენილი ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელების მოთხოვნას. ცალსახაა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით განსაზღვრული ხარვეზი, თ. ვ-ის მიერ არ იქნა შევსებული განჩინებით დადგენილ ვადაში, არც რაიმე შუამდგომლობა ყოფილა წარდგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ხარვეზის შევსების მიზნით მხარისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, სააპელაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაეტოვებინა განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე