საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
№ბს-649(კ-24) 20 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ფ. კ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 12 ნოემბერს ფ. კ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა „დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ოქტომბრის №03-3521/ო ბრძანების ბათილად ცნობა; ფ. კ-ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ფ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი„ ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე“ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ოქტომბრის №03-3521/ო ბრძანება; სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე ფ. კ-ის (ოჯახი ერთი სული - ფ. კ-ი) საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
პალატამ საქმეში წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. კ-ს საცხოვრებელ მისამართად ყოველთვის მითითებული ჰქონდა ქ. წყალტუბო, ...ის ქ. №3, ...ი „...“, რაც ასევე აღნიშნული იყო გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარსა და სხვადასხვა პერიოდში შედგენილ მოსარჩელის განაცხადების შეფასების ელექტრონულ ფორმაშიც. ასევე უდავოა, რომ 2020 წლის 13 ივლისს განმცხადებლის მონაცემების გადამოწმების მიზნით განხორციელებული მონიტორინგის დროს მოსარჩელის მიერ მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ფ. კ-ი. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გადაღებული ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე მართლაც ახორციელებდა საოჯახო სამეურნეო საქმიანობას ხსენებულ ფართში, ხოლო მოსარჩელის მამა იყო მწოლიარე ავადმყოფი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის გადამოწმების მიზნით, ერთი წლის შემდგომ, 2021 წლის 7 ივნისს კვლავ განხორციელდა მონიტორინგი ამავე მისამართზე, თუმცა ფ. კ-ი ამ დროისთვის ადგილზე არ იმყოფებოდა. მეზობლის განმარტებით, იგი წასული იყო საავადმყოფოში. სააგენტომ მიუთითა 2021 წლის 26 აგვისტოს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...აში შედგენილ გასაუბრების ოქმზე, რომლის თანახმად, მისამართზე მონიტორინგის თანამშრომლებს დახვდათ ფ. კ-ი და მისი მამა ა. კ-ი, სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციული ორგანოს მოსაზრებით, აღნიშნული მისამართი წარმოადგენდა მოსარჩელის ოჯახის საცხოვრებელ ადგილს, რის გამოც მათი ... „...ში“ ცხოვრების ფაქტი არ დასტურდებოდა. პალატის მოსაზრებით, ერთჯერადად საცხოვრებელ ფართში არყოფნა არ გამორიცხავს ამავე მისამართზე მუდმივად ცხოვრების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ უდავოა მოსარჩელის მამის ავადმყოფობის ფაქტი და ის გარემოება, რომ მოსარჩელე მონიტორინგის მეორედ განხორციელების დროს იმყოფებოდა საავადმყოფოში. რაც შეეხება ოჯახის სოფელ ...აში ყოფნის ფაქტს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ასევე დაკავშირებული იყო მოსარჩელის მამის ავადმყოფობასთან, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია. პალატა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ...აში მოსარჩელის ოჯახს უძრავი ქონება არ გააჩნია, ფ. კ-ი კი დროებით, მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იმყოფებოდა ნათესავის - ა. ლ-ის საკუთრებაში არსებულ სახლში. აღნიშნული სახლის ა. ლ-ისადმი კუთვნილებას ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
პალატამ მიუთითა მსგავს საკითხთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არ უნდა შემოფარგლულიყო არსებულ ფაქტებზე მითითებით და უნდა შეესწავლა მოსარჩელის ამჟამინდელი ფაქტობრივი მდგომარეობა (იხ. სუსგ Nბს-180(კ-21), 07.10.2021 წ.)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორის მითითებით, სასამართლოების ყურადღების მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ობიექტის ფაქტობრივად მაცხოვრებელს - ფ. კ-ი ფაქტობრივად ცხოვრობს არა სასტუმრო „...ში“, არამედ, სოფელ ...აში მამასთან ერთად. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მოსარჩელის განსახლების საკითხის მოცემულ ეტაპზე განხილვის საფუძველი. სააგენტო თვლის, რომ საქმეში დაცული და სასამართლოების მიერ გაზიარებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მოსარჩელის ოჯახის სადავო ობიექტზე ცხოვრების ფაქტს. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, განსახილველ ეტაპზე არ არსებობს ფ. კ-ის ოჯახის კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხის განხილვის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
დადგენილია, რომ ფ. კ-ი არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელზეც გაცემულია - იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა. „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე“ 2020 წლის 17 თებერვლის განაცხადის თანახმად, განმცხადებლის ოჯახი შედგებოდა განმცხადებელი - ფ. კ-ისა და მშობელი - ა. კ-ისაგან. მათი საცხოვრებელი მისამართია: იმერეთი, ქ. წყალტუბო, ...ის ქ. №3, (...ი „...“). სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ოქტომბრის №03-3521/ო ბრძანებით ფ. კ-ს სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ობიექტში (ყოფილი ...ი „...“) ფაქტობრივად არცხოვრების გამო, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2021 წლის 14 სექტემბრის №56 ოქმის საფუძველზე ფ. კ-ს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2021 წლის 5 ოქტომბრის №03-3521/ო ბრძანებით, უარი ეთქვა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე ... „...ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2021 წლის 08 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ შესაბამისად. „წესის“ მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა. „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. „წესის“ დანართი №7 „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმი“ და დანართი №8 „სოციალური კრიტერიუმი“ განსაზღვრავენ კომპონენტებს, რომელთა შეფასების საფუძველზეც უნდა მოხდეს დევნილი ოჯახის სოციალური მდგომარეობის განსაზღვრა.
დადგენილია, რომ ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. ხოლო „წესის“ შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჯამდება თითოეული დადგენილი კრიტერიუმის მიხედვით მიღებული ქულათა რაოდენობა. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი.
საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის მიხედვით, ფ. კ-ი შეფასებული იქნა შემდეგი კრიტერიუმებით: საცხოვრებელი პირობების არის განსაკუთრებულად მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება საცხოვრებელ პირობებს - 2.00 ქულა; სოციალური კრიტერიუმები - 30001- 57000 შორის სარეიტინგო ქულით - 2.50 ქულა; სულ - 4.5 ქულა. 2020 წლის 5 აგვისტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის თანახმად, ფ. კ-ის და ა. კ-ის (ამჟამად გარდაცვლილია) მოქმედი სარეიტინგო ქულა შედგება 50060 ქულისგან.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რამდენადაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, იგი ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გულისხმიერად მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, საქმის გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის გზით.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ გაითვალისწინა „წესის“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა.
მოცემულ საქმეში, დევნილ ოჯახს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარი ეთქვა გამოსათავისუფლებელ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ... „...ში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო.
დადგენილია, რომ 2020 წლის 13 ივლისის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის თანახმად, მონიტორინგი განხორციელდა ფ. კ-ის ოჯახში ქ. წყალტუბოში, ...ის ქ. №3, ... „...ში“. ამავე ფორმის თანახმად, განმცხადებელი მამასთან ერთად მითითებულ მისამართზე ცხოვრობდა 1993 წლიდან. ფ. კ-ი იმყოფებოდა მისამართზე, ხოლო ა. კ-ი - სტუმრად ნათესავთან. ფ. და ა. კ-ების სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხებოდა.
2021 წლის 7 ივნისის მონიტორინგის/აღწერის ფორმის თანახმად, განხორციელდა ვიზიტი იმავე მისამართზე. მეზობლის განმარტებით, ფ. კ-ი იმყოფებოდა საავადმყოფოში.
2021 წლის 26 აგვისტოს წყალტუბოს რაიონის სოფელ ...აში შედგენილი გასაუბრების ოქმის თანახმად, მისამართზე განხორციელდა დევნილი ფ. კ-ის ოჯახის დამატებითი მონიტორინგი. ოჯახში იმყოფებოდნენ ფ. კ-ი და მისი მამა ა. კ-ი. როგორც განმცხადებელმა განმარტა, სახლი ეკუთვნოდა მამის - ა. კ-ის მამიდაშვილს - ა. ლ-ს. განმცხადებლის მეუღლე და შვილი დაიღუპნენ აფხაზეთში.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ნივთი მდებარე, წყალტუბოს რაიონი, სოფელი ...ა, მიწის ნაკვეთ - 1840კვ.მ. შენობა-ნაგებობა N1, მართლაც წარმოადგენს ა. ლ-ის საკუთრებას.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე კონკრეტული მონიტორინგის განხორციელების დროს არ იმყოფებოდა მისამართზე, არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საფუძველს. დევნილის განსახლებას არ გამორიცხავს აგრეთვე 2021 წლის 26 აგვისტოს მისი სხვა მისამართზე (წყალტუბოს რაიონი, სოფელი ...ა) ყოფნა. პირი, გარკვეულ შემთხვევებში (მოცემულ საქმეში გასათვალისწინებელია მოსარჩელის მამის ჯანმრთელობის პრობლემები, ასაკი) შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი და თავი სხვაგან შეაფაროს, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ამასთან, დროებით საცხოვრებელში ცხოვრება, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული საცხოვრებელი ნათესავს ეკუთვნის, არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად იქნეს დადგენილი, რამდენად აქვს მოსარჩელეს ხსენებულ საცხოვრებელში ცხოვრების შეუზღუდავი შესაძლებლობა, ასეთი დასკვნის გაკეთება კი განსაკუთრებით რთულია აღნიშნული ფართით შეუზღუდავი სარგებლობის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრის კუთხით (იხ. სუსგ Nბს-1129(კ-20), 25.03.2021წ.).
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში განხორციელებული დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების შედეგებით არ დადასტურდა მოსარჩელის საცხოვრებლის დაკმაყოფილების გამომრიცხველი გარემოებების არსებობა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე