საქმე №ბს-515(კ-24) 26 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ზ. ლ-ი (ბ-ი)).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2020 წლის 7 ოქტომბერს ზ. ლ-ი (ბ-მა) სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ მიმართ.
მოსარჩელემ მის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ 2020 წლის 11 აგვისტოს №11 სხდომის ოქმის, ამავე კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №11 განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა, რომლითაც დადგინდება ... წლის ... ...ს დაბადებულ ზ. ბ-ის 1993 წლის 31 მარტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს სხდომის ოქმი №11 ზ. ბ-ის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №11 განკარგულება ზ. ბ-ის ნაწილში; ქალაქ თბილისის მუციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას დაევალა, ... წლის ... ...ს დაბადებულ ზ. ბ-ის 1993 წლის 31 მარტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დადგენის თაობაზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენმა კომისიამ“. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე: ... წელს დაბადებულ ზ. ბ-ს არ გააჩნია რომელიმე ქვეყნისადმი სამართლებრივი კუთვნილების დამადასტურებელი (მოქალაქეობის) დოკუმენტი. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მიზნით მას სურს 1993 წლის 31 მარტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დადგენა.
2020 წლის 16 ივლისს ზ. ბ-მა განცხადებით მიმართ ქალაქ თბილისის მუციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას და მოითხოვა კომისიის მიერ დადგენილიყო ... წლის ... ...ს დაბადებული ზ. ბ-ის 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტი. განცხადებაში მიუთითა, რომ დაბადებულია ... წლის ... დეკემბერს, ქ. თბილისში. 1987-1994 წლებში ცხოვრობდა ...ის ქუჩა №11-ში. 1994 წლიდან დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ...ში, ...ს ქ. №17ა-ში. 1995 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ...ში, ...ის ჩიხი №10. 1995 წელს ზ. ბ-ი შევიდა პირველ კლასში - ქ. თბილისის ...-ე საჯარო სკოლაში, სადაც მე-4 კლასის ჩათვლით ისწავლა. მეოთხე კლასიდან საცხოვრებლად გადავიდნენ ...ში, ნათესავის ბინაში. ამავე მიზეზით მან შეიცვალა სკოლა და გადავიდა ...ში მდებარე ...-ე საჯარო სკოლაში. 2005-2014 წლებში მოსარჩელე სასჯელს იხდიდა სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, შესაბამისად მასზე არ მომხდარა პირადობის მოწმობის გაცემა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №11 სხდომის ოქმის მიხედვით, ზ. ბ-ის საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენელმა მ. მ-მა კომისიას გადაუგზავნა შემოწმების აქტი. აქტის მიხედვით, ...ის ქ. №11 მცხოვრებლები ვერ იხსენებენ 1987-1994 წლებში ზ. ბ-ის ოჯახის ცხოვრების ფაქტს. საკითხი განმეორებით იქნა მოკვლეული 2020 წლის 6 აგვისტოს, სადაც გაესაუბრნენ მეზობლებს- თ. ს-სა და გ. ვ-ეს, რომლებმაც ვერ დაადასტურეს მოქალაქის ცხოვრების ფაქტი და უარი განაცხადეს ოქმის ხელმოწერაზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №11 განკარგულებით, ზ. ბ-ს უარი ეთქვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენაზე.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დაიბადა ... წელს, შესაბამისად, 1993 წლისათვის ის იყო მცირეწლოვანი, რომელიც საჭიროებდა მშობლის/მეურვის/მზრუნველი პირის მეთვალყურეობას.
საქმეში წარმოდგენილი ქორწინებისა და დაბადების მოწმობების მიხედვით, ზ. ბ-ის მშობლებმა იქორწინეს თბილისში 1987 წელს და ამავე წელს მათ შეეძინათ შვილი - მოსარჩელე-ზ. ბ-ი. ზ. ბ-ის მოცემულ პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტს ასევე ადასტურებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეებიც. საქმის მასალებით კი არ დგინდება, რომ იგი ამ პერიოდში არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე ან არ იმყოფებდა მშობლებთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანებით დამტკიცებული „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის შინაარსზე მითითებით გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო შემოიფარგლა მხოლოდ ზემოაღნიშნულ დადგენილებაში მითითებულ დოკუმენტათა ჩამონათვალით და მხედველობაში არ მიიღო კანონმდებლის ნება, რომ მუნიციპალიტეტის ტერიორიაზე ცხოვრებისა და ყოფნის ფაქტი შესაძლოა დასტურდებოდეს რაიმე ისეთი დოკუმენტით ან გარემოებათა ერთობლიობითაც, რომელიც შესაძლოა დადგენილებაში სახელდებით არ იყოს მოხსენიებული.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა იძლეოდა ზ. ბ-ის 1993 წლის 31 მარტის მდგომარეობით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრებისა და ყოფნის ფაქტში დარწმუნების საფუძველს, ეს გარემოებები უნდა ჩაითვალოს სახელმძღვანელო დადგენილებით გათვალისწინებულ „სხვა დოკუმენტებად’’, რაც სადავო საკითხის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიამ“. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოსარჩელის - ზ. ბ-ის განაცხადის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა, იმის გამო რომ ვერ იქნა წარდგენილი კანონით განსაზღვრული საკმარისი დოკუმენტაცია. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლის მიერ შედგენილი შემოწმების აქტების მიხედვით, ზ. ბ-ისა და მისი ოჯახის ცხოვრების ფაქტს ვერ იხსენებენ ...ის ქუჩის მაცხოვრებლები.
კასატორის მითითებით, ზ. ბ-ის 1993 წლის 31 მარტისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ყოფნის ფაქტი არც სასამართლოს მიერ დასახელებული მტკიცებულებებით დასტურდება, აღნიშნული ვერ დაადასტურეს ვერც სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა, ამასთან კასატორი აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენება ვერ იქნება საკმარისი დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 23 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ... წლის ... ...ს დაბადებული ზ. ბ-ისათვის 1993 წლის 31 მარტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 302 მუხლის მე-2 პუნქტზე (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმადაც, პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს პირის საქართველოს მოქალაქედ მიჩნევისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის სათანადო ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია მისთვის სათანადო განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანებით დამტკიცებული „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულების პირველი მუხლის თანახმად, ეს დებულება განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის (შემდგომში - კომისია) უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს. ამავე დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ასევე წინამდებარე დებულება. ამავე დებულების მე-5 მუხლის თანახმად, კომისია ადგენს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტს და გასცემს შესაბამის ცნობას, რითაც შესაძლებელია დადგინდეს ერთ-ერთი ან შემდეგი რამდენიმე გარემოება: ა) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; ბ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის/ცხოვრების ფაქტი; გ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტი. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის საკითხის განხილვას კომისია იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - „სააგენტო“) უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე. მე-2 პუნქტის თანახმად ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას/მიმართვას თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები, ასეთის ფლობის/არსებობის შემთხვევაში: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) პირის შესაბამისი მუნიციპალიტეტის დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტს. მე-3 პუნქტის თანახმად ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ფაქტ(ებ)ის დადგენის მიზნით, დაინტერესებული პირის განცხადებაში/ მიმართვაში უნდა აღინიშნოს მუნიციპალიტეტი ან/ და მუნიციპალიტეტის დასახლება, რომელშიც დაინტერესებული პირი ცხოვრობდა (იმყოფებოდა). აღნიშნულ ინფორმაციაში ცხოვრების (ყოფნის) თარიღ(ებ)ი უნდა მიეთითოს, რამდენადაც შესაძლებელია, ზუსტად. გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთ-ერთი ან რამდენიმე შემდეგი მტკიცებულება: ა) ადმინისტრაციული ორგანოს, ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია; ბ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტს; გ) არანაკლებ 2 მოწმის ახსნა-განმარტება; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება, ასეთი წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში; ე) სხვა მტკიცებულებები, რომლითაც შესაძლებელია დასტურდებოდეს საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მე-7 პუნქტის თანახმად კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც მოიძიოს შესაბამისი მტკიცებულებები. მე-8 პუნქტის თანახმად საკითხის განხილვის შემდეგ კომისია იღებს გადაწყვეტილებას, კენჭისყრით, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. კომისიის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივ შეფასების საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №11 სხდომის ოქმით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №11 განკარგულებით, ზ. ბ-ს უარი ეთქვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენაზე იმ მოტივით, რომ შემოწმების აქტის მიხედვით, ...ის ქ. №11 მცხოვრებლები ვერ იხსენებენ 1987-1994 წლებში ზ. ბ-ის ოჯახის ცხოვრების ფაქტს და საკითხის განმეორებითი გამოკვლევის შედეგად, მეზობლებმა - თ. ს-მა და გ. ვ-ე ვერ დაადასტურეს მოქალაქის ცხოვრების ფაქტი და უარი განაცხადეს ოქმის ხელმოწერაზე.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე დაიბადა ... წელს, შესაბამისად, 1993 წლისათვის ის იყო მცირეწლოვანი, რომელიც საჭიროებდა მშობლის/მეურვის/მზრუნველი პირის მეთვალყურეობას. საქმეში წარმოდგენილი ქორწინებისა და დაბადების მოწმობების მიხედვით, ზ. ბ-ის მშობლებმა იქორწინეს თბილისში 1987 წელს და ამავე წელს მათ შეეძინათ შვილი - მოსარჩელე-ზ. ბ-ი. მოსარჩელე 1995 წლიდან სწავლობდა თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლაში (საცხოვრებლის შეცვლასთან ერთად მან შეიცვალა სკოლაც). 15 წლის ასაკში მოხვდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც იხდიდა სასჯელს 9 წლის განმავლობაში. მას ორჯერ უფიქსირდება საქართველოს საზღვრის კვეთა 2014 და 2020 წლებში.
ამასთან, ზ. ბ-ის სადავო პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადგილას დედასთან ერთად ცხოვრების ფაქტს ასევე ადასტურებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეებიც.
ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე, რომელიც სადავო პერიოდში იყო 6 წლის - არ ცხოვრობდა მშობლებთან (დედასთან) ერთად ან იმყოფებოდა სხვა ტერიტორიაზე. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არც მოწინააღმდგე მხარის მიერ წარმოდგენილა.
ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანებით დამტკიცებული „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ დებულების შესაბამისად, „სხვა დოკუმენტებში/მტკიცებულებაში” მოიაზრება ყველა ის დოკუმენტი თუ მტკიცებულება, რომელიც იძლევა საკმარის და დამაჯერებელ ინფორმაციას პირის შესაბამის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დასადასტურებლად.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის „პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი