№ბს-532(კ-24) 25 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ქეთევან ცინცაძე, თამარ ოქროპირიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ე, კ. მ-ა, მ. მ-ა, მა. მ-ა).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. მ-ემ, კ. მ-ამ, მ. მ-ამ, მა. მ-ამ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს (დაზუსტებული მოთხოვნა): ა) ბათილად იქნას ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის №03/2589 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბ) დაევალოს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თ. მ-ის განცხადების არსებითად განხილვის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახილების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის, კ. მ-ას, მ. მ-ასა და მა. მ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის №03/2589 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. დაევალა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, თ. მ-ის განცხადების არსებითად განხილვის შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელეების ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების თაობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ.
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო და გაითვალისწინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ფორმალურადაა ნახსენები გადაწყვეტილებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ შეისწავლა და გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, თუმცა დამატებით რა უნდა გამოეკვლია ადმინისტრაციულ ორგანოს სასამართლო ვერ მიუთითებს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა თავად დაადასტურა სადავო ობიექტში მოსარჩელის არცხოვრების ფაქტი.
2018 წლის 5 ივნისის დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე (ოქმი №21) განხილულ იქნა ქ. თბილისში, ...ის ...-ში მდებარე „...ის“ შენობიდან დევნილი ოჯახების კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი. ობიექტის აღწერა განხორციელდა 2017 წლის 5 ივნისს. აღწერის დროს მონიტორინგის სამსახურს ზემოაღნიშნული ოჯახი ადგილზე არ დახვდა და არც შენობაში ფაქტობრივად მაცხოვრებლებს მიუწოდებიათ ინფორმაცია ოჯახის შესახებ. აღწერის შემდეგ, ოჯახს ასევე არ მიუმართავს განცხადებით სააგენტოსათვის იმის თაობაზე, რომ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე. ამასთან, მოსარჩელის ოჯახს არ აქვს შევსებული განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სააგენტოს საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში იძებნება 2018-2019 წლებში თ. მ-ის მიერ უწყებაში შეტანილი ორი განცხადება, რომლებზეც სააგენტოს მიერ გაცემული პასუხი საქართველოს ფოსტის მიერ დაბრუნდა უკან, ადრესატის მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო. ვინაიდან ოჯახი ობიექტის აღწერის დროს სადავო მისამართზე ფაქტობრივად არ ცხოვრობდა, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას არ უმსჯელია.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის №03/2589 წერილი მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, რომლითაც მხარეს ეცნობა, რომ მისი საკითხი ფაქტობრივად მისამართზე არცხოვრების გამო კომისიის მიერ არ განხილულა. შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ არსებობს, რომლის გასაჩივრების საშუალება მხარეს მიეცემოდა კანონით დადგენილი წესით. მოსარჩელის სადავო მისამართზე ფაქტობრივი არცხოვრება თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი და მის სიცოცხლეს ნგრევად ობიექტში ცხოვრების გამო საფრთხე არ ექმნება, შესაბამისად, არანაირი ზიანი არ ადგება. კომისიამ ბუნებრივია პრიორიტეტი ისეთ ოჯახებს მიანიჭა, რომლებიც სადავო ფართში ფაქტობრივად ცხოვრობდნენ, მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნებოდა და სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ამასთან, საქმის მასალებიდან არც ის გარემოება გამოიკვეთა, რომ მხარე იძულებული გახდა დაეტოვებინა ფართი. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოსარჩელე დიდი ხნის გადასულია ობიექტიდან და 2018 წლის განსახლების საკითხის განხილვის შესახებ მხოლოდ მიმდინარე ეტაპზე მიმართა სააგენტოსაც და სასამართლოსაც.
კასატორის განმარტებით, დევნილი ოჯახის სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება გულისხმობს დევნილი ოჯახის ინდივიდუალური საჭიროებების საფუძვლიანად გამოკვლევას, მათ შორის, დევნილი ოჯახის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრების ადგილის გათვალისწინებით საცხოვრებლით უზრუნველყოფას. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააგენტოს მიერ სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება არ ჩაატარებულა და არ გამოიკვლეულა სადავო საკითხი. სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანების შესაბამისად, კანონმდებლობით დაკისრებული ყველა მოთხოვნათა ზედმიწევნით შესრულებით, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული წარმოებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას, ფაქტების დეტალურ შესწავლას და მხოლოდ ამის შემდგომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველომ. სასამართლო ვერ მიუთითებს, რაზე დაყრდნობით უნდა მიეღო ადმინისტრაციულ ორგანოს დადებითი გადაწყვეტილება, თუ არა მონიტორინგის სამმართველოს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის საფუძველზე. სახელმწიფოს ათასობით დევნილი ოჯახი ჰყავს საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი. ამ ოჯახების უმეტესობას არ აქვს საკუთრება. ყველა ოჯახს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ბინა, რაც ასევე სახელმწიფოს ინტერესიცაა, თუმცა სახელმწიფო თავისი რესურსის გათვალისწინებით, ეტაპობრივად აკმაყოფილებს დევნილებს საცხოვრებლით და ითვალისწინებს სასწრაფოდ განსახლების საჭიროებას. სწორედ ამ მიზნით გამოყოფს იმ ოჯახებს, ვისაც განაცხადში მითითებული აქვს სწორი ინფორმაცია, არ აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და პრიორიტეტულად მიიჩნევს მას. ამავე მიზნით განისაზღვრა საკითხის მომწესრიგებელი აქტებით რიგითობისა და ოჯახების საჭიროების პრიორიტეტულობა. ის, გარემოება, რომ დევნილი ოჯახი სახელმწოფოს არ ჰყავს საცხოვრებლით უზრუნველყოფილი არ დგას ეჭვის ქვეშ, თუმცა ბენეფიციარებსაც აქვთ თმენის ვალდებულება დაელოდონ თავიანთ რიგს. სასამართლო თუ ამგვარად მიუდგება საკითხს და მიმდინარე ეტაპზე იმ პირების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილების ჯერიც იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით შემდეგი ეტაპია, სასამართლო არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს დევნილ ოჯახებს და ხელოვნურად გამოიწვევს მათთვის მინიჭებული უფლებების უხეშ დარღვევას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობების თანახმად, მოსარჩელეები თ. მ-ე, მ. მ-ა (არასრულწლოვანი) და მა. მ-ა (არასრულწლოვანი) არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები (სარეგისტრაციო ნომერი №...) (ს.ფ 17-19); კ. მ-ა არის თ. მ-ის მეუღლე, არადევნილი პირი. (ს.ფ 22); დევნილის ანკეტის თანახმად, თ. მ-ის, მ. მ-ას და მა. მ-ა იძულებით გადაადგილებამდე საცხოვრებელ მისამართად მითითებულია აფხაზეთი, სოხუმი, ...ის ქ. №28, ხოლო დროებით საცხოვრებელად მითითებულია ქ. თბილისი, ... ..., „...ი“ კორპ. ... (ს.ფ. 127-130); ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომის 2018 წლის 5 ივნისის №21 სხდომის ოქმის თანახმად, სხდომაზე განხილულ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნების შესაბამისად, ქ. თბილისში სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, ნგრევადი ობიექტებიდან დევნილ ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი, მათ შორის, ობიექტიდან მდებარე ქ. თბილისი, ... ..., კორპ. ... „...ი“ (ს.ფ 62-67); გ) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 16 თებერვლის №000815916 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისი, ... ...-ში მდებარე ... კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა მთლიანობაში არადამაკმაყოფილებელია. მისი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციების ფიზიკური ცვეთა აღემატება 65%-ს, შენობაში შექმნილი მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, შენობის საერთო ფიზიკური და მორალური ცვეთა 70%-ის ფარგლებშია. ასეთი ცვეთის მქონე შენობა უვარგისია შემდგომი უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის (ს.ფ 139-147); დ) 2018 წლის 26 ივლისს, თ. მ-ემ №71998 განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მოითხოვა მისი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხის განხილვა იმის გათვალისწინებით, რომ ქ. თბილისი, ...ის ...-ში სახელმწიფოს მიერ განხორციელდა ოჯახების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა (ს.ფ 70); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 2 აგვისტოს №01/1048-ს წერილით თ. მ-ეს, №71998 განცხადების პასუხად განემარტა, რომ ქ. თბილისში, მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ... ...-ში მდებარე კორპ. ...-ში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. თ. მ-ე, როგორც აღნიშნულ მისამართზე ფაქტობრივი მაცხოვრებელი პირი, აღწერის მასალებში არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას არ უმსჯელია თ. მ-ის ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი განხილულ იქნებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით გათვალისწინებული საერთო წესის შესაბამისად, კრიტერიუმების საფუძველზე (ს.ფ 72); საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 10 თებერვლის №03/2589 წერილით, თ. მ-ეს, 2019 წლის 4 დეკემბრის №1766 და 5 დეკემბრის №2720 განცხადებების პასუხად ეცნობა, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - თ. მ-ის ოჯახის, ქალაქ თბილისში, ...ის ...-ში მდებარე ნგრევადი ობიექტიდან კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №21) არ განხილულა, მათი ოჯახის ხსენებულ უძრავ ქონებაში ფაქტიურად არცხოვრების გამო. შესაბამისად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველოს მიერ ქალაქ თბილისში, ...ის ...-ში მდებარე ობიექტთან მიმართებით განხორციელებული მოკვლევების დროს მოპოვებული, თ. მ-ის ოჯახის შესახებ არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არ მოიპოვება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისი განცხადება გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე შესაბამისი მიმართვის შემთხვევაში განხილულ იქნებოდა შევსებული განაცხადისა და მინიჭებული ქულის რიგითობის გათვალისწინებით, საერთო წესის შესაბამისად (ს.ფ. 73). 2022 წლის 4 თებერვალს, თ. მ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და მიუთითა, რომ 2018-2019 წლებში სააგენტოში შეტანილი ჰქონდა განცხადებები, რომლებზედაც წერილობითი პასუხები არ ჩაბარებია. შესაბამისად, ითხოვა აღნიშნული პასუხების გადაგზავნა (ს.ფ 75); სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2022 წლის 24 ივნისის MOH 4 22 00045803 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ქ. თბილისში, ...ის ...-ში მდებარე ობიექტის აღწერა განხორციელდა 2017 წლის 5 ივნისს. აღწერის დროს, მონიტორინგის სამსახურს თ. მ-ის ოჯახი ადგილზე არ დახვდა და არც შენობაში ფაქტობრივად მაცხოვრებლებს მიუწოდებიათ ინფორმაცია თ. მ-ის ოჯახის შესახებ. აღწერის შემდეგ, ოჯახს სააგენტოსათვის არ მიუმართავს განცხადებით იმის თაობაზე, რომ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე და მათ მიერ არ შევსებულა განაცხადი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. სააგენტოს საქმისწარმოების ელექტრონულ ბაზაში იძებნება 2018-2019 წლებში თ. მ-ის მიერ უწყებაში შეტანილი ორი განცხადება, რომლებზეც სააგენტოს მიერ გაცემული პასუხი, საქართველოს ფოსტის მიერ დაბრუნდა უკან, ადრესატის მითითებულ მისამართზე არყოფნის გამო (ს.ფ 61); ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბერს №... წერილის თანახმად, კ. მ-ას სახელზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 7 ნოემბრის №... წერილის თანახმად, თ. მ-ის სახელზე, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული (ს.ფ 173-174).
თავდაპირველად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის შედავებაზე სადავო აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის უსაფუძვლობის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიცია ასახულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 10 თებერვლის №03/2589 წერილით მოსარჩელეებს ეცნობათ, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ მათი ოჯახის საკითხი არ განხილულა ობიექტში ფაქტობრივად არცხოვრების გამო. ამდენად, წერილმა, კრიტერიუმების გარეშე განსახლების საკითხის განუხილველობამ, წარმოშვა შედეგი მოსარჩელესთან მიმართებით. დაინტერესებული პირი ინფორმირებულ იქნა საკითხის იმგვარი გადაწყვეტის თაობაზე, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც, შეიძლებოდა დამდგარიყო მისთვის სასურველი შედეგი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება აღნიშნული წერილის მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტად მიჩნევის შესახებ და მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრება გასაჩივრებული აქტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის შესახებ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.
საკასაციო პალატა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე მითითებით აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებები აკისრია დევნილთა მიმართ, კერძოდ, ის სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ვალდებულია დევნილი ოჯახი უზრუნველყოს გრძელვადიანი საცხოვრებლით, შექმნას მათი ღირსეული განსახლებისათვის აუცილებელი პირობები. დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა გადაწყვეტილება მხოლოდ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა მიიღოს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით (ძალადაკარგულია „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-30/ნ ბრძანებით) დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არის ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2019 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება. ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სააგენტოს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით; ბ) კონკრეტული დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; გ) იმ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელი შენობებიც გადაუდებელი სახელმწიფო ინტერესის შემცველი ობიექტებია, რაც ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ უნდა იყოს გამოხატული წერილობით შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ; დ) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სააგენტოში შემოსულია შესაბამისი მომართვა; ე) იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომელთა მიმართაც, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს დროებითი განსახლების ღონისძიებებს.
დადგენილია, რომ დევნილის ანკეტაში თ. მ-ის, მ. მ-ას და მა. მ-ას იძულებით გადაადგილებამდე საცხოვრებელ მისამართად მითითებულია აფხაზეთი, სოხუმი, ...ის ქ. №28, ხოლო დროებით საცხოვრებელად მითითებულია ქ. თბილისი, ... ..., „...ი“ კორპ. .... ასევე, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ. თბილისში, ... ..., კორპ. ... მისამართზე მდებარე შენობა ჯანმრთელობისთვის საშიშ და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ობიექტს წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების დევნილი ოჯახისთვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის არსებითი საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ისინი მითითებულ ობიექტში ფაქტობრივად არ ცხოვრობდნენ, რაც კასატორის მოსაზრებით დასტურდებოდა სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის მასალებით.
საკასაციო პალატის მოსაზრებით მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელეები არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ ადგილზე (ნგრევად ობიექტში), არ წარმოადგენს გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს. გარკვეულ შემთხვევებში, პირი შესაძლოა დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე იძულებული გახდეს დატოვოს საცხოვრებელი, რაც არ გულისხმობს იმას, რომ მან მიატოვა ჩასახლების ობიექტი, არ წარმოადგენს ასეთ ობიექტში მაცხოვრებელს და შესაბამისად, მას არ უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი სახელმწიფოს მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებისას. ნგრევად ობიექტში ცხოვრება თავისი სპეციფიკის გათვალისწინებითა და ფიზიკური პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლოა დაკავშირებული იყოს აღნიშნული ობიექტის გარკვეული დროით დატოვებასთან. პირადი და ოჯახის უსაფრთხოების მიზნით ობიექტის დროებით მიტოვება და სხვა საცხოვრებელში გადასვლის ფინანსური შესაძლებლობის ქონა ან/და ოჯახის წევრის ან ნათესავისგან დროებითი თავშესაფრის მიღება კი, არ შეიძლება იქცეს სააგენტოს მხრიდან დევნილი პირ(ებ)ის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების ვალდებულებისთვის თავის არიდების საშუალებად. საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით აღნიშნავს, რომ ის გარემოება, რომ პირისათვის ნგრევად-საშიშ ობიექტში ცხოვრების დავალდებულება (როგორც დაკმაყოფილების აუცილებელი პირობა) თავის მხრივ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ადამიანის უფლებებს განმარტებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის არაერთ გადაწყვეტილებაში.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ. მ-ის დევნილი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ მისი არასრულწლოვანი შვილები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამასთან, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად კი, ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. მ-ესა და კ. მ-ასთან ერთად გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ასევე უარი ეთქვათ მათ არასრულწლოვან შვილებს, რომელთა უპირატესი ინტერესების დაცვაც ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენდა.
შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შესახებ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გ. მაკარიძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
თ. ოქროპირიძე