Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-912(კ-23) 24 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - შპს „...ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირი - მ. ტ-ე

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „...მა“ 2022 წლის 10 ოქტომბერს სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 884 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ...) მ. ტ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

სარჩელის თანახმად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 19 დეკემბრის №1378 ბრძანების საფუძველზე შპს „...ი“ წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეული მოპოვების ლიცენზიის მფლობელს, რომლის ფარგლებშიც კომპანიას გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე 16430 ჰა საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი და სამთო მინაკუთვნი. ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში მიწის ნაკვეთისა და სამთო მინაკუთვნის გადაცემა ამ ობიექტების ათვისებისა და გამოყენების უფლებასა და შეუფერხებელ შესაძლებლობას, რაც წიაღის მოპოვების მიზანთან არის დაკავშირებული, ხოლო ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტს სწორედ კომპანია წარმოადგენს. 2022 წლის 09 თებერვალს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა მ. ტ-ის განცხადება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 884 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნით. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად წარდგენილ იქნა საარქივო ცნობა და მიწების განაწილების სია, მაგრამ იმის გამო, რომ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის იდენტურობა, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა და დადგინდა ადგილზე დათვალიერების აუცილებლობა. პარალელურად მარეგისტრირებელმა ორგანომ იმ საფუძვლით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი შპს „...ის“ სალიცენზიო (წიაღის საბადოს) არეალში ექცეოდა, ამ უკანასკნელს წერილობით მიმართა და მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება რეგისტრაციის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც შპს „...ი“ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე წარდგენილი პოზიციით არ დაეთანხმა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ №... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი მდებარეობს ...ის გავრცელების არეალში. გარდა ამისა, მოპოვებული და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული საჯარო ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც არის ბუჩქნარი და ორი მიწის ნაკვეთი ძველი საკადასტრო კოდებით - №... და №..., რომლებიც №161 მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ეკუთვნოდა სხვა პირს და არა მ. ტ-ეს. შესაბამისად, ადგილზე დათვალიერების დოკუმენტაციაც ყალბ მონაცემებს ეფუძნება.

მოსარჩელემ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებში ყველა სახის რეგისტრაციის განხორციელების აკრძალვა მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავ ქონებასთან - ს/კ ... მიმართებაში, გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის შესახებ ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება მ. ტ-ე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 მარტის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ მიუთითა „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის №136 დადგენილების მე-7 მუხლზე და აღნიშნა, რომ წიაღით სარგებლობის ობიექტები შეიძლება არსებობდეს კერძო საკუთრების ფარგლებში და ამ ვითარებაში საჭიროა მესაკუთრის თანხმობა, ამიტომ საფუძველს მოკლებული იყო მოსარჩელის მტკიცება საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ლიცენზიატის თანხმობის მოთხოვნის თაობაზე. სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის მარეგისტრირებელი ორგანო და საკუთრებას უფლებას იგი ვერ გადასცემს განმცხადებელს, საკუთრების უფლების გადაცემა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესაკუთრის მიერ.

სასამართლოს მითითებით, ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების ვალდებულება კანონში ასახული იყო 2005 წლიდან, ხოლო მოსარჩელეს ლიცენზია მიღებული ჰქონდა 2006 წელს. მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი კი რომელიც საფუძვლად დაედო საკუთრების უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, გაცემული იყო 2000 წლამდე, რაც სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლოს ხდიდა. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... (27.04.2022 წ.) ოქმის თანახმად, იმავე ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრემ - გ. გ-მა დაადასტურა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის №51/2072 (04.06.2020 წ.) მიწის განაწილების სიას. 2022 წლის 8 და 12 აგვისტოს საჯარო რეესტრში დამატებით წარმოდგენილ იქნა იმავე ბლოკში მდებარე კიდევ ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობა/დადასტურება, №... (27.04.2022 წ.) ოქმში მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის შესახებ.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს შეფასებები სადავო საკითხთან დაკავშირებით და 2023 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა; შესაბამისად უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება შპს „...მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დასრულებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში რეგისტრაციის განმახორციელებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უგულებელყო როგორც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების, ისე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო მოთხოვნები, რადგან სადავო სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში გამოკვლევა-შეფასების გარეშე დატოვა ის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთი უფლების დამდგენი დოკუმენტის მიხედვით, არ მდებარეობს იმ ადგილზე, სადაც მისი რეგისტრაცია განხორციელდა, ასევე არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთები იმავდროულად შპს „...ის“ სალიცენზიო არეალში მოქცეული, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისთვის გამოყოფილი ტერიტორიაა. შესაბამისად, მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად უკანონოდ დარეგისტრირება, კომპანიას შეუფერხებს წიაღის მოპოვებით საქმიანობას, რადგან მესაკუთრის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია თვითნებურად ვერ განახორციელებს მიწის ნაკვეთით სარგებლობას.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილების კანონშესაბამისად მიჩნევის ძირითად წინაპირობად სასამართლომ ის გარემოება მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების მონაცემებით დადგინდა სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთისა და მ. ტ-ის უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, ხოლო ამ მონაცემების დამდგენ მოცემულობად სასამართლომ მიიჩნია სადავო მიწის ნაკვეთის მეზობლად მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეთა თანხმობა, რაც მოცემული დავის მართებულად და ობიექტურად გადაწყვეტის ჭრილში არარელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან აღნიშნულ საკითხთან მიმართებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ჯეროვანი ანალიზი ცხადყოფს, რომ სარეგისტრაციო უძრავი ნივთის რეგისტრაციისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს მოსაზღვრე ან იმავე ბლოკში მდებარე სამი ერთეული უძრავი ნივთის მესაკუთრეთა არამცთუ ნებაზე დაფუძნებული თანხმობა, რომ ამა თუ იმ პირს მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირდეს, არამედ იმ ფაქტის ცოდნა და დადასტურება, რომ რეგისტრაციით დაინტერესებული პირის უფლების დამდგენი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი ნამდვილად იმ ობიექტს წარმოადგენს, რომელზედაც მას საკუთრების უფლება უდასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნაკვეთი წარმოადგენს სრულიად აუთვისებელ ტერიტორიას, რომელზედაც რაიმე მფლობელობის კვალი მინიმალურ დონეზეც არ იკვეთება. ტერიტორია წარმოადგენს ბუჩქნარითა და სხვა მცენარეებით დაფარულ და ბუნებრივად გამწვანებულ სივრცეს, რომელიც არასოდეს გამოყენებულა რაიმე კერძო მიზნებისთვის. შესაბამისად, ამ პირობებში სრულიად გაუგებარია, რას ემსახურება სადავო მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე და მეზობლად მდებარე უძრავ ნივთების მესაკუთრეთა თანხმობის გაცემა იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი თანხმობის გაცემას არამცთუ ნებელობით კონტექსტში ითვალისწინებს, არამედ იმ ფაქტის დადასტურების ჭრილში, რომ რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ფლობს მიწის ნაკვეთს და რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს სწორედ იმ ობიექტს, რომელიც უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით მას ეკუთვნის. განსახილველ შემთხვევაში თავად სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ რეგისტრირებულმა პირმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ხსენებულ უძრავ ნივთზე რეგისტრაციის მიზანი და ინტერესი იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ გარშემო ტერიტორიაზე მათი ბიძაშვილებისა და ნათესავების უძრავი ნივთები მდებარეობს და ის პირები, რომლებმაც მას რეგისტრაციის მიზნებისთვის თანხმობა დაუდასტურეს, სწორედ მის საბიძაშვილოში შემავალი სუბიექტები არიან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირთა მხრიდან არამცთუ საკანონმდებლო მისიის შესრულებასთან და იმ ფაქტის ცოდნასთან, რომელზე დაფუძნებითაც მათ სადავო მიწის ნაკვეთზე დაინტერესებული პირის მფლობელობა და მისდამი კუთვნილება უნდა დაედასტურებინათ, არამედ სურვილზე დაფუძნებული თანხმობა, რომ მ. ტ-ეს საკუთრებაში ჰქონდეს სადავო მიწის ნაკვეთი.

კასატორის მითითებით, „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ (ქართულ-გერმანული KFW-ის თანადაფინანსებით) პროექტისა და აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში შესრულებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას ინტეგრირებული გრაფიკულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი 1.18 %-ით (საკადასტრო კოდი №...) და 40.19 %-ით (საკადასტრო კოდი №...) ემთხვევა იმ მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემებს, რომლებიც აღრიცხულია „ა. ბ.“ სახელზე. ამდენად არ იდენტიფიცირდება მ. ტ-ის უფლებრივი მდგომარეობის არსებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა არგუმენტების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლომა არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 19 დეკემბრის №1378 ბრძანების საფუძველზე, შპს „...ი“ წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელს. ლიცენზიის ფარგლებში კომპანიას გადაეცა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე 16 430 ჰა საერთო ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი და სამთო მინაკუთვნი.

დადგენილია, რომ 2022 წლის 09 თებერვალს მ. ტ-ემ განცხადებით მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 884 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი მდებარეობს შპს „...ისათვის“ გადაცემულ 16 430 ჰა საერთო ფართობის მქონე ტერიტორიაზე. ისიც დადგენილია, რომ რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...ში მდებარე 884 კვ.მ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა მ. ტ-ის საკუთრების უფლება.

განსახილველი დავის საგანს სადავო მიწაზე მ. ტ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ 2020 წლის 06 სექტემბრის №... გადაწყვეტილების კანონიერება წარმოადგენს. კასატორის სადავო აქტის უკანონობის დამადასტურებლად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არ დგინდება უფლების დამდგენი დოკუმენტით განსაზღვრული და სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა. ამასთან, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 19 დეკემბრის №1378 ბრძანების საფუძველზე შპს „...ისათვის“ გადაცემულ ტერიტორიაზე მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საჭიროა შპს „ ...ის“ თანხმობა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 11 მარტის №13/24840 საარქივო ცნობით დადგინდა, რომ 1986-1996 საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია თ. გ-ი (გარდაიცვალა 1993 წელს) და მ. ტ-ე. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლის საერთო სასარგებლო ფართი 57 კვ.მ და 0,15 ჰექტარი. ,,,ას საკრებულოს სოფელ ...ის 1996-2000 წლების საკომლო წიგნის მონაცემებით კი კომლის უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილი იყო მ. ტ-ე.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 04 ივნისის №51/2072 წერილის თანახმად, ,,,ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცულ სოფელ ...ის მიწის განაწილების სიაში მ. ტ-ის სახელზე ფიქსირდება 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) კვ.მ მიწის ფართობი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით დადგინდა, რომ მ. ტ-ის სახელზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის №51/2072 მიწის განაწილების სიის საფუძველზე უკვე რეგისტრირებული ჰქონდა 2 562 კვ.მ ფართობის მქონე ტერიტორია.

საქმეზე ისიც დადგენილადაა ცნობილი, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ 2022 წლის 15 თებერვლის №,,, გადაწყვეტილებით დაინიშნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება. 2022 წლის 27 აპრილს შედგა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი, რომლის თანახმად, იმავე ბლოკში მდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრემ - გ. გ-მა დაადასტურა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის განაწილების სიის მონაცემებს. 2022 წლის 8 და 12 აგვისტოს საჯარო რეესტრში დამატებით წარმოდგენილ იქნა იმავე ბლოკში მდებარე კიდევ ორი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის - პ. გ-ისა და ვ. გ-ის თანხმობა/დადასტურება №... დათვალიერების ოქმში მითითებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთების იდენტურობის შესახებ.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა აღნიშნავს, რომ სადავო რეგისტრაციას საფუძვლად დაედო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების დამდგენი დოკუმენტაცია - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2022 წლის 11 მარტის №13/24840 საარქივო ცნობა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 04 ივნისის №51/2072 წერილი და ,,,ის ადმინისტრაციულ ერთეულში დაცულ სოფელ ...ის მიწის განაწილების სია, 2022 წლის 27 აპრილის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების №... ოქმი და მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანხმობა. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული დოკუმენტაციით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები კასატორს არ წარმოუდგენია. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის მითითება ადმინისტრაციული წარმოების არაჯეროვნად ჩატარების თაობაზე.

რაც შეეხება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 19 დეკემბრის №1378 ბრძანების საფუძველზე შპს „...ისათვის“ გადაცემულ ტერიტორიაზე მესამე პირთა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის შპს „...ის“ თანხმობის არსებობის აუცილებლობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (იხ. სუსგ №ბს-509(კ-22), 09.10.2023წ.), ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახდენს პირზე უკვე არსებული უფლების რეგისტრაციას და, მეორე მხრივ, როდესაც მარეგისტრირებელი ორგანო თავად ახდენს უძრავ ქონებაზე პირის საკუთრების უფლების აღიარებას/საკუთრებაში გადაცემას. ხსენებულ განჩინებაში აღინიშნა, რომ „მაშინ, როდესაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ხდება მხოლოდ პირზე უკვე არსებული უფლების რეგისტრაცია და არა უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა, უფლების რეგისტრაციის მიზნით დაწყებული სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში არ არსებობს მოპასუხის ვალდებულება ლიცენზიის გამცემისა და ლიცენზიის მფლობელის თანხმობის მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღნიშნული ვერ გახდება უფლების მფლობელი პირისთვის სარეგისტრაციო წარმოების შეჩერებისა და შემდგომში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.“ კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სადავო აქტით, მ. ტ-ის სახელზე დარეგისტრირდა მისთვის უფლების დამდგენი დოკუმენტის შესაბამისად უკვე არსებული უფლების რეგისტრაცია. ამდენად, ამ მიმართებით შპს „...ის“ თანხმობის არსებობის აუცილებლობა არ არსებობდა.

ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი და კასატორის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უპერსპექტივოა, მოცემული საქმე სასამართლო პრაქტიკისთვის არ არის პრინციპული მნიშვნელობის და სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებულ არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო საჩივარს პალატა მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ივლისის განჩინება;

3. შპს „...ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს 06.10.2023წ. №1696584959 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

მ. ვაჩაძე

ბ. სტურუა