საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-982(გ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თელავის რაიონულ სასამართლოს შორის მ. მ-ის სარჩელის გამო წარმოშობილი დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2024 წლის 17 ივლისს მ. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მომსახურების საფასურის დაბრუნებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 20 ივნისის №... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის მ. მ-ისათვის (პ/ნ ...) №... განცხადების ფარგლებში მომსახურების საფასურის 300 (სამასი) ლარის დაბრუნების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით მ. მ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობით გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მითითებით, ტერიტორიული განსჯადობის ზოგადი პრინციპის თანახმად, იმ კატეგორიის დავების განხილვა, რომელიც უძრავ ქონებას ან ადგილთან მიბმულ უფლებას ეხება, მიეკუთვნება იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც იმყოფება მოცემული ქონება ან მოცემული ადგილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში 1193 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომსახურების საფასურის 300 (სამასი) ლარის დაბრუნებას. შესაბამისად, დავა უნდა გადაწყვეტილიყო განსჯადი სასამართლოს მიერ უძრავი ნივთის მდებარეობის მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლზე, ასევე „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელის განხილვა უნდა მომხდარიყო თელავის რაიონული სასამართლოს მიერ. სასამართლოს მოსაზრებით, განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობდა, როგორც მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობასა და ოპერატიულობას, ასევე, მეორეს მხრივ, დაცული იქნებოდა სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების პრინციპი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ერთიანმა, ცენტრალიზებულმა სისტემამ, შედეგად არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ დავათა არსებობისას, ნებისმიერ შემთხვევაში, განსჯად სასამართლოდ განისაზღვროს უშუალოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი, რამეთუ აღნიშნულს შედეგად მოჰყვება ადმინისტრაციული საქმეების კონცენტრაცია მხოლოდ ქ. თბილისში. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამოსავალს უნდა წარმოადგენდეს სადავო უძრავი ქონების ადგილმდებარეობა და აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის განხილვა უნდა მომხდარიყო სწორედ იმ სასამართლოს მიერ, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობდა სადავო უძრავი ქონება.
თელავის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 ივლისის განჩინებით №3/102-24 ადმინისტრაციული საქმე, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად ნივთობრივ განსჯადობას განეკუთვნება სარჩელი, რომელიც მიმართულია უძრავი ნივთის მესაკუთრის ან მფლობელის წინააღმდეგ, აგრეთვე სარჩელი, რომელიც აღძრულია უძრავი ნივთის დაზიანების ან ზარალის ანაზღაურების გამო და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ შეეხებოდა უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციას და ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მას უარი უთხრა თანხის დაბრუნებაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის სახით, მოსარჩელე ითხოვდა ამ აქტის ბათილობას და ქმედების განხორციელებას - ანუ თანხის დაკისრებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე მ. მ-ი ითხოვდა თანხის დაკისრებას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სახეზე იყო საერთო განსჯადობა და განსჯადი სასამართლო უნდა განსაზღვრულიყო მოპასუხის ადგილსამყოფლის მიხედვით. შესაბამისად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიიჩნევს, რომ მ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივი, არამედ ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს.
ტერიტორიული განსჯადობის პრინციპი მომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლიდან და მდგომარეობს შემდეგში - სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი, საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გამონაკლისს ამ საერთო წესიდან განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 - 24-ე მუხლები. ხსენებული კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის საფუძველზეც სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (სუსგ 14.09.2017 წ. №ბს-715-711(გ-17) და მიიჩნევს, რომ მოცემული სარჩელის განსჯად სასამართლოდ თელავის რაიონული სასამართლოს მიჩნევის შესაძლებლობა არ უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადგილმდებარეობას და გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ნივთობრივი განსჯადობის წესები - სარჩელის განსჯადი სასამართლო უნდა განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის წესების მიხედვით დავების განაწილება ემსახურება მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის, პროცესის ეკონომიურობის და ოპერატიულობის, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფას, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს აგრეთვე საჯარო მმართველობის განხორციელების ფორმა, პრინციპები, ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიული დაყოფის მიზნები, კონკრეტული დავის თავისებურებები.
სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ამდენად, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო. აღნიშნული პრინციპიდან განდგომა გამონაკლისის წესით, სასამართლოებს შორის თანაზომიერი დატვირთვის მოსაზრებიდან და საჯარო რეესტრის ორგანიზაციული მოწყობიდან გამომდინარე, დაშვებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მის სისტემაში შემავალი რეგიონული ოფისებისა და ფილიალების მიმართ აღძრულ სარჩელებზე, რომელთა მიმართ გამოიყენება ნივთობრივი განსჯადობის წესები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთს, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, სარჩელის მიზნის გათვალისწინებით, განსჯადი სასამართლო შეიძლება განისაზღვროს სადავო ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტო თავის ფუნქციებს ახორციელებს უშუალოდ, ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების ან ავტორიზებული პირების მეშვეობით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის №134 ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-6 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებია რეგიონული ოფისები და ფილიალები, რომლებიც, ამავე დებულების 30-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ნორმატიულად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ასრულებენ სააგენტოს ფუნქციებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაზე, რომლითაც განისაზღვრა რაიონული (საქალაქო) სასამართლოებისა და თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები, აღნიშნულ სასამართლოებსა და სასამართლო კოლეგიებში (პალატებში) მოსამართლეთა რაოდენობა. დასახელებული დადგენილების 13.2 მუხლით, თელავის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ...ში 1193 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომსახურების საფასურის 300 (სამასი) ლარის დაბრუნება, თუმცა ქმედების განხორციელების - თანხის დაკისრების საფუძველი გამომდინარეობს სწორედ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი მოთხოვნიდან. ამასთან, თავად მოსარჩელის მითითებით, დასახელებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით შეწყდა საქმის წარმოება, რამაც განაპირობა მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილ იქნა თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავ ქონებაზე და სწორედ აღნიშნულ საკითხზე საქმის წარმოების შეწყვეტიდან გამომდინარე წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნა - გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (სუსგ 14.09.2017 წ. №ბს-715-711(გ-17) მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის ფარგლებში გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების თაობაზე დავა განხილულ უნდა იქნას უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით, რის გამოც მ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად თელავის რაიონულ სასამართლოს უნდა დაექვემდებაროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თელავის რაიონულ სასამართლოს;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე