Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-199(კ-24) 17 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - რ. მ-ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2023 წლის 23 იანვარს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - რ. მ-ის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ ...) 2009 წლის 14 დეკემბრიდან წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რომლის ნაწილით, კერძოდ შენობა №3-დან 52.01 კვ.მ ფართით, არამართლზომიერად სარგებლობდა და სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა რ. მ-ი, რაც დასტურდებოდა შესაბამისი ფოტომასალითა და ადგილზე დათვალიერების ოქმით.

მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ რ. მ-ს არაერთხელ ეცნობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით არამართლზომიერი სარგებლობის, ნივთის გამოთავისუფლებისა და ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად განსაზღვრული გადასახდელი თანხების შესახებ, თუმცა მისი მხრიდან თანხის გადახდის ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხეს ეკისრებოდა 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის 17 ოქტომბრამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით არამართლზომიერად სარგებლობისთვის 21385 ლარის გადახდა, თუმცა მის მიერ გადახდილ იქნა მხოლოდ 6560.04 ლარი.

მოსარჩელემ, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ, რ. მ-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამეწარმეო საქმიანობის მიზნით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის, 2012 წლის 17 სექტემბრიდან 2022 წლის 17 ოქტომბრამდე 21 385 ლარის, გადახდის დაკისრება მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე - რ. მ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ ... - გასხვისება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 იანვარს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც რ. მ-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ ... გასხვისება.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფართი (შენობა-ნაგებობა), რომლის არამართლზომიერი მფლობელობის გამოც დავობდა მოსარჩელე (ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა №3-დან 52.01 კვ.მ.), მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო სახელმწიფო საკუთრებად 2009 წლიდან, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული არ ყოფილა და პირიქით, საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნული იყო, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობების მესაკუთრე იყო გაურკვეველი. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ 2021 წლის 17 თებერვალს მომზადებული ამონაწერით შესწორდა რეგისტრირებული მონაცემები და ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 და №2 შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ მიეთითა სახელმწიფო. 2021 წლის 5 ნოემბრიდან კი დაზუსტდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფართები და №1 და №2 ნაგებობებთან ერთად, მიეთითა №3 ნაგებობაც შესაბამისი ფართის აღნიშვნით.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე 2009 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლამდე, ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ირიცხებოდა შპს „...-ის“ სახელზე და სწორედ აღნიშნული კომპანია მართლზომიერად თუ არამართლზომიერად ახდენდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მართვას და განკარგვას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლზე, „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაზე მითითებით აღნიშნა, რომ არც განჩინების მიღების დროისთვის და არც სადავო პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა არ გამორიცხავდა, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა ყოფილიყო ცალკე უფლების ობიექტი, ამ მიწის ნაკვეთზე უფლების გარეშე. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით განმტკიცებული საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ ვიდრე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით სახელმწიფო არ წარმოადგენდა (№3 შენობა-ნაგებობა სახელმწიფო საკუთრებად მხოლოდ 2021 წლის 5 ნოემბერს დარეგისტრირდა), შეუძლებელი იყო მსჯელობა ამ შენობა-ნაგებობებით, როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერად სარგებლობაზე. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერც ცალ-ცალკე და ვერც ერთობლიობაში ვერ ადასტურებენ სადავო პერიოდში სახელმწიფო ქონებით სამეწარმეო დანიშნულებით, არამართლზომიერად სარგებლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მითითებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე, შენობა-ნაგებობები ჯერ კიდევ 2009 წლიდან იყო რეგისტრირებული, კერძოდ, შენობა-ნაგებობის გრაფაში მითითებული იყო ჩანაწერი, - „მესაკუთრე გაურკვეველია“. 2021 წლის 10 თებერვლის №... განცხადებით შესწორდა რეგისტრირებულ მონაცემებში არსებული ტექნიკური ხარვეზი და მითითებული ჩანაწერი ამონაწერზე აღარ აისახა, აღნიშნული კი კასატორის აზრით ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ სადავო შენობის მესაკუთრეს თავიდანვე სახელმწიფო წარმოადგენდა და აღნიშნული შენობები არ ყოფილა ცალკე უფლების ობიექტი. რაც შეეხება 2021 წლის 3 ნოემბერს წარდგენილ განცხადებას, აღნიშნული განცხადების საფუძველზე ცვლილება შევიდა რეგისტრირებულ მონაცემებში, კერძოდ, დაიდენტიფიცირდა მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობების შიდა ფართები. ამდენად, ... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობები განთავსებული იყო ბევრად ადრე, ხოლო 2021 წლის 3 ნოემბერს წარდგენილი განცხადებით ფაქტობრივად არსებული მდგომარეობა აისახა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებში.

კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმეში არსებული, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ოქტომბრის №21-12/96004 წერილი, რომლის თანახმად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ დათვალიერების ჩატარების დროისთვის რ. მ-ის ობიექტი დაკეტილი იყო, ხოლო შპს „...“-ის დირექტორ ც. კ-ის განმარტებით, შპს „...“ მითითებულ ტერიტორიაზე არ საქმიანობდა. ამდენად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიც თავის მოკვლევაში ერთმანეთისგან მიჯნავდა შპს „...“-ისა და რ. მ-ის მიერ დაკავებულ უძრავ ნივთებს და მიუთითებდა, რომ რ. მ-ის მიერ დაკავებული ობიექტი, შემოწმების მომენტში დაკეტილი იყო.

კასატორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხისთვის არამართლზომიერი სარგებლობის საფასურის დაკისრების ორივე წინაპირობა, - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენება მოცემულ შემთხვევაში, კუმულაციურად დასტურდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი იმსჯელებს იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს რ. მ-ისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის დაკისრება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, მუნიციპალიტეტი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა. ხოლო დასახელებული მუხლის 13 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის შესაბამისი პირისთვის საფასურის დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი გარემოების კუმულატიურად არსებობის შემთხვევაში - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 492-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის შესაბამისად, 2012 წლის 17 სექტემბრამდე სარგებლობის პერიოდისათვის გადასახდელი, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან. თუ საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია 2012 წლის 17 სექტემბრის შემდეგ განხორციელდა, ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისათვის ამ კანონის 36-ე მუხლის 1​3 პუნქტის შესაბამისად საფასურის გადახდის ვალდებულებისაგან საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტამდე არსებული პერიოდისათვის.

საქმის მასალებით, კერძოდ 2009 წლის 13 თებერვალს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) შესახებ (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...), ირკვევა, რომ ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში (...ის ქ. №24) მდებარე უძრავი ქონება, (მიწის დაუზუსტებელი ფართობი: 2200 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ..., ავტომანქანების ტექ. მომსახურების ბაზა საერთო ფართით: 160 კვ.მ., ბენზოგასამართი წერტილი 15 კვ.მ., 12 ადმინისტრაციული შენობა 51 კვ.მ.), აღრიცხული იყო შპს „...-ის“ საკუთრებად (უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის განაცხადის ნომერი: ..., უფლების რეგისტრაციის თარიღი: 31.12.1998წ.) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებს წარმოადგენდა: ჭიათურის არქიტექტურის სამსახურის მიერ დამოწმებული გეგმა და მიმაგრების აქტი, ჭიათურის რაიონის გამგეობის დადგენილება №200/4, 31.08.2005 წ. და ჭიათურის მთავარი არქიტექტორის №323 ბრძანება, 07.08.1997 წ. ასევე დადგენილია, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განაჩენით (№1/51 საქმე) რ. მ-ს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება (ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე 2 200 კვ.მ. მიწის ფართობი, კოდი - ..., სექტორი - ..., კვარტალი - ..., ნაკვეთის ნომერი: ...) უსასყიდლოდ ჩამოერთვა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

2009 წლის 14 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) ირკვევა, რომ ქალაქ ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა- ლეჩხუმი-იმერეთის სამხარეო სამმართველოს ჭიათურის წარმომადგენლობის 2009 წლის 4 დეკემბრის №174 მომართვის და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის №1/51 განაჩენის საფუძველზე, 2009 წლის 14 დეკემბრიდან აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებად, შემდეგი მახასიათებლებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1634 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: მესაკუთრე გაურკვეველია. საჯარო რეესტრიდან 2021 წლის 11 თებერვლის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: ...) მიხედვით კი, ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: ..., ტექნიკური ხარვეზის შესწორების შედეგად, აღირიცხა შემდეგი მახასიათებლებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1634 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; №2, მესაკუთრე: სახელმწიფო. ასევე დადგენილია, რომ №... სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, კვლავ დაზუსტდა სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ქონების მახასიათებლები და ქ. ჭიათურაში, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება, 2021 წლის 05 ნოემბრიდან აღირიცხა შემდეგი მონაცემებით: ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1634 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 საერთო ფართით: 426,41 კვ.მ.; №2 საერთო ფართით: 144,07 კვ.მ.; №3 საერთო ფართით: 52,01 კვ.მ.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთი აღრიცხული იყო სახელმწიფო საკუთრებად 2009 წლიდან, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული არ ყოფილა და პირიქით, საჯარო რეესტრის ამონაწერში აღნიშნული იყო, რომ მიწის ნაკვეთზე განლაგებული შენობების მესაკუთრე იყო გაურკვეველი, აღნიშნული მონაცემები გასწორდა 2021 წლის 17 თებერვალს მომზადებული ამონაწერით. გარდა ამისა, სისხლის სამართლის საქმეზე 2009 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ქონების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლამდე, ქ. ჭიათურა, ...ის ქ. №18ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ირიცხებოდა შპს „...-ის“ სახელზე და სწორედ აღნიშნული კომპანია ახორციელებდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების არამართლზომიერად მართვას და განკარგვას. 2021 წლის 5 ნოემბრიდან კი, დაზუსტდა მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ფართები და №1 და №2 ნაგებობებთან ერთად, მიეთითა №3 ნაგებობაც შესაბამისი ფართის აღნიშვნით.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პერიოდამდე, სანამ სადავო შენობა-ნაგებობების მესაკუთრეს საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით სახელმწიფო არ წარმოადგენდა (№3 შენობა-ნაგებობა სახელმწიფო საკუთრებად მხოლოდ 2021 წლის 5 ნოემბერს დარეგისტრირდა), შეუძლებელი იყო მსჯელობა ამ შენობა-ნაგებობებით, როგორც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებით არამართლზომიერად სარგებლობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა რ. მ-ის მიერ, სადავო პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისა და სამეწარმეო საქმიანობისთვის გამოყენების ფაქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე