Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე №ბს-692(კ-24) 03 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 408-ე მუხლების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ნ. ი-ე).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი - წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რომელიც მითითებული პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივრისათვის შეადგენდა 300 ლარს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს დაევალა ხარვეზის დადგენის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ... ჩაბარდა 2024 წლის 29 ივლისს. ამდენად, საკასაციო პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით დადგენილი 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 30 ივლისს. შესაბამისად, მხარისათვის ხარვეზის შევსების ბოლო ვადა იყო 2024 წლის 05 აგვისტო (ორშაბათი), 24 საათი.

2024 წლის 08 აგვისტოს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელმა მ. ი-მა Nბ-1211-24 განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის 2024 წლის 05 აგვისტოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში (2024 წლის 05 აგვისტო) სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეიძლება გახდეს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი, რადგან კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 03 ივლისის განჩინებით დავალებული ჰქონდა განჩინების ჩაბარებიდან (2024 წლის 29 ივლისიდან) 07 დღის ვადაში (2024 წლის 05 აგვისტო, 24:00 საათი) მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა და არამხოლოდ მისი დანიშნულ ვადაში გადახდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, კერძოდ დროულად არ წარმოადგინა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს 2024 წლის 05 აგვისტოს №02843 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 447-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 63-ე, 399-ე, 396-ე, 372-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (ს/კ: 204578064) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 05 აგვისტოს №02843 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე

მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე

გენადი მაკარიძე